პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მზია შა­რა­ში­ძე იმე­გობ­რებ­და - გზაპრესი

პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მზია შა­რა­ში­ძე იმე­გობ­რებ­და

"ბოლო წლებში უმეტესად, პროფესიულ ლიტერატურას ვეცნობი, პიარის და მარკეტინგის სიახლეები მაინტერესებს. მხატვრული ლიტერატურისთვის ძველებურად ვეღარ ვიცლი, რასაც ძალიან განვიცდი", - ამბობს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე. მისი საყვარელი ავტორი ჯერომ სელინჯერია, საყვარელი ნაწარმოები - "თამაში ჭვავის ყანაში".

- ბავშვობიდან მოყოლებული, ჩვევად მქონდა - წიგნებს უმეტესად ძილის წინ ვკითხულობდი. რაც შვილი გამიჩნდა, ამას ვეღარ ვახერხებ.

ახლა სკოტ ფიტცჯერალდის "დიდი გეტსბი" დავიწყე. ფილმი ვნახე და სურვილი გამიჩნდა, ხელმეორედ წავიკითხო. საერთოდ ვამჯობინებ, ჯერ ნაწარმოები წავიკითხო და მერე ვნახო ფილმი. კითხვის დროს ხომ წარმოსახვაში ის გმირები ცოცხალი არსებები არიან; რეჟისორის წარმოსახვა სხვაგვარია, ხშირად, წარმოსახვებს შორის შედარებაც საინტერესოა.

სტუდენტობისას აქტიური მკითხველი ვიყავი. ყველას ვურჩევ, ეს პერიოდი ამ მხრივ მაქსიმალურად გამოიყენონ, რადგან მერე ჭირს ხოლმე დროის გამონახვა.

ოჯახის წევრები მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს, რომ წიგნები წამეკითხა. ზაფხულობით ბიძასთან დასასვენებლად თელავში რომ ჩავდიოდი, მას პირველ რიგში, ბიბლიოთეკაში მივყავდი, საიდანაც სათავგადასავლო ლიტერატურა მოგვქონდა და დროის უმეტეს ნაწილს კითხვაში ვატარებდი. ბიძა - შალვა შარაშიძე პროფესიით ჟურნალისტი იყო. მისი დამსახურებაა, წერით რომ ვიყავი გატაცებული. უნდოდა, ჟურნალისტი გამოვსულიყავი. მამა პროფესიით არქიტექტორი იყო, პარალელურად "ნიანგში" მუშაობდა, ნოველებს წერდა.

პროფესიულ არჩევანზე გავლენა მამამ იქონია. პატარა ასაკიდან ვხატავდი, მამა მამეცადინებდა, რჩევებს მაძლევდა. ბევრი მისი ნაცნობი სამხატვრო აკადემიის პედაგოგი იყო. მაშინ არ გვქონდა მატერიალური შესაძლებლობა, რეპეტიტორებთან მევლო. მამამ აკადემიაში წამიყვანა და ერთი წელი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად ვხატავდი.

ჩემი საყვარელი ავტორი ჯერომ სელინჯერია, საყვარელი ნაწარმოები - "თამაში ჭვავის ყანაში". შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი სამაგიდო წიგნია. სადაც დავდივარ, ყველგან თან დამაქვს. ბიძაჩემის ნაჩუქარი წიგნია. პირველად მისი რჩევით წავიკითხე. მაშინ დაახლოებით იმ ასაკის ვიყავი, რა ასაკისაც ამ ნაწარმოების მთავარი გმირია და იმდენად შემიყვარდა, სამოგზაუროდ რომ მივდივარ, თან დამაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან შელახულია. ერთხელ შვეიცარიაში ვიყავი წასული და ეს წიგნი სასტუმროში დამრჩა. ძალიან განვიცადე, ვინერვიულე: ბიძაჩემის ნაჩუქარია და როგორ დავკარგე-მეთქი?!. შვეიცარიაში ჩემი მული ცხოვრობს. ვთხოვე, იმ სასტუმროში მისულიყო. პერსონალს წიგნი შეუნახავს, გაოცებულები უყურებდნენ: ჩვენთვის უცნობ ენაზე წერია, ვერ გავიგეთ, რა არის, ისეთი ძველია, მაგიის შესახებ თუ იქნებაო... მოკლედ, ეს წიგნი დავიბრუნე და ძალიან მიხარია.

პეპი ჩემი საყვარელი გმირია. მასთან, შერლოკ ჰოლმსთან და თავზე ხელაღებულ, თავისუფალ ჰეკლბერი ფინთან ვიმეგობრებდი.

საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიმიმსგავსებია თუ არა?.. გარკვეულწილად, ყველა იმ გმირს ვგავარ, რომლებიც ჩამოვთვალე, სხვაგვარად არ შემიყვარდებოდნენ.

- ბელგიური ანდაზის მიხედვით, კარგი სიტყვა დიდხანს ძლებს; ცუდი?

- სამუდამოდ.

- "...უფრო დიდხანს". დაასახელე წვრილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახიდან, რომელიც იოლად ეგუება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს, რის გამოც თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული.

- მადროვე, გიპასუხებ (ფიქრობს).

- მიგანიშნებ: მის წინაპრად ნიამორი ითვლება.

- თხა.

- ვინ არის ავტორი სიმღერისა "თხამ შეჭამა ვენახი"?

- ხალხურია.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- არ მახსოვს.

- დაიბენი...

- არ დავბნეულვარ, უბრალოდ არ მახსოვს.

- ისაკი.

- (იცინის) რას ამბობ? რა სასაცილო ვარ!

- რა ჰქვია მონეტების შემსწავლელ მეცნიერებას?

- ნუმიზმატიკა.

- 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად... პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს. თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე"... ეს არის ამონაწერი გარიცხვის ოქმიდან. დაასახელე ეს მწერალი?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა ჰაინრიხ ჰაინემ იმ დროისთვის წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა - 6-წლიანი არაოფიციალური თანაცხოვრების შემდეგ, თავის საყვარელზე დაქორწინდა. ქალი გლეხის ოჯახიდან იყო. მწერალმა ქორწილში მეგობრების ნაწილი დაპატიჟა. რა ნიშნით შეარჩია სტუმრები?

- ალბათ, ის მეგობრები დაპატიჟა, რომლებიც მას ამ საქციელისთვის არ გაკიცხავდნენ, არა?

- ანუ?

- ვისაც საყვარელი ჰყავდა.

- სად არის დაკრძალული ალექსანდრე ჭავჭავაძე?

- კახეთში.

- უფრო კონკრეტულად?

- ალავერდში. არა?

- რა პროფესიის იყო ჯოზეფ ინიას გილიოტენი?

- არ ვიცი. ყასაბი ან რაღაც ამდაგვარი იქნებოდა.

- ექიმი იყო. ვინ გამოიყენა მოდელად ავტორმა თავისუფლების ქანდაკების დამზადებისას?

- არ მახსოვს.

- საკუთარი დედა. ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე.

- დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია, იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი..."

- ჭკვიანია.

- "...გიჟიც კი მართალია". რომელი სათამაშო იქნა დაპატენტებული 1975 წელს ბუდაპეშტში ერნო რუბიკის მიერ? ამ სათამაშოთი მილიონერი გახდა და მსოფლიოს თავსატეხი გაუჩინა. ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სათამაშოდ ითვლება და მომხმარებლების ასაკი განუსაზღვრელია.

- "კუბიკ-რუბიკი".

- ბერტრან რასელი მასზე ასეთ განმარტებას აკეთებდა: ის შედგება 4 ინგრედიენტისგან - ჯანმრთელობისგან, თბილი პირადი ურთიერთობისგან, არსებობის ღირსეული საშუალებისა და წარმატებული სამსახურისგან. რას აღწერდა ასე რასელი?

- ბედნიერებას, სხვა რა უნდა ყოფილიყო? ბედნიერებაა, ეს ყველაფერი თუ გაქვს.

- ვინ არის ავტორი სიმღერისა, რომელიც ჟღერს ქართულ ანიმაციურ ფილმში "სოფლის მშენებლები"?

- ალექსანდრე ბასილაია.

- გოგონა მივიდა სარკესთან, დაინახა საკუთარი გამოსახულება და შუბლზე აკოცა. შეიძლება თუ არა, ასე რომ მოხდეს?

- შეუძლებელია.

- სანამ მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, არ იყო სასურველი, ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. ექიმები ამბობდნენ, ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის და ამიტომ მოდიდან მალე გადავაო, მაგრამ დღესაც მოდაშია. რაზეა ლაპარაკი?

- როგორც ვხვდები, სამოსზე არ არის ლაპარაკი.

- არა?

- სუნამო ხომ არა?

- ცდები.

- შანელი სიგარეტს ეწეოდა.

- არც ეს არის სწორი პასუხი.

- ა! მივხვდი: გარუჯვა, არა?

- დიახ.

- "ქარწაღებულნი" გამახსენდა. ქალბატონები დიდ "შლაპებს" იფარებდნენ და მზისგან თავს იცავდნენ. რომელიც გარუჯული იყო, იმას ნიშნავდა, რომ მძიმე სამუშაო ჰქონდა შესრულებული.

- რა იყო გეორგიევსკი, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის ცნობილ ტრაქტატს მოაწერეს ხელი?

- ციხესიმაგრე.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო" - ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- რომელ მხატვარს უწოდებდნენ "შუქჩრდილების დიდოსტატს"?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ: ის ქალაქ ლეიდენში მეწისქვილის ოჯახში დაიბადა. იყო ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. მთელ ჰოლანდიურ ფერწერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა, მაგრამ თანამედროვეებმა ვერ დააფასეს. უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა.

- რემბრანდტი.

- მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს. ერთი წვეთის შეხების შემთხვევაში რას აკეთებს?

- თავს იწამლავს.

- ტოკიოს ზოოპარკს წელიწადში ერთხელ ორი თვით კეტავენ. რატომ?

- ცხოველებს დამთვალიერებლებისგან ასვენებენ. ეს ზოგიერთ ზოოპარკში ხდება. ჩვენთან ზოოპარკში იმდენი დამთვალიერებელი არ დადის, რომ ცხოველებს დასვენება სჭირდებოდეთ. არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელსაც ზოოპარკები ექვემდებარებიან. ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. ცხოველი თუ იღლება, შეუძლია, ვოლიერშიც დაისვენოს.

- დაბოლოს, დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "თუ მიზნის მიღწევა გსურთ, ნუ ეცდებით იყოთ..."

- "...დელიკატური".

თამუნა კვინიკაძე