ბავშვობიდან გამოყოლილი წყენა... - გზაპრესი

ბავშვობიდან გამოყოლილი წყენა...

და თუ სადმე საინტერესო ტრენინგი ან შეკრება ტარდება, ვცდილობ, ყველას დავესწრო. ფსიქოლოგიის ცოდნა ადამიანებთან ურთიერთობასაც მიადვილებს და საკუთარი თავის უკეთესად შეცნობის საშუალებასაც მაძლევს - უამრავ კითხვაზე ვპოულობ პასუხს და ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ არც სინდისის ქენჯნამ შემაწუხოს, როცა თავს რაიმეს კეთებას ვერ ვაიძულებ და მით უფრო, დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდე. ადამიანი საოცრად რთული და ამოუცნობი არსებაა და რასაც უნდა აკეთებდეს, არაფერია შემთხვევითი, ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს. ხშირად, ჩვენს სამომავლო განწყობას, ქმედებებს ღრმა ბავშვობაში ეყრება საფუძველი. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილები და ტაქტიანები, მომთმენები და სულგრძელები პატარებთან ურთიერთობისას და არასოდეს დავამახსოვროთ მწარედ რაიმე ისეთი, რის კვალსაც ვეღარასოდეს წავშლით მის სულსა და ცხოვრებაში...

ცოტა ხნის წინ ჩემს ყოფილ პედაგოგს, უკვე პენსიონერ ფსიქოლოგს - ბატონ ვლადიმერ მანაშეროვს ვესაუბრე და ამ საუბარმა მიბიძგა ამ მასალის მომზადებისკენ...

ვოვა მასწავლებელს ჩემს გაურკვეველ ფობიებზე ვკითხე, რომლებსაც დიდობაშიც ვერ დავაღწიე თავი და ბავშვობის დროინდელი ამბების გახსენება მთხოვა...

...მიუხედავად იმისა, რომ ატამი მიყვარს, მისი არათუ ჭამა, შეხებაც არ შემიძლია. საკმარისია, მისი მსუსხავი კანი დავინახო, რომ ქავილი დამეწყება და წამლის გარეშე ვერ ვუმკლავდები ალერგიულ შოკს...

დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის ვიქნებოდი, როცა რამდენიმე თანატოლთან ერთად, ეზოში "კლასობანას" ვთამაშობდი და ასფალტზე დახატულ წრეებს მხიარული ასკინკილათი ვუვლიდი გარს. ამ დროს ეზოში მეზობელი შემოვიდა და გვერდით მიუჯდა ერთ-ერთი ბავშვის დედას, რომელიც ყურადღებას გვაქცევდა. ცელოფანის პარკიდან ატამი ამოიღო და შვილს მიაწოდა: ნახე, დედიკო, შენ რომ გიყვარს, სწორედ ისეთია, წვნიანი... მეორე ატამი კი იმ ქალის შვილს მისცა, რომელსაც გვერდით ეჯდა. ჰოდა, როცა იმ ორმა ბავშვმა პირი გემრიელად ააწკაპუნა, ლამის ნერწყვმა დაგვახრჩო დანარჩენები, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია... უცებ დამეკარგა თამაშის სურვილი და სახლში წასვლა დავაპირე. ამ დროს დავინახე, რომ ლაპარაკში გართულ ქალს ატმებიანი პარკი უყურადღებოდ დაედო ზურგს უკან. ბევრიც არ მიფიქრია, ისე ამოვიღე ცელოფანიდან ერთი ატამი და სანამ ვინმე შემამჩნევდა, გავიქეცი...

შინ მისულს ნაქურდლის არც გარეცხვა მიფიქრია და არც ადამიანურად მირთმევა. სააბაზანოში ჩავიკეტე და ისე ჩქარა "ჩავხეთქე", გემოც ვერ გავუგე, მერე კი, - ვინმე არ მიმიხვდეს-მეთქი, მთელი რულონი ტუალეტის ქაღალდი შემოვახვიე ერთი ციდა კურკას და სანაგვე ურნის ბოლოში ჩავჩურთე... და მაინც, მთელი დღე ვერ მოვისვენე. იმისი შიშით, რომ მეზობელი ნაქურდალ ატამს მოიკითხავდა და ჩემი ქურდობის ამბავს ყველა გაიგებდა, იმ ღამეს სიცხე მომცა. მას მერე ატამს აღარ გავკარებივარ და როგორც გითხარით - საშინელი ალერგია მაქვს ამ ხილზე:

- ტიპური შემთხვევაა, ფსიქოლოგიური ტრავმა ასე მატერიალიზდება და გონებაში დალექილი უსიამოვნება თავდაცვით რეაქციას ფიზიკურ დონეზე იწვევს! - მითხრა ბატონმა ვლადიმერმა: - ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ბავშვებთან და მაქსიმალურად დავიცვათ ისინი მსგავსი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო "ტკივილისგან". ის, რაც შეიძლება, ადვილად დაივიწყოს გონებამ, ქვეცნობიერის დონეზე განუკურნებელ დაავადებად შეიძლება დარჩეს და შენც ეს დაგემართა...

სხვათა შორის, ვერც იმ მეზობელს ვაპატიე მაშინ განცდილი ელდა და როცა გარდაიცვალა, მის პანაშვიდზეც არ შევედი. ასე "ვიძიე შური" ჩემი დაზაფრული ბავშვობის გამო...

ბავშვობიდან კიდევ ერთი "დამანგრეველი შიში" გამომყვა: დაახლოებით სამი წლის ვიქნებოდი, როცა ბებიამ თავისი ავადმყოფი, მომაკვდავი დედის მოსანახულებლად წამიყვანა. ალბათ, იფიქრა, რომ მოხუცს შვილთაშვილის ნახვა გაახარებდა და მისი საწოლის კიდეზე ჩამომსვა...

არ ვიცი, მაშინ რა მომელანდა, მაგრამ დღეს მხოლოდ უცნაურ სიშავეს ვიხსენებ - სახეც კი შავი ჰქონდა თითქოს მოხუცს, რაღაცნაირად წაშლილი და... ვიწივლე. რამდენიმე დღე ვიწვოდი მაღალი სიცხით და არანაირი წამალი არ მშველოდა. გონზე მოსული კი დაახლოებით სამი თვე არაფერს ვამბობდი და ისიც კი ჰგონებიათ, რომ დავმუნჯდი. საბედნიეროდ, მე კი გადავურჩი დამუნჯებას, მაგრამ მყავს მეგობარი, რომელსაც ოთხი წლის ასაკში დაეღუპა მამა და დაკრძალვის დღეს ხელში აყვანილი მიიყვანეს მის სასახლესთან, მერე კი აძალებდნენ, მისთვის ბოლოჯერ, გამოსამშვიდობებლად ეკოცნა... შედეგად, მასაც "ჩაუვარდა ენა" შიშით და დღემდე ებმის, ზოგჯერ ძლივს გვაგებინებს სათქმელს.

მე კი, იმ დღის მერე, რაც ბებიის დას მიჰგვარეს ჩემი თავი, სიბერის ისე მეშინია, ღმერთს ვევედრები, სანამ მიიბაროს ჩემი სული, ვიდრე "სიცოცხლეშივე შთანმთქავს სიშავე"...

- ეგეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რა სათუთი და მოსაფრთხილებელია პატარის მგრძნობიარე სული და სამყარო, რომელიც ისევე შორია დიდების ემოციებისგან, როგორც ცა და დედამიწა. ბავშვი უნდა გაარიდოთ მძიმე რეალობას და მანამდე აცხოვროთ ზღაპარში, ვიდრე თავად არ მიხვდება და გაიაზრებს ჭეშმარიტებას. დიდების სამყაროსთან უდროო ზიარება ბავშვს გამოუსწორებლად უზიანებს ნერვულ სისტემასაც და ფსიქიკურ წონასწორობასაც. თუ გინდათ, თქვენი პატარა ლაღ, თავისუფალ და უკომპლექსო ადამიანად ჩამოყალიბდეს, თქვენ იცხოვრეთ მისი ასაკის შესაბამისად და ნუ აიძულებთ მას უდროო დაბრძენებას. მეცნიერებამ დიდი ხანია, დაადგინა, რომ ადამიანები, ვინც ბავშვურ უშუალობას დიდხანს ინარჩუნებენ და სამყაროსაც მხიარულ ფერებში აღიქვამენ, ჯანმრთელობასაც ინარჩუნებენ და უფრო დიდხანსაც ცხოვრობენ. მარტივად რომ ვთქვათ: თქვენ ისწავლეთ ბავშვებისგან სწორად ცხოვრება და ნუ აიძულებთ მათ, მხოლოდ ორი ფერი აღიარონ: შავი და ნაცრისფერი! - მითხრა ჩემმა ჭკვიანმა მასწავლებელმა და დამემშვიდობა.

P.s. ბავშვურ სილაღესა და სისუფთავეს გისურვებთ ყველას!

ინგა ჯაყელი