ჩაანაცვლებს თუ არა "ლოკოკინა" "ძაღლუკას" - გზაპრესი

ჩაანაცვლებს თუ არა "ლოკოკინა" "ძაღლუკას"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გვერდზე "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა", ახალი წამოწყება გაჩნდა. წამოწყების მოტივი ინტერნეტსივრცეში დამკვიდრებულ სიმბოლო "@"-სთვის ქართული სახელწოდების მოძებნაა. ვუწოდოთ ამ ნიშანს "ლოკოკინა" - მოუწოდებს საზოგადოებას "იყიდე ქართული". იდეის ავტორების თქმით, ეს ნიშანი ვიზუალურადაც გავს ლოკოკინას და წარმოსათქმელადაც უფრო სასიამოვნოდ ჟღერს. კამპანიის იდეაა წამოწყება უფრო გლობალური გახადოს და სხვა ტერმინებზე ინიციატივის გაჩენას შეუწყოს ხელი.

"@" ყველასთვის ნაცნობი სიმბოლოა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ მეილების გაგზავნის დროს. ქართულად ამ სიმბოლოს "ძაღლუკას" ვუწოდებთ, თუმცა საინტერესოა, როდის გამოიყენეს პირველად ეს სიმბოლო ინტერნეტსივრცეში და რატომ დამკვიდრდა ქართულ ენაში მის გამოსათქმელად "ძაღლუკა".

წიგნის "სოციალური მედია სკოლაში" ავტორი სანდრო ასათიანი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სიმბოლოს - "@", სხვადასხვა ენაში სხვადსხვა სახელი აქვს. მაგალითად, იტალიურად ის ლოკოკინას აღნიშნავს, შვედურად - ხორთუმს და ა. შ. მისი ვარაუდით, ქართულ ენაში "ძაღლუკა" რუსულიდან შემოვიდა, რადგან რუსები ამ ნიშანს "საბაჩკას" ეძახიან. "მე პირადად მომხრე ვარ, რომ ქართულშიც ლოკოკინად მოვიხსენიოთ. მგონი ეს სახელწოდება უფრო შეეფერება: ლოკოკინას უფრო გავს ვიდრე ძაღლს", - ამბობს სანდრო ასათიანი.

სიმბოლოს ქართულ სახელწოდებაზე რუსული ენის გავლენას ადასტურებს მწერალი დათო ტურაშვილიც და ნიშან "@"-ს ქართულ ვერსიად ლოკოკინას მოიაზრებს: "ჩემი იდეაა, ამ სიმბოლოს ლოკოკინა ერქვას. მართალია, ლოკოკინას ძალიან არ გავს, მაგრამ ძაღლს საერთოდ არ გავს. სახელწოდება "ძაღლუკა" რუსულიდან წამოვიდა. მირჩევნია დამკვიდრდეს ლოკოკინა. ეს სიტყვა გრძელია, მაგრამ შეიძლება მოკლე ვერსიაც ვიხმაროთ. მაგალითად, ლოკო. მოკლე ვერსიები, დროთა განმავლობაში, თვითონ გაჩნდება. მთავარია, ძაღლი არ ვიხმაროთ, პუტინს მოვერიდოთ", - ამბობს მწერალი.

სანდრო ასათიანის წიგნში "სოციალური მედია სკოლაში" საინტერესო დეტალის ამოკითხვა შეიძლება აღნიშნული სიმბოლოს ინტერნეტსივრცეში პირველ გამოყენებასთან დაკავშირებით: "1971 წლის მიწურულს რაი ტომლინსონმა (Ray Tomlinson) პროგრამა დაწერა, რომლის საშუალებითაც ერთი კომპიუტერიდან მეორეზე ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა გახდა შესაძლებელი. ელექტრონული ფოსტის გაგზავნისას და მიღებისას დღესაც იგივე პრინციპები გამოიყენება. პირველი მეილი ერთმანეთის პირისპირ მდგარმა ორმა კომპიუტერმა გაცვალა, ინტერნეტის წინამორბედის, აპრანეტის საშუალებით. თავად ტომლინსონის თქმით, მას აღარც კი ახსოვს რა ეწერა პირველ მეილში, მაგრამ მის მიერ გამოყენებული სიმბოლო - "@" რომელიც მომხმარებლის სახელსა და კომპიუტერის სახელს ერთმანეთისგან ყოფდა, დღესაც ელექტრონული მისამართის განუყოფელი ნაწილია. ტომლინსონს ეს სიმბოლო არ გამოუგონია, მან მხოლოდ არსებული სიმბოლო გამოიყენა, რომელიც შემდგომ, სტანდარტად იქცა", - ვკითხულობთ წიგნში.

სიმბოლოს ოფიციალური სახელწოდებაა "commercial at" (კომერციული ეტი), რაც წარმოსათქმელად საკმაოდ არაეფექტურია. ამიტომ ყველა ენაში სიმბოლოს გამოსათქმელად შედარებით ლაკონიური სახელებია გამოყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელები მას "მაიმუნს" ეძახიან, ტაივანელები - "თაგვს", ბერძნები - "იხვს", იტალიელები და კორეელები - "ლოკოკინას", უნგრელები - "ჭიას", შვედები და დანიელები - "სპილოს ხორთუმს", ფინელები - "კატის კუდს", ან "მიაუს", სომხები და რუსები კი - "ძაღლუკას".

საინტერესოა, რომ გარდა ცხოველებთან დაკავშირებული დასახელებისა, ამ სიმბოლოს კულინარიული ჟღერადობებიც არსებობს: მაგალითად, ისრაელში "შტრუდელი" ჰქვია, სლოვაკეთსა და ჩეხეთში კი "ქაშაყი".

"პალიტრა მედიას" კრეატიული დირექტორის, მარიკა დარჩიას აზრით, "ლოკოკინა" სიმბოლო "@"-ს სახელწოდების კარგი ქართული ვერსიაა, ამიტომ ის ქართულ მეტყველებაში უნდა დაინერგოს: "მე ძალიან მაწუხებს ტერმინების ექსპანსია, რომელიც ჩვენთან ხდება. ვცდილობ, ყოველთვის ქართული შესატყვისები ვიხმარო. მაგალითად, ვცდილობ არ ვთქვა მესიჯი, ყოველთვის ვიყენებ გზავნილს. "ლოკოკინა", ჩემი აზრით, სავსებით მისაღებია. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი კამპანიაა, სხვა ტერმინებზეც უნდა იყოს ასეთი გამოხმაურება და უნდა დაინერგოს", - ამბობს მარიკა დარჩია და დასძენს, რომ "ლოკოკინამ" საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მოწონება უკვე დაიმსახურა: "დაახლოებით 3-4 წელია, მე "ლოკოკინას" ვეძახი ამ ნიშანს. როდესაც ვიღაცას ჩემს მეილს ვკარნახობ, ამ სიმბოლოს "ლოკოკინად" მოვიხსენიებ, რამდენჯერმე ლოკოკინა ჩაწერეს, ვერ მიხვდნენ. ვინც მიხვდა, მას ძალიან მოეწონა ეს იდეა. თუ მოსწონთ, ე.ი. ამის დანერგვის პერსპექტივაც არსებობს", - ამბობს მარიკა დარჩია.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE