კვერცხი, ჯეჯილი, პასკა -სააღდგომო სიმბოლოების მნიშვნელობები - გზაპრესი

კვერცხი, ჯეჯილი, პასკა -სააღდგომო სიმბოლოების მნიშვნელობები

წითელი კვერცხი – აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა. იგი სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ვნების პარასკევს ღებავენ, ნიშნად ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლისა. გადმოცემით, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა უპასუხა, მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეიცვალა. მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფხვნილი არსებობს, კვერცხის შეღებვის ყველაზე ნაცად და გამართლებულ საშუალებად დღემდე ენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. გარდა

იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, ენდრო კვერცხს განსაკუთრებულ გემოს და არომატსაც ანიჭებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ენდროთი შეღებილი სააღდგომო კვერცხი გამორჩეულად გემრიელია და დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება.

ჯეჯილი

ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.

ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.

მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.

პასკა

პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პასკის შეძენა ბევრგან შეიძლება, შინ გამომცხვარს სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, დღესასწაულის განცდას ამძაფრებს. შედეგი კი იმდენად სასიამოვნოა, წვალებად ნამდვილად ღირს.