ჯვარ­ც­მა იყო მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვე­ბის გა­მო­სას­ყი­დად - გზაპრესი

ჯვარ­ც­მა იყო მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვე­ბის გა­მო­სას­ყი­დად

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, მაცხოვრის მიერ გაღებული ცხოველსმყოფელი მსხვერპლით - ჯვარცმული სიკვდილით ადამიანთა გამოხსნა გახლდათ, რაც განკაცებული უფლის მკვდრეთით აღდგომით გაცხადდა... სულ რამდენიმე დღეში აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულსაც მივეგებებით. ამჯერად, სწორედ ჯვარცმითა და აღდგომით კაცობრიობის გამოხსნაზე ვისაუბრებთ...

მამა მაკარი:

- ჯვარცმა იყო მსხვერპლშეწირვა ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად: უფალმა თავი შესწირა მსხვერპლად და გამოიხსნა კაცობრიობა. რაც შეეხება აღდგომას, ეს არის უაღმატებულესი მოვლენა, დღესასწაულთა დღესასწაული. როდესაც უფალი ჯვარს ეცვა, იმ დროს კი არ დამარცხდა დაცემული ანგელოზი, არამედ მაშინ, როდესაც ჯვარცმის შემდგომ, მაცხოვარი ჯოჯოხეთში შთავიდა, მკვდრეთით აღდგა და ბოროტების ყველანაირი ძალა შემუსრა. რა თქმა უნდა, უფალს შეეძლო, ბოროტის დამარცხება და კაცობრიობის გამოხსნა განკაცებისა და ჯვარცმის გარეშეც აღესრულებინა, მაგრამ უფალი თავისივე შემოღებულ წესებს არ ცვლის; ყველაფერი იმ სჯულის მიხედვით აღასრულა, რომელიც თავად მისცა იუდეველებს. აღდგომა განუზომელი და დაუსრულებელი სიხარულია ადამიანთა მოდგმაში, ამაზე ზეაღმატებული დღე არ შეიძლება არსებობდეს. აღდგომა არის სიკვდილზე გამარჯვების, კაცობრიობის საუკუნო წარწყმედისგან გამოხსნის დღე, ადამიანის დაბრუნება ღმერთთან და დაბრუნება სასუფეველში. ჯვარცმითა და აღდგომით გაცხადებულად აღსრულდა ის აღთქმა, რომელიც უფალმა სამოთხიდან გამოდევნისთანავე მისცა ადამს. სწორედ ამით მოხდა აღსრულება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა; ყველაფერი, რაც უფალმა აღასრულა, ქმნა იყო ჯვარცმისა და აღდგომისათვის.

- განახლდა თუ არა ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანური ბუნება, რომელიც ადამის შეცოდების შემდეგ დაზიანდა?

- ადამიანური ბუნება განახლდა უფლის ნათლისღებით. ჯვარცმითა და აღდგომით მოხდა ადამიანური ბუნების გამოხსნა საუკუნო წარწყმედისგან.

- მაგრამ ადამიანური ბუნება კვლავ ცოდვისკენ მიდრეკილი დარჩა...

- ის კვლავ დარჩა მატერიალური და მატერიალურ სამყაროში. ამით უფალმა ყველა ადამიანს მისცა შანსი გამოხსნისა, საკუთარი სულის ხსნისა. უფალს რომ მხოლოდ ის ადამიანები გამოეხსნა, ვინც იმ დროს იყვნენ მართალნი და მათთვის დაებრუნებინა ისეთივე თვისებები, რაც ადამის დაცემამდე არსებობდა და ცალკე სამყაროში - უხრწნელობაში დაემკვიდრებინა, დანარჩენი ნაწილი ადამიანებისა, იმ დროსაც და მას შემდეგ შობილნიც, საუკუნოდ დარჩებოდნენ ხრწნად სამყაროში. თუ მაცხოვრის მოსვლამდე არ შეგვეძლო ხრწნილებისგან თავის დაღწევა, მაცხოვრის მოსვლის, ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ შეგვიძლია, თავი დავაღწიოთ საუკუნო სიკვდილს, მატერიალურ სამყაროს, ხრწნადობას და სამარადისო სიცოცხლეში, არამატერიალურ, უხრწნელ სამყაროსა და უკვდავებაში გადავიდეთ. თუ, რასაკვირველია, ეს თავად ჩვენი სურვილიც იქნება, ანუ თუ აღვასრულებთ ღვთის მცნებებს და უფალს ვსასოებთ, გვწამს, რომ გამოხსნის მადლი, რაც კაცობრიობას მიანიჭა უფალმა, ჩვენზეც აღესრულება.

- ჯვარცმის მიწიერ მიზეზებზეც ვისაუბროთ. რატომ მოხდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სულ რამდენიმე დღით ადრე დიდებით მიეგებნენ იერუსალიმში შესულ მაცხოვარს, შემდეგ მის ჯვარცმას მოითხოვდნენ, კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე საშინელ დანაშაულში იღებდნენ მონაწილეობას?

- მაცხოვრის ჯვარცმის უმთავრესი მიზეზი, ცხადია, იყო თავად მაცხოვრის გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე, ეს იყო ადამიანების ურწმუნოების გამოხატულება. ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარზე გაკვრა მოითხოვა რჩეულმა ერმა, თუმცა, იმ ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამაში არ მონაწილეობდნენ. იყო ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ მაცხოვარს, - იუდეველთა ელიტა, სჯულის მეცნიერნი, თუმცა მათ შორისაც იყვნენ ისეთები - მაგალითად, ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათელი, - რომლებიც ამ უსჯულოებაში არ მონაწილეობდნენ. მეორე კატეგორიას ადამიანებისა, ყოველთვის სჯეროდათ მაცხოვრის და მისი მიმდევრები იყვნენ, ხოლო მესამე კატეგორიის უდიდესი ნაწილი, ვერ გარკვეულიყვნენ საკუთარ შეხედულებებში. სწორედ ეს ადამიანები მიეგებნენ დიდებით მაცხოვარს იერუსალიმში, მაგრამ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, იუდეურმა ელიტამ ყველა ღონე გამოიყენა, რომ ადამიანები, რომლებსაც მაცხოვრის მიმართ საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი არ ჰქონდათ, თავიანთ აზრზე გადაეყვანათ. სწორედ მათ აცვეს ჯვარს განკაცებული უფალი. სჯულის მეცნიერნი და მწიგნობრები ხედავდნენ, რომ იესოს უამრავი მიმდევარი გაუჩნდა, წუხდნენ, რომ ეს ხალხი მათთან აღარ მიდიოდა, ქრისტესთან მიდიოდა, მას აღიარებდა და ამის გამო დიდებას, პატივსა და შემოსავალს დაკარგავდნენ. ამიტომაც განიზრახეს მისი მოკვდინება.

- ამდენად, ეს იყო სინედრიონის მცდელობა და გადაწყვეტილება. რამ გამოიწვია თავად სინედრიონის, რჩეული ერის სჯულმეცნიერთა და მწიგნობართა ერთიანად გამიწიერება? მათ ხომ ყველაზე მეტად უნდა შეეცნოთ იესოში აღთქმული მხსნელი?

- რა თქმა უნდა, ეს იყო სინედრიონის გადაწყვეტილება. რაც შეეხება თავად სინედრიონის გამიწიერებას, ეს მოხდა იმის გამო, რომ ადამიანები უკვე გამიწიერებულნი იყვნენ. ამის მიზეზი იყო ისიც, რომ ჰეროდემ მაცხოვრის შობის დროს, თოთხმეტი ათას ყრმასთან ერთად, მთელი იმდროინდელი სინედრიონიც ამოხოცა. შემდეგ შეკრებილი სინედრიონის წევრები იყვნენ ჰეროდეს მიერ გამორჩეულნი და მათ გაწყვეტილი ჰქონდათ სულიერი კავშირი ძველ სინედრიონთან. ის საღვთო მადლი, რაც თავის დროზე, პირველად შეკრებილ სინედრიონზე იყო დამკვიდრებული, მას შემდეგ უწყვეტ ჯაჭვად გადადიოდა ხელიდან ხელში, ხოლო როდესაც ჰეროდემ სინედრიონის წევრები ამოხოცა და ახალი სინედრიონი გამოარჩია, უკვე გაწყდა უწყვეტი საღვთო მადლის ჯაჭვი. მთლიანობაში სინედრიონი განშორებული იყო საღვთო მადლს, ეს იყო არა ღვთისგან, არამედ კაცისგან გამორჩეული, მათ მხოლოდ მიწიერი, მატერიალური ინტერესები ამოძრავებდათ. როდესაც ხედავდნენ, რომ უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა ქრისტეს, სწორედ ეს აწუხებდათ და ამის გამო უპირისპირდებოდნენ მაცხოვარს. ვერ შეიცნეს იესოში აღთქმული მხსნელი და ბოლოს მოახერხეს კიდეც მისი ჯვარცმა.

- მაცხოვრის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა იუდეველთა პასექის დღესასწაულის პერიოდში მოხდა. რამდენიმე სიტყვით იუდეველთა პასექის დღესასწაულსაც შევეხოთ. საინტერესოა, რატომ ინება უფალმა კაცობრიობის გამოხსნა სწორედ იმ დროს, როდესაც ებრაელები პასექს აღასრულებდნენ?

- რადგან ჭეშმარიტი პასექი არის სწორედ მაცხოვრის აღდგომა. "პასექი" გამოხსნას ნიშნავს. ძველაღთქმისეული პასექი იყო წინასახე ჭეშმარიტი პასექისა - მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომისა. ამიტომაც ინება უფალმა, რომ სწორედ იუდეველთა პასექის დღესასწაულის დროს მომხდარიყო უდიდესი სასწაულები: ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში დიდებით შესვლა, ჯვარცმა, აღდგომა. იუდეველთა პასექი, ეგვიპტელთა მონობისგან რჩეული ერის გამოხსნის მოსახსენიებლად იყო დაწესებული. უფალმა ერთ შემთხვევაში ეგვიპტელთა მონობისგან გამოიხსნა იუდეველები, ხოლო ახალაღთქმისეული პასექის შემთხვევაში - სულიერი მონობისგან. ძველაღთქმისეული პასექი იყო ხორციელი, ახალაღთქმისეული - სულიერია. უფლის აღდგომა მოხდა იუდეველთა პასექის შემდეგ. ამით უფალმა გვასწავლა, რომ ჯერ მოხდა მიწიერი გამოხსნა, როდესაც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა ისრაელის ერი, ხოლო შემდეგ იყო სულიერი გამოხსნა.

- რატომ ვერ იცნო რჩეულმა ერმა მესია?

- იმიტომ, რომ ისინი უკვე იყვნენ გამიწიერებულნი. როგორ მესიასაც ელოდნენ, ისეთი არ მოვიდოდა. არ შეიძლებოდა, მესია ასეთი ყოფილიყო. იუდეველები ელოდნენ მხსნელს, რომელიც მიწიერად გამოიხსნიდა ისრაელის ერს და მსოფლიოზე გააბატონებდა ანუ არასწორი, შეცვლილი, გამიწიერებული შეხედულება ჰქონდათ ჩამოყალიბებული და ამიტომაც ვერ იცნეს და ვერ მიიღეს ჭეშმარიტი მესია.

შორენა მერკვილაძე