რა საფრთხის შემცველია წიგნებში ამოკითხული ეროტიკული ეპიზოდები - გზაპრესი

რა საფრთხის შემცველია წიგნებში ამოკითხული ეროტიკული ეპიზოდები

ლიტერატურულ ნაწარმოებებს 4 ენაზე - ქართულად, ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად - კითხულობს. წერს ჩანახატებს, ლექსებს... თანამედროვე ქართველ მწერლებს დიდად არ სწყალობს. როგორც გვითხრა, ერთ-ერთი ავტორი შემოელანძღა კიდეც... თამამ და უდავოდ განათლებულ იუნა შაფათავასთან ინტერვიუ მის ცხოვრებაში წიგნის როლზე საუბრით დავიწყეთ.

- გახსოვს, პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხე?

- ბავშვები საკუთარი სურვილით არ კითხულობენ. ჩემი მშობლები სწავლას ისე მაძალებდნენ, რომ ეს პროცესი მძულდა! არდადეგებზე ბავშვები რომ ისვენებდნენ, ჩვენ შემდეგი წლის სასწავლო მასალას "გვტენიდნენ". ტყუპისცალი და მყავს. ერთმანეთს სულ ვეჯიბრებოდით, ვინ რას წაიკითხავდა. ასე რომ, მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურის კლასიკა, სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები, ლეგენდები წამიკითხავს. დეას (ჩემი დის) ჯიბრით რას არ ვიზამდი?

- დაძალების ფონზე, როგორ მოხდა, რომ წიგნის კითხვა მაინც შეგიყვარდა?

- მე და ჩემს და სკოლაში "ეტალონს" გვეძახდნენ და ამ სტატუსს შეჩვეული რომ ხარ, საუკეთესო უნდა იყო! მერე ხვდები, რომ მაგარია, როცა კლასელები თუ სკოლელები პირდაღებულები გიყურებენ. ხომ ხედავ, განათლების მხრივ, დღესაც ვერავინ მერჩის.

- საკუთარი სიამოვნებისთვის კითხვა როდის დაიწყე?

- ბავშვობაშივე. ეს შეგრძნება კითხვასთან ერთად "მოდის"... გაგეცინება და, "ფანტომასი" რომ წავიკითხე, შოკი მივიღე... ადრეულ ასაკში ძალიან სერიოზული ლიტერატურის კითხვა დავიწყე. ეს ცუდი არ არის, რადგან ამ დროს გემოვნება გიყალიბდება და "ნაგავს" ვეღარ კითხულობ. ჩემთვის თანამედროვე ავტორების წიგნების კითხვა რთულია, რადგან "ცარიელია". იშვიათად, რომ რამე მომეწონოს.

- დამისახელე წიგნი, რომელმაც შენზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა...

- ძლიერი ზეგავლენა? ერთ-ერთი პირველი, სტენდალის "წითელი და შავი" იყო. ამ ნაწარმოების წაკითხვისთვის ძალზე მცირე ასაკის გახლდით - ჯერ თინეიჯერიც არ ვიყავი. უბრალოდ, მსოფლიოს კლასიკური ნაწარმოებები ყველა ოჯახში იდო... ის ეპიზოდი მახსოვს, ეტლში მგზავრობისას მატილდა დე ლა-მოლს საყვარლის მოკვეთილი თავი მუხლებზე რომ ედო... სხვათა შორის, დიუმას ნაწარმოებები ბავშვებისთვის საფრთხილო წასაკითხია. XVIII-XIX საუკუნეებში გოგონებს სასიყვარულო რომანების კითხვას ხომ უკრძალავდნენ? პრინციპში, ეს სწორი იყო. მაგალითად, "სამ მუშკეტერში" ბევრი ეროტიკაა. მიმაჩნია, რომ გოგონებისთვის სახიფათოა.

- წიგნებში ამოკითხული ეროტიკული ეპიზოდები საშიშად რატომ მიგაჩია?

- წაკითხულს აანალიზებ და რასაც საზოგადოება გასწავლის, იმის მიმართ პროტესტის გრძნობა გიჩნდება. თურმე, "სწორი არ არის", რასაც კითხულობ. არადა, წიგნებში სასწაული ადამიანების საოცარ მაგალითებს ეცნობი, რომლებზეც საზოგადოება გეუბნება, რომ ნაცრისფერი არარაობები იყვნენ. ხომ ვერ დაეთანხმები? რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო ხვდები, რომ არჩევანში თავისუფალი ხარ. ხიფათი ის არის, რომ მერე საზოგადოების წესები არაფრად მიგაჩნია. ყველანაირად ანტისისტემური ვარ და ეს უბრალოდ, ხიფათია...

- საკუთარ თავს რომელ პერსონაჟს ადარებ? ცხადია, შენი ავტობიოგრაფიული წიგნის მთავარი გმირის გარდა...

- ჩემი წიგნი ჟურნალივით წასაკითხია. მხატვრულობაზე პრეტენზია არ აქვს. უბრალოდ, ამბავია გადმოცემული. მგონი, საინტერესოა, რადგან ვინც წაიკითხა, მიხვდა, რისი თქმა მინდოდა. არ ვამბობ, რომ სერიოზული მწერალი ვარ. საერთოდ, ჩემს მხატვრულ ნაწარმოებებს აბსოლუტურად განსხვავებული სტილით ვწერდი - მისტიკანარევი ფილოსოფია იყო. საკუთარ თავს იმ პერსონაჟებთან ვაიგივებ, რომლებსაც თავად ვქმნი, მაგალითად - ჩემი დაწერილი მოთხრობის - "კირა რეინკარნაცია" მთავარ გმირთან, რადგან ნაწარმოები ჩემზეა. ყველაფერი, რაც სამუდამო სიყვარულთან და დაუსრულებელ გრძნობებთანაა დაკავშირებული, ჩემ შესახებაა (იღიმის). იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმეს მოეწონოს, ეს თვითგამოხატვის საშუალებაა... თანამედროვე ფრანგი მწერლები ძალიან მომწონს, რადგან ფრანგულ კლასიკაზე გავიზარდე. მათი სტილი, ცხოვრება, თავისუფლება ჩემთან ძალიან ახლოსაა.

- შენს წიგნთან დაკავშირებით, ყველაზე დასამახსოვრებელი შეფასება რა მოგისმენია?

- ემიგრანტები ძალიან მგულშემატკივრობენ: მირეკავენ, მწერენ, - გვეგონა, ყველაზე ცუდ დღეში ჩვენ ვიყავით, მაგრამ შენ ბევრად მეტი გადაგიტანია. თუკი შენ ეს შეძელი, ჩვენც გადავიტანთო. მადლობას მიხდიან და ჩემთვის მთავარი შეფასება ეს არის.

- მწერალთან პირადად შეხვედრით თუ ინტერესდები ხოლმე?

- რომ გითხრა, - ვგიჟდები-მეთქი, ტყუილი იქნება. თავადაც ვწერ და ვიცი, რომ შეიძლება, მკითხველისთვის პირადად მე, ძალიან უინტერესო ვიყო, მთლიანად "ქაღალდზე დავრჩე". ალბათ, მწერლებთან შეხვედრა კარგია, მაგრამ ძირითადად, მათი პერსონაჟები უფრო საინტერესოა. საერთოდ, თანამედროვე ხელოვნება ძალიან კომერციულია. ვგრძნობ, ნაწარმოები როდის არის კომერცია და როდის მოდის გულიდან... არც ერთ ავტორზე არ გადავრეულვარ. მათთან ურთიერთობას აზრი არ აქვს, რადგან ვიცი, საკუთარ შინაგან სამყაროში როგორი ჩაკეტილები არიან. ისინი იმისთვის ცხოვრობენ, რომ თავიანთი შინაგანი სამყარო ქაღალდზე გადმოაფრქვიონ. ამ ხალხთან ურთიერთობა რთულია...

- ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?

- მედიათეკაში "ჩემი" ჰესე ვიპოვე და მისი "ბისერებით თამაში" წავიკითხე. მინდა, ჰერმან ჰესეს შემოქმედება მთლიანად წავიკითხო. ახლა წასაკითხად მილან კუნდერას წიგნი მიდევს... თანამედროვე ფრანგი მწერლების შემოქმედებაში არის რაღაც რიტმი, რაც მე მგავს. მერე უკვე ქართული კლასიკა კიდევ ერთხელ, ძირფესვიანად უნდა გადავიკითხო. ციტატები სულ ზეპირად მახსოვდა...

- პოეზია გიყვარს?

- საკმაოდ. მომწონს რაბლე, რემბო, ბლოკი, ვისოცკი, ახმატოვა, ქართველი კლასიკოსები, რომანტიკოსები... ამას წინათ, მე და ჩემს დას იცი, რა დაგვემართა? ბინებს ვათვალიერებდით. გალაკტიონის სახლ-მუზეუმთან აღმოვჩნდით და პირჯვარი გადავიწერე. ჩემს დას სახე შეეცვალა - რას შვრებიო (იცინის)?! ჩემთვის ეს კაცი გენიოსია! გალაკტიონმა იმდენი და ისეთი რაღაცები მასწავლა, რაც სხვას არავის უსწავლებია...

- მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- მე რომ ყველა წიგნი მქონდეს, რაც მინდა, მაშინ სახლში ბრიტანიკა მექნება. ჩემი და მეხმარება - ჩემთვის წიგნები საზღვარგარეთიდან ჩამოაქვს. ეგზიუპერის, ახმატოვას, დოჩანაშვილის წიგნები მაქვს. მარკესის "სიყვარული ქოლერის დროს" მიყვარს. ვიღაც წერდა: რა არის, რა სისულელეა, რომ თუთიყუშის აღწერას 50 გვერდი დაუთმოო? საქმეც ამაშია - კაცი თუთიყუშის შესახებ 50 გვერდს ისე დაწერს, რომ კითხულობ და არ იღლები. გენიოსი ამიტომ არის! ამას წინათ, შინ ფრანგი თუ რუსი (გვარიც არ მახსოვს) ავტორის წიგნი ვიპოვე. სამზარეულოში დავჯექი და ვეღარ ავდექი: 200 გვერდი ისე წავიკითხე, რომ ბოლოს მივხვდი - ნაწარმოები დასრულდა.

- თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედება მოგწონს?

- რა თქმა უნდა, არა. ძალიან სუსტები არიან. არავის წყენინება არ მინდა... "მომენტებში" რაღაცები გამოსდით... თანამედროვეების შემოქმედება "პაპსაა". ჯობია, "ფელეტონი" დაარქვან, ვიდრე თქვან, - წიგნი დავწერეთო... საშინელება იცი, რა არის? ათიათასობით ადამიანი ასეთი წიგნების პრეზენტაციებზე დადის. ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე 250 კაცი მოვიდა და შემრცხვა, ამდენი ხალხი შეწუხდა... პრეზენტაციის მოწყობა სასაცილოა. უბრალოდ, აუცილებელი იყო...

ძალიან არ მსიამოვნებს ეს ტენდენცია: ქართველობასთან დაკავშირებით, მანკიერებების, "ნაგვის" ჩამოთვლას იწყებენ ხოლმე. კარგიც დაინახე, შე ოხერო!.. სხვათა შორის, კეკელიძე ძალიან კარგ რაღაცებს წერს... ერთი ჩვენი, ძალიან ცნობილი მწერალი შემომელანძღა: რაღაც ლიტერატურული პრემია აუღია. მისი დაწერილი ლამის გააღმერთეს. არადა, წიგნი რომ გადავშალე, გული ამერია! წიგნის მაღაზიაში ვიდექი და ვამბობდი, - ღმერთო ჩემო, ნუთუ, დღევანდელ ქართველებს ეს მოსწონთ? პოლიტიკაზე წიგნის დაწერით ფულის "კეთება" არ შეიძლება, რა თქმა უნდა, თუ მწერალი ხარ და ამის პრეტენზია გაქვს. მწერალი ხომ მშვიდობას უნდა უწყობდეს ხელს? ღვარძლის გაღვივება ჩემთვის მიუღებელია.

- შენი წერის მანერაზე რომელიმე ავტორს გავლენა მოუხდენია?

- არა, ვერ მოახდენს, რადგან ქართულ კლასიკას ქართულად ვკითხულობ, ხოლო იმ ლიტერატურას, რომელიც ინგლისურად და ფრანგულად არ არის - რუსულად. უცხოური ნაწარმოებებიდან ქართულად მხოლოდ კორჩაკის "მეფე მათიუშ პირველი" მაქვს წაკითხული. კუნდერა ჩეხია და მის ნაწარმოებებს ფრანგულად ვკითხულობ. მისი წერის მანერა ძალიან მომწონს...

- "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?

- ქართველებს ვურჩევ, ჩვენი კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებები კარგად შევისწავლოთ, თუნდაც - ჰაგიოგრაფია: თავის დროზე "შუშანიკის წამებამ", "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ" ბევრი რამ მოგვცა, ასევე - "ვეფხისტყაოსანმა", რომელიც ულამაზესი ენითაა დაწერილი...

ეთო ყორღანაშვილი