ბეგბედერი ქართველ მკითხველს უბრუნდება - გზაპრესი

ბეგბედერი ქართველ მკითხველს უბრუნდება

"რაც მეტად ვეთამაშები თქვენს ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით" - არ ვიცი, რამდენად აქტიურად ეთამაშა ამ ფრაზის ავტორი ქართველი მკითხველის ქვეცნობიერს, მაგრამ მან ნამდვილად მოახერხა ჩვენი ახალგაზრდობის ლიტერატურით დაინტერესება. თუმცა, პუტინის გინებამ და თბილისში ჩამოსვლისას ქართული სიტყვების გაჟღერებამ მის პერსონას ნამდვილად შესძინა კიდევ რამდენიმე ქულა. მართლაც რთულია, დარჩე გულგრილი ასეთი სიტყვების ავტორის მიმართ: "...რა ლამაზი ქვეყანაა და რა საყვარელი ხალხია. ყოველთვე დავბრუნდები! გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!"

მაინც, რას წერს ასეთს ბეგბედერი და როგორ ახერხებს მკითხველის "შებმას"? საერთოდ, არ ვარ მომხრე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების განხილვის, მაგრამ ბეგბედერის ნაწარმოებებიდან უამრავი დამოუკიდებელი ფრაგმენტის "ამოჭრა" შეიძლება, რომლებიც ცხოვრებისეულ, აქტუალურ საკითხებს ეხება. აი, თუნდაც მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანიდან - "99 ფრანკი" ამონარიდი: "ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება - ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25 წლისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლის შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას კი კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით: ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ - სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით - მეუღლეებს, ბოლოს კი - ექიმებს"...

ბეგბედერმა პოპულარობა მოიპოვა ქართველ მკითხველში. შესაბამისად, ერთ-ერთი ქართული გამომცემლობის განსაკუთრებული ინტერესიც დაიმსახურა. გამომცემლობა "პალიტრა L" ფრედერიკ ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცემელია და ამჟამად საკუთარ თაროებზე ქართულ ენაზე გამოცემულ შვიდ დიდტანიან ნაწარმოებს ითვლის: "99 ფრანკი", "რომანტიკული ეგოისტი", "ფრანგული რომანი", "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "Windows on the World", "მიშველე ბოდიში". უახლოეს მომავალში ქართველი მკითხველი ბეგბედერის "უნა და სელინჯერსაც" გაეცნობა. ავტორისთვის დამახასიათებელ ირონიას ამ ნაწარმოებში სენტიმენტალიზმი და სევდა ანაცვლებს. წიგნი მკითხველს ცნობილი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და იუჯინ ო"ნილის ქალიშვილის, უნას სიყვარულის ამბავს უყვება: სელინჯერისა და უნას რომანი რამდენიმე თვე გრძელდება, რის შემდეგაც სელინჯერი ომში მიდის, უნა კი ჩარლი ჩაპლინს მიჰყვება ცოლად. სელინჯერის ცნობილი ნაწარმოები: "თამაში ჭვავის ყანაში" ამ დროს შექმნილი არ არის. წინ არის ომის საშინელება, სელინჯერის იმედგაცრუება და მარტოსული სიბერე... შეიძლება ითქვას, რომ "უნა და სელინჯერი" რეალური ისტორიების ავტორისეული ინტერპრეტაციაა, სადაც მითისა და რეალობის გარჩევა მკითხველის პრეროგატივაა.

რამდენად იქნება "უნა და სელინჯერი" თავბრუდამხვევი, გამოჩნდება თუ არა ნაწარმოებში ავტორის მსგავსი პერსონაჟი, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ავტორისეული წარმოსახვა, ამას მკითხველი შეაფასებს.

პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და რეკლამის სპეციალისტი ფრედერიკ ბეგბედერი 1965 წელს, პარიზის მახლობლად, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში დაიბადა. პოლიტიკური კვლევების პარიზის ინსტიტუტის (CELSA) კურსდამთავრებულმა მოგვიანებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის უმაღლეს სკოლაში რეკლამისა და მარკეტინგის დიპლომიც მიიღო და მსხვილ სარეკლამო სააგენტოში კოპირაიტერად მუშაობდა. პარალელურად, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალებში თანამშრომლობდა. სხვა კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა რადიოგადაცემაში - "ნიღაბი და კალამი".

სარეკლამო ბიზნესის მხილებისა და მწარე სატირის შემცველი რომანის - "99 ფრანკის" გამოცემის შემდეგ, ფრედერიკ ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.

მწერალმა კინომსახიობობაც მოსინჯა პორნოგრაფიულ ფილმში - "მენავის ქალიშვილი", რომელშიც ამ ჟანრის ვარსკვლავი ქალი, ესტელ დეზანჟი მონაწილეობს. როგორც მსახიობი, გადაღებულია ასევე ფილმებში: "99 ფრანკი" (2007) და "მშვენიერი ქალაქი" (2011). ბედი სცადა კინორეჟისურაშიც - გადაიღო ფილმი საკუთარი რომანის მიხედვით - "სიყვარული სამ წელს ცოცხლობს" (2011).

შეგახსენებთ, "პალიტრა L"-ს აქვს გათამაშება - "იკითხე და მოიგებ", რომელშიც ბეგბედერის "უნა და სელინჯერიც" გამოსვლისთანავე იქნება შეტანილი. "იკითხე და მოიგებ" არის გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია: თუ შეიძენთ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ, 20 ლარის (ან მეტი) ღირებულების წიგნებს, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით და შესაძლებლობა გეძლევათ, ბილეთის გადაფხეკით, მომენტალურად მოიგოთ წიგნი, რომელსაც ადგილზე გადმოგცემენ, შემდეგ კი გათამაშების ფინალს დაელოდოთ, რომელიც 29 მაისს, წიგნის ფესტივალის დახურვაზე გაიმართება და "პალიტრა ნიუსის" ეთერით გადაიცემა.