"ბე­ბოს ბი­ჭი" ოლიმ­პი­ურ ოქ­რო­ზე ოც­ნე­ბობს - გზაპრესი

"ბე­ბოს ბი­ჭი" ოლიმ­პი­ურ ოქ­რო­ზე ოც­ნე­ბობს

მთლად მასეც არ გეგონოთ - ავთო "ბებოს ბიჭი" კი არის, მაგრამ "დედიკოს შვილი" არასდროს ყოფილა. პირიქით, პატარაობისას ისეთი ცელქი და ყურუმსაღი ბავშვი ყოფილა, დედა რომ რაიმე საქმეს აკეთებდა, ცალი ხელით ავთო უნდა სჭეროდა, რაიმე რომ არ მოეწია თავისთვის ან არ გაეფუჭებინა. ნორიოში ის და მისი ძმა თემური ცნობილი იყვნენ ანცობით. ერთმანეთში დღეში ათჯერ მაინც ჩხუბობდნენ, ხოლო ერთი წუთით თვალს თუ მოაცილებდით, იმწამსვე, ხან საბანაოდ, ხანაც სოფლის მეორე ბოლოს ამოყოფდნენ თავს. მერე მთელი დღე ეძებდნენ. იცოდნენ, რომ შინ დაბრუნებულებს, აუცილებლად გატყეპდნენ, მაგრამ მაინც იპარებოდნენ. ერთმანეთს ამხნევებდნენ: რა მოხდა, ბიჭო, ერთ ცემას ვერ გავუძლებთო?!

ეთერი ბებოს ეს ბიჭი - ავთანდილ ჭრიკიშვილი დღეს მსოფლიოში ცნობილი ძიუდოისტია, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 2014 წელს ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ბოლოს პარიზის წლევანდელ "გრანდ სლემზე", ფინალში მასპინძელთა ჯილა - მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი დაამარცხა და პირველობა მოიპოვა. ამ გამარჯვებით ავთომ 500 სარეიტინგო ქულა მიითვალა და მსოფლიოს კლასიფიკაციაში, ყველა წონის ფალავანთა შორის #1 ძიუდოისტი გახდა. ასე განსაჯეთ, რეიტინგით მან ლეგენდარულ ფრანგს, მსოფლიოს ცხრაგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ტედი რინერსაც კი გადაუსწრო.

ავთო უნიკალური ძიუდოისტია, ორივე მხარეს შეუძლია გდების გაკეთება. მეტოქეს რომ ჩაავლებს კიმონოში, თუ მან მოახერხა და ხელი გააშვებინა, მაშინვე მეორე მხარეს აუღებს ჩავლებას, საწინააღმდეგო გვერდით დასცემს ძირს...

ახლა ავთო ოლიმპიურ ოქროზე ფიქრობს.

- ბავშვობაში მართლაც ძალიან ცელქი ვიყავი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ბებო მთხოვდა ხოლმე, ბოსტანი დამიბარეო, პაპაჩემი კი სულ ეჩხუბებოდა, ბავშვს ნუ აწვალებ, თავი დაანებე; ან რა უნდა მოიყვანო მაგ ბოსტანში? ჰა, დიდი-დიდი - მწვანილი; მე გიყიდი მაგ მწვანილსო... ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანების ოჯახში გავიზარდე და რაც გვჭირდებოდა, ოჯახში ყველაფერი გვქონდა. 12-13 წლის ვიქნებოდი, ცოტა რომ გაგვიჭირდა. დაახლოებით 2003-2004 წლები იდგა, თუმცა კვირაში ორჯერ-სამჯერ ხორცის კერძი მაინც გვქონდა... პატარაობიდანვე ვიცოდით, რომ ძიუდოისტები უნდა გავმხდარიყავით. პაპას უყვარდა ჭიდაობა, 5-6 წლიდან მე და თემური კახეთში დავყავდით "გრანდიოზულზე" - ასე ეძახიან იქ ჭიდაობას. მეზობელი სოფლიდან, მარტყოფიდანაც მოჰყავდათ ბიჭები. ყოველ კვირას იმართებოდა "გრანდიოზული". ხან ცხვარი იყო გამარჯვებულისთვის პრიზი, ხან - ღვინო. იქიდანვე გვაჩვევდნენ ჭიდაობას და 11 წლისა ძიუდოზე მიმიყვანეს, თუმცა მანამდე ორი წელი ტანვარჯიშზე ვიარე. თავიდან არ მომწონდა, გოგონების სპორტია-მეთქი, ვამბობდი. მერე ერთხელ ბებომ წამიყვანა, - მოდი, ვუყუროთ, როგორი სპორტიაო, - და რომ ვუყურე, მომეწონა. კარგი მწვრთნელი მყავდა, დღემდე მადლობელი ვარ მისი. სულ ორი-სამი სპორტსმენი ჰყავდა; სხვები, ფულის გამო, 20-30 ბავშვს ავარჯიშებდნენ. დღეში ორჯერ გვავარჯიშებდა, კვირადღესაც. ზოგჯერ გოგირდის აბანოშიც დავყავდით. ძალიან გამომადგა ტანვარჯიში. ბევრი რამ შევიძინე - კოორდინაცია, მოქნილობა, აზროვნება, "ფეთქებადი" სისწრაფე. მერე ბიძაჩემმა მირჩია ძიუდო და ყველაფერი ეს გამომადგა ძიუდოში. თავიდან სულ ვაგებდი. ვარჯიშებზე ბებოს დავყავდი და ეუბნებოდნენ, - რაღას აწვალებთ ამ ბავშვს, მაინც სულ აგებსო. თუ წავაგებდი, ბებო მეუბნებოდა, სახლში ნუ იტყვიო. ვმალავდით მარცხს. ძალიან მონდომებული ვიყავი, სულ ვვარჯიშობდი და მჯეროდა, რომ გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებდი.

- რატომ იკლავდი თავს? მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებობდი თუ უბრალოდ, ღონიერი გინდოდა ყოფილიყავი?

- მაშინ ბავშვი ვიყავი და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის ნაკლებად მესმოდა. მინდოდა, ყველაზე მაგარი ვყოფილიყავი. ბავშვური ოცნება იყო, ყველას უნდა მოვუგო-მეთქი. რას მივაღწევდი, წინასწარ არც მე ვიცოდი და არც არავინ იცის.

- სკოლაში როგორ სწავლობდი?

- ვიდრე ძალას მატანდნენ, ვსწავლობდი. დედა პედაგოგია და სულ მეჩხუბებოდა. მეოთხე კლასიდან თბილისში, სპორტულ სკოლაში გადმოვედი. როდესაც მივხვდი, რომ სწავლა საჭიროა, ჰუმანიტარულ საგნებს, ბუნებას, ისტორიას მოვკიდე ხელი. უცხო ენებს, რუსულსაც კარგად ვითვისებდი. მათემატიკა და "ასეთი" საგნები არ მიყვარდა. ისეთი დამრიგებელი მყავდა, რომ ხედავდა, როგორი მონდომებული ვვარჯიშობდი, მეხმარებოდა; სულ მეუბნებოდა, ივარჯიშე და ყველანაირად ხელს შეგიწყობო.

- სპორტის ნებისმიერ სახეობაში დიდ შედეგებს რომ მიაღწიო, ჩემი აზრით, ოთხი რამ უნდა გქონდეს: ნიჭი, შრომისმოყვარეობა, იღბალი და კარგი მწვრთნელი. ამ ოთხიდან, გამორჩეულად, რომელი გაქვს?

- ალბათ ოთხივე. მწვრთნელში ნამდვილად გამიმართლა. გურამ მოდებაძესთან დავიწყე ვარჯიში, აღმაშენებლის გამზირზე "განთიადის" დარბაზში. ძლიერი ბიჭები ჰყავდა. ისეთი სიტუაცია იყო, ბიჭები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ერთმანეთისგან ვსწავლობდით. ვინმე თუ 30-ჯერ აცოცდებოდა ბაგირზე, სხვა 31-ჯერ უნდა ასულიყო, მესამე - კიდევ მეტჯერ და ა.შ. ბატონი გურამი დარბაზიდან გვყრიდა, - ამდენი ვარჯიშიც არ შეიძლებაო, - გვეუბნებოდა. საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მწვრთნელია, თუმცა, მეგობრული ურთიერთობაც გვქონდა ერთმანეთში. თუ გავაბრაზებდით, ისევ ვარჯიშით გვსჯიდა, რამეს დაგვავალებდა და აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა. ვთქვათ, შინ რომ მივიდოდი, ვიდრე წოლბჯენიდან 500 აჭიმვას არ გავაკეთებდი, არ უნდა დამეძინა. ტყუილი არ მიყვარს, ვიცოდი, მეორე დღეს მკითხავდა, შევასრულე თუ არა დავალება, და მეც კეთილსინდისიერად ვაკეთებდი.

- ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ხარ. იმ ტურნირისთვის, საქართველოს ძიუდოისტებს ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ამზადებდა. ეს კაცი მსოფლიოს ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ძიუდოში გამოცდილება ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ჩვენი ბიჭებიდან ერთადერთმა - ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა ოქროს მედალი, დანარჩენები ადრეული ეტაპიდანვე გამოეთიშეთ მედლებისთვის ბრძოლას. რა მოხდა? პირადად შენ რა მოგივიდა?

- გამოუცდელები ვიყავით. მე სულ 21 წლის ვიყავი. ამასთან, მე და ვარლამ ლიპარტელიანი სწორედ ბრიტანეთში გამგზავრების წინ მოვყევით ავარიაში. ტვინის შერყევა გვქონდა და წესით, 21 დღე ლოგინში უნდა ვწოლილიყავით, მე კი მეათე დღეს ლონდონის ტატამზე გამოვედი, ვარლამმა მეთერთმეტე დღეს იჭიდავა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ლიპარტელიანს მაინც უნდა აეღო მედალი - ის უკვე საკმაოდ გამოცდილი ძიუდოისტი და ევროპის ჩემპიონიც იყო.

- კარგი, შენ და ვარლამი ავარიაში მოყევით, მაგრამ სხვები ხომ ჯანმრთელები იყვნენ. ზაიზენბახერის გადატვირთული ვარჯიშების გამო გუნდი ხომ არ "გადაიწვა"?

- ჩემი აზრით, ცოტა მეტს გვავარჯიშებდა. უფრო მეტად რომ დაგვესვენა, კარგი იქნებოდა. ვარჯიშები ცუდი არ გვქონია, მაგრამ დატვირთვას დასვენება უნდა მოჰყვეს, რომ ეს ნავარჯიშები შეგერგოს. მეტისმეტი დატვირთვა ვფიქრობ, შეცდომა იყო, თუმცა ყველაფრის ზაიზენბახერზე გადაბრალება სწორი არ იქნება. თქვენც ნახეთ, რა დღეში იყვნენ ბიჭები, მაგრამ ეს შეიძლება, თაობათა ცვლის, ახალგაზრდული ასაკის გამოც იყოს. მიუხედავად ამისა, ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. ლაშა დღესაც ჟინიანი ჭიდაობით გამოირჩევა. საერთოდ, იცით, რაც წეღან თქვენც ბრძანეთ, იღბალიც, ღვთის წყალობაც უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, ეს აუცილებელია. პირადად მე, რასაც მივაღწიე, ვთვლი, რომ ბედი მაქვს, უფალი მწყალობს და ამიტომაც გავიმარჯვე. თუმცა, ისიც ცნობილია - ფორტუნა ძლიერებს უმართლებს.

- ავთო, სიმართლე გითხრა, სწორედ მაგ შენი ბედის, უფრო სწორად - შენი გამარჯვებების მეშინია: ერთხელ მოიგე ევროპის ჩემპიონატი, მეორედ, მესამედ, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდი, საერთაშორისო ტურნირებშიც იმარჯვებ, პრაქტიკულად არაფერს თმობ. ხომ არ შეიძლება, კაცი ყველაფერს იგებდეს, სულ სპორტული ფორმის პიკში იყოს?! მეშინია, რიოს ოლიმპიადისთვის არ "გადაიწვა".

- მაგის პასუხსაც გეტყვით. ისე ვვარჯიშობ, თავს თუ შევატყვე, ცოტა გადავიღალე ან სისწრაფე დაქვეითებული მაქვს, ვჩერდები, დატვირთვებს ვამცირებ. ერთი-ორი კვირა ვისვენებ. ბოლო პერიოდში არც ერთ ტურნირზე სპორტული ფორმის პიკში არ ვყოფილვარ. ახლაც, პარიზის "გრანდ სლემში" რომ გავიმარჯვე, პრაქტიკულად არ მივარჯიშია - ათ დღეში სულ 7-8-ჯერ ვივარჯიშე ტატამზე. წონაც ჩვეულებრივზე მეტი მქონდა. შინ ჩემებს ვუთხარი კიდეც, - თუ წავაგებ, არ გაგიკვირდეთ-მეთქი. მაინც მოვიგე. ალბათ ისევ ბედმა გამიღიმა ანდა გამოცდილებით ვიმარჯვე. ასე რომ, ამ პრობლემის შესახებ ვიცი და მწვრთნელებთან ერთად, ისე დავგეგმეთ მთელი მოსამზადებელი ციკლი, რომ წელს მხოლოდ ერთხელ - ოლიმპიადისთვის მივაღწევ სპორტული ფორმის პიკს.

- 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდი, მაშინ როგორ ფორმაში იყავი?

- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბევრი ვივარჯიშე, ცოტა ზედმეტი მომივიდა, ზედიზედ ორ შეხვედრას ვეღარ ვატარებდი. მწვრთნელებს ეშინოდათ, რომ აღდგენას ვერ მოვასწრებდი. ვამშვიდებდი, - ნუ გეშინიათ, მაინც მოვიგებ-მეთქი. ჩემპიონატამდე 2-3 კვირა კიდევ იყო დარჩენილი, დატვირთვები შევამცირე და ტურნირისთვის უკვე კარგად ვგრძნობდი თავს. ყველა შეხვედრა ბოლომდე ვიჭიდავე, ორგანიზმი, ენერგია მომდევდა. ვეცდები, ეს გამოცდილება ოლიმპიადისთვის გავითვალისწინო, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს.

- ვიქტორ სანეევი ყოველი ოლიმპიადის მოგების შემდეგ საკუთარ თავს ეუბნებოდა: "ვიქტორ, შენ პირველთანრიგოსანი ხარ, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო", - და მართლაც ასეც იქცეოდა. შენი გამარჯვებებით და ტიტულებით, როგორ ფიქრობ, ყოყოჩობის სენი ხომ არ შეგეპარა?

- არა, გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად - არა. მეც ასეთი ვარ. ამ თემაზე მოძღვართან საუბარი ბევრჯერ მქონია. ერთხელ მითხრა კიდეც: "ავთო, იცოდე, შენი წარმატებები მაშინ დამთავრდება, როდესაც ჩათვლი, რომ რაღაცა გაგიკეთებია. უნდა იშრომო, იწვალო, ისე ივარჯიშო, რომ ფიქრობდე, ჯერ არაფერი გამიკეთებია". მეც სწორედ ასე ვფიქრობ და ასე ვვარჯიშობ. მინდა, მიზანს მივაღწიო, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე, მერე კი ალბათ ვიტყვი, რომ მეც რაღაცა გამიკეთებია.

- კარგა ხანია უკვე, ქართველმა მორაგბეებმა და ძიუდოისტებმა რუსები "დაიბალიშეს": სადაც კი შეხვდებიან, ყველგან უგებენ. საინტერესოა, თქვენს მეტოქეებთან, პირადად, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- რუსეთის ნაკრებში სხვადასხვა ეროვნების ბიჭები არიან. დაღესტნელებთან, ჩეჩნებთან, ერთი სომეხიც ჰყავთ - მათთან ნორმალური, კარგი ურთიერთობა გვაქვს. რუსები ცოტათი თავისებური ტიპები არიან, მარტონი დადიან... თუმცა, ტატამზე სულ სხვა სიტუაციაა, სხვანაირი ჭიდაობა მიდის. ყველას გვეტყობა, რომ განსაკუთრებული ჟინით გამოვდივართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავაგოთ.

- მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონებისგან - გურამ საღარაძისა და რომან რურუასგან გამიგონია, რომ შეკრების ან შეჯიბრების დროსაც კი, ენერგიის აღსადგენად, ერთ-ორ ჭიქა შავ ღვინოს სვამდნენ ხოლმე. ახალგაზრდა კაცი ხარ, ალბათ შენც გიყვარს ღვინო.

- შავი - განსაკუთრებით, მაგრამ, რასაკვირველია, როცა ვემზადები, ერთ ჭიქასაც არ ვსვამ. შეიძლება, სამი თვე ისე გავიდეს, წვეთიც არ დავლიო. თუმცა, შეჯიბრებებზე ბიჭებს მიგვაქვს ხოლმე ერთი-ორი ბოთლი და ტურნირის დამთავრების შემდეგ ვსვამთ. ტურნირის მიმდინარეობის დროს კუნთები იძაბება, ღვინო კი კუნთების მოდუნებასა და ენერგიის აღდგენაში გვეხმარება.

- ერთი პერიოდი საქართველოს ნაკრებში დიდი არეულობა იყო. ახლა თუ დაწყნარდნენ ბიჭები?

- რაც ნაკრებს ირაკლი უზნაძე ჩაუდგა სათავეში, ყველაფერი ჩაწყნარდა. გუნდში იმდენი მეგობარი მყავს, რომ ჩამოვთვალო, შეიძლება, ვინმე გამომრჩეს. ყველა მეხმარება ვარჯიშებზე, მაკეთებინებენ ილეთებს, ოლიმპიადისთვის მამზადებენ. ერთი ოჯახივით ვართ, დარბაზშიც და ცხოვრებაშიც.

- ცხოვრება ახსენე და ქუჩაში, უბანში თუ გიჩხუბია?

- საერთოდ, ჩხუბი არ მიყვარს. სულ ვამბობ, ქართველებმა ერთმანეთში არ უნდა ვიჩხუბოთ, მაგრამ ხდება ხოლმე. ერთხელ, მეგობრებთან ერთად ვიყავი. შელაპარაკება მოგვივიდა. სამჯერ ვთხოვეთ, თავი დაგვანებე, ადამიანები ვართ და ჩვენც თავმოყვარეობა გვაქვს. არ დაგვანება და...

- ბოლოს, ბუნებრივია, მთავარი კითხვა უნდა დაგისვა: რა იქნება რიოში?

- რა იქნება, არავინ იცის. წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი. ეს სპორტია და შეიძლება, საერთოდ უმედლოდ დავრჩე. ამიტომ, რაც ვიცი, იმას გეტყვით: მე ისე ვარ განწყობილი, ოქროს მედალი მინდა და ოქროსთვის უნდა ვიჭიდაო. სხვა აზრი არც გამივლია თავში. დანარჩენს ფორტუნა და უფალი გადაწყვეტს.

P.S. 18 მარტს ავთოს 25 წელი უსრულდება და მინდა, ეს პატარა "იუბილე" მივულოცო. ბრაზილიიდან რომ ჩამოვა, მაშინ კი, ყველა ერთად, იმედია, ოლიმპიურ ოქროსაც მივულოცავთ.

გოგი ფრანგიშვილი