ბანქოს სახლი - გზაპრესი

ბანქოს სახლი

პოლიტიკა საერთოდ, ბინძური საქმეაო, - ზოგჯერ სრულიად ხელაღებითაც კი ირწმუნებიან კონკრეტულ პოლიტიკოსებზე გულაყრილი ადამიანები და ამის დასტურად თუნდაც ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრისა და მარგარეტ ტეთჩერის ყოფილი მრჩევლის, ბარონ მაიკლ დობსის რომანი "ბანქოს სახლი" მოჰყავთ. და მართლაც, რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ბრიტანეთის პარლამენტის მმართველი პარტიის კოორდინატორი, პატივმოყვარე და ფლიდი ფრენსის ურჰარტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სავარძელში მოსაკალათებლად, ყველაზე ბინძური ხერხების გამოყენებაზეც კი არ ამბობს უარს.

შორეულ 1989 წელს გამოცემულ და ორჯერ (პირველად - "ბიბისის", სულ ახლახან კი ამერიკელი კინემატოგრაფისტების მიერ, სადაც მოქმედებაც აშშ-შია გადატანილი) ზედმიწევნით წარმატებით ეკრანიზებული მისი წიგნის ესოდენ ხანგრძლივ პოპულარობას ავტორი პირველ რიგში იმით ხსნის, რომ იქ აღწერილ პოლიტიკურ დრამას საფუძვლად ზოგადად პოლიტიკის კი არა, მასში ნებსით თუ უნებლიეთ მოხვედრილი კონკრეტული ადამიანების მრავალწახნაგოვანი ხასიათების სიღრმეებში წვდომის სურვილი უდევს. და სწორედ ამის გამოა, ბრიტანულ პოლიტიკურ სინამდვილესთან დაკავშირებული ეს წიგნი არა მარტო ამერიკული, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, თუნდაც ავსტრალიური ცხოვრების ნაწილადაც კი სულ იოლად რომ იქცა. ვფიქრობთ, "ბანქოს სახლში" აღწერილი ამბების გაცნობისას ჩვენი მკითხველიც ხშირად დაიჭერს თავს იმის გაფიქრებაზე, რომ ეს ყველაფერი გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის ბრიტანეთში კი არა, დღეს და აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება...

პირველი ნაწილი

აჭრა

- შენი დედაც!.. - ხმამაღლა შეიგინა სიბნელეში დენის კაბელს გამოდებულმა პოლიციელმა, რაზეც იქვე მოფუსფუსე ელექტრიკოსმა ხელები დამნაშავედ გაშალა: რა ვქნა, ამსიმსხო კაბელი ისე სად ეშმაკებში შევჩურთო, რომ არავინ შეაწუხოსო?.. კაბელშემოყოლებულ მოედანს წმინდა ჯონის სახელობის ტაძრის დახვეწილი სილუეტი თავზე მეფურად ადგა, თავად ტაძარი კი, დიდებულებასთან ერთად, ისეთი შემართულიც ჩანდა, თითქოს ცოტაც და, ერთი ძალუმად შეირხევა და მის კედლებთან მოწრიალე ელექტრო-, რადიო- და სხვა ტექნიკოსებსა და ცნობისმოყვარე სეირის მაყურებლებლებს დაუნდობლად მიფერთხ-მოფერთხავსო.

ტაძრის ირგვლივ ატეხილ ალიაქოთს ახლომახლო სახლების მცხოვრებნი უკმაყოფილოდ ადევნებდნენ თვალს და ღმერთს და წმინდა ჯონს მადლობას ერთდროულად სწირავდნენ, რომ არჩევნები მხოლოდ სამ, ზოგჯერ კი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და, შესაბამისად, სმიტ-სკვერის მოედანიც ათასნაირი ნაგვისა და ცარიელი ბოთლების გროვებში მხოლოდ ამ დროს და ისიც მცირე ხნით თუ იძირებოდა.

როგორც კი ამომრჩეველთა განწყობილების კიდევ ერთხელ მოსასინჯად, პარტიული ხელმძღვანელობა ლონდონიდან საარჩევნო ოლქებში გაიკრიფა, პარტიის შტაბბინის ბრტყელ სახურავზე დროებით მოწყობილ პატარა სახლში განლაგებული საგანგებო განყოფილების სამსახურების დეტექტივებმაც ხანმოკლე ამოსუნთქვის უფლება მისცეს თავს და პოკერს ჩაუსხდნენ. თამაში უკვე გვარიანად იყო გახურებული, დეტექტივებს კიდევ ერთი კოლეგა, პოლიციის ინსპექტორი რომ წამოადგა თავზე, თუმცაღა თამაშში ჩაბმა არაფრით ისურვა, რადგან ფულის სულ სხვა, ბევრად უფრო სასიამოვნო მიზნით დახარჯვის იმედი ჰქონდა.GzaPress

საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ანუ თითქმის მთელი თვის განმავლობაში ინსპექტორს ცოლის გვერდით ერთი ღამეც კი აღარ გაუტარებია. და თუ თანამეცხედრის უნახაობა მაინცდამაინც არ აწუხებდა, ზუსტად ამდენივე ხნით საყვარელთან განშორებას ნამდვილად ვეღარ უძლებდა, რადგან საყვარელიცაა და საყვარელიც.

სკოტლანდ-იარდის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურში გამწესებულ, გარეგნულად ცივ და თითქოს სრულიად შეუვალ პოლიციელ გოგონას ხომ ლოგინში ნამდვილი ცეცხლის დანთება შეეძლო, და ახლა ამ სიამოვნებას მოკლებული ინსპექტორი ლამის უცეცხლოდაც კი გვარიანად იწვებ-იდაგებოდა. თანაც, უკვე იმის მზარდი შიშიც აღარ ასვენებდა, რომ თუ გარისკავდა და კიდევ ერთხელ მოატყუებდა, ისევ სადღეღამისო მორიგეობა დამავალესო, მოთმინებდაკარგული ცოლიც ალბათ, ერთს ძალუმად იფეთქებდა და საბოლოოდ, ყველა და ყველაფერი უკან დარჩებოდა.

ორ ცეცხლს შუა მოხვედრილმა ინსპექტორმა გულში ერთი უმისამართოდ შეიგინა და რადგანაც გადაწყვეტილება ვერც ცოლის და ვერც საყვარლის სასარგებლოდ ვერაფრით მიიღო, ამის გაკეთება სულ სხვა ძალებს მიანდო და ჯიბიდან ბანქოს ახალთახალი დასტა ამოიღო. პოკერის თამაშის ეშხში შესული დეტექტივები ჩანაფიქრს მაშინვე მიუხვდნენ და გულიანი სიცილიც დააყარეს, მაგრამ პოლიციელმა მათ ყური აღარ ათხოვა, კარის სიახლოვეს მდგარ კიდევ ერთ მაგიდას მიუჯდა და ბანქოს ქაღალდებისგან პატარა სახლის აწყობას შეუდგა. ამ საქმეში მისი უმაღლესი მიღწევა ექვსი სართული იყო. და თუ ამჯერად მეშვიდემდე ავალ, ჩაუთქვა მან, მაშინ გამოდის, იღბალიც ჩემს მხარეს ყოფილა. ასე რომ, ამ კვირის ბოლოსაც საყვარელთან ყოფნით დავტკბები და მერე - მოხდეს, რაც მოსახდენიაო.

იღბალი - იღბლად, მაგრამ ინსპექტორს ცოტა თავადაც ხომ უნდა გამოეღო ხელი და, ამიტომაც, დიდხანს ნამდვილად აღარ უყოყმანია, სახლის "საძირკველი" ბანქოს ქაღალდის მეორე ფენით ისე გაამაგრა, რომ ეს, რაღა თქმა უნდა, თაღლითობა იყო. მაგრამ განა, თავად ეს ყველაფერიც ერთი დიდი თაღლითობა არ არის? - თავის დამშვიდება სწრაფადვე სცადა მან და სიგარეტს მოუკიდა. სიგარეტს ყავაც მალევე დააყოლა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ამით დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან, როგორც კი მის კუჭში კოფეინის სოლიდური დოზა ჩავიდა, იქიდან წამოსული მსუბუქი სპაზმი მთელ სხეულს გადაეცა და ბანქოსქაღალდიანი ხელი აუკანკალდა. მაგიდაზე ამოზრდილ ქაღალდის კონსტრუქციას რომ არაფერი დამართოდა, პოლიციელი ფეხზე ძალიან ფრთხილად წამოდგა და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ ფეხაკრეფით გავიდა.

შტაბბინის თავზე მოხვედრილ პოლიციის ინსპექტორს რატომღაც მოეჩვენა, რომ ჩამავალი მზის სიწითლე ირგვლივ ყველაფერს ძალიან უცნაურად მოსდებოდა და ამ უცხო და უცნაურ სიწითლეში მოლივლივე ლონდონის სახლების სახურავების ცქერისას ისიც ცხადად წარმოიდგინა თუ თავად წყნარი ოკეანის რომელიღაც კუნძულზე ცეცხლოვან საყვარელთან როგორ განმარტოებულიყო და სრული სიამოვნებისთვის არც ახალი და ცივი ლუდი აკლდა და არც სასიყვარულოდ აგრერიგად საჭირო ძალა და ენერგია. ზედმიწევნით კმაყოფილმა პოლიციელმა ერთი ვნებიანად გაიზმორა და შეწყვეტილი საქმიანობის გასაგრძელებლად სახლში ფრთაშესხმული შებრუნდა.

ბანქოს სახლმაც მაშინვე სწრაფად და თითქოს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც კი დაიწყო ზრდა. ექვსი სართულის ამოყვანის ანუ საკუთარი უმაღლესი მიღწევის გამეორებისთანავე, ინსპექტორი მეშვიდე სართულს ეკვეთა და ის იყო, მის დასრულებამდე ორი ქაღალდიღა რჩებოდა, რომ უეცრად ხელი ისევ აუკანკალდა. დაწყევლილი კოფეინი! - გაიფიქრა გაღიზიანებულმა პოლიციელმა და დაძაბულობის მოსახსნელად, თითები გაატკაცუნა, შემდეგ მორიგი ბანქოს ქაღალდი მაგიდიდან ძალიან ფრთხილად აიღო, ნელ-ნელა ასწია და შვებით მხოლოდ მას შემდეგღა ამოისუნთქა, რაც ქაღალდი საჭირო ადგილზეც მარტო ფრთხილად და რბილად კი არ დაეშვა, არამედ გაჩერდა კიდეც. მაგრამ როცა სანუკვარ მიზნამდე ანუ მეშვიდე სართულამდე ერთადერთი ბანქოს ქაღალდიღა დარჩა, ხელის კანკალს უკვე ვეღარაფერი მოუხერხა.

სასოწარკვეთილმა პოლიციელმა, რომელიც გულში ბედს უკვე თან სწყევლიდა და თან, მოწყალების მოღებასაც ჯიუტად სთხოვდა, ჰაერი ერთი ღრმად ჩაისუნთქა, აკანკალებული ხელი სახლს ზემოთ, ნახევარ დუიმში, წამით შეაჩერა და თავისი ნაშრომ-ნაწვალებისთვის აღარც კი დაუხედავს, თითები ისე გაშალა. ქაღალდი ამჯერადაც ზუსტად საჭირო ადგილზე დაეშვა. ინსპექტორმა არნახული შვება იგრძნო და ის იყო, გამარჯვების ნიშნად ხელები მაღლა უნდა აღემართა, რომ სმიტ-სკვერის მოედანს საღამოს პირველმა ბრიზმა გადაურბინა, წმინდა ჯონის ტაძრის კოშკებს ნაზად მიუალერსა და შემდეგ იმ ოთახშიც შეიქროლა, რომლის კარის ჩაკეტვაც პოლიციელს დავიწყნოდა. კარის სიახლოვეს მდგარ მაგიდაზე რუდუნებით აღმართული ბანქოს სახლი ჯერ ოდნავ შეირხა, შემდეგ უცნაურად დატრიალდა და თითქმის უხმაუროდ ჩამოიშალა, თუმცაღა, მრავალტანჯული ინსპექტორისთვის, ეს, ქვისა და ფოლადისგან ნაგები უზარმაზარი კოშკის გრგვინვით ჩამონგრევის ტოლფასი აღმოჩნდა.

ინსპექტორის ღრმა და ტკივილიანი განცდები, დანარჩენ პოლიციელებს კი - პოკერის თამაში ოთახის კუთხეში აშიშინებულმა რადიომიმღებმა გააწყვეტინა. მოვიდა ცნობა, რომ სამხედრო ნაწილიდან დაბრუნებული, პარტიის თავმჯდომარე სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, სულ მალე პარტიის შტაბბინაში იქნებოდა, რაც სპეცგანყოფილებისთვის მორიგი გრძელი სამუშაო ღამის დაწყების ნიშანი იყო. დეტექტივებმა პოკერის თამაში მაშინვე შეწყვიტეს და მაგიდიდან საქმიანი შეძახილებით წამოიშალნენ, თუმცა, იმაზე ნაძლევის დადება, თუ შემდეგ კვირაში ამჟამინდელი მინისტრებიდან ვისი დაცვა მოუწევდათ, ვინ კიდევ, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა, მაინც არ დავიწყნიათ.

ღრმად პატივცემულ ფრენსის ევან ურჰარტს, რომელიც მისი კანდიდატურისთვის აგიტაციის გამწევ ვოლონტიორი ქალებისგან თავის დაღწევას ვეღარაფრით ახერხებდა, უკმაყოფილება უკვე სახეზე ეწერა. ეს ენერგიული ქალბატონები კი მის გუნება-განწყობილებას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ და, ხმების შეგროვების საქმეში თავიანთ წარმატებებზე სიამაყით საუბრის გარდა, ამომრჩეველთა სახლების შემოვლისას დასვრილ-გაცვეთილი ფეხსაცმლის გამო წუწუნსაც არ ივიწყებდნენ. ურჰარტს ვოლონტიორების წუწუნიცა და თავმოწონებაც ერთნაირად აკვირვებდა, რადგან სურეის საგრაფოს ზედმიწევნით მოვლილ გზებსა და ქუჩებში ჭუჭყი და ტალახი ლამის სანთლით საძებნელი იყო, ხოლო ამომრჩევლების ხმებს რაც შეეხებოდა, როგორც საქმეში ჩახედულები მოსწრებულად შენიშნავდნენ, ადგილობრივ მცხოვრებთ ნებისმიერი არჩევნებისადმი იმდენად განურჩეველი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ აქ ბიულეტენებს კი არ ითვლიდნენ, არამედ წონიდნენ ხოლმე.

ბოლო წლებში ურჰარტი თავის საარჩევნო ოლქში სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებდა. ცხადია, ვალში არც "მადლიერი" ამომრჩევლები რჩებოდნენ და ყოველ ჯერზე ისინიც სულ უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ხვდებოდნენ. ეს ვითარება პოლიტიკურ კიბეზე რიგითი პარლამენტარიდან მინისტრთა კაბინეტის სხდომებზე მონაწილეობის უფლებით აღჭურვილი "მთავარი შოლტის" (ბრიტანეთის პარლამენტის მმართველი პარტიის კოორდინატორი; სახელწოდება წარმოიშვა ინგლისური სანადირო ჟარგონული სიტყვიდან წიპპერინ, რაც მსხვერპლის დევნისას მეძებრებისთვის გეზის მიმცემს ნიშნავს. - მთარგმნ.) პოსტამდე მისი ასვლის კვალდაკვალ მძაფრდებოდა კიდეც. თუმცა, საყვედური ალბათ მაინც ნაკლებად ეთქმოდა, რადგან მთელ მთავრობაში მისი პოსტივით გავლენიანი ორი ათეული სხვა თანამდებობაც კი ძნელად თუ მოიძებნებოდა და მისი შესანიშნავი ოფისიც სადმე სხვაგან კი არა, თავად პრემიერ-მინისტრის ოფისის გვერდით, დაუნინგ-სტრიტის 12-ში იყო განთავსებული.

თანამდებობისა და მისგან მომდინარე პრივილეგიების მორგება-შერგებასთან ერთად, ფრენსის ურჰარტი რეალობასაც ყოველთვის უსწორებდა თვალს და, ამიტომაც, კარგად უწყოდა, რომ საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე "მთავარი შოლტის" თანამდებობაზე ყოფნა მინისტრთა კაბინეტის სრულფასოვან წევრობას მაინც არ ნიშნავდა. მის დაქვემდებარებაში ხომ არც სოლიდური სამინისტრო იყო და არც სხვა რომელიმე ისეთი სახელმწიფო სამსახური, რომლის სრულფასოვანი მართვისა და, შესაბამისად, თავის გამოჩენის საშუალებაც პირველ რიგში, თავადვე ექნებოდა. ის კი არა და, "მთავარი შოლტის" წინაშე ლამის სრულიად საპირისპირო ამოცანაც კი იდგა, რომლის გამოც წინა პლანზე ყოფნა, საჯარო განცხადებების კეთება და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუების ჩამორიგება საერთოდაც ეკრძალებოდა. ამ ყველაფრის ნაცვლად კი დღენიადაგ მუხლჩაუხრელი და, რაც მთავარია, სრულიად შეუმჩნეველი, კულისებს მიღმა საქმიანობა მოეთხოვებოდა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ იყო, რომ "გელაპის" გამოკითხვის შედეგებით, მათი რაოდენობა, ვისაც ურჰარტის გვარის გაგონებისას იმის თქმაც უცბად შეეძლოთ, თუ ვისზე იყო საუბარი, ერთ პროცენტსაც კი არ აღემატებოდა.

"მთავარი შოლტი" პარტიაში დისციპლინაზე და, პირველ რიგში, კენჭისყრის მიმდინარეობისას ამ პარტიიდან არჩეული პარლამენტარების ასპროცენტიანი დასწრებისთვის იყო პასუხისმგებელი. უფრო მეტიც - ნებისმიერ დროს, პარლამენტის წევრების დასწრების უზრუნველსაყოფად, მისთვის იმის ზუსტი ცოდნაც აუცილებელი იყო, თუ როდის სად შეიძლებოდა მათი პოვნა, ვის ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა და, შესაბამისად, ვის ვისთან შეიძლებოდა, იმ მომენტში სძინებოდა, ხმის მისაცემად საკმარისად ფხიზლები თუ იქნებოდნენ და რომელიმე პირადი პრობლემა მათ საქმიანობასა და პარლამენტის გამართული მექანიზმის ფუნქციონირებაზე ხომ არ აისახებოდა.

ვესტმინსტერში მსგავსი ინფორმაციის ფლობა ძალაუფლების ფლობის ტოლფასია. ამიტომაც იყო, რომ მდგომარეობით საკმაოდ მაღლა მდგომმა რამდენიმე კოლეგამ და მათი პარტიიდან არჩეულმა ბევრმა რიგითმა პარლამენტარმა საკუთარი მდგომარეობა სწორედ "მთავარი შოლტის" ოფისის, უფრო კონკრეტულად კი - ურჰარტის მიერ მათ პრობლემებში სწრაფად და სწორად გარკვევისა და საჭიროების შემთხვევაში მათი სათანადოდ მიჩქმალვის წყალობით შეინარჩუნეს. თუმცაღა, პრობლემების და, მით უმეტეს, ცოდვების მიჩქმალვა მათ დავიწყებას და პატიებას როდი ნიშნავდა. უფრო მეტიც - თვით მიჩქმალვაც კი მხოლოდ მაშინ თუ ხდებოდა, როცა ამას "მთავარი შოლტი" და კიდევ ათი "უმცროსი შოლტი" ჩათვლიდნენ საჭიროდ, მაგრამ თუ მათ სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდათ, მაშინ საზოგადოება უთუოდ ზედმიწევნით ოსტატურად აგორებული სკანდალის მომსწრე ხდებოდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

(ფრაგმენტები რომანიდან) მოამზადა რუსუდან ლებანიძემ