ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის რჩე­ვე­ბი - გზაპრესი

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის რჩე­ვე­ბი

მხატვარ-დიზაინერი ნინო ჯიქურაშვილი წლებია, ბინებისა თუ სხვა ტიპის შენობა-ნაგებობების ინტერიერების კეთილმოწყობასა და გალამაზებაზე ზრუნავს. რემონტი, ბინის მყუდროდ, კომფორტულად და სასურველი დიზაინით მოწყობა, დიზაინერის რჩევით კიდევ უფრო უკეთეს იერს იძენს. ნინო ინტერიერის ყველაზე გახშირებულ ტენდენციებსა და ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გვესაუბრება.

- როგორია ბოლო დროის მოდის ტენდენციები ინტერიერის დიზაინში? მაგალითად, სტილი, ფერები და ა.შ.

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ, მოდის ტენდენციები კვლავინდებურად შერეულია. დამკვეთების მოთხოვნილება გაცილებით დაიხვეწა, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო მეტი მასალაა. ვისაც საშუალება აქვს, დიზაინერის დახმარებას იყენებს - ეს კულტურაც ნელ-ნელა დამკვიდრდა. მოთხოვნა უფრო თანამედროვე მინიმალისტურ ინტერიერებზეა, ბოლო ხანებში კი კლასიკის ელემენტებიც მოხშირდა. მოდურია, მაგალითად, ჭერი სადა, ზედმეტი ფორმების გარეშე, ასევე კედლების ფერებით გამოყოფა და არა - დეკორებით, ავეჯი უფრო ფუნქციონალურია. ინტერიერის დიზაინი დამოუკიდებელია და მოდას არ ემორჩილება, რადგან იქ მცხოვრები ადამიანების გემოვნებას უნდა მოვარგოთ. თუმცა, ამ სფეროში მსოფლიო სიახლე ძალზე ბევრია, ორიგინალური ფორმის აბაზანის ინვენტარი, სამზარეულოს მექანიზმები, ფასადის მასალები, რისი შეძენაც უფრო მეტად, შეკვეთით შეგვიძლია.

- კონკრეტულად რა ითვლება თანამედროვე ინტერიერად?

- ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე ინტერიერს რაღაც ჩარჩოები აქვს და კონკრეტულად შეგვიძლია აღვწეროთ. უფრო მეტად სადაა, ზედმეტი ელემენტებით არ არის გადატვირთული, ყველაფერი ფუნქციურადაა განაწილებული. მინიმუმამდეა დაყვანილი დეკორიც. ჩემი დამკვეთების გემოვნებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, გადატვირთული ელემენტები ხშირად ჰბეზრდებათ. თუ წინა წლებში სადა ფერის კედლებზე, მაგალითად, საწოლის უკან დეკორი მოდური იყო, ახლა ეს მოდიდან გადავიდა. უფრო მეტად ხისა და ქვის გამოყენება დაიწყეს ინტერიერში. ტრავერტინი ძვირად ღირებული ქვა არ არის, მაგრამ საკმაოდ ლამაზია, სახლში სიმყუდროვეს ქმნის. არიან ისეთი დამკვეთებიც, რომლებიც ნებისმიერი დეკორის გამოყენებას მინიმუმამდე გვთხოვენ, უბრალო, სადა კედლები მოსწონთ, თუნდაც, შავ-თეთრი გადაწყვეტა, მარტივი, გეომეტრიული ფორმებით.

- რას ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდა წყვილები? მათთვის რა არის უფრო მოდური?

- ახალგაზრდები უფრო თამამები არიან, იციან, რა უნდათ, ძალიან პრაგმატულად აზროვნებენ და სიახლეებზე უფრო მეტად მოგვყვებიან. ძირითადად, ოჯახებთან გვაქვს შეხება და ყველას უნდა, რომ ბინა ფუნქციურად იყოს დანაწილებული, `სამომხმარებლო დიზაინს~ ვეძახი, რამდენი ოთახიც სჭირდებათ, იმის მიხედვით აგეგმარებენ. მდიდარი ქვეყანა არ ვართ და მესმის, ხალხს არ ჰყოფნის ფული, რომ ისეთი ფართობის ბინა იყიდონ, რაც რეალურად სჭირდებათ და კარგად მოაწყონ. ამ პრობლემის წინაშე ხშირად ვდგავართ და ამის გამო, ბევრ რამეზე უკან ვიხევთ, რაც შეიძლებოდა, უკეთ გაგვეკეთებინა. ცხადია, დიზაინზე მატერიალური მდგომარეობა ძალიან მოქმედებს, რადგან ვერ ყიდულობენ იმ მასალებს, ინვენტარს, რაც უნდათ და რაც ხარისხიანია. ვერ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება, იყოს იაფი და კარგი. ხარისხიანი იაფი ვერ იქნება. ხელის შემშლელია, როცა ფიქრობ, ესა თუ ის დეტალი, რასაც ქმნი, რა დაჯდება და შეძლებენ თუ არა შემდგომ ამის გადახდას.

- რა რჩევებს აძლევთ საბავშვო ოთახების მოწყობისას?

- ოთახი ფერებით ზედმეტად რომ არ იყოს გადატვირთული, ხალისიან, ოღონდ - პასტელის, არააგრესიულ ფერებს ვთავაზობ ხოლმე. ბავშვის ფსიქიკას ფრთხილად უნდა მოვეპყროთ, ამიტომ ფერებიც სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ, თვალიც არ უნდა გადაეღალოს. ინტერიერი ჯობია, სხვა აქსესუარებით გავალამაზოთ, რისი შეცვლაც ეტაპობრივად შეიძლება - გადასაფარებლები, ბალიშები, სურათები და ა.შ. თუ ძალიან პატარა ბავშვი არ არის, ბავშვურ ავეჯსაც არ ვიყენებ, საშუალო სტილს ვიღებ და ყოველთვის აქსესუარებით გალამაზებას ვცდილობ. მშობლებს ვურჩევდი, რომ საბავშვო ოთახში მკვეთრი ფერები არ გამოიყენონ, მაგალითად, წითელი, შავი, რუხი და ა.შ. კარგია - ღია სალათისფერი, ღია კრემისფერი, ღია იისფერი - გააჩნია, კომბინაციაში როგორ ჯდება.

- რას გვეტყვით სამზარეულოზე? მაგალითად, ზოგან მინახავს პრიალაზედაპირიანი სამზარეულო წითელი და შავი ფერების კომბინაციით, რაც ძალზე ლამაზი და ეფექტურია. დიზაინერები რა ფერებისა და მასალის გამოყენებას ურჩევთ?

- წითელი და შავი უნდა იყოს აკრილის მასალა, რაც რთულად მოსავლელია, სამზარეულო კი ყველაზე ხშირი მოხმარების ადგილია, სულ გასაწმენდია და ცოტა არაკომფორტულია. მაგალითად, მე ხის ფაქტურის მდფ-ს ვანიჭებ უპირატესობას, უფრო იოლი მოსავლელია. ნატურალური ხის სამზარეულოს იშვიათად ვაკეთებ. ყოველთვის ღია ფერებს უფრო ვარჩევ, ვცდილობ, სულ რაღაც ახალი და განსხვავებული ვეძიო. `ფავორიტი~ მასალებიც მაქვს, რომლებიც ძალიან მომწონს და თუ მომხმარებლის გემოვნებას ემთხვევა, ვიყენებ. უამრავი ვარიანტია, მე კერამო-გრანიტს ვარჩევდი, თუნდაც, აბაზანაში, მოზაიკის ჩანართებით. სხვათა შორის, მომცრო ზომის ფილების გამოყენებაც აღარაა ტენდენციური, უფრო მსუბუქი მარმარილოს ეფექტით, თანამედროვე ინტერიერში, ხის ფაქტურის ფილებთან ერთად, კარგად გამოიყენება. შეიძლება იყოს ხის ფაქტურის კერამო-გრანიტი ბეტონის ტიპის ფილებთან. უამრავი ვარიანტია, რისი შეთავაზებაც შეიძლება. ბევრი სტუდია გაიხსნა, ვისაც განსხვავებული დიზაინის მასალა შეიძლება დაუკვეთო და აბსოლუტურად განსხვავებული ჩამოიტანო ფილებიც, დეკორებიც, აბაზანის ნიჟარებიც, ჯაკუზებიც და ა.შ. არც ისე ძვირია. შესაძლოა, მომხმარებელმა ეს არც იცის და იმას ყიდულობს, რაც მაღაზიებშია.

- აბაზანის მოწყობისას რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

- პრინციპში, უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს და კარგა ხანია შემოსულია ჩასაშენებელი უნიტაზები - ფეხის გარეშე, ჩასაშენებელი ავზით, რომელიც შესაძლოა, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, თუმცა წლებია, ვიყენებთ. მართალია, ცოტა უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ გაცილებით კომფორტულია. თუ კარგი ხარისხის ავზს ვიყიდით და ხელოსნებიც კარგად ჩააშენებენ, ხანგრძლივი გარანტია აქვს, არ გამიგია, რომ გაფუჭებულიყოს.

- ბოლო დროს, საკმაოდ პოპულარულია ჯაკუზი. ძვირი ჯდება ბინაში მისი დამონტაჟება?

- მოთხოვნილება ნამდვილად გაიზარდა და უკვე ისეთი ჯაკუზებია შემოსული, რომელთა ფასი ძალიან ნორმალურია, ხარისხი კი - კარგი. მიუწვდომლად აღარ ითვლება. 3-4 ათას ლარად შესაძლებელია, კარგი იტალიური ჯაკუზი იყიდო. შეიძლება, ყველანაირი ფუნქცია არ ჰქონდეს, მაგრამ იტალიელებს კარგად აქვთ შესწავლილი ადამიანის სხეული, ამიტომაც მინიმალური დატვირთვითაც ძალიან სასარგებლოა. თუ, მაგალითად, კარგ ჩეხურ აბაზანაში 2.000 ლარს იხდი, შეიძლება, ცოტა გაიჭირვო და ის სიამოვნება მიიღო, რასაც ჯაკუზი გვანიჭებს.

- ზოგან დაბალი ზომის კედლებს ამოაშენებენ, საშხაპე მოწყობილობას აყენებენ, აბაზანის ფარდას კიდებენ და ამგვარად, აბაზანაც მზადაა. მართალია, ეს ყველაფერი უფრო იაფი ჯდება, მაგრამ რამდენად პრაქტიკულია?

- რა გითხრათ, ვისთვის როგორ, მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად აბაზანის ამოშენება, ეს ხომ მაინც ხარჯებთანაა დაკავშირებული, სჭირდება ძალიან კარგი ჰიდროიზოლაცია, წყალმა რომ არ გაჟონოს, მომრგვალებული, კომფორტული ნაპირები - თავი რომ არ დაარტყა ან რაიმე საშიშროება არ შექმნას, ამისთვის მოზაიკა უნდა გამოიყენო, დეკორატიული ცემენტი, ხელობის ფული და ა.შ. იმდენი სჭირდება, რომ ჯობია, აბაზანა დადგას ადამიანმა.

- ზოგისგან მსმენია, რომ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში (საყრდენი კედლების გარდა), კედლები თაბაშირ-მუყაოსია და სწრაფი მშენებლობების ერთ-ერთი მიზეზი ესეცააო. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წავიკითხე, რომ ვიღაცები ამ ფაქტს აპროტესტებდნენ კიდეც. თუნდაც ასე იყოს, რა პლუს-მინუსები აქვს ამგვარად აშენებულ ბინებს?

- პირადად მე, ახალაშენებულ კორპუსებში თაბაშირ-მუყაოს კედლები ნამდვილად არსად შემხვედრია. თუმცა, როცა ამის საჭიროებაა, ჩვენც გაგვიკეთებია და როცა კარგადაა გაკეთებული, შიგნით თბოიზოლაცია მოწესრიგებული, პრობლემას ან საშიშროებას აბსოლუტურად არ წარმოადგენს. მთელი ბინის დაგეგმარებაზე მინდა ვთქვა ჩემი მოსაზრება: ბინა უნდა იყოს, პირველ რიგში, კარგად დაგეგმარებული, სამზარეულო და აბაზანა ნორმალური ფართობის, სწორად განაწილებული განათებებით, მკვეთრი ფერები ან დეკორის გამოყენება არ შეიძლება ბევრ კედელზე. აბაზანაში ნუ გამოვიყენებთ ძალიან მუქ ფერებს, თუ არ იქნება გათვალისწინებული წინასწარ ავეჯის ფერებიც და სტილიც, კედლებზე დეკორებმა შეიძლება, ძალიან გააძნელოს ავეჯის შერჩევა. ის, რაც ცალკე აღებული მოგვწონს - გრანიტი, შპალერი, ავეჯი ან ფარდა, - კომბინაციაში შეიძლება, ერთმანეთს არ მოუხდეს, ამიტომ პასტელის ფერის შპალერს ან საღებავს თუ გამოვიყენებთ, უკეთესია. ფარდებით, სურათებითა და სხვადასხვა აქსესუარით გახალისება კი უფრო იოლია.

თამთა დადეშელი