უინ­ს­ტო­ნის სტი­ლი მარ­ლ­ბო­როს­გან - გზაპრესი

უინ­ს­ტო­ნის სტი­ლი მარ­ლ­ბო­როს­გან

ჟურნალ "ისტორიანის" აპრილის ნომერთან ერთად, გამოვიდა წიგნი "უინსტონ ჩერჩილი", რომელიც სერიით _ "50 ბიოგრაფია" ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ცხოვრებას გვაცნობს. ამ საბაბით, ტრადიციული რუბრიკით _ "ლიდერები" ამ ბუმბერაზი ფიგურის შესახებ წერილს გთავაზობთ...

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ისტორიკოსი, ფერმწერი... საკუთარ ქვეყანაში სამჯერ გახდა პრემიერ-მინისტრი. სწორედ მან მისცა საბაბი მახვილსიტყვაობის მოყვარულებს ცნობილი გამონათქვამისთვის _ "ბულდოგთა შეტაკება ხალიჩის ქვეშ". ის თავს მართლაც ბულდოგად თვლიდა. დიდი მსუნაგიც გახლდათ, მაგრამ საკუთარი კატის გარეშე ვერაფრით სადილობდა. მას ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: "დემოკრატია მმართველობის უვარგისი ფორმაა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს".

უინსტონ ჩერჩილი შვიდთვიანი დაიბადა. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მის საყვარელ დედიკოს მარლბოროების მამულში ნადირობა მოუნდა. აბა, როგორ გამოაკლდებოდა ამგვარ თავშესაქცევ ღონისძიებას... ჰოდა, ცხენებმა გვარიანად აჯანჯღარეს და ღამით, გასახდელში, ძვირფას ბეწვეულს შორის იმშობიარა. ახალშობილი ერთობ ენერგიული აღმოჩნდა. ისეთი ყვირილი მორთო, რომ შოკირებულმა ჰერცოგინია მარლბორომ (ბებიამ) აღნიშნა: "ამისთანა საშინელი ყვირილი, როგორიც ამ ჩვილმა გამოსცა, არასდროს გამიგონია".

ბავშვს ძალიან უყვარდა დედამისი _ ჯენეტი. "ის ჩემთვის საღამოს ვარსკვლავი იყო... ზღაპრული პრინცესა, შორეული და მიუწვდომელი. მე ის უსაზღვროდ მიყვარდა, მაგრამ შორიდან", _ იხსენებდა მოგვიანებით.

როგორც მარლბოროთა სახლის ერთმა ბინადარმა აღნიშნა: "ჯენეტი ქალთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომლისთვისაც 40 წყვილ ფეხსაცმელზე ნაკლების ქონა სიღატაკეში ცხოვრებას ნიშნავდა". ფეხსაცმელების გარდა ჯენეტს ფიზკულტურაც უყვარდა. ის ხშირად დასთან ერთად სასახლის გარშემო დარბოდა. საბრალო, სახტად დარჩენილი მსახურები კი პირდაფჩენილნი მისჩერებოდნენ, როგორ დაქროდა ორი ლედი ღამის პერანგების ამარა.

როცა უინსტონი მამას იგონებდა, მასთან მხოლოდ სამი გულახდილი საუბარი ახსენდებოდა. "შეცვალეთ თქვენს წერილებში სიტყვა "მამიკო" "მამით", _ ერთხელ, რენდოლფმა შვილს შენიშვნაც მისცა, როცა 7 წლის ბიჭუნას სკოლიდან მიწერილ წერილზე უპასუხა. უინსტონი ატყობინებდა, რომ სკოლაში მას ცუდად ექცეოდნენ...

პატარას სენტ-ჯორჯის სკოლაში ცხოვრება არ სურდა. მას სახლში ყოფნა სრულიად აკმაყოფილებდა, რადგან იქ ეგულებოდა ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა. ეს მისი ძიძა _ მისის ევერესტი იყო. მარტოხელა ქალს, ასევე მარტოსული ჟღალთმიანი, წითური ბიჭუნას გარდა არავინ ჰყავდა. ძიძა საკუთარ გაზრდილს სკოლაში წერილებს სწერდა: "ჩემო საბრალო ბეკეკა! როგორ მინდა ჩაგეხუტო. მე ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ!" _ ხოლო "ბეკეკა" ამ დროს, სულ დედას სწერდა: "საყვარელო დედიკო, გამომეხმაურე, მიპასუხე წერილებზე. მე ისეთი უბედური ვარ, ახლაც კი ვტირი. მომეცი ნება მაინც, მჯეროდეს, რომ გიყვარვარ. მე არ ვიცი, რა ვქნა. არ გამიბრაზდე".

ილუზიებთან დამშვიდობება

"ჩემი წყევლა სუსტი სხეულია, _ ამბობდა ჩერჩილი. _ ძლივს ვუძლებ დღის გასვლას". პატარა ბიჭუნა უძლურებას უჩიოდა და განაწესსაც ამიტომ არღვევდა, რისთვისაც სენტ-ჯორჯის სკოლაში ამათრახებდნენ. 15 დარტყმა შიშველ საჯდომზე _ ამით პირადად დირექტორი იყო დაკავებული, რადგან ეს საქმე ძალიან უყვარდა _ გასისხლიანებამდე სცემდა.

მშობლებთან შეხვედრის დღეებში, როცა დანარჩენ ბავშვებთან ოჯახის წევრები მოდიოდნენ, მას მხოლოდ რუხ ტანსაცმელში ჩაცმული ძიძა ევერესტი სტუმრობდა. უინსტონი ლორდისთვის შესაფერისი გალანტურობით საკუთარ ძიძას სკოლის გარშემო დაატარებდა. დამშვიდობებისას კი ყველას დასანახად კოცნიდა.

მან ისწავლა, როგორ ექცია დამცირება გამარჯვებად.

უინსტონის პირველი წესი: "არ დაიკარგო საყოველთაოდ მიღებულში. უკარნახე საკუთარი ქცევის წესები".

ათი წლის იყო, როცა სანაძლეოს გამო, ხიდან ხეზე გადახტა, დაახლოებით ათი მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ხელი დაიზიანა. ასევე, თირკმელიც გაიხეთქა. ხელი მთელი ცხოვრების მანძილზე მცირედმოქმედი დარჩა. მიუხედავად ყველაფრისა, როცა 17 წლის ასაკში პროფესიის არჩევის დრო დადგა, სწორედ იქ ჩააბარა, სადაც ექიმებისგან კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა _ კავალერიის სასწავლებელში. ფარიკაობისთვის აბსოლუტურად ჯანმრთელი ხელებია საჭირო, მაგრამ უინსტონისთვის ეს შეფერხებად არ ქცეულა. ის საუკეთესო მოფარიკავე და მსროლელი დადგა. ჯირითშიც ყველას სჯობნიდა და მუდმივად თამაშობდა პოლოს.

საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას (იბრძოდა კუბაში, ინდოეთში, სუდანში) კავალერიისთვის ბრძოლის ახალი მეთოდიც მოიფიქრა: ხმლით დარტყმის ნაცვლად, მოწინააღმდეგეს კოვბოივით რევოლვერით ესროდა.

ბურებთან ინგლისის ომის დროს, ახალგაზრდა ჩერჩილი ტყვედ ჩავარდა. გათავისუფლება გამოსასყიდის სანაცვლოდ შესთავაზეს, მაგრამ უინსტონმა ეს დამამცირებლად მიიჩნია და გაიქცა. გამომშრალ სავანაში რამდენიმე დღე მარტოდმარტო დაეხეტებოდა, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ განგებამ გადაარჩინა და განაწამები ახალგაზრდა ვიღაც ინგლისელმა ფერმერმა იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ გაქცეულზე ძებნა იყო გამოცხადებული და მისი თავისთვის ჯილდოც დააწესეს, ფერმერმა უინსტონი არ გასცა და თავისიანებთან გაამგზავრა.

მეორე წესი: "გასაღები დიდი საქმეების აღსრულებისთვის არის მიზანმიმართული და გამჭრიახი მოქმედება".

ჩერჩილი ინგლისში გმირად დაბრუნდა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება. 21 წლისა პარლამენტში მოხვდა, შემდეგ _ მთავრობაში. დაიწყო აღზევებისა და დაცემის მონაცვლეობა.

მისი თანამდებობები: ვაჭრობის მინისტრი, კოლონიათა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის ლორდ-მინისტრი.

თითქმის ყოველი მისი "აფრენა" "დაცემით" სრულდებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე წამოდგომას ახერხებდა. არანორმალური ენერგიით მსვლელობას აგრძელებდა.

1914 წელს, ომში შეიარაღებული ძალების მინისტრის რანგში მონაწილეობდა და მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვდა მუხლუხოვანი საბრძოლო ტექნიკის (ტანკის წინამორბედის) წარმოებაში ჩაშვებას. მისი იდეები დროს მუდამ წინ უსწრებდა. უინსტონი მორიგ ჯერზე ზედმეტად მიიჩნიეს. ის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკის რანგში საბრძოლველად წავიდა. ჩერჩილი თხრილების წინ, ბრძოლის წინა ხაზზე, პირში სიგარაგაჩრილი დაიარებოდა. ლამის ტყვიებს ჩავარდნოდა სამიზნედ. ეს ბატალიონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი "გადარეული" ვიცე-პოლკოვნიკი ძალიან უყვარდა და მისი ხათრით თითქმის დაუძლეველ დავალებებს ასრულებდა.

შემდეგ ისევ მთავრობაში დაბრუნდა და ახლა დაჟინებით მოითხოვდა გერმანიის მიმართ გულმოწყალების გამოჩენას, რადგან შიშობდა, რომ სხვაგვარად, რევოლუციის მომწიფებას შეეწყობოდა ხელი. ვერც ამ საკითხში მიიღო მხარდაჭერა და ხელახლა, "ქვევით ჩამოგდებული" აღმოჩნდა.

ომის შემდეგ ფინანსთა მინისტრი გახდა და "ოქროს კანცლერი" შეარქვეს, რადგან ქვეყანა გაამდიდრა და დეპრესიისგან იხსნა.

მეორე მსოფლიო ომამდე მეორეხარისხოვან თანამდებობებს იკავებდა და დროს საკუთარ მამულში ატარებდა, სადაც მრავალი წიგნი დაწერა. უინსტონი ფერწერითა და ლანდშაფტის დიზაინითაც სერიოზულად იყო გატაცებული.

როცა "ნაციის გადარჩენის" მორიგი ჯერი დადგა, ამ მიზნისთვის სწორედ ჩერჩილი გამოიყენეს. ის პრემიერ-მინისტრი გახდა. მშობლიურ ინგლისსა და მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება მოიპოვა. ამ დროიდან, ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, შესანიშნავ და დიდ საქმედ მიიჩნეოდა. ეს უკვე უინსტონის ჭეშმარიტი ზეიმი იყო.

მესამე წესი: "ბედისწერაზე იმარჯვებს ის, ვინც თვითონ უტევს მას!"

ქალები

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ორი ქალია ცნობილი, ვინც მას უყვარდა. პირველი _ მისი ძიძა ევერესტი იყო. საბრალო ქალი უინსტონის მშობლებმა გულგრილად მიაბრძანეს სახლიდან და კარიც მიუხურეს, როცა ის უკვე საჭირო აღარ იყო. ძიძა საშინელ სიღატაკეში ცხოვრობდა, სანამ ისევ უინსტონმა არ მოძებნა. ავადმყოფს მომვლელი დაუქირავა; ცხოვრების ბოლომდე მისი მოვლის საფასურსაც იხდიდა; გარდაცვალების შემდეგ, ყველა ხარჯი თვითონ დაფარა და საფლავის ქვაც შეუკვეთა. ძიძის პორტრეტი მის კაბინეტში მაგიდაზე ჩარჩოთი მუდმივად იდო.

ჩერჩილის ცხოვრებაში მეორე მნიშვნელოვანი ქალი მისი მეუღლე _ კლემენტინა იყო. უინსტონი 33 წლისა 9 წლით უმცროს, მოხდენილ ქალზე დაქორწინდა.

მას დონჟუანობა არ ახასიათებდა, ყოველთვის საქმეზე იყო მიზანმიმართული. ქორწილის დღესაც კი არ დავიწყნია საქმე. ეკლესიის საცავში შესვლისას, გაოცებულ ლოიდ ჯორჯს ხელი ღილზე წაავლო და მის წინაშე სუფრაჟისტების (XX საუკუნის დასაწყისში ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობა. მოითხოვდა ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭებას) საკითხი კატეგორიულად დასვა: "ნუთუ მთავრობა ასე დაეცემა კაბიანების საკითხის გამო?"

ქორწინებიდან გარკვეული დროის შემდეგ, მეუღლეები სხვადასხვა საძინებელში დაბინავდნენ. "საუზმე ლოგინშია საჭირო და თანაც _ მარტო" _ აცხადებდა უინსტონი. ეს ხელსაყრელიც აღმოჩნდა, რადგან კლემენტინა "ტოროლა" იყო, ხოლო უინსტონი _ "ჭოტი". ჩერჩილი ლოგინში ამზადებდა თავის გამოსვლებს, სტატიებს; პასუხობდა წერილებს და ოთახიდან მხოლოდ სადილისთვის გამოდიოდა.

ცოლის მეგობარმა, ნენსი ასტორმა ერთხელ უინსტონს გაგულისებულმა უთხრა: "მე რომ თქვენი ცოლი ვყოფილიყავი, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდით!" _ რაზეც ჩერჩილმა ბღვერით შეჰყეფა: "მე რომ თქვენი ქმარი ვყოფილიყავი, დაუყოვნებლივ დავლევდი!"

სახლი

როცა ჩარტუელის მამული იხილა, ჩერჩილმა იქაურობა ისე შეიყვარა, რომ მაშინვე შეისყიდა. კლემენტინამ ამის შესახებ "პოსტ-ფაქტუმ" შეიტყო. უინსტონმა ეს ადგილი კეთილშობილი ინგლისელების შესაფერის, ნამდვილ "სამოთხედ" გადააქცია. სახლის მშენებლობასა და კარ-მიდამოს განაშენიანებაზე უამრავი ფული დახარჯა. ჩარტუელმა ჩერჩილი ლამის გააკოტრა, მაგრამ ის უკან დახევას არ აპირებდა. მეურნეობისა და სახლის გაძღოლაში 8 მსახური ეხმარებოდა: გუვერნანტი, 2 მდივანი, მძღოლი, 3 მებაღე, მეჯინიბე და მმართველი. უინსტონთან ბინადრობდნენ: კატა, მწვანე თუთიყუში და 2 პუდელი. კატის გარეშე კი უბრალოდ ცხოვრება არ შეეძლო. "გამოფხიზლდით!"

მენიუ

უინსტონ ჩერჩილი დაახლოებით 100 კილოგრამს იწონიდა. საკვებს მის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუზმობდა _ ნესვით, ომლეტით ან ბეკონიანი ერბოკვერცხით. ამას დაბეგვილი ბიფშტექსი მოჰყვებოდა, ან წიწილის ბარკალი; გახუხული პური, ჯემი და რძიანი ყავა. ლანჩზე ან სადილზე აუცილებლად მისი საყვარელი კერძი უნდა ყოფილიყო და მისაყოლებლად კიდევ "რამე" (შებოლილ ორაგულში გახვეული კამბალის ფილე, კრევეტების გარნირითა და ნივრის სოუსით); ამას ბატის ღვიძლის პაშტეტით ფარშირებული ჩახრაკული ირმის ხორცი მოჰყვებოდა. დაბოლოს, ყველი "სტილტონი" სამარკო პორტვეინით; ნამცხვარი ან ნაყინი; ყავა ბრენდისთან ერთად. დესერტად განსაკუთრებით ნაღები უყვარდა. ძილის წინ, აუცილებლად ითხოვდა ცივ კონსომეს (ერთგვარი ბულიონი).

მისი სასმელი და მოსაწევიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. მარაგის სახით ყოველთვის გადანახული ჰქონდა სამი ათასამდე სიგარა (მის მოწევას უინსტონი კუბაში, ჯერ კიდევ ყმაწვილობისას მიეჩვია). ამჯობინებდა "რომეოსა და ჯულიეტას" მარკის სიგარებს. დღეში 8-9 სიგარას ნთქავდა.

მაგარი სასმელებიდან ვისკის ეტანებოდა (მას ინდოეთში მიეჩვია, სადაც წყლის უსიამოვნო გემოს სწორედ ამ სასმლით იქარვებდნენ).

ვისკის პირველ პორციას დაახლოებით 2 საათის მანძილზე წრუპავდა. ასევე, სვამდა კლარეტს სოდით, მაგრამ ნამდვილი სმა ჭამის დროს მიმდინარეობდა. უპირატესობას თეთრ ღვინოს ანიჭებდა. შამპანურსაც ხშირად ეძალებოდა. როცა ოჯახის წევრები მას ალკოჰოლური დამოკიდებულების გამო საყვედურობდნენ, ამბობდა: "მე ალკოჰოლისგან უფრო მეტი ავიღე, ვიდრე მან _ ჩემგან".

"ჩემი გემოვნება უკიდურესად მარტივია, _ ამბობდა უინსტონი, _ მე ყველაფერი საუკეთესო მომწონს".

ჰობი

ის ხატავდა. ჩერჩილის გასვლა ეტიუდებზე დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა. მის გამოჩენას პარკში, წინ მებაღეთა "პროცესია" უძღოდა. ყოველ მათგანს ხელში სამხატვრო ინვენტარი ეჭირა. მათ კი უკან მოჰყვებოდა მხატვარი თეთრ სერთუკსა და შლაპაში.

ხელქვეითები

ჩერჩილის მდივანი მისთვის უმთავრეს მცნებად თვლიდა შეფის სიტყვებს: "დაე, არ გყავდეს შენ სხვა ღმერთები ჩემ გარდა!"

უინსტონი საკუთარი კამერდინერის გარეშე ადგილიდან არ იძვროდა. მგზავრობისას მას დაახლოებით 12 ადამიანი ახლდა.

კლემენტინა წუხდა: "მან არაფერი იცის უბრალო ადამიანების ცხოვრების შესახებ. არასდროს ყოფილა საყიდლებზე, არ გაუვლია ადამიანთა მასაში, არ უმგზავრია სამოქალაქო ტრანსპორტით. ერთხელ, საყოველთაო გაფიცვის დროს, მან სცადა მეტროთი ემგზავრა და... დაიკარგა. ის დადიოდა და დადიოდა, ვერაფრით პოულობდა გასასვლელს. ასე რომ, საბოლოოდ, საჭირო გახდა მისი იქიდან დახსნა".

ჩერჩილი დროს ანგარიშს არ უწევდა. მიაჩნდა, რომ დაუცდიდნენ, რაშიც ერთხელ თავად მეფეც დარწმუნდა.

ძალიან მოსწონდა მანქანის სწრაფი ტარება. მასთან ერთად მგზავრობა უბრალოდ, აუტანელი იყო. უცებ, თავში აზრად მოუვიდოდა, რომ დადგა მომენტი, როცა სხვა მანქანისთვის უნდა გაესწრო. მძღოლს მინის ტიხარზე დაჟინებით უკაკუნებდა და უყვიროდა: "წინ!" _ სწორედ ეს იყო მისი სტილის მთავარი დევიზი.

ირინა ჯანდიერი