დოს­ტო­ევ­ს­კი - აზარ­ტის ტყვე­ო­ბა­ში - გზაპრესი

დოს­ტო­ევ­ს­კი - აზარ­ტის ტყვე­ო­ბა­ში

"გზის" ამ ნომერთან ერთად, მკითხველს ფიოდორ დოსტოევსკის "რჩეულის" მე-9 ტომის შეძენის შესაძლებლობა ეძლევა, რომელშიც სამი ვრცელი მოთხრობა - "მარადი ქმარი", "მოთამაშე" და "თვინიერი" შედის. გენიალური რუსი მწერლის შემოქმედების მოყვარულთ მოეხსენებათ, რომ "მოთამაშე" მისი ცხოვრების ნაწილს ასახავს ანუ - ერთხანს თავად დოსტოევსკი იყო შეპყრობილი აზარტული თამაშის სენით და ამის გამო ბევრი სიმწარეც იწვნია...

აზარტის ტყვეობაში

"ფული არ მაქვს. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ზედმეტად ჟინიანი და საძაგელი ბუნების პატრონი ვარ: ყველგან და ყველაფერში უკიდურესობამდე მიმყავს საქმე: ბევრჯერ ზღვარსაც ავცდენილვარ და ეშმაკმაც არ დაახანა..." - ასე სწერდა დოსტოევსკი მეგობარ მაიკოვს, როცა მორიგ ჯერზე კაზინოში დიდი თანხა წააგო.

ჩვეულებრივ, მსგავსი დამღუპველი მიდრეკილება ყმაწვილური წლებიდან იჩენს ხოლმე თავს, ფიოდორ დოსტოევსკი კი პირველად მის კლანჭებში საკმაოდ სოლიდურ ასაკში მოექცა, ოღონდ, "დაუსწრებლად" - როცა 1859 წელს მწერალი გადასახლებაში იმყოფებოდა სემიპალატინსკში ("პეტრაშევსკის საქმესთან" დაკავშირებით და განაჩენი ბოლო მომენტში კატორღით შეუცვალეს).

გაცნობა კაზინოსთან

გადასახლებულმა მწერალმა წაიკითხა სტატია - "მოთამაშის ჩანაწერებიდან". იქ მოთხრობილი იყო ბადენ-ბადენისა და სხვა ევროპული ქალაქების კაზინოების შესახებ, სადაც დიდი ქონება ზოგჯერ თვალის დახამხამებაში იცვლიდა პატრონს: ღატაკები მილიონერებად იქცეოდნენ, ხოლო მილიონერები ყველაფერს კარგავდნენ და იქვე იკლავდნენ თავს.

ამ სტატიის შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეული დოსტოევსკი აზარტის სამყაროთი დაინტერესდა. მალე გადასახლება დასრულდა და 1862 წელს მან პირველად შეძლო საზღვარგარეთ გამგზავრება. უცხოეთში, პირველი შესაძლებლობისთანავე, ე.წ. რულეტკის სათამაშოდ წავიდა.

როგორც ხშირად ხდება, თამაშში ახალბედებს უმართლებთ და ფიოდორიც გამონაკლისი არ ყოფილა - მან ათი ათას ფრანკზე მეტი მოიგო. თავიდან თითქოს შეძლო მოეთოკა აზარტის გრძნობა და კეთილგონიერება შეენარჩუნებინა: კაზინო მოულოდნელად მოგებული თანხით დატოვა. მაგრამ ცდუნების სული უკვე ყურში ჩასჩურჩულებდა: სანამ გიმართლებს, ხელსაყრელი შემთხვევით უნდა ისარგებლო, რათა მერე, მთელი დარჩენილი ცხოვრება არ ინანო. ცდუნებას ვეღარ გაუძლო, კაზინოში დაბრუნდა და იმავე "რულეტკის" მაგიდაზე მაშინვე დატოვა მოგების ნახევარი. ამ ინციდენტმა აიძულა, შეჩერებულიყო. მოგების ნახევარი, რომლის წაგებაც ჯერ არ მოესწრო, რუსეთში, ცოლსა და ნათესავებს გაუგზავნა. მაგრამ ცოტა ხანში გონება კვლავ აემღვრა. სათამაშო მაგიდასთან დაბრუნებულმა დოსტოევსკიმ რამდენიმე დღეში, რაც ებადა, მთელი თანხა წააგო და ძმისგან - მიხაილისგან 100 რუბლის სესხება მოუხდა.

ჩავარდნა ვისბადენში

ცარიელი ჯიბით პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მწერალი ძველებურად წარმატების იმედით ცხოვრობდა, რომელიც ვისბადენში - ევროპის მაშინდელ სათამაშო დედაქალაქში ელოდა. დოსტოევსკის ფიქრი ერთი მიზნისკენ იყო მიმართული - ეშოვა ფული კვლავ ევროპაში გასამგზავრებლად.

თავიდან, გამომცემელ კრაევსკისთან მივიდა, მაგრამ მან არ ისურვა, ჯერ კიდევ დაუწერელი რომანი შეეძინა. სასოწარკვეთილ მწერალს მოუწია, ქედი მოეხარა გამომცემელი სტელოვსკისთვის, რომელსაც არაკეთილსინდისიერი საქმოსნის სახელი ჰქონდა. 3.000 რუბლის საფასურად დოსტოევსკი იძულებული გახდა, დაეთმო საკუთარი უფლებები ნაწარმოებთა 3-ტომეულზე და ასევე, ჯერ დაუწერელ რომანზე.

ფულის მიღების შემდეგ, ვისბადენში გამგზავრება იჩქარა. მაგრამ უკვე რამდენიმე დღეში მეგობრებისგან სესხის აღება დასჭირდა. მთელი კაპიტალი, რაც თან ჰქონდა, დაუნდობელმა "რულეტკამ" შთანთქა. მის წერილებში ისეთი უიმედობა იგრძნობოდა, რომ მწერალმა ივანე ტურგენევმა მას 50 ტალერი გაუგზავნა. მაგრამ ესეც სათამაშო მაგიდაზე დაიდო და დოსტოევსკი სრულიად უსახსროდ დარჩა, აღარ შეეძლო სასტუმროს საფასურის გადახდა და საკვების შეძენაც კი.

ისევ წრეზე მოძრაობა დაიწყო: წერილები ნაცნობებთან დახმარების თხოვნით, კაზინო... მწერალი საბოლოოდ, წაგებული დარჩა. აღარც იქ ცხოვრების საშუალება ჰქონდა და - არც სამშობლოში დასაბრუნებელი ფული. იძულებული გახდა, ცოლისთვის ეთხოვა, გამოეგზავნა ყველაფერი, რაც ადრე მისცა, და კიდევ დაემატებინა. დოსტოევსკი იმ ადამიანებსაც კი მიმართავდა, ვისთანაც ადრე მტრული დამოკიდებულება ჰქონდა. მისთვის საკუთარი ძვირფასეულობა აპოლინარია სუსლოვამაც (მისმა საყვარელმა) დააგირავა... გაღატაკებულ მწერალს რუსეთში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

დოსტოევსკი ევროპიდან უკაპიკოდ მეორედ დაბრუნდა. სამშობლოში სხვა უბედურებებიც ელოდა: ჯერ იმ ქვეყნად მეუღლე წავიდა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ავადმყოფობდა, შემდეგ - ძმა, მიხაილიც გარდაიცვალა. მწერალმა საკუთარ თავზე აიღო ძმის ოჯახზე მზრუნველობა და მისი ვალები. დაუნდობელ კრედიტორთა შემოტევებს ზედ ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა. ნაწარმოებების წერა გამუდმებით, აჩქარებით უწევდა, რათა როგორღაც მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. საოცარია, რომ უწყვეტი რბოლა თხზულებათა ხარისხზე უარყოფითად არ ასახულა. ყველა ბოროტების საფუძველი მხოლოდ თამაშში იმალებოდა, რის გარეშეც დოსტოევსკის ცხოვრება აღარ შეეძლო.

წაგება კაზინოში, როგორც მოტივაცია შემოქმედებისთვის

ასეა თუ ისე, აზარტი უძლიერეს მოტივად იქცა დოსტოევსკის შემოქმედებისთვის. 1860-იანი წლების საუკეთესო ნაწარმოებები სწორედ ამ დამღუპველი ჩვევის წყალობით შეიქმნა. მაგალითად, ერთხელ, სასოწარკვეთილების ჟამს, მწერალმა გამომცემელ კატაევს შესთავაზა, შეესყიდა უფლება ახალი წიგნის გამოსაცემად, სადაც ასახული იქნებოდა სტუდენტის განცდები, რომელმაც რაღაც საშინელება ჩაიდინა. თვით ნაწარმოები იმ მომენტში მხოლოდ ჩანაფიქრისა და პირველი შავი ჩანაწერების სახით არსებობდა. კატაევი ერთადერთი იყო, ვინც მზადყოფნას გამოხატავდა და მსგავს შეთავაზებაზე თანხმდებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, მწერალმა გამომცემელს ძირითადი სიუჟეტური ხაზი გაუზიარა. თხრობა შეეხებოდა "ერთი დანაშაულის ფსიქოლოგიურ დახასიათებას". სრულ სიღატაკეში ჩავარდნილი ყმაწვილი მორალურ მუხრუჭს კარგავს და საბოლოოდ, სხვადასხვა იდეის ზეგავლენით გადაწყვეტს, სიცოცხლეს გამოასალმოს მდიდარი დედაბერი, რომლის ცხოვრებასაც ახალგაზრდა კაცი სრულიად უსარგებლოდ მიიჩნევს, ამიტომაც თვლის, რომ უფლება აქვს ქვეყნიერება მისგან გაათავისუფლოს და ამასთან, მიიღოს მისი ფულიც, რათა გააბედნიეროს დედა და გაათავისუფლოს საკუთარი და არასასურველი საქმროსგან; დარჩენილ ცხოვრებას სტუდენტი კაცობრიობისადმი ჰუმანისტური ვალდებულების შესასრულებლად გამოიყენებს, რითიც იმედოვნებს, რომ შეძლებს გადაფაროს საკუთარ თავზე აღებული მძიმე ცოდვა.

რთული არ არის მიხვდე, რომ საქმე "დანაშაულსა და სასჯელს" ეხებოდა. რომანში დაწვრილებითაა აღწერილი რასკოლნიკოვის მტანჯველი განცდები. როგორც ჩანს, დოსტოევსკის სულსაც რაღაც ღრღნიდა, მაგრამ აზარტი ჯერ კიდევ სჯაბნიდა დიდ მწერალს.

"მოთამაშე"

თავის ახალ ცოლთან, ანა გრიგორიევნასთან ერთად, მწერალი ისევ გაემგზავრა რუსეთიდან. ეს მათი თაფლობის თვეც იყო და კრედიტორებისგან გაქცევაც. დოსტოევსკი თამაშში ბედს ისევ ცდიდა, მაგრამ მუდამ წაგებული რჩებოდა და მხოლოდ ახალი განსაცდელის წინაშე დგებოდა. ცოლმა საკუთარი ძვირფასეულობა დააგირავა, მაგრამ მოულოდნელად მწერალს მოგებების ჟამი დაუდგა. თუმცა, წარმატება ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც დაიწყო. ისევ დადგა "შავი პერიოდი", როცა ვალების გასასტუმრებლად ლომბარდში საქორწინო ბეჭდების ჩაბარებაც მოუხდათ, რომლებიც მოგვიანებით, წარმატებული გარემოებების შედეგად, წყვილმა ისევ უკან დაიბრუნა. მხოლოდ ამის შემდეგ, ფიოდორ დოსტოევსკიმ მეუღლეს შეჰფიცა, რომ თამაშს სამუდამოდ თავს დაანებებდა, და ეს პირობა სიცოცხლის ბოლომდე პირნათლად შეასრულა.

"რულეტკით" გატაცების საფასური ფიოდორ დოსტოევსკისთვის ძალზე მძიმე აღმოჩნდა: ეს იყო მთელი ქონება, რაც გააჩნდა; საკუთარი, მისი ორი ცოლის და კიდევ, მრავალი ადამიანის (ვისაც მისი ფინანსური პრობლემები გულთან ახლოს მოჰქონდა); აწეწილი ნერვული სისტემა...

1866 წელს ყველა გადატანილი ვნებათაღელვა მწერალმა "მოთამაშის" ფურცლებზე გადაიტანა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იქ, გამოგონილის გარდა, ბევრი რამ აღებულია რეალური ცხოვრებიდან. ქალაქ რულეტენბურგის პროტოტიპი ბად-ჰომბურგია, რომელშიც მწერალი არაერთხელ ჩავარდნილა გამოუვალ მდგომარეობაში. მთავარი მოქმედი პირის - ალექსეი ივანოვიჩის ცხოვრება, მისი ლტოლვა თამაშისკენ და პოლინა ალექსანდროვნასკენ ბევრ რამეში ემთხვევა თავად დოსტოევსკის ცხოვრებას და მის ჩახლართულ ურთიერთობებს აპოლინარია სუსლოვასთან.

ირინა ჯანდიერი