როგორ აღმოვაჩინე საკუთარ ვენახში ამერიკელი ემიგრანტის მიერ გამოყვანილი ვაზის კლონი - გზაპრესი

როგორ აღმოვაჩინე საკუთარ ვენახში ამერიკელი ემიგრანტის მიერ გამოყვანილი ვაზის კლონი

იმერეთში, სოფლად, ერთი ვაზის პატარა ხეივანი გვაქვს. ეს ვაზი ჩემთვის უცნობი ჯიშისაა. ტკაცუნა, გემრიელმარცვლებიან მტევნებს ისხამს. ბევრ სპეციალისტს დავეკითხე, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ მითხრა მისი სახელი. ორიოდე დღის წინ კი სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ეს ქართველი ქალბატონის, ციცინო (ციცინათელა) ესაკიას გამოყვანილი კლონია.

ციცინო ამერიკაში, ვაჟთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. 85 წლის ამაგდარ აგრარიკოსს ასაკთან შედარებით შესაშური ენერგია და მომხიბვლელობა აქვს. უყვარს და ენატრება სამშობლო. ატლანტის ოკეანის გადაღმიდან ყველა ქართველს ეფერება, ესათუთება ყველაფერ ქართულს და მოგონებებში აცოცხლებს იმ დროს, როცა ქართველები პრობლემებს თანადგომით ებრძოდნენ.

ათი წლის იყო, როცა ციცინოს ორი დიდი ტრაგედია დაატყდა თავს: დედა ერთი თვის გარდაცვლილი იყო, მამაც რომ ტრაგიკულად დაიღუპა. პატიოსანი რკინიგზელი კაცი სამტრედიაში, სადგურზე პურის საყიდლად "ჩამხტარა" ვაგონიდან, მაგრამ პალტოს კალთა მიხურულ კარში ჩაჰყოლია და ლიანდაგზე წაქცეულისთვის ფეხი მოუკვეთავს ბორბალს... ლახტის გადაკვრა დაუგვიანებიათ, სისხლნაკლულს მხოლოდ სამი დღე უცოცხლია საავადმყოფოში და შვილებზე დარდით ავსებული გარდაცვლილა.

"ყველაზე პატარა ვიყავი მამაჩემის შვილებში (მეორე ცოლთან მხოლოდ მე ვყავდი). მყავდნენ დიდი დები და ერთი ძმა. დები გათხოვილები იყვნენ, ძმა _ ცოლიანი. დებიდან სამი ექიმი გახლდათ, ორიც _ სხვა პროფესიის; ძმა ეკონომისტი იყო. ომგადახდილს ჯანმრთელობამ უმტყუნა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. მე ძირითადად, უფროსმა დამ, ექიმმა ნინა ესაკია-სიორიძემ გამზარდა. მამამ შვილებს დაუბარა: ციცი, ციცი გამიზარდეთო. მართლაც, არაფერი დაუკლიათ ჩემთვის... სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გამოცდები ჩავაბარე. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, ლაბორანტად მოვეწყვე, შემდეგ ასპირანტურაში ვსწავლობდი, ვმუშაობდი მევენახეობის სელექცია-ჯიშთამცოდნეობის განყოფილებაში, დავიცავი დისერტაცია სასუფრე ვაზის ჯიშებზე. გამოყვანილი მაქვს ჩემი სახელობის ჯიში კლონური სელექციით _ "ციცინათელა" და სასუფრე ჯიშების, "განჯურის" და "გორულას" მაღალმოსავლიანი კლონები, რომლებიც გაშენებული მქონდა საგურამოში, სოფელ ჯიღაურაში. არ ვიცი, ახლა არის თუ არა ამ კლონების ნარგავები. 16 წელია, ამერიკაში ვარ... მინდა, მამა გავიხსენო. ის პატიოსანი მემანქანე, სასახელო შვილების გამზრდელი გახლდათ. დედა, კულაშელი მიქელაძის ქალი, მისთვის მეორე ცოლი იყო, პირველის გარდაცვალების შემდეგ შეირთო. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გახლდათ", _ ასე იხსენებს თავის დიდ ოჯახსა და ახალგაზრდობას ქალბატონი ციცინო.

ციცინოს მეუღლეც, შალვა კურდღელაშვილი აგრარიკოსი იყო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომელმაც საუკეთესო კარიერა მოიწყო: "გიორგიმ სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და დაიწყო მეცადინეობა, რომ ამერიკაში, რეზიდენტურაში მოხვედრილიყო. ინგლისური კარგად იცოდა. მაღალი ქულები მიიღო და მიწვევაც მოუვიდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. უნდოდა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში სწავლა და პირველი ეწერა ემორის უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან პრესტიჟულია მთელ ამერიკაში. გაიარა გასაუბრება და მიიღეს ამ უნივერსიტეტის რეზიდენტურაში. საქართველოში მარტო დავრჩი და ამას ძალიან განვიცდიდი. 6 თვის შემდეგ გამომიგზავნა მოწვევა და მეც ამერიკაში გავემგზავრე... სამი წლის შემდეგ გიორგიმ ინფექციურის სპეციალობით დაიწყო სწავლა, ოკლაჰომას შტატში, ქალაქ ოკლაჰომაში და ახლა ვეტერანების ინსტიტუტში, ინფექციონისტისა და შინაგან სნეულებათა განხრით მუშაობს. აქვს მაღალი თანამდებობა და სამედიცინო ინსტიტუტში ასოცირებული პროფესორის წოდება. ორი წლის წინ ქართველ გოგონაზე დაქორწინდა. ეკა მახარობლიძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია.

ციცინოს ორი ოპერაცია აქვს გაკეთებული კიდურებზე. შვილისა და რძლის თანადგომით, ორივე ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. წელს თბილისშიც ჩამოვიდა ოკლაჰომადან და ერთი თვის განმავლობაში, მისი მნახველების რიგი არ წყდებოდა, არადა, მაინც ბევრი დარჩა მოსანახულებელი.

ციცინო სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდს იხსენებს:

"მყავდა არაჩვეულებრივი განყოფილების გამგე, აწ გარდაცვლილი პროფესორი დიმიტრი ტაბიძე, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილი მევენახე-სელექციონერი. ბატონი დიმიტრი იყო ჩემი თემის ხელმძღვანელი. სადისერტაციო თემად ავირჩიე სასუფრე ვაზის ჯიშების, "გორულას" და "განჯურის" უხვმოსავლიანი კლონების გაუმჯობესება კლონური სელექციის გზით. თემა დიდი, შრომატევადი და საპასუხისმგებლო იყო. ცხონებულმა დიმიტრი ტაბიძემ ცოდნის გასაღრმავებლად, მივლინებით ყირიმში, იალტაში, მევენახეობის პრესტიჟულ ინსტიტუტსა და იმავე პერიოდში, კიშინიოვის მევენახეობის საკავშირო ინსტიტუტში გამგზავნა. მოლდოვეთში ყველა რესპუბლიკიდან იყო ჩატანილი ჯიშები, მწკრივებში გაშენებულ ზვრებში ქართულ ვაზსაც წავაწყდი. ამ მივლინებებმა დიდი გამოცდილება შემძინა. მიწევდა მეურნეობებში სიარული, სათითაო ვაზის ძირის დაკვირვება... მონიშნულ ძირებზე ხდებოდა დეგუსტაცია, მარცვლებისა და მტევნების ზომის დაფიქსირება. ამის შემდეგაც იყო საინტერესო სამუშაოები: მონიშნული ვაზის გასხვლა; ანასხლავის აწონა; თითოეული ვაზის რქის ფერის დადგენა, გაზომვა დიამეტრებში; საკვირტე მასალის შენახვა და შემდეგ გამორჩეულების დამყნობა, დაფესვიანება, დარგვა...

მაშინ ყურძნის ჯიშების მონაცემები იგზავნებოდა მოსკოვის ჯიშთა საგამოცდო ცენტრში. გამოცდის გავლის შემდეგ, დასტური მომივიდა და კოდი დამიმტკიცეს ერთ განსხვავებულ ყურძენზე, რომელსაც "ციცინათელა" ჰქვია. ეს ყურძენი გამოვარჩიე "განჯურის" ჯიშიდან, მტევნისა და მარცვლის ფორმით, მარცვალში წიპწების რაოდენობით. "გორულები" უფრო დიდი ზომის, ფრთიანი მტევნებია. ეს ყველაფერი გაშენებული მქონდა გალავნის მეურნეობაში, სადაც უხვ მოსავალს იღებდნენ. სამწუხაროდ, მითხრეს, ახლა მანდ სხვა დიდი სანერგეებიაო.

წელს ჩემი მეუღლის მამულში ხეივნის სახით ორი ძირი ვიპოვეთ და ჩემმა შვილმა გადაუღო სურათი..."

ციცინოს ემიგრანტული ცხოვრება არ ეიოლება, მაგრამ შვილთან ერთად სამშობლოს მონატრებას როგორღაც უმკლავდება. ოკლაჰომაში ექვსი ქართული ოჯახია. მათ აქვთ თავიანთი "პატარა საქართველო" ამერიკაში და უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ხვდებიან ერთმანეთს, ნათელმირონობენ, წარმატებებშიც ხელს უწყობენ ერთმანეთს, პრესტიჟულ ადგილებზე არიან დასაქმებულები, მაგრამ სამშობლო მაინც განუმეორებელია!

როლანდ ხოჯანაშვილი