სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი მშობლებს მიაკუთვნეს - გზაპრესი

სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი მშობლებს მიაკუთვნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ცოლ-ქმრის სასარჩელო განცხადება განიხილა. მოსარჩელეები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უჩიოდნენ. დავის საგანს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა წარმოადგენდა, რომლის საფუძველზეც, ისრაელის მოქალაქე ცოლ-ქმარს, ხელოვნური განაყოფიერების გზით, სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ახალშობილის დაბადების მოწმობის აქტში მშობლებად დაფიქსირებაზე უარი ეთქვა. სასარჩელო განცხადებით წყვილმა ასევე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალებით გაირკვა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა, შვილის ყოლის მსურველმა წყვილმა 2014 წლის 1-ელ აგვისტოს კვერცხუჯრედის დონორთან გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც მოწონებულია სანოტარო წესით და დადასტურებულია სამმხრივი შეთანხმებით. 2014 წლის ოქტომბერში, ამავე წყვილმა ხელშეკრულება გააფორმა სუროგატ დედასთან, ემბრიონის საშვილოსნოში გადატანისა და გამოზრდის მომსახურების შესახებ, რომელიც სანოტარო წესით დამოწმდა, და რეგისტრაციისას წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში. მოპასუხე მხარემ განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილად მიიჩნია და ბავშვის დაბადების აქტში მშობლებად რეგისტრაციაზე წყვილს უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ თავდაპირველი ხელშეკრულება, რომელიც წყვილსა და დონორს შორის გაფორმდა, არ იყო ნოტარიულად დამოწმებული.

სასამართლომ, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლო დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც იცავს დედათა და ბავშვთა უფლებებს და ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ.