რო­გორ და რა­ტომ წარ­მო­იშ­ვა წარ­მარ­თო­ბა ადა­მი­ან­თა შო­რის? - გზაპრესი

რო­გორ და რა­ტომ წარ­მო­იშ­ვა წარ­მარ­თო­ბა ადა­მი­ან­თა შო­რის?

ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაფანტვის შემდეგ, კაცობრიობამ თანდათან დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, აღთქმა მესიის მოვლინების შესახებ. ადამიანთა შორის თანდათან გავრცელდა წარმართობა. ცრუ, გამოგონილ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა...

- დაახლოებით როდის წარმოიშვა წარმართობა ადამიანთა შორის?

მამა მაკარი:

- წარღვნის შემდგომ ადამიანებმა დაივიწყეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, როგორც ბიბლია მოგვითხრობს. ბაბილონის გოდოლის მშენებლობის პერიოდში კი, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი კვლავ დაშორებული იყო ღმერთს, თანდათან დაიწყო ადამიანთა რწმენის გამიწიერება. პირველად ადამიანებმა დაიწყეს ჭეშმარიტი ღვთის სწავლების დამახინჯება, შემდეგ იწყეს ციური სხეულების - მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და ბუნებრივი მოვლენების თაყვანისცემა. ეს იყო პირველი გადახრა ჭეშმარიტებისგან - ადამიანებმა თაყვანისცემა დაიწყეს არა შემოქმედის, არამედ - ქმნილებების. მოგვიანებით უკვე კერპების თაყვანისცემას დაედო საფუძველი. როდესაც ადამიანები გარდაიცვლებოდნენ, მით უმეტეს - შეძლებულნი, წინაპართა საფლავებზე მათი შთამომავლები მათ ძეგლებს დგამდნენ. ამ გზით წინაპრებს მიაგებდნენ პატივს. შემდეგ ძეგლების თაყვანისცემა დაიწყეს, ღმერთებად აღიარეს ეს კერპები. ადამიანები თაყვანს სცემდნენ იმ ღმერთებს, რომლებსაც თავად გულისხმობდნენ ამა თუ იმ კერპის მიღმა. თვლიდნენ, რომ ღმერთები კერპებში ცხოვრობდნენ. თუ ამ დრომდე ადამიანები ღმერთისგან შექმნილ ქმნილებებს ეთაყვანებოდნენ, მერე თავიანთი ხელით შექმნილ კერპებს დაუწყეს თაყვანისცემა. უკვე მოხდა კერპთაყვანისმცემლობაზე გადასვლა. ვიცი, რომ აბრაამის დროს, როდესაც უფალმა აბრაამი გამოარჩია, რათა მისგან წარმოშობილიყო რჩეული ერი, თითქმის მთელი სამყარო კერპთმსახურებაზე იყო გადასული. ეს ხდებოდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2 000 წლით ადრე. ანტიკური და რომაული პერიოდი უკვე არის კლასიკური კერპთმსახურების ჩამოყალიბების ხანა. ქრისტეს შობის პერიოდში, წარმართობას თავისი რესურსი ამოწურული ჰქონდა. ადამიანთა ინტელექტი ამაღლდა და მიხვდნენ, რომ წარმართობა იყო ცრუ სარწმუნოება. სწორედ ეს გახდა შემდეგ იმის საფუძველი, რომ უამრავი წარმართი გახდა ქრისტიანი.

- რატომ მოიცვა ადამიანთა უმეტესი ნაწილი წარმართობამ?

- ადამიანის ცოდნა და რელიგიური ინტელექტი ძალზე დაბალი იყო, ამიტომ ადამიანები ვეღარ ჩასწვდნენ სწავლებას ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. მხოლოდ მიწიერად წყვეტდნენ. ჭეშმარიტებაში უამრავი ადამიანური ნააზრევი შეიტანეს. ამან გამოიწვია ის, რომ უამრავი "ღმერთის" თაყვანისცემა დაიწყეს და ყველა ქმედებას თავისი "ღმერთი" მიუჩინეს.

- ძველი აღთქმის პერიოდში, ჭეშმარიტი სარწმუნოების გარდა, ადამიანთა შორის მხოლოდ წარმართობა იყო გავრცელებული, თუმცა წარმართობაშიც არსებობდა სხვადასხვა განშტოება და მიმდინარეობა, სხვადასხვა სახის კერპთმსახურება. ეწინააღმდეგებოდა თუ არა წარმართული სწავლებები ერთმანეთს?

- მართლაც სხვადასხვა სახის წარმართული სწავლება არსებობდა. რადგან არ შეიძლება, ადმიანები სიცრუეში შეთანხმდნენ და ერთი სიცრუე ჩამოაყალიბონ, რადგან ყველა ადამიანი ერევა ამ სწავლებების ჩამოყალიბებაში, ხალხური ხდება. ამიტომაც, უამრავი წარმართული მიმდინარეობა და განშტოება გაჩნდა. წარმართული კერები შეგუებულნი იყვნენ ერთმანეთს, წარმართობა ერთმანეთის კერპებს, - "ღმერთებს" აღიარებდა. თუკი სხვადასხვა ერს შორის დაპირისპირება და ომი მოხდებოდა, გამარჯვებული ერი ანადგურებდა დამარცხებულების კერპებს იმის გამო, რომ ისინი ვერ დახმარებოდნენ მათ. ცნობილია, რომ რომში, II საუკუნეში, ქრისტეს ქანდაკებაც კი იდგა ანუ ქრისტეს, როგორც ერთ-ერთ ღმერთს, ისე სცემდნენ თაყვანს რომაელები. რაც შეეხება ქრისტიანობას, არასოდეს მიუღია და ვერც მიიღებდა წარმართობას, რადგან ქრისტიანობა არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება ვერაფრით შეეგუებოდა სიცრუეს. სიცრუის მცირე ნაწილიც თუ შეუერთდება მას, ჭეშმარიტება აღარ იქნება. ამის გამო ქრისტიანობა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა წარმართობას.

- წარმართობის ყველაზე საშინელი გამოვლინება კერპებისადმი ადამიანების მსხვერპლად შეწირვა იყო...

- ადამიანების მსხვერპლად შეწირვა ბევრგან არსებობდა წარმართობაში. იყო წარმართობის სახეობები, რომლებიც არ აღასრულებდნენ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვას, - მაგალითად, ბერძნული, რომაული, ეგვიპტური წარმართობები. ამერიკაში მცხოვრები ინდიელები კი, ევროპელების ჩასვლამდე და შემდეგაც აღასრულებდნენ სისხლიან მსხვერპლშეწირვას. თუმცა, წარმართული მსხვერპლშეწირვის ყველაზე საშინელი გამოხატულება იყო საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვა, რასაც მხოლოდ ქანანელები აღასრულებდნენ (ქანანელები სახლობდნენ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე, რომელიც ქანაანის ქვეყნად იწოდებოდა, ეს იყო აღთქმული ქვეყანა. უფალმა შემდგომში ქანანელები რჩეული ერის ხელით გაანადგურა და ეს ტერიტორია რჩეულმა ერმა დაიმკვიდრა). ადამიანების მსხვერპლად შეწირვა სხვაგანაც ხდებოდა წარმართობაში, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ მონები, ტყვეები ან დამნაშავეები. ქანანელების მსხვერპლშეწირვა კი იყო უსაშინლესი გამოხატულება კერპებისადმი მსხვერპლშეწირვისა - ისინი ნებით სწირავდნენ მსხვერპლად საკუთარ შვილებს.

- რატომ უნდა გაევლო კაცობრიობას წარმართული პერიოდი?

- ეს იყო ადამიანების ცოდვა, ადამიანების თავისუფალი ნებით აღსრულებული ქმედებები და არა უფლის ნება. ღმერთის ნება არის ყოველთვის სიკეთე. ღმერთმა რომ ყოველივე ისე აღასრულოს, როგორც მას სურს, ადამიანს თავისუფალი ნება უნდა წაერთვას. თუ ასე მოხდება, გამოდის, რომ უფალი საკუთარი ნების წინააღმდეგ წავა, რადგან ადამიანებს მან მისცა თავისუფალი ნება. უფალი, ადამიანის მიერ ჩადენილ ცოდვასაც კი, კეთილ ბოლოს გამოუჩენს - მიუტევებს, მაგრამ არ ართმევს თავისუფალ ნებას. თუ ადამიანს თავისუფალი ნება არ ექნება, თავად ადამიანის შექმნის აზრი იკარგება. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, თავისუფალი ნების გარეშე კი, ღვთის ხატება და მსგავსება ვერ იქნება.

- საერთოდ რატომ აქვს ადამიანს რწმენა, სარწმუნოებრივი განცდა?

- მატერიალურ სამყაროში ყველაფერი - ცხოველი, ფრინველი, ცოცხალი არსება შედგება მხოლოდ მატერიისგან, ადამიანს კი აქვს ორი საწყისი - მატერიალური და ღვთაებრივი. ადამიანის სული არის უფლის მიერ შთაბერილი ანუ სული არის არამატერიალური, მოაზროვნე ნაწილი ადამიანის, ამიტომაც თავისთავად, კავშირი აქვს არამატერიალურ სამყაროსთან, სარწმუნოებასთან, არამიწიერთან.

- მას შემდეგ, რაც ადამიანებს სრულად განეცხადათ ჭეშმარიტება და მიეცათ ერთადერთი მაცხოვნებელი სარწმუნოება, მაინც უამრავი ქრისტიანული მიმდინარეობა, სწავლა-მოძღვრება გაჩნდა. გარდა ამისა, არსებობს არაერთი არაქრისტიანული მიმდინარეობაც...

- ცხადია, ამის მიზეზიც ადამიანის გამიწიერებული აზროვნებაა. ადამიანთა უმეტესობა ჩაძირულია მატერიალიზმში, გაწყვეტილი აქვს აზრობრივი, გონებრივი კავშირი ღმერთთან და ამის გამო სხვადასხვა ადამიანური ნააზრევი, სხვადასხვა სწავლება შეიტანეს ჭეშმარიტებაში. ჯერ წარმართობის, შემდეგ სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობების სახით. თუ ადამიანმა ცნობიერად არ მიიღო სწავლება ღმერთის შესახებ, უამრავი სიცრუე შეაქვს ღვთის სწავლებაში. ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც იმ სწავლებაზეა დაფუძნებული, რომელიც თავად უფალმა მოგვცა. სხვა დანარჩენი, ნებისმიერი სარწმუნებრივი, რელიგიური მიმდინარეობა არის მხოლოდ ადამიანური გონების ნაყოფი. ქრისტიანული მიმდინარეობები ჭეშმარიტებაში ცვლილების შეტანით ჩამოყალიბდა სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სახელის გარდა საერთო არაფერი აქვთ ქრისტიანობასთან. მცირედი სიცრუეც ჭეშმარიტებას უკვე სიცრუედ აქცევს. არაქრისტიანული მიმდინარეობები კი სუფთა ადამიანური გონების ნაყოფია.

- რწმენა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ყველას რწმენის საფუძველი ერთი არ არის, ყველას ერთი მრწამსი და სარწმუნოება არა აქვს. ზოგიერთ ადამიანს საერთოდაც არ სწამს ღმერთის არსებობის...

- მართლაც, ყველა ადამიანს აქვს რწმენა, ყველას სჯერა რაღაც უხილავის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ აღიარებენ ღმერთის არსებობას. როდესაც ღმერთის არსებობის შესახებ ვსაუბრობთ, ამის დამამტკიცებელი საბუთი არ შეგვიძლია წარვუდგინოთ ადამიანებს, მაგრამ არც ათეისტებს შეუძლიათ წარმოგვიდგინონ საბუთები, რომ ღმერთი არ არსებობს. ამიტომ როგორც თეიზმი, ასევე ათეიზმიც არის სარწმუნოება. თუ მატერიალურ სამყაროში იარსებებდა ღმერთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები, მაშინ ადამიანს აღარ ექნებოდა თავისუფალი არჩევანი, როგორ ეცხოვრა. თუ ღმერთი მსაჯულად დადგებოდა და ადამიანს ყოველწამიერად ექნებოდა მისი დანახვის შესაძლებლობა, ცოდვასაც არ ჩაიდენდა, მაგრამ ადამიანი იქნებოდა არა თავისუფალი ნების მქონე არსება, არამედ - მონა, შექმნილი იმისათვის, რომ არ ჩაედინა ბოროტება. ბოროტების არჩადენა შიშის გამო უკვე მონობაა, ხოლო ბოროტების არჩადენა სიყვარულის გამო - ღმერთის შვილობა. ამიტომაც ღვთის არსებობის შემეცნება უფალმა ადამიანის სარწმუნოებაზე დადო ანუ ადამიანს შეუძლია ეს თავად მიიღოს ან - არ მიიღოს. სარწმუნოება არის სწორედ ის, რაც არ შეგვიძლია ბოლომდე დავასაბუთოთ, მაგრამ გვწამს, გვჯერა რომ ასეა.

შორენა მერკვილაძე