"ჩავაწყვე, რომ იმ გოგოს კოცნა შემხვედროდა" - გზაპრესი

"ჩავაწყვე, რომ იმ გოგოს კოცნა შემხვედროდა"

ახმეტელის თეატრის მსახიობი, გიგი მიგრიაული ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობთა ხუთეულში მე-2 ადგილზე დასახელდა. როგორ აირჩია მსახიობის პროფესია, რას ამბობენ მასზე მეგობრები, რის გამო იღებს საყვედურებს და როდის კარგავს წონასწორობას? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1987 წლის 1-ლი დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. დეიდა ექიმია, ლაბორატორიაში მუშაობს. ბავშვობაში, როდესაც სკოლაში წასვლა არ მინდოდა, ვსიმულანტობდი, ავადმყოფობას ვიმიზეზებდი. მერე ისე მოხდა, რომ "ბრმა ნაწლავი" გამისკდა და რომ ვამბობდი, - მტკივა-მეთქი, აღარავინ მიჯერებდა. საოპერაციოდ დაგვიანებით წამიყვანეს. ძალიან იმოქმედა ქირურგის საქმისადმი მიდგომამ და დამოკიდებულებამ. ვიდრე ოპერაცია დაიწყებოდა, ისე კარგად მელაპარაკა, ექიმობა მომანდომა. დეიდასთან ხშირად მივდიოდი. კვირაში ერთხელ სისხლის ანალიზს ვიღებდი. დღეს რომ მივდივარ, ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ, ჩემზე ძველ ამბებს იხსენებენ. მერე ისე მოხდა, სამედიცინოს ნაცვლად, თეატრალურ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. მე და ვანო დუგლაძე, რომელიც დღეს თუმანიშვილის თეატრში თამაშობს, ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ერთ დღეს, როცა ქალაქის ტელეფონით ვლაპარაკობდით, მითხრა, - თეატრალურში კონსულტაციაზე მივდივარ და თუ გინდა, წამომყევიო. ვანოს გავყევი და იმ დღეს გადავწყვიტე, მეც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. გამოცდებამდე 1 თვე იყო დარჩენილი. გასაუბრებაზე გავედი, ვიცეკვე, ვიმღერე...

- როდესაც წლის ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობად დამასახელეს...

- ...რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. შარშან 1-ელ ადგილზე ვიყავი, 12 სპექტაკლით. წელს 7 სპექტაკლით, მეორე ადგილზე ვარ. პირველ ადგილზე ჩვენი თეატრის მსახიობი, გიორგი ცხადაძე 10 სპექტაკლით გავიდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ..."თავიკაციაო". სამეგობროში თუ რაიმე საკითხის ორგანიზებააა საჭირო, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ. ხშირად ხუმრობენ, - პანაშვიდზეც რომ შევდივართ, იქაც ამბებს კითხულობს, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთო? ზარმაცი არ ვარ, საქმეების კეთება მომწონს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელსაც დიდხანს ვეძებდი და ვიპოვე. ის ყველანაირად მხარში მიდგას. გულახდილად ვამბობ, - მე რომ მსახიობი ცოლი მყოლოდა, ვერ ავიტანდი. ისეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა, დღის განმავლობაში ერთმანეთს ვერც კი ვნახულობთ. ჩემი მეუღლე ფინანსისტია. თავდაპირველად, ჩემს სამუშაო რეჟიმს აპროტესტებდა, მაგრამ შეეგუა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანებში დადებითს უფრო ვხედავ და ვეძებ, ვიდრე - უარყოფითს.

- ...თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზედმეტად მომთხოვნი ვარ, მათ შორის - საკუთარი თავის მიმართ. მწყინს, როცა რაღაცის გამო რეპეტიცია იშლება. მე ყველანაირ საქმეს გადავდებ, თეატრში გულით მოვდივარ, მინდა ვიმუშაო და ამ დროს მაქვს მოთხოვნილება, სხვებიც ასევე იქცეოდნენ. საქმისადმი არასერიოზული მიდგომა მაღიზიანებს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მგონი, წარმატება ჯერ არ მქონია. მაყურებელი ტაშს რომ მიკრავს, ეს უბრალოდ, დახარჯული ემოციისა და განცდებისთვის მიღებული ჯილდოა. წარმატებული ვიქნები მაშინ, როცა ბევრი შვილი მეყოლება და ქალაქგარეთ ბუნებაში დიდი სახლი მექნება - ეს ჩემი ოცნებაა.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ვმელოტდები, კეფაზე თმა მცვივა და ამ პროცესს შევაჩერებდი, ახალ თმას ამოვიყვანდი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მოტოციკლეტია. სისწრაფე მიყვარს, ადრე რბოლებზეც გამოვდიოდი. ჩემი სისუსტეა ცხოველები, მაგრამ გადავწყვიტე, სახლში კატა აღარ გავზარდო. ერთი შავი კატა მყავდა, დიდი, მსუქანა. თავისით მოვიდა და შევიფარეთ. ოჯახის წევრივით გვყავდა. მერე მოკვდა და ისეთი სტრესი მივიღეთ, ვთქვით, - კატა აღარასდროს გვეყოლებოდა. მაგრამ მერე ერთი კატა კიდევ მოვიყვანეთ. ახალ წელს შემთხვევით, მანქანამ გადაუარა. ჩემმა ძმამ ეს ამბავი შემთხვევიდან მესამე დღეს მითხრა, მანამდე მიმალავდა. ჩემმა ძმისშვილმა დღემდე იცის, რომ კატამ "ცოლი" მოიყვანა და სახლიდან წავიდა. მეორე სახლი აეროპორტისკენ გვაქვს, იქ ეზოში დიდი აზიური ნაგაზი მყავდა, რომელიც მცველის როლს ასრულებდა. ჰოდა, რამდენჯერმე ექიმთან გამიხდა მისაყვანი - როგორც ჩანს, რაღაცების მოსაპარად შესვლა რომ უნდოდათ, ძაღლს გვიწამლავდნენ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულით მოინანიებს. თუ ერთი და იმავე შეცდომას რამდენჯერმე დაუშვებს, ეს უკვე მისი ჩვევა გამოდის და ამის პატიება ცოტათი მიჭირს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვიხსენებ ხოლმე. შეცდომები, რა თქმა უნდა, დამიშვია.

- ვიბნევი, როცა...

- ...აი, ახლა დავიბენი და ვერ ვიხსენებ, რა დროს ვიბნევი? პროფესიული დაბნეულობები არ მჭირს. სცენაზე მობილიზებული ვარ. თინეიჯერობის წლებში, ლამაზი გოგონების დანახვისას ვიბნეოდი. თეატრალურში რომ ჩავაბარე, პირველი რამდენიმე თვე სულ დაბნეული ვიყავი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანების გულგრილობას და უაზრო პესიმიზმს; მოწუწუნე ადამიანს, რომელიც სხვას აბრალებს თავის წარუმატებლობას, უმოქმედობას. როდესაც არაფერს აკეთებ და არც ცდილობ რეალობის შეცვლას, ამ დროს თავის გასამართლებელი საუკეთესო საშუალება ვინმეზე ამის გადაბრალებაა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...დასასვენებლად, მეუღლესთან ერთად. ზღვას მთა მირჩევნია. ადრე სულ დავდიოდი, სამეგობროს გვქონდა ჯგუფი შექმნილი და ტურებს ვგეგმავდით. დაივინგიც გვქონდა, თბილისის ზღვაზე ვვარჯიშობდით და მერე გონიოში მივდიოდით. იქ ზღვაში ჩაძირული გემია. სიღრმემდე ჩავდიოდით და იმ გემთან ფოტოებიც მაქვს გადაღებული. კიდევ, პარაპლანით დავფრინავდით.

- ჩემი სიყვარული...

- ...ალბათ, ნაკლებად გამოხატული და შიგნიდან უფრო ძლიერია. ნინოს შემთხვევით, სამეგობროში გადავეყარე. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და მერე ერთმანეთი ხუმრობა-ხუმრობაში შეგვიყვარდა. კლდეკარის ხეობაში მაქვს სახლი, სოფელ გოსტიბეში. მთიანი ადგილია და მეგობრებთან ერთად, შაბათ-კვირას დავდიოდით ხან იქ, ხანაც - სხვაგან და მალე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...იმ პერიოდის გიგი კარგად არც მახსოვს. სკოლაში ერთი გოგო მომწონდა. მინდოდა, ლოყაზე მეკოცნა და ვერაფრით მოვახერხე. ერთ დღეს მეგობრებმა "წითელი, ყვითელი, შავი" ვითამაშეთ და ჩავაწყვე, რომ იმ გოგოს კოცნა შემხვედროდა.

- ვრისკავ, როცა...

- ...ერთი პროცენტი მაინც მაქვს წარმატების შანსი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ადამიანებს დავეხმარებოდი და ჩემთვის კარგ მოტოციკლეტს და მანქანას შევიძენდი.

- თავისუფლება...

- ...ყველაზე კარგი განცდაა. მე თავისუფალი ვარ. თავისუფლება ეს არის ჰარმონია საკუთარ თავთან, ახლობლებთან, საქმესთან.

- ბედისწერის...

- ...ხან მჯერა და ხან - არა. ჩემმა მეუღლემ რამდენიმე დღის წინ მითხრა, - ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე და ფრთხილად იყავიო. იმ დღეს ისე დავიზაფრე, სახლიდან რომ გამოვდიოდი, ზემოთ ვიყურებოდი, თავში რამე არ დამცემოდა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, ვფიქრობ, სულ ვფიქრობ. როცა ძალიან ვიღლები, დაძინება მაშინ უფრო მიჭირს. საღამოს ფიქრს რომ დავიწყებ, წვრილმანიდან გლობალურ პრობლემებამდე, ყველაფერზე მეფიქრება.

- განმარტოება...

- ...არ მიყვარს. მირჩევნია, მეგობრებთან ერთად ვიყო. ხმაური არ მაწუხებს. ძილი თუ მომინდება, შემიძლია, ყველაზე ხმაურიან ადგილზეც კი დავიძინო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ყველაზე კარგი წამალი რამდენიმე დღით ბუნებაში გასვლაა. იქ ხდება ჩემი ფიზიკური და გონებრივი დასვენება. სოფელში წასვლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ ტელეფონს მიღება არ აქვს, იდეალური ადგილია დასასვენებლად. გოსტიბე თბილისიდან 65 კილომეტრშია.

- მინდა ვიცოდე...

- ...ფრინველებისა და ცხოველების ენა. მინდა მესმოდეს პატარა ბავშვების, ვიდრე ლაპარაკს ისწავლიან.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ ერთ პიროვნებაზე ცუდი რაღაც ვთქვი და ბაბუამ მითხრა, - ადამიანზე ცუდი არასდროს ილაპარაკო. ის თუ ცუდია, თავისი გაჭირვება ეყოფა. შენ ადამიანებში ყოველთვის კარგი ეძებე. თუ კარგს ვერ იპოვი, ნუ განსჯი და შეიბრალე, რომ დადებითი არაფერი აქვსო.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...იარეთ თეატრში. გვიყვარდეს ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ, სამყაროც უკეთესობისკენ შეიცვლება.

თამუნა კვინიკაძე