თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი - გზაპრესი

თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულისთვის განსაკუთრებული მზადება უკვე შეიმჩნევა. დიასახლისები, განსაკუთრებით ახალბედა დიასახლისები ჯეჯიოლის დათესვის, პასკის რეცეპტის, წითელი კვერცხის შეღებვის დეტალებს ეცნობიან. გთავაზობთ gemrielia.ge-ს მკითხველის, თამარ ჭელიძის რეცეპტს, როგორ მოვამზადოთ და გამოვაცხოთ სამეფო პასკა.

ინგრედიენტები:

საფუარი ნედლი, 50 გ

კვერცხის გული 15

ნაღები 35 % 650 გ (ან 400 გ 10%-იანი ნაღები, 300 მლ ცხიმიანი რძე)

ფქვილი 1 კგ (თხელი ნაღების და რძის შემთხვევაში 1.3 კგ)

დარბილებული კარაქი 300 გ

შაქარი 600 გ

კარდამონი (ილი) 50 ცალი (დაუფქველი)

დაფქული ჯანჯაფილი 1.5 ჩ.კ

მუსკატის კაკალი 1 ჩ.კ

მიხაკი 1 ჩ.კ

ქიშმიში 200 გ

თავზე წასასმელად

კვერცხის გული 1-2

ფორმები: მოვამზადებთ კონსერვის ქილებს. ცალკე მოვამზადებთ ძირისთვის 4 ფენა ქაღალდს და შემდეგ გამოსაცხობ ქაღალდს ამავე დიამეტრისას. გვერდებზეც ამოვუფენთ გამოსაცხობ ქაღალდს ისე, რომ გვერდებზე კარგად გადაიფაროს და ფორმიდან სიმაღლეზე 3-5 სმ-ზე ამოდიოდეს.

ქიშმიში: გავასუფთავოთ, გავრეცხოთ. დავაწდოთ და შემდეგ ტილოზე გავაშროთ.

სანელებლები: წინასწარ მოვამზადოთ

რძე: ნაღები (ან რძე და ნაღები ერთად) შევათბოთ. 200 გრ გადმოვიღოთ საფუარისთვის და დანარჩენი კარგად გავაცხელოთ.

საფუარის გასინჯვა: საფუარი გავხსნათ 150 მლ თბილ რძეში (არ ვითარ შემთხვევაში ცხელში). დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი. მოვურიოთ და ცოტა ხანი დაველოდოთ. თუ კარგად ამოვა, მაშინ საფუარი კარგია და შეიძლება გამოვიყენოთ. თუ არა და ე.ი. არ ვარგა.

სანელებლები: სანელებლები ჩავყაროთ ცხელ რძეში და გავაჩეროთ, რომ კარგად გამოვიდეს არომატი.

ოპარა: რძეში გახსნილ საფუარს კიდევ დავუმატოთ 50 მლ თბილი რძე. შევაზილოთ ცოტა გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ თხელი ცომი. გავაჩეროთ თბილ ადგილას.

ცომი:

1. კვერცხი დავაცალკევოთ ცილებად და გულებად.

2. გულებს დავუმატოთ 1 ჩ.კ. მარილი, რომ ფერი უფრო ინტენსიური ყვითელი ჰქონდეს ცომს.

3. კვერცხის გულები კარგად გავთქვიფოთ მიქსერით შაქართან ერთად, დაახლოებით 10 წთ.

4. ცალკე გავთქვიფოთ კარაქი

5. კარაქს ნელ-ნელა შევათქვიფოთ გოგლი-მოგლი ერთგვაროვან მასამდე.

6. ამასობაში ოპარა კარგად იქნება ამოსული. გადავზილავთ.

7. გოგლი-მოგლიან მასას ვუმატებთ ოპარას

8. შემდეგ ვუმატებთ სანელებლებიან თბილ რძეს.

9. შემდეგ ჩავაცრით ფქვილს და ვზელთ იმდენ ხანს, სანამ ცომი არ დაიწყებს ხელიდან მოცილებას.

10. ცომიან ჭურჭელს დავაფარებთ თავსახურს და დავდგამთ თბილ ადგილას.

11. როცა ამოვა, კიდევ გადავზელთ.

12. ქიშმიშს ჩავყრით პატარა ჯამში. დავუმატებთ 1 ს.კ. ფქვილს და კარგად ამოვსვრით. ეს იმისთვის კეთდება, რომ ის კიდევ უფრო შეშრეს და კარგად მიეწებოს ცომს. ასე ქიშმიში ძირს აღარ წავა და ნებისმიერ ადგილზე მიემაგრება ცომს.

13. უკვე მზა ცომს ამოვიღებთ ფორმებში წონის მიხედვით. ერთი კონსერვის ქილა იტევს დაახლოებით 350-400 გრ ცომს. ამასთან ამოღებულ ცომს ხაჭაპურივით ოდნავ შევაბრტყელებთ. გვერდებს მოვუკრავთ ასევე ხაჭაპურივით და ზედაპირით ჩავდებთ ძირს, ისე, რომ გლუვი ზედაპირი მოექცევა ზემოთ. თავი ლამაზი მრგვალი გამოვა.

14. ფორმებს გადავაფარებთ ტილოს და ისევ დაველოდებით ცომის ამოსვლას.

15. ცომი რომ ზომაში 2-ჯერ მოიმატებს, მერე ზემოდან გადავუსვამთ კვერცხის გულს ცოტაოდენ მაწონთან, არაჟანთან ან ნაღებთან ერთად.

16. შევდგამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 175-180 გრადუსზე. უმჯობესია ფორმები დავალაგოთ ცხაურზე და არა ჟარონაზე. ასე უფრო მეტი ეტევა. ფორმები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. მათ შორის ჰაერი უნდა ტრიალებდეს, რომ

გვერდები კარგად გამოცხვეს.

17. ქვემოთ დავდებთ თუჯის ტაფას, რომელიც ნახევარზე მეტად სავსე იქნება ცივი წყლით. წყალი დაიწყებს აორთქლებას და ცომი ამ პერიოდში კიდევ უფრო იმატებს ზომაში. თან პასკა სველი გამოდის.

18. წყალი თავისით დაშრება და შემდეგ პასკა დაიწყებს შეწითლებას. როცა თავი მოუწითლდება, პასკა უკვე მზადაა.

19. პასკის კონსერვის ფორმებში გამოცხობას უნდა დაახლოებით 1 სთ და 10 წთ.

20. ამ რეცეპტით გამოდის 6-8 პასკა.

პასკის სხვადსხვა რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ gemrielia.ge-ზე