"შუ­რის­ძი­ე­ბა" შვი­ლებ­ზე... (ნამდვილი ამბავი) - გზაპრესი

"შუ­რის­ძი­ე­ბა" შვი­ლებ­ზე... (ნამდვილი ამბავი)

მაყვალა დეიდას დიდი ხანია, ვიცნობ და მისი შვილებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსები არიან, მეგობრებად მიმაჩნია. დათუნა და ლევანი მამით ადრე დაობლდნენ. ვაჟა ძია ტაქსის მძღოლი გახლდათ და ავარია, რომლის მსხვერპლადაც იქცა, ნამდვილად არც იყო მისი ბრალი. დამნაშავე ნასვამი მისჯდომოდა საჭეს და დიდი სიჩქარით მიმავალი, რამდენიმე მანქანას შეეჯახა - თავიც დაიღუპა და სხვისი ცოდვაც თან გაიყოლა.

მე არ მახსოვს ამდენი, მაგრამ სხვებისგან გამიგია, რომ ვაჟა ძია ოჯახზე თავგადადებული, მზრუნველი მამა და მეუღლე ყოფილა. მაყვალა დეიდა მოტაცებული ჰყოლია, მალევე შეუყვარებია თურმე თავი. ამიტომაც იყო ალბათ, რომ ახალგაზრდა ქვრივმა მართლაც, თავი გადადო ქმრისა და ოჯახის ერთგულებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვრივს მთხოვნელი მალევე გამოუჩნდა და თანაც, არაერთი. მათ შორის ლადო ყოფილა, რომელსაც დიდი ხნის წინ შეჰყვარებია მაყვალივით შავთვალა და შავტუხა გოგო; ცოლადაც მოიყვანდა, ვაჟა ძიას რომ არ დაესწრო და არ მოეტაცებინა. ნანატრი ქალის დაქვრივება რომ გაიგო, სამი წელიწადი ხმა არ ამოუღია, მერე კი გაბედა და მაყვალას გზაზე დახვდა:

- მეგონა შევძლებდი შენს დავიწყებას, მაგრამ ოხერი გული სხვისკენ გახედვის საშუალებას არ მაძლევს და ახლა მაინც ნუ მკრავ ხელს. ოღონდ ცოლად გამომყევი და შენს შვილებს საკუთარივით შევიყვარებ, ობლობას არ ვაგრძნობინებ და კარგ კაცებად დავზრდი...

მაყვალამ არც მოუსმინა და ცრემლმორეულმა სთხოვა:

- არ იმსახურებდა ჩემი ვაჟა იმას, რომ სამი წლის შემდეგ გათხოვება ვიფიქრო და მისმა შვილებმა სხვას დაუძახონ "მამა". თუ მართლა გიყვარვარ, ასეთი რამ აღარ გამიბედო! - შეეხვეწა და გაეცალა. ჰოდა, პატიოსანი კაცი რაღას იზამდა? სიყვარული გულში ჩაიმარხა და მას შემდეგ შორიახლოსაც აღარ გაჰკარებია საყვარელ ქალს, - ხალხი ბოროტია. ერთად რომ დაგვინახავენ, ვინ იცის, რას აღარ ილაპარაკებენ და მაყვალას გულს ატკენენო...

ახლობლები ხან ვის ურიგებდნენ და ხანაც - ვის, მაგრამ ვერავინ შეიყვარა და თავი უცოლშვილოდ დაიბერა...

მაყვალა დეიდამ კი ბევრი იწვალა, მაგრამ შვილებს არც რამე გაუჭირვა და არც რამეზე დასწყვიტა გული; სწავლა-განათლებაც ჩინებული მიაღებინა და ქორწილებიც სანაქებო გადაუხადა; არც მათ არჩევანში ჩარეულა: ის გოგონები მიიღო რძლად, ვინც დათუნამ და ლევანიკომ შეარჩიეს და შეიყვარეს. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ დედასთან ცხოვრება არც ერთმა შვილმა არ ისურვა. დათუნას ცოლი ნახევრად რუსი იყო და დედამისმა მოსკოვში ისურვა გადასახლება, თავის ნათესავებთან ახლოს. რადგან ერთადერთი შვილის პატრონი იყო, სიძე-ქალიშვილიც თან გაიყოლა და არც კი ვიცი, როდის ვნახე ბოლოს ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი. ლევანიკოს ცოლს კი თბილისში უყიდეს სამზითვო ბინა მშობლებმა და არც იმათ უყვართ ჩვენს ქალაქში ჩამოსვლით თავის შეწუხება. ასე დარჩა მარტო, უზარმაზარ სახლში მაყვალა დეიდა. მეზობელ-ახლობლები ურჩევდნენ, ძველი სახლი გაეყიდა და თავადაც შვილთან გადასახლებულიყო. ერთხანს გადაწყვიტა კიდეც, ეს რჩევა გაეთვალისწინებინა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ხმა გავარდა: შვილებს უთქვამთ, ჩვენს ცოლებს დედამთილთან ერთად ცხოვრება არ სურთ და ეგ სახლი რომ გაყიდო, სად წახვალო?!

არავინ იცის სინამდვილეში, რა მოხდა, რადგან მაყვალა დეიდას შვილების ძვირს ვერავინ დააცდენინებს, მაგრამ ფაქტია, ბოლო დროს სულ მოწყენილი დადიოდა. თითქოს აღარაფერი უხაროდა და ერთხელაც, გავიგეთ, რომ ინფარქტი მოსვლოდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეზობლებს გადაუყვანიათ საავადმყოფოში. დათუნა ხომ საერთოდ არ ჩამოსულა მოსკოვიდან და ლევანიკომაც სამიოდე დღით ჩამოირბინა თბილისიდან: სამსახურს ვერ მივატოვებო და იმაზე კი არაფერი უთქვამს, რომ მის უმუშევარ ცოლს არაფერი აკავებდა დედაქალაქში და ნამდვილად უნდა შეეწუხებინა თავი...

მოკლედ, მთელი თვე იწვა საავადმყოფოში მაყვალა დეიდა. მეზობლები ვმორიგეობდით მასთან და კიდევ, ლადო ძია, რომელმაც გაიგო თუ არა საყვარელი ქალის ავადმყოფობა, საუკეთესო ექიმები დააყენა თავს და ფეხზეც მალე წამოაყენა. მერე კი არაფრის გაგონება არ ისურვა და საავადმყოფოდან გაწერილი, პირდაპირ თავის სახლში წაიყვანა. შვილების საქციელით გულმოკლული მაყვალაც არ შეეწინააღმდეგა...

ორი წელიწადია, ერთად არიან და შორიდანაც ჩანს, რომ ერთმანეთზე ამოსდით მზე და მთვარე. დათუნა და ლევანი დედას არ ელაპარაკებიან: სიბერეში გასულელდა და გათხოვებით თავი მოგვჭრაო. როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე: ორივე მეგობრად მიმაჩნია, მაგრამ დედისგან მსგავი "შურისძიება" ნამდვილად დაიმსახურეს.

ინგა ჯაყელი