წიგნების ეკრანიზაციები და 2-კაციანი გახმოვანება - გზაპრესი

წიგნების ეკრანიზაციები და 2-კაციანი გახმოვანება

მსახიობ ზურა გორგაძეს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ძალიან უყვარს. მიაჩნია, რომ ქართველმა წიგნების კითხვა ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებით უნდა დაიწყოს. მისი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ნოდარ დუმბაძის წიგნები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თან, საშუალება გაქვთ, წაკითხული ნაწარმოების ეკრანიზაციაც ნახოთ, წიგნი და ფილმი ერთმანეთს შეადაროთ...

- ჩემს ცხოვრებაში წიგნს ადრეულ ასაკში და თუნდაც, რამდენიმე წლის წინ უფრო დიდი ადგილი ეჭირა, ვიდრე ახლა. ისეთი პროფესია მაქვს, რომ სხვადასხვა ფილმისა თუ სერიალის გახმოვანებისას, დღეში 500-1000 გვერდის წაკითხვა მიხდება. თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს და ეს თავის მართლებაში არ ჩამითვალოთ (იცინის). უბრალოდ, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარს სცდება, რომ შინ გვიან დაბრუნებულმა ვიკითხო. მართალია, კარგა ხანია, რაც წიგნებთან "მეგობრული" დამოკიდებულება აღარ მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნი არ მიყვარს. მოგეხსენებათ, ბავშვობაში კითხვა, გარკვეულწილად, ჩვენი მოვალეობაც არის. ხშირად მშობლები, მასწავლებლები ადამიანის ცნობიერების ამაღლებაზე დიდად მოქმედებენ: მშობელმა - სახლში, მასწავლებელმა კი - სკოლაში სწორი მიმართულება უნდა მოგცეს. ბავშვობაში წიგნის კითხვა გვეზარება, მაგრამ თან, ვიცით, რომ აუცილებელია. ფერად სურათს გვიხატავენ, რომ "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების". სიტკბოს პერსპექტივად ვხედავთ და ნელ-ნელა კითხვა გვიყვარდება... სკოლის სავალდებულო და კლასგარეშე ლიტერატურის გარდა, იყო რაღაცები, რასაც ჩემი სიამოვნებისთვის ვკითხულობდი, რასაც მეგობარი მათხოვებდა ან თავად ვიპოვიდი... ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ფერადი ბავშვობა მქონდა. კარგია, როცა ადამიანი კითხულობ, შენი ფერებით ხატვას იწყებ და შენს სამყაროს იქმნი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ლამაზი პროცესია. შენ ხარ რეჟისორიც, მსახიობიც, ავტორიც... წიგნით სხვა სამყაროში გადასვლა შეგიძლია: ეს უსულო საგანი - წიგნი, რომელსაც სინამდვილეში ძალიან დიდი სული აქვს, ხელში გიჭირავს, კითხულობ და შენთვის იცინი, ტირი, მოიწყენ, გიხარია...

- რომელმა წიგნმა აგატირა?

- ათასი რაღაც მომდის თავში. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და წიგნის სიუჟეტი ჩემზე მოქმედებს. მახსოვს, ბავშვობაში "ოთარაანთ ქვრივის" წაკითხვისას ბევრი ვიტირე. ასევე, "მაგდანას ლურჯას" გამოც მოწყენილი ვიყავი და წიგნში მოთხრობილ უსამართლობაზე ვფიქრობდი. კიდევ, ჩემზე შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილმა" ძალიან იმოქმედა. ჩემი აზრით, არც ერთი მოთხრობა, პიესა, ნაწარმოები რაღაც კონკრეტულზე არ არის დაწერილი. ბუმბერაზი ავტორები ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზე წერენ...

- დაგვისახელე პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც წასაკითხად დამოუკიდებლად შეარჩიე.

- თუ არ ვცდები, "დორიან გრეის პორტრეტი". ამ წიგნის ყდამ დამაინტერესა (იცინის). თან, ნაწარმოების მოკლე აღწერაც ეწერა. დავინტერესდი და წავიკითხე. ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მარკესის "მარტოობის ასი წელიწადიც" დიდი ხნის წინ წავიკითხე. ისეთ წიგნებს ვირჩევდი, რაც ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ კიდევ უფრო მეტს ვკითხულობდი. როგორც აღვნიშნე, ამ დროს მნიშვნელოვანია, პედაგოგმა სწორი მიმართულება მოგვცეს. ვიცით, რომ გასულ წლებში, მასწავლებლებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან სხვანაირი დასკვნები გამოჰქონდათ - თავის დროზე, მათ სხვაგვარად ჰქონდათ ნასწავლი. ამის გამო, კონფლიქტურ სიტუაციაში ბევრჯერ აღმოვჩენილვარ...

- შეგიძლია, მაგალითი მოგვიყვანო?

- ვიტყვი, მაგრამ შეიძლება, მერე ინკვიზიციას გადამცენ (იცინის). მაგალითად, მოთხრობა, რომელთან დაკავშირებითაც ერთ ადამიანს ვედავებოდი, სარწმუნოებრივი ხასიათის გახლავთ. სხვათა შორის, როცა ჩემი აზრი გამოვხატე, პედაგოგს ჩაეღიმა, - მივხვდი, აშკარა იყო, ისიც ჩემსავით ფიქრობდა...

- რომელ ნაწარმოებს გულისხმობ - "შუშანიკის წამებას"?

- "შუშანიკის წამებასთან" დაკავშირებითაც იყო ისეთი დასკვნები, რასაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში, "აბო თბილელი" ვიგულისხმე. მოდი, ამ თემებს ნუ შევეხებით, რადგან რელიგია ყველა ადამიანისთვის ინტიმური თემაა და შეიძლება, მითქმა-მოთქმა მოჰყვეს... შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლისას, წიგნების კითხვა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, ვალდებულებაც იყო - მსახიობი ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამ დროს მხოლოდ კი არ კითხულობ, ნაწარმოების ხასიათს სწავლობ. ცდილობ, მის სიღრმეებში ჩახვიდე და მხოლოდ ტექსტის მონა არ იყო. უამრავ რამეს გავეცანი - კლასიკურ ნაწარმოებებსაც და თანამედროვე ავტორების ნამუშევრებსაც.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თუ გაგიხმოვანებია?

- ძალიან ბევრი.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რომელია?

- ართურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი". შერლოკ ჰოლმსი ჩემთვის ძალიან საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი და კინოგმირია. მან ეკრანებს არა მარტო მე, არამედ მთელი მსოფლიო მიაჯაჭვა.

- თავად შერლოკ ჰოლმსს ახმოვანებდი თუ ფილმის სხვა გმირს?

- ძირითადად, საქართველოში 2-კაციანი გახმოვანებაა ხოლმე: 1 კაცი ფილმის ყველა გმირ მამაკაცს ახმოვანებს (ხმის თამაშით, შეცვლით), ქალი - ყველა ქალს... კიდევ, ჩემი ძალიან საყვარელი კინოეკრანიზაციაა "დიდი გეტსბი". ამ ფილმის და ლიტერატურული ნაწარმოების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. სხვათა შორის, "დიდი გეტსბის" ეკრანიზაციის ძველი ვერსიაც არსებობს და ქართულად ისიც მე გავახმოვანე. ორივე ვერსია კარგია, მაგრამ ახლებური უფრო ფერადი, ხალისიანი, თანამედროვეა... ზოგი ადამიანი წიგნს იმიტომ კითხულობს, რომ კითხვა მოენატრა. მე უამრავ ფილმს, სერიალს ვახმოვანებ და ამის გამო, ჩემს ტვინში იმდენი ფუჭი ინფორმაცია ხვდება, რომ "ნაგვის ყუთი" ავსებული მაქვს - სასწრაფოდ გათავისუფლება სჭირდება (იცინის). კითხვის მიმართ შინაგანი მოთხოვნილება აღარ მაქვს: ფილმებს თან ვუყურებ, თან - ვკითხულობ, რაც გარკვეულწილად, წიგნის კითხვის შიმშილს მიკლავს...

- რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანია?

- წიგნის პირველ, შუა და ბოლო 2 გვერდს რომ წაიკითხავ, ნაწარმოებზე წარმოდგენა შეგექმნება. თუნდაც, პირველი 2 გვერდის წაკითხვით, ავტორის წერის მანერით, სიუჟეტის დაწყების მეთოდით უკვე გასაგებია, რომ "ეს ის არ არის". თან, ყველა წიგნს გარკვეული აღწერა მოჰყვება. შესაბამისად, ექსპერიმენტების დრო არც მაქვს...

- წიგნი წაგიკითხავს, მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ საზოგადოებაში სიტყვა გეთქმოდეს?

- არა, საერთოდ, მოდას აყოლილი არ ვარ. ისეთი ტიპი არ გახლავარ, რომ ჩემი განათლების, ცოდნის საზოგადოებაში აფიშირება მოვახდინო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უცბად, 20 ნაწარმოების სახელწოდებას "მოიქნევენ", რაღაცების ციტირებას ახდენენ. ეს, ცოტა არ იყოს, მეპათეტიკურება.

- რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონს?

- კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები სიმღერასავით იკითხება. წინადადებების საოცარი წყობა აქვს და ზუსტად ეს მხიბლავს. ძალიან "გემრიელად" იკითხება. ჩემი აზრით, მისი შემოქმედება საოცარი, გრანდიოზული მუსიკალური ნაწარმოებია, რომელსაც მიჰყვები და "ნოტებში" ცურავ...

- საკუთარ თავს რომელ პერსონაჟს ამსგავსებ?

- სხვადასხვა პერსონაჟს სხვადასხვა თვისებით ვგავარ.

- მაშინ, შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი პერსონაჟი ვინ არის?

- ჟანა დ"არკი: იმიტომ, რომ ქალია; იმიტომ, რომ სხვა ეპოქაში ცხოვრობდა და მაშინ ქალებს სხვა უფლებები ჰქონდათ; მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც სხვაგვარი იყო; რელიგიური მოტივიც ბევრია, მაგრამ პერსონაჟი ინკვიზიციის ჯოჯოხეთური წყობის წინააღმდეგ რომ ილაშქრებს, ეს ყველაზე დასაფასებელია.

- თანამედროვე ქართველ მწერლებზე რას გვეტყვი?

- ვაღიარებ, კარგა ხანია, არაფერი წამიკითხავს და არც რომელიმე წიგნის კითხვა მაქვს დაწყებული. ისე, თანამედროვე ქართველი მწერლებიდან დოჩანაშვილის შემოქმედება მიყვარს და ვაფასებ. სხვათა შორის, გიორგი კეკელიძეც კარგად წერს. სიმართლე გითხრა, მისი მხოლოდ "გურული დღიურები" წავიკითხე. იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, რაც არ წამიკითხავს.

ეთო ყორღანაშვილი