"ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ვედ დგას, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის შე­დე­გი­ა" - გზაპრესი

"ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ვედ დგას, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის შე­დე­გი­ა"

დღესაც მეგობარს იმის მიხედვით ვირჩევ, რამდენად განათლებულია, რამდენად შემიძლია მასთან საუბარი თეატრზე, წიგნზე, ხელოვნებაზე... განათლებულ ადამიანთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა", - ამბობს მსახიობი მარიკა სამანიშვილი და დასძენს, რომ ბევრი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მწვავედ დგას, სწორედ გაუნათლებლობის ბრალია. მოზარდებისთვის განათლების მიცემა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს.

- მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვლაპარაკობთ მწერლებზე, ძველ და ახალ ნაწარმოებებზე, იშვიათად ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. მოქალაქემ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ბოლო პერიოდში მოვლენები ისე ვითარდება, ძალიან დავიბენი, რა უნდა ვთქვა, აღარ ვიცი. ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს. არ მომწონს, რომ თავისუფლება თავაშვებულობაში, აღვირახსნილობაში გადავიტანეთ. ეს ყველაფერი სათანადო განათლების არქონის ბრალია. ყვირილი არ არის ქვეყნის სიყვარული, საქმით დაამტკიცე, შენი სამშობლოსთვის რისი გაკეთება შეგიძლია. დღეს რატომღაც ტენდენციად იქცა, ვინც უფრო მაღალი ხმით გაჰყვირის, ვინც უფრო მეტ ტყუილს იტყვის, ის დგას წინა ხაზზე, არადა, ამ ადამიანებს ეტყობათ უინტელექტობა.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში წავიკითხე, ირაკლი სამსონაძემ დაწერა: მთელი ცხოვრება "უნდას" მივდევ, ვერ დავეწიე... ეს სიტყვები "ჩემში" გადმოვიტანე, ეს "უნდა" რა არის? სულ გვესმის: "უნდა განიხილოს პარლამენტმა", "უნდა დაისაჯოს", "უნდა აღიკვეთოს"... მთელი ცხოვრება მართლაც "უნდას" მივდევთ.

ტელევიზიას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ტელეეკრანიდან წამყვანი რომ "მეჩხუბება", არანაირი სურვილი აღარ მიჩნდება, მის გადაცემას ვუყურო. როდესაც ადამიანი საკუთარი ცხოვრების "გაშიშვლებულ" ფაქტებზე მელაპარაკება, ის ვითომ თავისუფალია?..

დღეს ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "მე და ჩემი შვილი პირველ რიგში, მეგობრები ვართ". ამას არ ვეთანხმები. მე და ჩემი შვილი პირველ რიგში ვართ დედა-შვილი. დედაშვილობაში არის დისტანცია. მორიდებულობა დედაშვილობაში არ უნდა მოიშალოს.

წიგნის სამყაროში ჩემი მეგზური დედა იყო. სანამ სკოლაში მივიდოდი, მანამდე ვიცოდი უამრავი ლექსი, დავყავდი "აკადემიურ" სპექტაკლებზე. ჩემი შვილი რომ წამოიზარდა, მერე მე გავხდი მისი მეგზური. მახსოვს, ერთხელ თეკლას (მსახიობი თეკლა ჯავახაძე. - ავტ.) "რკინის თეატრის" წაკითხვა ვურჩიე. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც აზრის გაზიარება ვთხოვე, მითხრა, რომ ამ ნაწარმოებმა გაზარდა.

სხვადასხვა სპექტაკლში 70-მდე მთავარი როლი მაქვს ნათამაშები. ჩემი გმირები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სიძნელეების გადალახვაში მეხმარებოდნენ. მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი. ავთო ვარსიმაშვილმა დადგა უილიამ ლიუისის "ამჰერსტის მშვენება". ძალიან საინტერესოა შინაარსით. საოცარია ამერიკელი პოეტი ქალის, ემილი დიკინსონის ცხოვრების ფსიქოლოგიური სიღრმე. ის განმარტოებით ცხოვრობდა, მხოლოდ ბუნებასთან ჰქონდა შეხება. ეს სპექტაკლი და როლი განსაკუთრებით ახლო და "ჩემეული" აღმოჩნდა...

- ძველ იტალიურ გამოცანას გეტყვით: რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან. რა არის?

- სიცოცხლე, ცხოვრების გზა.

- "ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ, სულერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო, იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო... თქვენ უკიდურესი ევროპელისა და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას". კონსტანტინე გამსახურდიას რომელ რომანში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "მთვარის მოტაცებაში".

- ეთანხმებით?

- არ ვეთანხმები. ტირანების გარემოცვაში არ გავზრდილვარ და არც დღეს ვიმყოფები. მყავდა არაჩვეულებრივი მამა, დღეს მყავს ასეთივე კარგი მეუღლე. ჩვენ პარტნიორები ვართ ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც. ყველა ოჯახში არსებობს პატარა უსიამოვნებები და ხდება წაკინკლავება, მაგრამ ამაზე მუდმივად ლაპარაკი არ შეიძლება. დღეს რაინდები თუ აღარ არიან, აღარც კდემამოსილი მანდილოსნები არიან. თუ მამაკაცებს დავაკნინებთ და გამუდმებით ტირანებს დავუძახებთ, ეს ცუდად დაგვიბრუნდება. თავიდან ბოლომდე სრულყოფილი პიროვნება არ არსებობს. ცუდს წინა პლანზე რატომ სწევ? კარგი მხრიდან შეხედე. ჭკვიან ქალს შეუძლია, მამაკაცი უკეთესობისკენ გარდაქმნას. ამას ჭკუა სჭირდება.

- ხელოვნების რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული პენკლუბში?

- მწერლები.

- ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით, ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელეთ მისი გვარი.

- ვერ დავასახელებ.

- გობელენი. ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო, დაწინაურებული გახლდათ ნაპოლეონ I-ისა და ლუდოვიკო XVI-ის მმართველობისას. ალექსანდრე I მისგან სურათებსა და სხვადასხვა ნივთს იძენდა. სად ინახავდა იგი ამ ნივთებს?

- ერმიტაჟში.

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და სწრაფად მოძრაობა შეუძლია. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- ენა, ხომ?

- გამოიცანით. თბილისში რომელ მოედანს ერქვა ადრე ერევნის მოედანი?

- არ ვიცი.

- თავისუფლების მოედანს. რა პოზაში აქვს ხელები ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდას?

- გადაჯვარედინებული.

- რომელი ქართული მხატვრული სიმღერა მიეძღვნა შალვა ახალციხელს?

- "შავლეგო".

- გაიუს მარიუსი, იულიუს კეისარი, პომპეუსი, მარკუს კრასუსი - ამ რომაელი სარდლებიდან, რომელმა დალაშქრა საქართველო?

- პომპეუსმა.

- რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანეების დამაკავშირებელი სრუტე?

- გიბრალტარი.

- რა ერქვა წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში ნახირს მიერეკებოდნენ?

- ვერ გიპასუხებთ.

- მიგანიშნებთ: დღეს ამ სიტყვას ხშირად ვიყენებთ. ეს "რაღაც" აუცილებელია ადამიანისთვის, როდესაც იწყებს ახალი საქმის კეთებას ან ბარიერი შეხვდება და უნდა გადალახოს...

- მინიშნებამ მეტად დამაბნია.

- სტიმული ერქვა. რა შემთხვევაში არ აქვს უფლება მსაჯს, განსაჯოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი?

- თუ მისი მშობლიური ქვეყნის ნაკრები თამაშობს.

- "წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,/ მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,/ ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -/ შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!/ მე იმ ასაკში არა ვარ ახლა და/ არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო,/ მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და/ პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო"... ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მურმან ლებანიძე.

- რომელ მდინარეზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი, ვენა?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, ამ მდინარეზე კიდევ ბევრი სხვა ქალაქია გაშენებული, ევროპის ერთ-ერთი დიდი მდინარეა.

- დუნაი.

- 1824 წელს პარიზში გამოვიდა საფრანგეთის დედოფლის - მარია ანტუანეტას მოდელიერი ქალის, მადმუაზელ ბეხტეინის მემუარები. რომელი ფრთიანი გამონათქვამის ავტორი გახდა მას შემდეგ, რაც დედოფლის ძველი კაბა განაახლა?

- (ფიქრობს)

- ყველაფერი ახალი...

- (მაწყვეტინებს)... კარგად მივიწყებული ძველია.

- "ასფურცელა", "სამი გოჭი", "კომბლე", "წითელქუდა" - რომელ ზღაპარში არ ვხვდებით მგელს?

- "ასფურცელაში".

- ადოლფი და რუდოლფი ძმები იყვნენ. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ორი ცნობილი ფირმის დამაარსებლები იყვნენ. დაასახელეთ ეს ფირმები.

- "ადიდასი" და "პუმა".

- ნატიურმორტები, პორტრეტები, პეიზაჟები, ბიბლიური თემები: აქედან რომელი ჟანრის ნაწარმოებებით არის ცნობილი ივან აივაზოვსკი?

- პეიზაჟებით.

- შუა საუკუნეების იტალიასა და ესპანეთში შეყვარებული ბიჭები სატრფოებს სარკმლის წინ, გიტარის ან სხვა სიმებიანი საკრავის აკომპანემენტით უმღეროდნენ. რა ჟანრისაა ეს სიმღერა?

- სერენადა.

- შაჰ-აბას I-მა 1614-1617 წლებში საქართველოდან ტყვედ 10 000 ქართველი წაიყვანა. სად მოხდა მათი ჩასახლება?

- ფერეიდანში.

- დაბოლოს, დაასრულეთ შილერის ცნობილი გამონათქვამი: "არ შეიძლება, თავისუფალი იყოს ხალხი, რომელიც"...

- ...რომელიც სხვაზე ბატონობს.

- "...რომელიც სხვას ჩაგრავს".

თამუნა კვნინიკაძე