და­ბა­დე­ბი­დან მოგ­ზა­უ­რი, უჩუს­ტო და უხა­ლა­თო ლა­შა ონი­ა­ნი - გზაპრესი

და­ბა­დე­ბი­დან მოგ­ზა­უ­რი, უჩუს­ტო და უხა­ლა­თო ლა­შა ონი­ა­ნი

რეჟისორ ლაშა ონიანის სახელი, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ცნობილი და სპექტაკლების გარდა, თეატრალიზებული დადგმებით არაერთი სანახაობა აქვს გაფორმებული, მათ შორის, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნა. ამჟამად ზაარბრიუკენში ცხოვრობს და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით არის დაკავებული, თუმცა საქმიანობის გარდა, დრო ყოველთვის აქვს მოგზაურობისთვის, რადგან ეს მუდმივად ახლის შეცნობასა და მუდამ აპოლიტიკურად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. ლაშა ონიანი სიახლეებსა და მოგზაურობაზე გვესაუბრება.

საინტერესო და აქტიური შემოქმედებითი სიახლეები

- შემოქმედებითი კუთხით, სიახლეები გერმანიაშიც მაქვს და სამშობლოშიც. ზაარლანდის კულტურის სამინისტროსთან რამდენიმე ათეული წელია ვთანამშრომლობ. ზაარბრიუკენში ვცხოვრობ, ის სასაზღვრო ქალაქია. დაახლოებით რვა წლის წინ დავიწყე პროექტი - დადგმებს ვახორციელებთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან, არიან მოსწავლეები, სტუდენტები და ახალგაზრდობა. ეს პროექტი დღითი დღე იზრდებოდა, თავიდან 5-6 ორგანიზაცია იყო ჩართული, დღეს კი - საფრანგეთისა და ლუქსემბურგის მხარეც ჩართულია და ამ პროექტს უკვე "დიდი რეგიონი" ეწოდება, დადგმები გაერთიანებულად ტარდება სტადიონებზე. შევდივართ ამა თუ იმ სასწავლო დაწესებულებაში, შევხედავთ ახალგაზრდებს და მონაცემების მიხედვით სპექტაკლებში ვაკავებთ ან ვეხმარებით, ქორეოგრაფიული თუ მუსიკალური კუთხით განვითარებაში და ა.შ. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ახლა ზაარლანდში 60-მდე ორგანიზაციაა ჩართული, ლუქსემბურგშიც ამდენივე და საფრანგეთის ნაწილში. ეს დადგმები დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს და როცა სრულდება, საუკეთესო ვარიანტებს ვაერთიანებთ, რომელიმე სტადიონზე პირდაპირ მიგვაქვს და ღონისძიების გახსნებს ან დახურვებს "ვაკეთებთ". ამ პროექტის მეორე დანიშნულება ისაა, რომ ახალგაზრდებს, ვისაც შინაგანი პრობლემები აქვთ, გარეგნობასთან თუ ხასიათთან დაკავშირებული კომპლექსები, ყველაფერი ეხსნებათ - ყველას შეუძლია იცეკვოს, იმღეროს, პარტნიორი ჰყავდეს, ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა და ეს მათ ძალიან ეხმარება. ჩემი მუშაობა კიდევ თეატრებთანაა დაკავშირებული. დასი მუდმივად მყავდა, მაგრამ ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და მუშაობის მიმართულება შევცვალე. მივაკვლიე იმას, რომ ძალიან კარგია, როცა თემას აირჩევ, მოიწვევ მსახიობებს და შემსრულებლებს, შექმნი პროდუქციას და სხვადასხვა ქვეყანაში გაუშვებ. ახლა ქორეოგრაფიულ დიდ დადგმაზე ვმუშაობ, ეს იქნება ცეკვის, დრამისა და მუსიკის სინთეზი. მასში ქართველი ხელოვანებიც ჩაერთვებიან.

მოგზაურობის მნიშვნელობა და ზემოქმედება ადამიანის სულიერ განვითარებაზე

- მოგზაურობა ყოველი ადამიანისთვის საჭირო რამაა. დაბადებიდან ვმოგზაურობ, რამხელაც ვიყავი, ბავშვობიდან, იმხელა ჩანთა დამქონდა და ახლაც ასე ვარ. თუ ქვეყნის საზღვრებს ვერ გასცდები, შენს ქვეყანაში ყველგან უნდა წახვიდე და დაათვალიერო. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ შენი მიწაა, ხალხი უნდა გაიცნო, რომ მხოლოდ შენ არ ხარ და სხვასაც აქვს კარგის და ცუდის შეგრძნება, ყველგან არსებობენ მახინჯები და ლამაზები, ბოროტები და კეთილები და ა.შ. რათა შემდეგ, ადვილად მოხდეს გონებრივი ინტეგრაცია ამა თუ იმ ქვეყანაში და უცხო ადამიანებთან. როგორც კი მთელი ერი დაიწყებს გადაადგილებას, ვიმოგზაურებთ და სხვა რამეზე გადავერთვებით, პრობლემები გაქრება. რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ საქართველოდან გასვლისას, სხვა ადამიანებთან მივდიოდი, მაგრამ ასე არ არის. ადამიანი ყველგან ერთნაირია, უბრალოდ, სხვა ენაზე საუბრობენ და როგორც კი მათ ენას ისწავლი, მაშინვე მიხვდები, რომ ისინიც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მერე უკვე, მათ უჩნდებათ შენი ქვეყნის გაცნობის სურვილი. როგორც სვანეთში დავდივარ და ალპურ ზონაში ასვლისას მომწონს ჰაერი, ისეთი ჰაერია საფრანგეთის ალპებშიც და შვეიცარიაშიც, ავსტრალიასა და ბავარიაშიც. პროფესიაც მიწყობს ხელს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოვიარო, ჯერ მარტო სპექტაკლებითა და გასტროლებით მაქვს შემოვლილი ნახევარი დედამიწა და მარტომაც ბევრი ვიარე. დაავადებაცაა უკვე, ათ დღეზე მეტხანს რომ ვერ ჩერდები ერთ ადგილას (იცინის). ჟარგონით რომ ვთქვათ - რომ "შეჯდები", ვეღარ ჩამოხვალ, მოგზაურობით ხარ მოწამლული, იღებ ჩანთას და გარბიხარ. წარმოიდგინე, სახლში ჩუსტი და ხალათი არ მაქვს (იცინის). შხაპს რომ მივიღებ, ტანსაცმელს ვიცვამ და სადღაც მივდივარ, ზოგჯერ - უმისამართოდ, ზოგჯერ - მისამართით (იცინის). სულ ბოტასები და სპორტული ტანსაცმელი მაქვს, ორი ველოსიპედი მყავს, როცა მჭირდება - მოტოციკლეტიც, მანქანები. ჩემი ქალაქიდან საათსა და ორმოც წუთში პარიზში ხარ მატარებლით, რომელიც სწრაფად სერავს ამ 400 კილომეტრს. ყავის დასალევად მივდივარ ხოლმე პარიზში (იცინის).

ხალხთა შორის მსგავსება და "ქართული კუთხეები" გერმანიაში

- 2000 წელს, პირველად რომ გავფრინდი ლათინურ ამერიკაში, თვითმფრინავი 14 საათის განმავლობაში მიფრინავდა. არა და არ დაჯდა, არც წყალი ჩანდა, აღარც მიწა, აღარც არაფერი, იმედი გადამეწურა, თვითმფრინავში დავრჩი-მეთქი, ვიფიქრე (იცინის). დაშვება რომ დაიწყო, მიწის დანახვისას, მეგონა, მთელ დედამიწას შემოვარტყით წრე. დასი მყავდა წაყვანილი გასტროლზე კოლუმბიაში და პასპორტები რომ ნახეს, გეორგიიდან ვიყავით, გაუკვირდათ, ვინ ხართ და აქ რა გინდათო (იცინის)? იქ "ფაუსტი" და "ჰამლეტი" ვითამაშეთ და დიდი ოვაციებითაც შეგვხვდნენ. კოლუმბიელები ძალიან თბილი ხალხი აღმოჩნდა, დილიდან საღამომდე სტუმრის პატივისცემაში იყვნენ. მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, დალევა, კვება, სადმე წასვლა და ა.შ. როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე. ბრაზილიასა და შტატებშიც იგივე იყო. ევროპის ქვეყნები უფრო ახლობელია ჩვენთვის, ქრისტიანები არიან, ქრისტიანულად ცხოვრობენ, ტრადიციებს პატივს სცემენ და როცა იქ ყოფნა რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება, ძალიან ბევრ დადებით მუხტს იღებ. როგორც ჩვენთან ვხუმრობთ კუთხეები ერთმანეთზე და ანეკდოტებს ვყვებით, ასეა აქაც. გერმანიაში 20 წელზე მეტია ვცხოვრობ და თითქმის ყველა რეგიონი ვიცი, სოფლებშიც თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი, 80-მილიონიანი ქვეყანაა და უკვე ზუსტად ვიცი, რომელი რეგიონი ჩვენს რომელ კუთხეს ჰგავს. მაგალითად, ბავარია - სვანეთს, იქვე პატარა დასახლებებია, ხევსურებივით და თუშებივით ცხოვრობენ, "რაჭველებიც" ჰყავთ და "მეგრელებიც" (იცინის). ახლა ზაარლანდში ვარ და ჩათვალეთ, კახეთია - როცა შეგეკითხებიან, მიირთმევთო? თუ დაიმორცხვებ და ეტყვი, არაო, დარჩები მშიერი.

გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენს კულტურას!

- მოგზაურობის ფასი მართლაც არაფერია, როცა ასე ცხოვრობ, ეგრევე აპოლიტიკური ხდები და იცი, რა კარგია? დიდი პრობლემა გაქვს მოხსნილი და ყველაფერს თავისუფლად უდგები. ამიტომ გვჭირდება მთელ საქართველოს უვიზო რეჟიმი. კი არ უნდა გადასახლდე და გადაიკარგო, შენი ქვეყანა ცოტა ხნით დატოვო, გადაადგილდე. ქართული ტრადიციების მოყვარული ადამიანი ვარ, დედ-მამით სუფთა სისხლის ქართველი, სვანი, "წითელ წიგნში" ვართ მგონი შესულები (იცინის). შარშან უშგულში ვიყავი ასული, იქ ოთხი უბანია და ორი უკვე დაშლის პირასაა. ევროპაში ნებისმიერ იმ ადგილას, რომელიც ასაკობრივად 200 წელზე მეტისაა, რომ მივა ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ისეთ ფორმაში მოჰყავს, როგორიც დღემდე მოვიდა, კიდევ სამ საუკუნეს გააძლებინებენ. კიდევ ამიტომ გვინდა უვიზო რეჟიმი, რომ ეს ყველაფერი ვისწავლოთ. სულ დავდივარ და ვათვალიერებ ძველ ციხესიმაგრეებს, საჰერცოგოებს და ცოტა ხნის წინ, თავი ამოვყავი 1203 წელს აშენებულ საჰერცოგოში. ძალიან საინტერესო იყო! ევროპაში დიდი ტრადიციებია და უვლიან. ამას სწავლა და განათლება უნდა, იციან, როგორ მოუარონ. ეს კულტურა უნდა დამკვიდრდეს ჩვენთან. ჩვენი ტაძრები არ უნდა ინგრეოდეს. თურქეთში თუ ვერ აგვარებ, ქვეყნის შიგნით აღადგინე!

მთის კენწეროზე გაშენებული ქალაქის შთაბეჭდილებები

- ბერგამო მილანიდან 40 კილომეტრშია, ლომბარდიაში. თვალუწვდენელი მინდორია, რომლის შუაში მთა არის ამოშვერილი და ამ მთაზე ძალიან ლამაზი ქალაქია გაშენებული, სადაც წრიული გზით ადიხარ. იქ უამრავი საოჯახო რესტორანია, სადაც ნამდვილ პიცას მიირთმევ, რა ზომისაც გინდა. იქვე, მაგ მთაზე გაშენებული ვენახის ყურძნისგან დამზადებული ღვინოა. შესანიშნავი კერძები აქვთ, მაკარონის ნაწარმით თუ რამე კეთდება, ყველაფერი ფანტასტიკურია. ლორია უგემრიელესი. ოჯახი სუფრას რომ გაგიშლის, წარმოიდგინე, მეფესაც კი შეშურდება, ისეთი ლამაზად გაფორმებული და უგემრიელესია. შეიძლება, მოგერიდოს კიდეც, რომ ეს ყველაფერი შეჭამო (იცინის). ამ ქალაქში დიდი უნივერსიტეტია, სადაც თურმე, 5 ათასი სტუდენტი სწავლობს, ეს კარგად ნაჭამ-ნასვამი ხალხი გარეთ რომ გამოვედით, მათი ჩამიჩუმი არ ისმოდა და გარეთ რომ გამოცვივდნენ, ომი დაიწყო-მეთქი, ვიფიქრე (იცინის). 15 წუთში გაქრნენ და ქალაქში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. ძალიან მაღალზეა და შორიდან რომ გამოხედავ, მერე ხვდები, სად იყავი.

ეგზოტიკა, კოლუმბიური განცხრომა და ნარკობარონთა საოცარი ვილები

- ვიტყოდი, რომ კოლუმბია ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა ეგზოტიკის თვალსაზრისით. როგორც კი გასცდები ქალაქებს, 30-40 კილომეტრით, ადამიანი და მიწა ერთად როგორ ცხოვრობენ, აი, ამას ნახავ და ეს ისეა ერთმანეთთან შერწყმული, ზღაპარივითაა. წარმოიდგინე, დღემდე უდგათ ტყავისგან შეკერილი კარვები და მათ გარშემო ხასხასა მწვანე მინდვრებია, თეთრი ღობეებით შემოღობილი, და სხვადასხვა ფერის ცხენები დაქრიან. ულამაზესია. ქალაქგარეთ ცხოვრობენ ტიპები, რომლებსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რა თქმა უნდა, შავად ნაშოვნი თანხებით გამდიდრებულები, როგორც ნარკობარონებს ეკუთვნით, საზოგადოებასთან შეხება არ აქვთ, თავიანთი ბიზნესი აქვთ, ვილები - ქალაქგარეთ, ისე, რომ მოსახლეობა მათი სიმდიდრით და გამორჩეული ცხოვრებით არ წუხდება. ერთ-ერთ ასეთ ვილაზე ნამყოფი ვარ. სპექტაკლის შემდეგ, ერთმა მილიარდერმა პატარა წერილი გამოგვიგზავნა, თურმე, იმდენად მოხიბლული წავიდა, რომ ათი დღით მის ვილაზე დასვენება შემოგვთავაზა. დაცვით და მთელი ამბებით მიგვაცილეს იქამდე. წარმოიდგინე, ვილა დაახლოებით ოთხმეტრიანი დიდი მწვანე ბუჩქებით იყო შემოღობილი და შიგნით სულ სხვა სამყაროა: ჩანჩქერები, დიდი ტბები სათევზაოდ, ფეხბურთის მინისტადიონი, დიდი საბილიარდო, ორი დიდი აუზი, თავისი სახტომი "ვიშკებით", პატარა ბავშვებისთვის ცალკე ქალაქი - ასაკის შესაბამისი სახლები, სამზარეულოები, საძინებლები და ა.შ. მათთვის ცალკე გასართობებია. წარმოუდგენელი სილამაზეა. იქ ძალიან ცხელია ზამთარიც და ზაფხულიც. სასტუმროში ფანჯარა ღია მქონდა და სანამ შუქს ავანთებდი, კედელზე დიდი ლაქა დავინახე, რომელიც უზარმაზარი პეპელა ყოფილა და ფრთების ისეთი ნელი რხევით გაფრინდა, არწივივით იყო.

გასართობი პარკები და სტადიონები შოუებით

- ამსტერდამში როცა მოხვდებით, აუცილებლად წადით ზოოპარკში, ისეთნაირადაა აშენებული, იქ სიარულისას შეგრძნება გაქვს, თითქოს ის ცხოველები შენთან ერთად დადიან, მაგრადაა გაკეთებული. გერმანიაში ძალიან დიდი პარკია ფრაიბურგთან, საფრანგეთის საზღვარზე, დაახლოებით "დისნეი ლენდის" სტილშია. 2000 წლიდან, იმ პარკში დაახლოებით 10 წელი ვიმუშავე და ამ ხნის განმავლობაში, ჩემი შოუები მიმდინარეობდა. იქ სეზონი არ არსებობს, მთელი წელი მუშაობს, შიგნით ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები დგას, ეტლები დადიან, მოკლედ, ყველაფერი ულამაზესია, თავისი სანახაობებით, გართობებით, სპექტაკლებით და ა.შ. შექსპირის თეატრი უდგათ - "გლობუსის თეატრი", პირდაპირ ორიგინალში როგორიცაა, ზუსტად მსგავსადაა აწყობილი და იქაც ბევრი რამ დამიდგამს. გერმანიაში და თითქმის ნახევარ ევროპაში, ყველა სტადიონზე ვარ ნამყოფი, უფრო ზუსტად, ნამუშევარი. ესეც ერთგვარი ეგზოტიკაა (იცინის).

ის, რაც სანახავია...

- ავსტრალიაში მინდა წასვლა და დამეხმარეთ, ძალიან ვთხოვ ყველას (იცინის). როდის წავალ, არ ვიცი, ალბათ, დროის ფაქტორი უფროა, ვიდრე სხვა პრობლემები. ახალი ზელანდია, იაპონია მინდა ვნახო. ალბათ აუცილებლად ვნახავ წყლის შოუს მაკაოში.

თამთა დადეშელი