რჩე­უ­ლი ერის წარ­მო­შო­ბა - გზაპრესი

რჩე­უ­ლი ერის წარ­მო­შო­ბა

კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო რჩეული ერის - ისრაელის ერის გამორჩევა, სადაც უნდა მოსულიყო მაცხოვარი, რომელსაც ადამიანები მარადიული სიკვდილის ტყვეობისა და ეშმაკის ხელმწიფებისგან უნდა გამოეხსნა, გაეახლებინა ადამის მოდგმა და მიეცა ახალი აღთქმა, რომელიც ადამიანს ზეციურ სასუფევლამდე მიიყვანდა, - ახალი სწავლება, მაცხოვნებელი სჯული...

- დაახლოებით რა პერიოდია გასული ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დაწყებისა და ადამიანთა სხვადასხვა მხარეს მიმოფანტვიდან იმ დრომდე, როდესაც უფალი საფუძველს უყრის რჩეულ ერს?

მამა მაკარი:

- ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჰყავდათ დაკარგული ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამ დროიდან, ადამიანური წარმოდგენები ღმერთის შესახებ უკვე შეიცვალა, გამიწიერდა. თავად ის ფაქტიც, რომ ადამიანებს სურდათ აეშენებინათ უზარმაზარი შენობა, გოდოლი და მისი საშუალებით ასულიყვნენ ცამდე, სადაც ღმერთს იხილავდნენ, აშკარად მიანიშნებს, თუ რაოდენ გამიწიერებულია უკვე ადამიანთა გონება. შემდეგ ადამიანებში ნელ-ნელა გაჩნდა სხვა სახის არასწორი წარმოდგენები ღმერთზე. ზოგმა მზე ჩათვალა ღმერთად, ზოგმა მთვარე ან ბუნებრივი მოვლენები. ამას მოჰყვა წინაპართა ძეგლებისადმი თაყვანისცემა და კერპთმსახურების ჩამოყალიბება. თანდათანობით უამრავი, სხვადასხვა სახის ცრუ სწავლება გაჩნდა და გავრცელდა ადამიანებში, ყველა ერისა და მხარის მცხოვრებთ, ღმერთის შესახებ თავ-თავიანთი სწავლება ჰქონდათ. წარმოიქმნა უამრავი სხვადასხვა `ღმერთი~, სხვადასხვა ხალხი... სულიერების თვალსაზრისით, ადამიანებში აბსოლუტური ქაოსი არსებობდა. ამგვარი მდგომარეობა გრძელდებოდა ქრისტეს შობამდე, XX საუკუნემდე. როდესაც მთელ ქვეყანას კერპთაყვანისმცემლობა მოედო, ღმერთმა ინება, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი მაინც ყოფილიყო ისეთი, რომელსაც ეცოდინებოდა ჭეშმარიტება, ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს. ღვთისგან რჩეული ხალხი, ადამიანების ნაწილი - ებრაელი ხალხი, რომელთაც ისრაელიანებიც ეწოდათ, იქნებოდა ნოეს ერთ-ერთი ვაჟის - სემის შთამომავალი, რომელსაც ნოემ, უფლის შთაგონებით, უწინასწარმეტყველა, რომ მისი შთამომავლობისგან წარმოდგებოდა მესია. სემის პირველი შთამომავალი გახლდათ ებერი. სწორედ მისი გავლენითაც ეწოდა სემის შთამომავლობას ებრაელები. ამ უდიდესი მისიის აღსასრულებლად, უფალმა გამოარჩია აბრაამი, - სემისა და ებერის შთამომავალი. აბრაამი კერპთაყვანისმცემლებს შორის ცხოვრობდა, ქალდეველთა ქვეყანაში, ქალაქ ურში. ეს მხარე განთქმული იყო კერპთმსახურებით, თუმცა აბრაამს არ დავიწყებია აღთქმა მხსნელის მოვლინების შესახებ. თავის ოჯახთან ერთად კეთილმსახურებითა და ღვთის დიდებით ცხოვრობდა. ამიტომაც გამოარჩია უფალმა ახალი ერის წარმოსაშობად, რათა მას შემდგომში თავისი ცოდნა და ღვთისმოშიშება შთამომავლობისთვის გადაეცა. აბრაამის გამორჩევა მოხდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2000 წლით ადრე ანუ ამ დროიდან უკვე საფუძველი ჩაეყარა რჩეული, ისრაელის ერის წარმოშობას, რომელთა შორისაც უნდა მოსულიყო კაცობრიობის მხსნელი და განეხორციელებინა ადამში შემცოდე ადამის მოდგმისადმი მიცემული აღთქმა - კაცობრიობის გამოხსნა... განკაცებული უფალი უნდა შობილიყო იქ და შობილიყო მათგან, ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება ექნებოდა. ებრაელ ერს რჩეული ერი ეწოდა იმის გამო, რომ უფალმა გამოარჩია. როგორც ვიცით, შემდგომში რჩეული ერიც ხშირად განუდგებოდა უფალს, ჭეშმარიტ ღმერთს, მაგრამ ებრაელებში ყოველთვის იყვნენ დარჩენილი ჭეშმარიტების დამცველი, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები. იმ დროსაც, როდესაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს, ვიცით, რომ მრავალი ადამიანი მოექცა ქრისტიანობაზე.

აღთქმული ქვეყანა

- როდესაც უფალმა მოუწოდა აბრაამს, გამოსულიყო ურის ქვეყნიდან, დაეტოვებინა სამშობლო და წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელსაც უჩვენებდა, უთხრა მას: `წადი შენი ქვეყნიდან და მიდი იმ ქვეყანას, რომელსაც გიჩვენებ. მე წარმოვადგენ შენგან დიდძალ ხალხს და იკურთხებიან შენგან ყოველნი ტომნი ქვეყნისანი~ ანუ უფალმა აღუთქვა აბრაამს, რომ გაამრავლებდა და მისგან წარმომდგარ ერს დაუმკვიდრებდა იმ ქვეყანას, სადაც მიიყვანდა. ეს იყო ქანაანის ქვეყანა, რომელსაც შემდგომში, სწორედ იმის გამო, რომ უფალმა აბრაამს აღუთქვა, რომ ამ ქვეყანას დაუმკვიდრებდა მისგან წარმოშობილ ერს, `აღთქმის ქვეყანა~ ეწოდა, მოგვიანებით კი - პალესტინა.

როდესაც აბრაამმა აღთქმა მიიღო, 75 წლის იყო. ის ერწმუნა ღვთის სიტყვას და უცხო მხარისკენ გაემართა, თან წაიყვანა თავისი ცოლი სარა და ძმისწული ლოტი, რომელიც დაობლების შემდეგ აბრაამის ოჯახში იზრდებოდა.

ღმერთმა აბრაამი თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მაშინ ნოეს ერთ-ერთი ვაჟის, ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ. მას ქანაანის ქვეყანა ეწოდებოდა. ქანაანის ქვეყნის საზღვართან აბრაამს კიდევ გამოეცხადა უფალი და უთხრა, რასაც უყურებ აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით, შენ და შენს შთამომავლობას მივცემო, ე.ი. აბრაამმა კვლავ მიიღო აღთქმა, რომ ეს ქვეყანა მთლიანად მისი შთამომავლების, მისგან წარმომდგარი ერის იქნებოდა, სადაც შემდგომში მოვიდოდა მაცხოვარი კაცობრიობისა.

აბრაამი რომ ურის ქვეყანაში დარჩენილიყო, მისი შთამომავლობაც კერპთმსახური გახდებოდა, ამიტომაც უბრძანა უფალმა აბრაამს, რომ გამოსულიყო, რადგან მწირობაში, მდგმურობაში უფრო მეტი შანსი არსებობდა, რომ რჩეულ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება შეენარჩუნებინა. ასეც მოხდა. როდესაც ისრაელიანებს ჰქონდათ უკვე თავიანთი სარწმუნოება და სხვა ერებს შორის მოხვდებოდნენ, თუნდაც ეგვიპტეში, უფრო მეტად არ იღებდნენ ადგილობრივ სარწმუნოებას, რადგან ჰყავდათ თავიანთი ღმერთი. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ღმერთი არ იყო მხოლოდ მათი ღმერთი, არამედ მთელი სამყაროს ღმერთია, მაგრამ იმ პერიოდში, როგორც სხვა ერებს ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ესა თუ ის კერპი იყო მათი მფარველი ღმერთი, ასევე ისრაელიანებმაც იცოდნენ, რომ არსებობდა ჭეშმარიტი ღმერთი და მას თავიანთ ღმერთად თვლიდნენ, მის შესახებ ჭეშმარიტი სწავლება ჰქონდათ და გაცილებით ნაკლებად იყვნენ მიმღებნი სხვა ერებიდან მომდინარე სარწმუნოებისა.

ჯერ აბრაამის, შემდეგ ისააკისა და იაკობის ოჯახებში, დაცული იყო ხსოვნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, ისინი არ იღებდნენ წარმართობიდან მომდინარე სარწმუნოებას, წარმართულ სწავლებებს. შემდეგ, როდესაც ისრაელის ერი ეგვიპტელთა შორის გამრავლდა და ეგვიპტელთა შორის ცხოვრობდნენ, იქაც არ მიიღეს მათი სწავლებები. ხოლო იმ პერიოდში, როდესაც უფლის ბრძანებით მოსემ რჩეული ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ისრაელის ერი იმ მდგომარეობამდე იყო მისული სულიერად, იმდენად მიიდრიკა მიწიერებისკენ, უფალს რომ კვლავ ეგვიპტელთა შორის დაეტოვებინა, ნელ-ნელა დაიწყებოდა და გავრცელდებოდა მასში წარმართობა. ეგვიპტელთა მონობიდან გამოყვანის, გამოხსნის შემდეგ მისცა უფალმა ისრაელის ერს უკვე დაწერილი სჯული - როგორ ეცხოვრათ, როგორ აღესრულებინათ ღვთის მცნებები, რა წესები და მსხვერპლშეწირვები უნდა აღესრულებინათ, რომ მათში ჭეშმარიტი სარწმუნოება შენარჩუნებულიყო. ამის შემდეგ დაამკვიდრა ისრაელის ერი აღთქმულ ქვეყანაში.

რატომ არ მისცა უფალმა დაწერილი სჯული ამ დრომდე ისრაელის ერს? თუნდაც ეგვიპტეში ყოფნის ჟამს. ასე რომ მომხდარიყო, ისრაელიანები თავიანთ სჯულს შეურევდნენ ეგვიპტურ სწავლებას, ასევე ეგვიპტელებიც გადაიღებდნენ მათგან სწავლებას ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მოხდებოდა ჭეშმარიტებისა და სიცრუის შერევა და საბოლოოდ, მხოლოდ სიცრუის სახით ჩამოაყალიბებდნენ სწავლებას.

აბრაამის შთამომავლობა უფალმა გამოარჩია, რათა სწორედ მათ დაეცვათ მაცხოვრის მოსვლამდე ჭეშმარიტი სარწმუნოება და მათ შორის მოსულიყო აღთქმული მხსნელი. რჩეული ერი საჭირო იყო მაცხოვრის მოსვლამდე და განკაცებული უფლის მიერ ჯვარცმითა და აღდგომით კაცობრიობის გამოხსნამდე.

- რატომ უნდა მოსულიყო მაცხოვარი სწორედ აღთქმული ქვეყნის, ისრაელის ტერიტორიაზე, რატომ უნდა გამოეხსნა მიწიერად სწორედ ამ ტერიტორიაზე კაცობრიობა?

- როგორც უკვე ნათქვამი გვაქვს, მამათა გადმოცემით, ისრაელი ის ტერიტორიაა, სადაც მიწიერი სამოთხე, ედემის ბაღი არსებობდა. დავით ფსალმუნთმგალობელიც გვაუწყებს: `დედად სიონსა რქვას კაცმა, რამეთუ კაცი იშვა მას შინა~ - სწორედ სიონის მიწისგან შექმნა უფალმა ადამიანი, ედემის ბაღი ამ ტერიტორიას მოიცავდა, აქ ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები - ადამი და ევა ცოდვით დაცემამდე, წარღვნის დროს თავად ედემის ბაღი ზეცად იქნა ატაცებული, მაგრამ მიწიერად ეს ტერიტორია იყო. მაცხოვარი სწორედ აქ უნდა მოვლენოდა კაცობრიობას, იქ უნდა მომხდარიყო გამოხსნა, სადაც დაცემა მოხდა. უფალმა სწორედ იქ დაამარცხა ბოროტი, სადაც ბოროტმა სძლია ადამს.

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იერუსალიმი იყო ედემის ბაღი, გოლგოთა კი მაშინდელი სამოთხის ცენტრი, სადაც იდგა კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხე.

შორენა მერკვილაძე