"უზარმაზარი ხმლით ხელში დარბოდა და მთელი ძალით იქნევდა" - გზაპრესი

"უზარმაზარი ხმლით ხელში დარბოდა და მთელი ძალით იქნევდა"

მისი ყოველი ფრაზიდან სიკეთე გამოსჭვივის. იგრძნობა ფოლკლორის, მთის ადათების ღრმა ცოდნა-სიყვარული. არც არის გასაკვირი, ის ხომ ხევსურთა რძალია და წლებია, იქაურ ყოველდღიურობას ადევნებს თვალს. როცა წარსულზე საუბრობს, თვალები უბრწყინავს და სევდანარევი ღიმილი აღებეჭდება სახეზე. ჩვენი საუბარიც მას ჰგავს: თითქოს სევდიანი, თითქოს ღიმილიანი, მაგრამ დადებითი ემოციის მომტანი... და უდავოდ გულწრფელი. ქალბატონი ნანა ვახუშტი კოტეტიშვილის ბიოგრაფია.

ნანა კოტეტიშვილი:

- კოტეტიშვილების ჩვენი შტო "მღვდლიანად" მოიხსენიებოდა. ჩვენი პატარა ორსართულიანი სახლი, ტიპური ქართული, მოჩუქურთმებული აივნებითა და პატარა ეზოთი, ახლაც დგას მთაწმინდაზე. მომლოცველებიც ამ გზით მიემართებოდნენ ხოლმე მამა დავითის ეკლესიისკენ. მე და ვახტანგსაც ძალიან გვიყვარდა იქაურობა, ისევე, როგორც ჩვენს მშობლებს. იქ გავიზარდეთ და მთელი ბავშვობა ფაქტობრივად, ამ სახლში გვაქვს გატარებული. ბავშვობის დროინდელი ფოტოსურათი თუ შემოგვრჩა, ყველა მათგანი ამ სახლის ეზოშია გადაღებული.

ვახუშტის დედას, ნინო, ნუსია დილევსკაიას მძიმე მშობიარობა ჰქონდა და ექიმებს ან დედა უნდა გადაერჩინათ, ან შვილი. დედას უთქვამს: ბავშვი გადაარჩინეთო! რაღაც პერიოდის შემდეგ, უკვე ხანშიშესულმა ვახუშტიმ დაწერა: "მე რად მინდოდა სიცოცხლე, დედის სიკვდილად დამჯდარი..." კიდევ უფრო მოგვიანებით, დაბადების დღეზე საკუთარ თავს ასეთ სტრიქონებს უძღვნის: "შენ ჩემო დაბადების დღევ,/ სიკვდილის თავსაფრიანო,/ მამისთვის სატანჯველო და/ დედისთვის მოკლედღიანო".

მამისამარა დარჩენილ ჩვილ ვახუშტიზე დიდედა, ნათესავები და მისი უფროსი და, ლეილა ზრუნავდნენ. 2 წლის იყო ვახუშტი, როდესაც მამა დაუხვრიტეს - დიდი სწავლული, ვახტანგ კოტეტიშვილი კომუნისტური საზოგადოების მტრად შერაცხეს. როდესაც სახლიდან გაჰყავდათ, მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: ლეილა, ვახუშტი გამიზარდე, არ დამეჩაგროსო. ლეილამ პირნათლად შეასრულა მამის ანდერძი. როდესაც ის სკოლაში მიდიოდა, შინ დიდედა დიასახლისობდა ხოლმე. გათენდებოდა თუ არა, მეც მაშინვე, მათთან გავრბოდი. ჩვენ ძმათა შვილები (ქალბატონი ნანას მამა ცნობილი ექიმი, მეცნიერი, მწერალი ლადო კოტეტიშვილი იყო. - ავტ.) გახლდით. ვახუშტი 6 თვით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ მე გაცილებით ცელქი ვიყავი და თუ რამეს ვაშავებდით, დიდი ამოცნობა არ სჭირდებოდა, ვინ იყო მოთავე. ამიტომ დიდედა მალევე გამომისტუმრებდა ხოლმე. თუმცა, იქიდან გამოქცეულს ვახუშტიც დამედევნებოდა და ზურგს უკნიდან დიდედას კივილი წამოგვეწეოდა ხოლმე. ასე ხდებოდა ყოველდღე.

ამ ორი ონავარის დაშოშმინებას, ყველაზე უკეთ, ლეილა ახერხებდა. მახსოვს, 7 წლისები ვიყავით, როცა ლეილამ გვითხრა: ძალიან ცელქობთ. აბა, დასხედით და ლექსები დაწერეთო. ვახუშტიმ ისეთი ლექსი დაწერა, სკოლაში მასწავლებელმა არ დაუჯერა, რომ მისი ავტორი მოსწავლე იყო და შინ ატირებული დაბრუნდა. მეორე დღეს, თანაკლასელების წინაშე, პედაგოგმა მას ბოდიში მოუხადა. იმ დღიდან დაიწყო ვახუშტიმ ლექსების წერა, რომელიც ნელ-ნელა ვრცელდებოდა და პოპულარული ხდებოდა ახალგაზრდებს შორის. შემდეგ არავის გაჰკვირვებია, რომ მეც და ვახუშტიმაც ფილოლოგიური განათლება მივიღეთ. მან აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.

- როგორც ვიცი, ვახუშტი კოტეტიშვილი თქვენს ქორწილში მოიწამლა ფშავური კაფიებითა და მთის პოეზიით.

- ჩემი მომავალი მეუღლე - გიგი ხორნაული (მწერალი, მეცნიერი. - ავტ.) უკვე უნივერსიტეტდამთავრებულმა, გიორგი ლეონიძის მიერ მოწყობილ დიდ ფოლკლორულ ექსპედიციაში - კახეთში გავიცანი. გიგი შესაშურად დააქროლებდა ცხენს, კარგად ნადირობდა, იცნობდა მთას და აღმოჩნდა, რომ თვითონაც მთის შვილი იყო. ჩვენი ქორწილი ფშავში, გიგის სოფელ კაწალხევში გაიმართა. მართალია, კაწალხევი ფშავშია, მაგრამ ხევსურებით არის დასახლებული. ვახუშტი თამადა იყო და პირველი თამადობა ამ მხარეში, პირველ დღესასწაულად აქცია ცნობილ ფშაველ-ხევსურ მოკაფიავეებთან ერთად. მისი თამადობა ისე მოეწონათ, რომ სამივე დღე მხოლოდ ვახუშტის ანდეს სუფრის გაძღოლა. თამადობის პარალელურად, ამ ქორწილში "ქალის ძმა" იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ქორწილის მეორე დღეს, სუფრის გაშლამდე, მას რამდენიმე მაყართან ერთად, ხმლითა და ფარით სოფელი უნდა "დაერბია". დარბევაში, ძირითადად, ქათმების მონადირება იგულისხმებოდა, რომელსაც შინ დაბრუნებულ მაყრებს საგზლად ატანდნენ (ეს მესამე დღეს მოხდებოდა).

ვახუშტიმ ამ რიტუალით ძალიან იხალისა. უზარმაზარი ხმლით ხელში დარბოდა და მთელი ძალით იქნევდა. ერთ ეზოში ყიჟინით შევარდნილს, მოხუცი ცოლ-ქმარი დახვედრია. მათ დანახვაზე დაბნეულა, მოუბოდიშია და ის-ის იყო, გამოსვლას აპირებდა, რომ უკნიდან მასპინძლის ხმა დაეწია: ვერ ვარგებულა ქალის მაყარიო. ვახუშტი შებრუნებულა და იქვე მიბმული ძროხა აუშვია, ვითომ მოსანადირებლად, მაგრამ რა თქმა უნდა, არ დაუკლავს და სიცილ-სიცილით, ისევ ხეზე დაუბამს. თურმე, ამ დროს იმ ოჯახში სამაყრო ხინკალი იხარშებოდა და შეიპატიჟეს კიდეც.

ფშაველები ვახუშტის აღტაცებაში მოჰყავდა თავისი ენამოსწრებულობით და თავის მხრივ, თვითონაც მოხიბლული იყო იქაური ექსპრომტად შექმნილი პოეზიით. სხვათა შორის, ამ ქორწილში "მოიწამლა" კაფიებით. როდესაც მის თვალწინ გაიმართა ლექსებით პაექრობა, აღფრთოვანდა, ემოციებს ვერ ფარავდა. ბევრ მოკაფიავეს იქვე, ძმადაც გაეფიცა. იმ დღიდან მოყოლებული, ფშავში თუ ვინმეს ქორწილი, ნათლობა ან რაიმე ლხინი ჰქონდა, ვახუშტის თამადად იწვევდნენ. მისი წაყვანილი სუფრები შემდგომში, ფოლკლორულ საღამოებში გადაიზარდა, რომელიც ესოდენ შეუყვარდა ქართველ მაყურებელს და რომელიც დღემდე გვენატრება.

ეკა სალაღაია