უბე­დურ შემ­თხ­ვე­ვას შე­წი­რუ­ლი ტა­რან­ტუ­ლი და კა­ცი, რო­მე­ლიც მწე­რებ­თან ცხოვ­რობს - გზაპრესი

უბე­დურ შემ­თხ­ვე­ვას შე­წი­რუ­ლი ტა­რან­ტუ­ლი და კა­ცი, რო­მე­ლიც მწე­რებ­თან ცხოვ­რობს

საქართველოში მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მწერები უყვარს. მათ შორის არის გიორგი ბერეჩიკიძე, რომელსაც მწერები, მორიელები და მისთანები ბავშვობიდან მოსწონდა. უკვირდათ, - საიდან ასეთი ინტერესიო? ყველას გადაავიწყდა, რომ მისი ბებია ფიტოპათოლოგი და ენტომოლოგი იყო. როცა ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, გენეტიკა მაშინ გაახსენდათ. წუხს, რომ საქართველოში ცხოველების შემოყვანა პრობლემაა და იმდენ დოკუმენტაციას ითხოვენ, რისი წარმოდგენაც ხშირად შეუძლებელია. გიორგი ბერეჩიკიძის სამაგისტრო თემა, რა თქმა უნდა, მწერების შესახებ იქნება.

მწერები - გამორჩეული ცხოველები

- თავიდან ჭიანჭველები მყავდა, რომლებიც სოციალური ცხოველები არიან, დიდ ოჯახებს ქმნიან, ერთმანეთზე ზრუნავენ და ამიტომ უფრო მაინტერესებდა. შემდგომ - ჩვენებური კალია, მაგრამ მალევე მოკვდა, რადგან ჩვენთან ერთი სეზონი - 5-6 თვე ცოცხლობს. მერე და მერე სხვადასხვა სახეობის ჩხირულები (მწერები) მყავდა და რამდენიმე ისეთიც კი, რომელიც საქართველოში მხოლოდ მე მყავს. ეს ცოტა არ იყოს, მეამაყება კიდეც. მადაგასკარული ტარაკნები 6 წლის წინ მაჩუქეს. ისინი მადაგასკარის ენდემები არიან და მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ტარაკნებად არიან მიჩნეულნი. შიშის დროს ხმას გამოსცემენ. მამრები ზურგზე რქებით გამოირჩევიან, რითაც ერთმანეთს ეტაკებიან შეჯიბრების დროს. გამარჯვებული ტარაკანი მდედრთან ჯვარდება. ინდივიდი 2-3 წელზე მეტხანს არ ცოცხლობს, მათ ვამრავლებ. ეს ტარაკანი ორსულადაა, სამთვიანი ფეხმძიმობა აქვთ და პატარებს ცოცხლად შობენ, ამიტომ ფრთხილად უნდა მოვექცეთ, მუცელი რომ არ მოსწყდეს. სამწუხაროდ, ერთი ჩხირულა (Heteropteryx dilatata) ასაკის გამო, ორი კვირის წინ მომიკვდა. ის მსოფლიოში ყველაზე მძიმე მწერად ითვლება. GzaPressცოცხალი ფქვილის ჭიები მყავს, ლარვულ სტადიაზე აქტიურად იყენებენ რეპტილიების საკვებად, რადგან საკმაოდ ცხიმიანია. აქვე, მტაცებელი მწერები ჩოქელები - იგივე "ბაგამოლები" დადიან, ცოტა ხნის წინ გამოიჩეკნენ. ჩვენთან კალიას ამსგავსებენ. კარგია ბუზებისა და ქინქლების მოსაშორებლად. ჩვენებური შავი ჭრიჭინები თავად დავიჭირე. ბევრს ნანახი არ ჰყავს, მაგრამ ხმა მაინც მოუსმენია - ღამე რომ არ გვაძინებენ. მათი დაჭერა ურთულესია, ქვების ქვეშ ბინადრობენ. ქვას ასწევ და გარბიან ან ხტებიან. ერთ მშვენიერ დღეს გამიმართლა, ბევრს მივაგენი და საკმაოდ ბლომად დავიჭირე. მას შემდეგ ნელ-ნელა ვამრავლებ. ჭრიჭინები აკვარიუმში სხედან. ამერიკული ტარაკნების ყოლას ცოტა მეტი სიფრთხილე უნდა, რადგან გაქცევის შემთხვევაში მარტივად მრავლდებიან და ინვაზიის საშიშროებას ქმნიან. არც სიცივე აწუხებს, არც საკვების ნაკლებობა. სახლში თუ გაგვექცა, მერე ინსექტიციდის შესხურება დაგვჭირდება. ჩხირულას ერთი სახეობა ვაშლოვანში გვხვდება. ის ჩემმა კოლეგამ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. სახეობა არ დაგვიდგენია. ლიტერატურული მასალების მოძიება გვჭირდება, რათა სახელის ხელახლა დარქმევა არ მოხდეს. იკვებება მცენარეებით, მაგრამ არ მავნებლობს ისე, როგორც კალია. წელს, მარტში ვაპირებ ამ ინდივიდების დაჭერას და მათი სახეობის დადგენაც მინდა. ერთი საინტერესო ფაქტი ჩხირულებზე: ზოგიერთი სახეობის ჩხირულას მამრი გასამრავლებლად არ სჭირდება. მაგალითად, თრაცჰყარეტაონ ნორტჰ-ლუზონ, მე ყველა მდედრი მყავს. კვერცხებს დებენ ისე, თითქოს სქესობრივი შეჯვარება ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ მდედრები იბადებიან.

პეპლების კოლექციაGzaPress

- უამრავი პეპელა, ნემსიყლაპია, ხოჭო დამიჭერია. სასურველია, პეპელა დაჭერის შემდეგ მალევე მოიგუდოს, რადგან პაკეტში ცოცხალს თუ ათავსებ, ის თავს იზიანებს და ფრთები უფერულდება. ისე, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 თვიდან 1-2 წლამდე გრძელდება. პეპლების კოლექცია ჩემი დამონტირებულია (ე.წ. მწერის გახმობა). ყველა მწერს თავისი მონტირების გამორჩეული წესი აქვს. მაგალითად, პეპლის ფრთას ხელს ვერ ვკიდებთ, რადგან იქერცლება და ფერს კარგავს. ნემსიყლაპიას შემთხვევაში, ყველა ფრთა სიმეტრიულად გაშლილი უნდა ჰქონდეს და ა.შ. მოკლედ, სხვადასხვა სტანდარტი არსებობს და ჩვენც მას მივყვებით. საქართველოში ყველაზე დიდი ღამის პეპელა - ღამის ფარშავანგთვალა, მამრი და მდედრი მყავს. სიდიდის გამო, ხშირად ღამურებში ერევათ. მუხის დიდი ხარაბუზები ტყის მავნებლები არიან, მათ მიერ გამოჭმული ხე რეგენერაციას ვერ ახერხებს და იღუპება. ციკადა ხეებზე ზის და არ ჩანს. მინდორზე დღისით თუ გასულხართ, არ გაგიგონიათ ტვინის წამღები გაბმული ხმა? საინტერესოა იმითაც, რომ ციკადა 7 წელი ნიადაგში ცხოვრობს, მერე ამოდის და ფრენას იწყებს. კორდული გასტერები (cordulegaster spp), რომლებსაც ხშირად "ბილაინის" ნემსიყლაპიებსაც უწოდებენ, საქართველოსთვის იშვიათი სახეობაა, ძირითადად მდინარეების სიახლოვეს გვხვდება. პატურა ილია წითელ ნუსხაშია შეტანილი, ისიც მაქვს.

მცენარეებიGzaPress

- მცენარეებიც ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ მაშინ მარტო ბეგონიები მომწონდა. ალბათ იმიტომ, რომ მათი შოვნა შეიძლებოდა. 5-6 წელია, რაც ორქიდეებმა, კამბრიებმა და ფალენოფსისებმა გამიტაცა. ბოლო ორი წელია უზუმბარულმა იებმა (აფრიკული იები) მომხიბლა, რომელთა უსაზღვრო სელექციაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავ ახალ ფერს, ფორმასა და ზომას მიიღებ. მაგალითად, არის ჯუჯა, ნახევრად ჯუჯა და უზარმაზარი, გიგანტი ზომისაც. ჩემი კოლექციის სიამაყეა იშვიათი ორქიდეა - ვენერას ქოში Paphiopedilum, რომელიც საქართველოში კი არა, უცხოეთშიც არ შეგხვდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ჩემთან ახლახან დაიდო ბინა, ჰოლანდიიდან არის ჩამოტანილი. ზოგჯერ ახლობლები და ნაცნობები მეკითხებოდნენ, - რა დაგემართა, მწერები რამ შეგაყვარაო? არა მარტო მწერები, აგრეთვე - გველები, ხვლიკები მყავდა. ზოგი გიჟადაც მთვლიდა, მაგრამ ნელ-ნელა დარწმუნდნენ, რომ ნორმალური ადამიანი ვარ. შეიძლება ვინმეს ამ ცხოველების ეშინოდეს, მაგრამ რომ დაუკვირდეთ, თითოეული უნიკალური და ლამაზია. ვხედავ ამ სილამაზეს და ეს ყველაფერი იმიტომაც მომწონს. სახლშიც ნელ-ნელა შეეგუვნენ, თუმცა დედას მაინც ეშინია, ამიტომ ცხოველები სარდაფში მყავს თავმოყრილი. ჩვენებურ ქართულ მორიელებს ახლა სძინავთ, ისინი მიწაში არიან ჩაფლულნი. ობობებსაც, ზამთარში, როგორც წესი, სძინავთ. ტროპიკული ტარანტული მყავდა, რომელიც უბედურ შემთხვევას შეეწირა - ჩემმა კატამ გადმოაგდო და დაიღუპა. შარშან შრი-ლანკაში ვიყავი, სადაც მწერების ბიომრავალფეროვნებამ შოკი მომგვარა. ამდენი და ასეთი ფერების მწერი ბუნებაში არც მინახავს. იქიდან არანაირი ცოცხალი ორგანიზმის წამოყვანა არ შეიძლება, ამიტომ საზღვარზე რაღაცები დამატოვებინეს. მხოლოდ ფოტოები დამრჩა. ბუდაპეშტის ზოოპარკმაც გამაოცა. მარტო მწერების განყოფილება თბილისის ზოოპარკზე უფრო დიდია და უზარმაზარი ტერიტორია უკავია. თითო მწერის ვოლიერი კი ერთი საშუალო ოთახის ზომისაა. ჩხირულები ჩემი ყველაზე საყვარელი მწერებია, არააგრესიული და სხვა მწერებთან შედარებით ადვილად შესანახი. მოვლის თვალსაზრისით ყველაზე რთული ის არის, რომ დილა-საღამოს სჭირდებათ ჩანამვა, საკვების გამოცვლა, ტემპერატურის კონტროლი. ოცნებად მაქვს საკუთარი ინსექტარიუმის გახსნა. ჩხირულების 2 500-მდე სახეობა არსებობს და ასამდე რომ შევაგროვო, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მწერი ყველას უნდა უყვარდეს, მაგრამ ვიცი, რომ ხალხს დიდი ობობების, დიდი მორიელების და პეპლების დათვალიერება მოსწონს.

ნანული ზოტიკიშვილი