დააბრუნეთ სკოლაში ფსიქოლოგი! რატომ იკლავდა თავს ცამეტი წლის გოგონა? - გზაპრესი

დააბრუნეთ სკოლაში ფსიქოლოგი! რატომ იკლავდა თავს ცამეტი წლის გოგონა?

ორიოდე კვირის წინ, ქალის განწირულმა კივილმა შეძრა სამეზობლო და როცა მივხვდით, საიდან მოდიოდა ხმა, ყველანი მისაშველებლად გავიქეცით...

ცამეტი წლის გოგონას, ყველასათვის საყვარელ და ულამაზეს ნინუცას, ყელში მამის ტყავის ქამარი წაეჭირა და ფანჯრის გისოსზე ჩამოკიდებულს, უკვე ქაფი გადმოსდიოდა პირიდან...

დატრიალდნენ კაცები და საბედნიეროდ, დროზე მიეშველნენ ბავშვს, რომელმაც საკუთარ თავს ასეთი განაჩენი გამოუტანა. "სასწრაფო დახმარებაც" დროზე მოვიდა. ნინუცამ თვალები გაახილა და შვებით ამოვისუნთქეთ. ამასობაში, ექიმების მიერ გამოძახებული პოლიციელებიც მობრძანდნენ და გოგონასგან მარტივ შეკითხვებზე პასუხების მიღება სცადეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ: გაყინული მზერით, ერთ წერტილს მიშტერებული მოზარდი პირს კი აღებდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ექიმებმა მანქანაში ჩასვეს და ბავშვთა საავადმყოფოსკენ გააქანეს. დაგვაიმედეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მისი დუმილი და გათიშვა კი ჟანგბადის უკმარისობით ახსნეს: ტვინი ჯერ კიდევ "ვერ მოსულა აზრზე", მაგრამ მედიკამენტებით დავეხმარებით. იმედია, ყელში წაჭერილ ქამარს ხმის იოგები არ დაუზიანებიაო (მაპატიონ ექიმებმა, თუ ზუსტად ვერ გადმოვეცი მათი სიტყვები)!

საბედნიეროდ, ნინუცა მეორე დღესვე დაბრუნდა სახლში და უკვე სკოლაშიც დადის. არადა, თვითმკვლელობის მიზეზად თანატოლებთან კონფლიქტი დაასახელა: მეგობარმა გოგონამ პირველ სიყვარულთან დაკავშირებული საიდუმლო არ შეუნახა. სიყვარულის ობიექტმა კი, მართალია, უწყინრად, მაგრამ მაინც დასცინა. ბიჭი, რომელიც მეთორმეტეკლასელია, ახლა ძალიან ნანობს თავის საქციელს. არადა, ერთი შეხედვით, არაფერშია დამნაშავე:

ნიკა, ჩვიდმეტი წლის:

- მართალია, ერთ სკოლაში ვსწავლობთ, მაგრამ ვიდრე მასზე არ მითხრეს, რომ მოვწონდი, არასოდეს შემიმჩნევია. ჯერ ერთი, სხვადასხვა სართულზეა ჩვენი კლასები - უფროსკლასელები მეოთხე სართულზე ვართ, მერვეკლასელები კი - მესამეზე და შეხებაც არ გვაქვს. არ ვიცი, როდის და როგორ მოასწრო ჩემი შეყვარება. მისი კლასელი ჩემი მეზობელია და იმან მითხრა: ნინუცას შენზე აბოდებს. ამბობს, რომ თავს მოიკლავს, თუ სხვასთან დაგინახავსო... ინტერესის გამო ვნახე და გავეხუმრე: სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში მივდივარ. ნუ გექნება ჩემი იმედი, სხვა შეიყვარე-მეთქი... მეორე დღეს კი გავიგე, რომ თავის მოკვლა უცდია და ძალიან განვიცადე. არადა, არც ის ვიცი, რაში ვარ დამნაშავე და როგორ უნდა მოვქცეოდი პატარა გოგოს, რომლის არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი ცოტა ხნის წინ. შეყვარებულიც მყავს და როგორც კი სრულწლოვნები გავხდებით, დაქორწინებას ვაპირებთ. მშობლებიც მხარს გვიჭერენ და ერთად გვიშვებენ თბილისში, სწავლის გასაგრძელებლად; ბინაც გვიყიდეს გაერთიანებული ძალებით...

შეუძლებელია ნიკასთან პრეტენზია ჰქონოდა ვინმეს და არც პოლიციას შეუქმნია მისთვის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ გონზე მოსული ნინუცა დედას დაემუქრა, იმან კი პოლიციელებს შესჩივლა: მსაყვედურობს, რატომ გადამარჩინეთ? თუ ნიკა ჩემ გვერდით არ იქნება, მაინც არ ვიცოცხლებ თავსო...

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროფესიონალი ფსიქოლოგი თუ აუხსნის და გააგებინებს მოზარდს, რომ თავის მოკვლა არაა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. ფსიქოლოგი, რომელიც თითქმის არც ერთ სკოლაში არ არის და, როგორც ამიხსნეს, მისი ფუნქციის შეთავსება სკოლის მანდატურებს დაევალათ. დავინტერესდი და ოცამდე მანდატურს ვკითხე, აქვთ თუ არა ფსიქოლოგიური განათლება ან ჰქონდათ თუ არა რაიმე შეხება ამ სფეროსთან, ვიდრე მანდატურად მუშაობას დაიწყებდნენ? ოციდან არც ერთს არ მიუღია ამ სფეროში სპეციალური განათლება. მხოლოდ სამმა მითხრა (რომლებსაც პედაგოგის დიპლომები აქვთ), რომ პირველ თუ მეორე კურსზე სწავლობდნენ ფსიქოლოგიას და იქვე დასძინეს, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის არც არავის მიუმართავს მათთვის. არადა, ნინუცას კლასელებს რომ შევხვდი, შეთანხმებულებივით შემომჩივლეს: უამრავი პრობლემა და კითხვა გვიჩნდება, რომლებზეც ვერც მშობლებთან ვლაპარაკობთ და ვერც მასწავლებლებთან. სკოლაში რომ ფსიქოლოგი გვყავდეს, კარგი იქნებოდა, - ზოგჯერ უბრალო პრობლემაც კი მტკივნეულია ჩვენთვის, როცა ვერავის ვუზიარებთო...

სხვათა შორის, რამდენიმე მშობელმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ კერძო ფსიქოლოგის მომსახურება ძალიან ძვირი ღირს და ამიტომ იკავებენ თავს მათთან მისვლისგან. არადა, გარდატეხის ასაკში ყველა მშობელს სჭირდება მათი დახმარება შვილების სწორად აღზრდის საქმეში.

P.s. გთხოვთ, დააბრუნეთ სკოლაში ფსიქოლოგები, რომლებიც შეცდომებისგან დაიცავენ მოზარდებს.

ინგა ჯაყელი