"მეტყე­ვეს უნ­და უყ­ვარ­დეს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი რე­ჟი­მი და ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ა­ლი"... - გზაპრესი

"მეტყე­ვეს უნ­და უყ­ვარ­დეს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი რე­ჟი­მი და ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ა­ლი"...

მათ შორის, საქართველოსთვის ტრადიციებით მდიდარ პროფესიებში. ახალგაზრდა მეტყევე, გია მურადოვი საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ამ პრობლემასთან შეჭიდებასაც მიიჩნევს. მან ახლახან, დარგის განვითარებისა და პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება-დანერგვისა და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, მეტყევეთა ასოციაცია ჩამოაყალიბა. როგორი უნარ-ჩვევებით უნდა გამოირჩეოდეს მეტყევე და რა მნიშვნელობა აქვს ამ დარგში კვალიფიციური კადრების არსებობას, ამ საკითხებზე გია საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებს.

- გია, მეტყევეს პროფესია, ძირითადად, ცულიან ადამიანთან ასოცირდება, თუმცა, მისი საქმიანობა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს...

- მეტყევე, პირველ რიგში, ბუნების მომვლელია. ის ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკული საქმიანობით ზრუნავს ბუნების სიჯანსაღეზე, რათა ამით სარგებელი მიიღოს როგორც გარემომ, ისე - საზოგადოებამ. ეს გახლავთ ხის, მცენარეებისა და ნიადაგის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. ერთი ხის დაავადება რომ დანარჩენს არ გადაედოს და ტყე არ განადგურდეს, ტყეში სანიტარიული ჭრებია საჭირო. მეტყევე არა მარტო ხეებს, არამედ ნიადაგს და ქვესაფარსაც აკვირდება, უვლის, მის ფიზიკურ შემადგენლობას ადგენს. ზრუნავს, ასევე, ტყის გაშენებაზე - ხეების დარგვაზე, ხანძრის საფრთხის განსაზღვრასა და მის თავიდან არიდებაზე. თუ ტყეში ყველა საჭირო ღონისძიება სწორად ჩატარდება, არასოდეს გვექნება დამახინჯებული ან გაკაფული ტყე. პირიქით, განახლებულ ტყეში არასოდეს გამოილევა ადამიანისათვის ასე საჭირო მრავალგვარი რესურსი.

- გარდა კვალიფიციური ცოდნისა, რა პიროვნული თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მეტყევე?

- პიროვნული თვისებები მართლაც განმსაზღვრელ როლს ასრულებს მეტყევეს ყოველდღიურ საქმიანობაში. მოდი, შევთანხმდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ბუნების სიყვარულით გამოირჩევიან, ხასიათდებიან კეთილი, შემწყნარებელი, რბილი ბუნებით. მეტყევე, სასურველია, გამოირჩეოდეს კარგი კომუნიკაციის უნარით, რადგან მას მუდმივი შეხება აქვს მოსახლეობასთან. შესაძლოა, ტყეში პირდაპირ გადაეყაროს ბრაკონიერს და მასთან პრობლემა სიფრთხილით უნდა მოაგვაროს. დროის უმეტეს ნაწილს ის ველზე ატარებს, ამიტომ უნდა გამოირჩეოდეს გამძლეობით, არ შეაწუხოს ველზე არსებულმა სხვადასხვა სახის დისკომფორტმა. უყვარდეს თავგადასავლები, ცხოვრების აქტიური რეჟიმი და ბუნებაში ხეტიალი...

- პირადად თქვენ როგორ აირჩიეთ მომავალი პროფესია?

- სკოლა ქობულეთში დავამთავრე, სადაც ხშირად ჩამოდიოდნენ მეტყევეები, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ყოველთვის მაინტერესებდა, რას მოიცავდა მათი სპეციალობა. როცა პროფესიის არჩევისას სხვადასხვა სფეროს გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ ამ დარგში საკმაოდ ღია სივრცე იყო დასაქმებისთვის. გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სფეროში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, საიდანაც პროფესიით მეტყევე 30%-ც არაა. გარდა ამისა, ბავშვობიდან მიყვარს ბუნება და შესაბამისად, მაინტერესებს მასთან დაკავშირებული მეცნიერებები. ხშირად დავდივარ კინტრიშისა და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე, პალიასტომზე.

- მიუხედევად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უკავია, მეტყევის პროფესია დღეს არც ისე პოპულარულია. თქვენ რას უკავშირებთ ამას?

- დარგის პოპულარიზაცია შესაბამის დონეზე თავიდანვე არ იყო. სწორედ ამის გამო ყოველწლიურად სატყეო ფაკულტეტზე სულ უფრო ნაკლები სტუდენტი ირიცხება. თუ კლების ეს დინამიკა შენარჩუნდა, გარკვეული წლების შემდეგ ამ დარგის ახალგაზრდა სპეციალისტები ფიზიკურად არ გვეყოლება, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კატასტროფის ტოლფასია. სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დავაფუძნეთ მეტყევეთა ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანი დარგის პოპულარიზაცია და გარემოს დაცვით აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვაა. დღეს სატყეო ფაკულტეტი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ოთხ - აგრარულ, ტექნიკურ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და თელავის უნივერსიტეტებშია დარჩენილი. მათთან მემორანდუმები გავაფორმეთ, შევხვდით სტუდენტებს, გავუზიარეთ ჩვენი და მოვისმინეთ მათი გეგმები. ვგეგმავთ, ასევე, საქართველოს მასშტაბით სკოლებში უფროსკლასელებს შევხვდეთ, გავაცნოთ დარგის სპეციფიკა, ვაჩვენოთ როგორი მოთხოვნაა კადრებზე, წარვუდგინოთ ჩვენ მიერ განხორციელებული გეგმები. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია, რომ მალე საქართველოში ამოქმედდება გერმანული სკოლა (`პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში~), სადაც დაინტერესებულ პირთა მომზადება-გადამზადება მოხდება. გეგმების განხორციელებაში აქტიურად გვიჭერს მხარს მეცნიერებათა აკადემია, გარემოს დაცვის სამინისტრო, აგრარული უნივერსიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია.

- პროექტების განხორციელება უკვე მოასწარით?

- მერიასთან თანამშრომლობით ახლახან თბილისის მასშტაბით გამხმარი და დაავადებული ხეების მონიშვნის პროექტი წამოვიწყეთ. დაახლოებით 15 000 ასეთი ხიდან ნახევარზე მეტი უკვე მოვნიშნეთ კუს ტბაზე, ხუდადოვის ტყეში, ლისზე, ვეძისში. მონიშვნის შემდეგ სანიტარიული ჭრები დაიწყება. ამ ტერიტორიაზე ხეების ძირითადი პრობლემა მბეჭდავი ქერქიჭამიებია, რომლებიც ხის სითხეს სწოვენ და შესაბამისად, ხეს აზიანებენ. მე და ჩემმა პარტნიორმა, გიორგი ზურაბიანმა კვლევაც ჩავატარეთ - საკუთარი რესურსებით მოვიარეთ თბილისი და ამორტიზებული ხეები აღვნუსხეთ, გადავიღეთ. განსაკუთრებით საშიშია სატრანსპორტო და საფეხმავლო გზებზე განლაგებული 45 გრადუსის დახრილობის მქონე ხეები. ახლახან ქარისას თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი სრულიად ჯანმრთელი, 4-სართულიანი შენობის სიმაღლის კედარი წაიქცა და ოთხი ავტომობილი დააზიანა.

- რამდენად ბევრია ასეთი ამორტიზებული ხე და რა არის მათი დახრის მიზეზი?

- ასეთი ხე ძალიან ბევრია. ხეს მრავალმხრივ აზიანებს ბეტონის საფარი, რომელიც, ძირითადად, მცენარის ყელზეა ხოლმე მიბჯენილი. ისედაც გაუწყლოებულ თბილისში, სადაც თოვლი, ფაქტობრივად, არ მოდის და არ არსებობს სარწყავი სისტემა, ბეტონის საფარი ხეს დამატებით ბარიერს უქმნის წყლის მიწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ახლა უკვე მერიამ გამწვანების ობიექტები გამგეობებს მიაკუთვნა და მათ საკუთარ ტერიტორიაზე არსებული გამწვანების ობიექტების მოვლა-პატრონობის ვალდებულება გაუჩნდათ. სარწყავი სისტემის პრობლემის მოგვარება უამრავ ხეს გადაარჩენს, რადგან უწყლობის გამო მცენარეს იმუნიტეტი უქვეითდება, რის შემდეგაც მავნებელი ძალიან იოლად აყენებს ზიანს. გარდა ამისა, ხეს დარგვიდან ხუთი წლის მანძილზე აქტიური მოვლა ესაჭიროება. კომპანიებს კი მათი მეთვალყურეობის ვალდებულება მხოლოდ ორი წლით აქვთ.

- საქართველოს რომელ ტყეებშია ყველაზე რთული მდგომარეობა და რაში მდგომარეობს ის?

- ყველაზე რთული მდგომარეობა დასავლეთის იმ ტყეებშია, სადაც ბზა და წაბლი გვხვდება. ბზას მავნებელი, ე.წ. `მზის ალურა~ ჰყავს, წაბლს კი გულის სიდამპლე აქვს. თუმცა, ახლა უკვე ეს პრობლემა შეისწავლეს და მისი მოგვარების გზებიც დასახულია. რაც შეეხება გაჩეხას, ეს პრობლემა მთელ საქართველოშია, თუმცა, გამოვყოფდი რაჭის ტყეს. ეს არ არის ტყის დამცველების პრობლემა, არამედ უფრო მენტალობის...

- თუმცა, პირადი, მაგრამ მეტად მძიმე სოციალური პრობლემა ადამიანს არ აძლევს საშუალებას ტყის გაკაფვის უფრო გლობალურ პრობლემაზე იფიქროს...

- რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მეტყევე ვარ, მაგრამ ამ განსაცდელს, ალბათ, მეც ვერ გავუძლებდი. საერთოდ, ტყე ხალხის რესურსია და მანვე უნდა მოიხმაროს გონივრულად, მაგრამ მე ცალკეული პირების მიერ ტყის გაკაფვის ხარჯზე ბიზნესის წარმოებაზე ვსაუბრობ. სრულიად მიუღებელია საერთო მოხმარების, სახელმწიფოსა და ხალხის კუთვნილი ტყე პირადი ბიზნესის წყაროდ აქციო...

შორენა ლაბაძე