არ­თურ კო­ნან დო­ი­ლი - დე­ტექ­ტი­ვის მე­ფე - გზაპრესი

არ­თურ კო­ნან დო­ი­ლი - დე­ტექ­ტი­ვის მე­ფე

"გზის" ამ ნომრიდან, თვის განმავლობაში, მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, ჟურნალთან ერთად შეიძინოს ართურ კონან დოილის "რჩეული" 4-ტომეული, რომელიც ლეგენდარულ შერლოკ ჰოლმსზე დაწერილი მისი დეტექტივების უმეტეს ნაწილს მოიცავს ანუ - არა მარტო იმ თხზულებებს, რომლებიც ათწლეულების წინ გამოცემულა, არამედ - რომანს "შიშის ველი" - და რამდენიმე მოთხრობას, რომლებიც საგანგებოდ ამ სერიისთვის პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. ამგვარად, დეტექტივების მოყვარულებს საკუთარი ბიბლიოთეკის საუცხოო ახალი კოლექციით შევსების შანსი ეძლევათ. სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, "გზის" ფურცლებზე ართურ კონან დოილის ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ მოგვეთხრო.

ერთხელ, სახუმარო განწყობაზე მყოფმა მწერალმა, ლონდონის თორმეტი ცნობილი მსხვილი ბანკირის მისამართი შეარჩია, რომლებიც განსაკუთრებულად დადებითი რეპუტაციით სარგებლობდნენ, და თითოეულ მათგანს გაუგზავნა ტელეგრამა: "ყველაფერი გამოაშკარავდა. დაიმალეთ!" მეორე დღეს, თორმეტივე ბანკირი ლონდონიდან გაქრა...

სათავეებთან

პროფესიით ექიმი, ცნობილი ინგლისელი მწერალი - ართურ კონან დოილი მრავალი სათავგადასავლო, ისტორიული, პუბლიცისტური, ფანტასტიკური და იუმორისტული ნაწარმოების ავტორია. ის დაიბადა და გაიზარდა ირლანდიელ კათოლიკეთა ოჯახში. მამა ცოლ-შვილს არქიტექტორობითა და მხატვრობით არჩენდა. პატარა ართურის დედა სულ ახალგაზრდა, 17 წლის ქალი იყო, რომელსაც გატაცებით უყვარდა წიგნების კითხვა და ამასთან, თხრობის საოცარ უნარსაც ფლობდა. მათი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა. არ ჰყავდათ მსახური. სახლში მთელ სამუშაოს დედა ასრულებდა და იმავდროულად, შვილებსაც ესაუბრებოდა.

რადგან ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მდიდარმა ნათესავებმა მცირეწლოვანი ართურის სწავლის დაფინანსება იკისრეს. მალე, 9 წლის ართური დაწყებით სწავლებას გოდერის მოსამზადებელი სკოლის ბაზაზე შეუდგა, სადაც 7 წელი დაჰყო. ბიჭუნა იქაურ წესებს ვერ ეგუებოდა: რელიგიურ გაკვეთილებს ფიზიკური სასჯელიც ხშირად მოჰყვებოდა. ასეთი მიდგომა პატარას სიცოცხლეს უმწარებდა. შვებად მწერლობა მოევლინა. ეს კი იმაში გამოიხატებოდა, რომ დედას საკუთარი ცხოვრების დაწვრილებით ასახვას წერილობით უგზავნიდა.

შემდეგ, სწავლა სტოუნჰერსის იეზუიტურ კოლეჯში გააგრძელა. ვერც აქ სწავლამ დააჩნია მის სულს შთამბეჭდავი კვალი - სიყვარული ვერც ერთი მეცნიერების მიმართ ვერ აღეძრა. 1876 წელს სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც გადაწყვიტა, ექიმი გამხდარიყო.

ახალგაზრდა კონან დოილზე დიდი გავლენა იქონია ექიმმა ბრაიენ ჩარლზმა - ახალგაზრდა მდგმურმა, რომელიც ოთახს მათ სახლში ქირაობდა. მომავალი მწერლებიდან, ვისაც აქვე გაეცნო, იყვნენ: ჯეიმს ბარი და რობერტ ლუის სტივენსონი.

ართურის ლიტერატურული დებიუტი მესამე კურსზე სწავლისას შედგა. მისი პირველი მოთხრობა - "სესასის ველის საიდუმლო" უნივერსიტეტის ჟურნალში დაიბეჭდა. უფრო მსხვილ გამოცემაში კი მისი მეორე თხზულება გამოაქვეყნეს.

სწავლის დროს, ართური მეაფთიაქედ და სხვადასხვა ექიმის თანაშემწედაც მუშაობდა, საიდანაც გამომუშავებულ თანხას ოჯახში - თავისი შვიდი და-ძმის შესანახად გზავნიდა. 1880 წელს ეკიპაჟის ექიმად ვეშაპმჭერი გემის - "იმედის" ბორტზე, ორი წლის შემდეგ კი ხომალდ "მაიუმბაზე" მუშაობდა. 1881 წელს, უნივერსიტეტი დაასრულა, ექიმის დიპლომი და ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

მწერლობა, როგორც

არჩევანი

1891 წლის მაისში, ართურ კონან დოილისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა: ის გრიპის მძიმე ფორმით დაავადდა და რამდენიმე დღის მანძილზე სიკვდილის პირას იმყოფებოდა. როცა ავადმყოფობამ უკან დაიხია, გააცნობიერა, რომ მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობა სურდა. საკუთარი ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად, საცხოვრებლად ლონდონში გადაბარგდა. 1884 წლიდან მოყოლებული, საკუთარ თავს უკვე სხვადასხვა ჟანრში ცდიდა და ნაწარმოებებს ერთიმეორეს მიყოლებით წერდა. 80-იანი წლების დამლევს, გართობის მიზნით, სცადა დაეწერა პირველი დეტექტიური მოთხრობები მოყვარულ გამომძიებელ - შერლოკ ჰოლმსზე. საოცარია, მაგრამ ამ ნაწარმოებებმა მაშინვე დიდი ინტერესი პოვა მკითხველში. ავტორი უამრავ წერილს იღებდა, რომლის ადრესატიც სწორედ გამომძიებელი ჰოლმსი გახლდათ. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს არა გამოგონილი პერსონაჟი, არამედ - რეალური ადამიანი იყო.

მართლაც, ამ პერსონაჟს საკუთარი პროტოტიპი ნამდვილად ჰყავდა - ედინბურგის ქალაქის სამეფო საავადმყოფოს ქირურგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ჯოზეფ ბელი, რომელსაც ცნობილ ექიმთა მთელი პლეადა ჰყავდა გამოზრდილი. მათ რიგს ართურ კონან დოილიც მიეკუთვნებოდა. პროფესორი არა მარტო შესანიშნავი ქირურგი, არამედ დიდი დაკვირვების უნარის მქონე ადამიანიც იყო. სწორედ მან მისცა დასაბამი ჰოლმსის დედუქციურ მეთოდს. თავისი გმირისთვის სახელის შერჩევა კონან დოილს არ გასჭირვებია. იმ დროს კრიკეტის ცნობილი მოთამაშის - შერლოკის სახელს მწერალმა ამერიკელი ექიმის, ოლივერ უენდელ ჰოლმსის გვარი დაუკავშირა; გამომძიებლის ერთგულ თანამგზავრს - დოქტორ უოტსონს გვარი ბეიკერ-სტრიტზე მცხოვრები რეალური დანტისტისა მისცა.

რადგანაც კონან დოილი ძალიან უფრთხოდა "ერთი პერსონაჟის მწერლად" ქცევას, 1893 წელს საკუთარი გმირი "მოაკვდინა". მკითხველებზე ამან შოკის მომგვრელად იმოქმედა: მწერლის გადაწყვეტილებას უამრავი ადამიანი აპროტესტებდა და შერლოკის დაბრუნებას მოითხოვდა. 1902 წელს, როცა ინგლისსა და ბურების შორის ომიდან დაბრუნდა (პოლკის ექიმად მსახურობდა), დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და პოპულარული პერსონაჟის "მკვდრეთით აღდგენა" გადაწყვიტა და რამდენიმე ახალი თხზულება დაწერა. 1912 წელს კონან დოილმა სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუში - "დაკარგული სამყარო" გამოსცა. მას კიდევ მრავალი ფანტასტიკური მოთხრობა და რომანი მოჰყვა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ართურს ფრონტზე წასვლა სურდა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს, რის შემდეგაც მწერალმა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ძირითადად, ომის თემაზე წერდა. მწერლის გულს ღრმა ჭრილობა მიაყენა მისი ვაჟის, დისშვილებისა და ძმის ფრონტზე დაღუპვამ. კონან დოილმა თავის უწინდელ ლიტერატურულ გარემოცვასთან ყველა ურთიერთობა გაწყვიტა. 1917 წელს სახალხოდ გაემიჯნა კათოლიციზმს, რაც სპირიტუალიზმით მისი გატაცების დასაბამად იქცა. მისი უკანასკნელი სქელტანიანი ნაწარმოები 1929 წელს გამოვიდა.

ცხოვრების ბოლო წლებში, მუდმივად ახლის ძიებაში, ართურ კონან დოილი ბევრს მოგზაურობდა. ზღვით ბევრი საინტერესო მარშრუტი მოიარა და ბევრი ქვეყანა მოინახულა. ნადირობდა ვეშაპებსა და ნიანგებზე. ყოველივე ამასთან ერთად, არც პუბლიცისტურ მოღვაწეობას ივიწყებდა.

1930 წელს, როცა უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული, თავისი უკანასკნელი "მოგზაურობა" განახორციელა: ადგა და ბაღში გავიდა, სადაც გულის შეტევა განუვითარდა. ახლობლებმა ძირს დავარდნილი იპოვეს. ხელში თეთრი ენძელა ჰქონდა ჩაბღუჯული.

დიდი მწერალი 1930 წლის 7 ივლისს, ოჯახურ გარემოცვაში გარდაიცვალა.

ირინა ჯანდიერი