გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მო­ნა ანუ მდა­ბიო ქა­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი კა­რი­ე­რა - გზაპრესი

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მო­ნა ანუ მდა­ბიო ქა­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი კა­რი­ე­რა

ფრანგი მწერალი, მსახიობი და მოცეკვავე, სიდონი-გაბრიელ კოლეტი, ახალი ევროპელი ქალის დეკადანსის ერთ-ერთი სიმბოლო და მოდის კანონმდებელი გახლდათ. ის თითქოს სპეციალურად იმ ეპოქისთვის დაიბადა, რომელშიც ცხოვრება მოუწევდა.

ჩამოსული გასტროლიორი

გოგონა წვრილი, ღია ფერის თვალებით, მუქი ხვეული თმითა და ფაიფურისებრი სახის ნაკვთებით, ქვეყანას 1873 წელს მოევლინა, ბურგუნდიაში. ოფიცრის ქალიშვილს თვინიერი ხასიათი არასდროს ჰქონია. დამოუკიდებელი ლამაზმანის ბედ-იღბალში, საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი როლი მისმა გარეგნობამ შეასრულა. ის იმდენად მომხიბლავი იყო, რომ ჩამოსული პარიზელი "გასტროლიორის", ანრი-გოტიე ვილარის ყურადღებაც მიიქცია, რომელსაც დედაქალაქის ბოჰემურ წრეებში ვილიდ მოიხსენიებდნენ.

ვილარი კოლეტზე 14 წლით უფროსი გახლდათ და ცნობილი ლიტერატორისა და კრიტიკოსის რეპუტაციით სარგებლობდა. დღეისთვის, ის მხოლოდ როგორც სიდონის ქმარი თუ ახსოვთ, მაგრამ მაშინ ეს სახელი მთელ საფრანგეთში გრგვინავდა. გულუბრყვილო პროვინციელმა ჩათვალა, რომ ქალაქელი "ვარსკვლავი" მისი ნუშისებრი ფორმის თვალებითა და ფაიფურისებრი სიფერმკრთალით მოიხიბლა. ვილი მოხიბლული კი იყო, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ აღმოჩნდა. მალე გაირკვა, რომ ანრი-გოტიე სულაც არ ყოფილა ლიტერატორი, არამედ - მოხერხებული ბიზნესმენი და გაიძვერა. მასზე ე.წ. "ლიტერატურული ზანგების" მთელი ბრიგადა მუშაობდა და ამგვარად, ვილარის მოხერხებული ხელმძღვანელობით, დახვეწილ ლიტერატურულ ნიმუშებს ქმნიდა.

სიდონის ქორწინება ორი მოსიყვარულე ადამიანის კავშირად არ ქცეულა. ეს, რაღაც ურთიერთმომგებიან ბიზნესსაწარმოს უფრო ჰგავდა. ქმარმა გოგონა ფრანგული ბოჰემის წრეში შეიყვანა, სადაც მრავალი ცნობილი ადამიანი გააცნო (საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ისინი ახალგაზრდა ქალს კარიერულ ზრდაში დაეხმარნენ). გამჭრიახმა ვილიმ კოლეტში უხინჯო ლიტერატურული ნიჭი შენიშნა და ის თავის სასარგებლოდ მიმართა. ამის შემდეგ, ნორჩი სიდონი ქმრის ლიტერატურული ფაბრიკის ერთ-ერთ მოკრძალებულ წევრად გადაიქცა.

დროთა განმავლობაში, ამგვარი ცხოვრების სტილი თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის რთულად ასატანი გახდა. მას თითქოს დამოუკიდებლად სუნთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ქმრის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მისი უზნეობის მოთმენით, ის საკუთარ თავს ანგრევდა, იმდენად, რომ მალე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მოხვდა. მოთმინების ფიალისთვის უკანასკნელ წვეთად ვილარის საყვარელთა მთელი არმია იქცა.

არადა, ანრი-გოტიე ცოლთან განშორებას არც კი გეგმავდა, რადგან სიდონის ტალანტის გამოყენებას საკუთარი სახელის მეტად განდიდებისთვის აპირებდა. საამისოდ რას არ იღონებდა?!. ჰოდა, საბრალო ქალი კლინიკიდან გამოიყვანა და მზრუნველი მამასავით ეპყრობოდა. სიდონის გული მოულბა და ქმარს თავის ადრეულ წლებზე ყველაფერს უამბო. ვილის სწორედაც რომ ეს სჭირდებოდა. აღტაცებას ვერ ფარავდა და ცოლი შეაგულიანა - ყველაფერი ლიტერატურად ექცია.

ასე შეიქმნა პირველი ოთხი წიგნი: "კლოდინი სკოლაში", "კლოდინი პარიზში", "გათხოვილი კლოდინი" და "კლოდინი მიდის", რომლებიც ვილარის ფსევდონიმით - "ვილი" - გამოიცა. დედაქალაქი ვილის ტალანტით იყო აღფრთოვანებული. საფრანგეთი "კლოდინომანიით" დაავადდა. ვილარს ახლა ქალის სულში იშვიათი წვდომის გამო აქებდნენ.

დადგა XX საუკუნე. კოლეტი უკვე 30-ს უახლოვდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ქმრის ლიტერატურული მონის წამგებიან როლს ასრულებდა. ვილარი მდიდრდებოდა. "კლოდინის" მარკით უკვე სუნამოებს, ტანისამოსს, ჩანთებს აწარმოებდნენ. გაყიდვებიდან პროცენტები ვილის საფულეში ილექებოდა. ეს მონობა ალბათ არც არასდროს დასრულდებოდა, 1905 წელს მამაკაცს ცოლი თვითონ რომ არ მიეტოვებინა. ვილარმა გადაწყვიტა, რომ რაც სჭირდებოდა, მისგან უკვე მიიღო.

ახალი ცხოვრება

ღატაკმა სიდონიმ ღარიბთა უბანში პაწაწინა ბინა იქირავა და დამოუკიდებელ "ცურვას" შეუდგა. ქმართან დაშორებისას ის იმდენად გადაღლილი იყო ლიტერატურული შრომით, რომ ფიქრიც კი აღარ სურდა ქაღალდსა და კალამზე.

გამორჩეული გარეგნობის, გრაციოზული და დახვეწილი ახალგაზრდა ქალბატონი გარშემო მყოფთა ყურადღებას იპყრობდა. მან მსახიობობა გადაწყვიტა და, რა საოცარიც უნდა იყოს, ამ სფეროშიც ბევრს მიაღწია. მანამდე ყველასათვის უცნობი სიდონი ლეგენდარული კაბარე "მულენ რუჟის" ვარსკვლავად იქცა. პიესებს, რომლებშიც თამაშობდა, დღეს მანერულად და ხელოვნურად მიიჩნევენ, მაგრამ მაშინ ეს ერთ რამედ ღირდა. მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ "ეგვიპტური სიზმარი", სადაც ეგვიპტელი პრინცესის მუმიას თანამედროვე მამაკაცის ამბორი აცოცხლებდა. ამ პიესაში უღელაწყვეტილმა სიდონიმ ნამდვილი სტრიპტიზის დემონსტრირება მოახდინა: სამარხიდან აღმდგარმა "მიცვალებულმა" მუმიის სამოსი გადააგდო და მაყურებლის წინაშე მკერდი მოიშიშვლა. პუბლიკა შოკში ჩავარდა.

ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანი ერთ ღამეში სახელგანთქმული ხდება და დილას ვარსკვლავად იღვიძეს. სიდონის ფერხთით მთელი პარიზი "იწვა", მაგრამ ქმრისგან შთაგონებული არასრულფასოვნების კომპლექსისა და შიშისგან მაინც დიდხანს ვერ თავისუფლდებოდა. კოლეტი ლიტერატურულ საქმიანობასა და მამაკაცებს დიდხანს არიდებდა თავს. არადა, სწორედ ამ სფეროებში ჰქონდა რეალური პერსპექტივა...

გავიდა დრო და ჭრილობებმაც შეხორცება დაიწყო. კოლეტმა ნელ-ნელა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა გააბა. მისი ერთ-ერთი საყვარელი - მოდური იტალიელი მწერალი გაბრიელე დ"ანუნციო გახლდათ.

ის მამაკაცებს დაუბრუნდა და მათთან ერთად - ლიტერატურასაც. საკუთარი სახელით გამოუშვა წიგნი - "ცხოველთა დიალოგები". მასში ნათლად ასახა საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპები.

1910-იანი წლების დასაწყისისთვის, ცხოვრებამ კოლეტისთვის რაღაც პანდორას ყუთის მაგვარი გახსნა, ოღონდ - კარგი გაგებით. ლამაზმანი მწერალი ქალისკენ ცხოვრების ყველა სიამე მიედინებოდა: სახელი, წარმატება, საწინააღმდეგო სქესის მხრიდან თაყვანისცემა, ფული, საინტერესო ნაცნობები. პირად ცხოვრებაშიც მოხდა ცვლილებები: 1912 წელს პოლიტიკოს ანრი დე ჟუვენელის ცოლი გახდა. 40 წლის ასაკში თავისი პირველი და ერთადერთი ქალიშვილი გააჩინა. მისი მეორე ქორწინება თეატრალური ცხოვრების დროს შეძენილმა თავისუფალმა ჩვევებმა დაანგრია, რომელმაც ალბათ საშინელი საქციელი განაპირობა: სიდონიმ 16 წლის გერთან გააბა რომანი...

კლასიკოსი სხეულში

სიდონი კოლეტი სიცოცხლეშივე ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსად იქცა. ის სწორედ იმ დროს ქმნიდა, როცა დასავლეთში ე.წ. "ქალური ლიტერატურა" მკვიდრდებოდა. ლიტერატურულ ავანსცენაზე ასევე ფრანგი ფემინისტი მწერლის - სიმონა დე ბოვუარის გამოჩენამდე ჯერ საკმაოდ ადრე იყო. თუმცა, ქალს უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება, გამოეხატა საკუთარი აზრები ქაღალდზე და მკითხველებში წარმატებითაც ესარგებლა.

კოლეტი სიყვარულზე წერდა - ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე; რთულ ფსიქოლოგიურ მომენტებზე. მაგრამ ის არავის უფლებებს არ იცავდა; არც სატირიკოსი გახლდათ. სიდონი ცხოვრების იმ მხარეს აშუქებდა, რომელიც მისთვის კარგად იყო ცნობილი. ქალის რთულ ხვედრზე მოგვითხრობს მისი ყველაზე ცნობილი რომანი - "დაუდგრომელი"; წიგნი "მოხეტიალე" კი მკითხველს კულისებს მიღმა ცხოვრებას აცნობს.

თუკი მწერალი რამით იყო უკმაყოფილო, ეს პირველ რიგში, ადამიანის სულიერი სიღარიბეა. ამ ცოდვას ის მხოლოდ შინაურ ცხოველებს თუ მიუტევებდა. "ცარიელ" ადამიანებზე, როგორც მათ ცხოველები ხედავენ, კოლეტმა მკითხველს თავის წიგნში - "მშვიდობა ცხოველებს შორის" - მოუთხრო.

თუკი იმდროინდელი პროზა გრძნობებისა და განცდების გამოხატვის კუთხით, უმეტესად რთული იყო, სიდონის ენა საკმარისად უბრალო გახლდათ და ამიტომაც, მისი წიგნების პოპულარობა შემთხვევითი არ ყოფილა. სხვათა შორის, კოლეტი ფემინიზმის იდეის მიმართ საკუთარ წინააღმდეგობასაც გამოხატავდა და ამბობდა: "როცა ქალი საკუთარ გონიერებაზე ფიქრობს, ის თანასწორობას აღწევს, ხოლო როცა სინამდვილეში ფლობს გონებას - ის მის მოპოვებაზე არ ზრუნავს".

სქესთა თანასწორობისთვის ბრძოლას ის დაკარგულ დროდ თვლიდა. მწერალი ქალი საჭიროდ მიიჩნევდა დახმარების გაწევას არა საზოგადოებრივი მოძრაობებისა და ორგანიზაციებისთვის, არამედ ცალკეული ადამიანებისთვის - სწორედ "აქ და ახლა".

ბედნიერებამ სიყვარულში სიდონის 62 წლისას მოუსწრო. მისი უკანასკნელი რჩეული - მორის გუდეკე მასზე 16 წლით უმცროსი იყო. ფაშისტური ოკუპაციის დროს, კოლეტმა დიდი ძალისხმევა გასწია მის გადასარჩენად: მორისი ებრაელი გახლდათ.

1949 წელს სიდონი კოლეტი გონკურის აკადემიის პრეზიდენტი გახდა, რომელიც მწერლებს ფრანგული ლიტერატურის ყველაზე ცნობილ პრემიას ანიჭებს. ამ პოსტს მწერალი ქალი სიკვდილამდე - 1954 წლამდე იკავებდა.

ართრიტმა ლოგინს მიაჯაჭვა, მაგრამ ტანმორჩილი ფრანგი ქალბატონი ისევ აგრძელებდა საქმიანობას და არ წყვეტდა კონტაქტებს ისე, რომ არც დგებოდა საწოლიდან, რომელსაც თვითონვე დაარქვა "საწოლი-სხეული".

სიდონი კოლეტი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი ნაწარმოებების კრებული 15 ტომს ითვლის.

P.s. დასავლური კინოსაიტების ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი კინემატოგრაფისტები მუშაობას შეუდგნენ ფილმზე "კოლეტ", რომელშიც მწერალი ქალის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი კირა ნაიტლი შეასრულებს. ფილმის დამდგმელი რეჟისორი უელშ უესტმორლენდი იქნება, რომელსაც ჩვენი მაყურებელი იცნობს ფილმებით: "კეროლ", "ისევ ის ელისი". გადაღებები ბუდაპეშტში მაისში დაიწყება.

ირინა ჯანდიერი