ახა­ლი აღ­თ­ქ­მის ეკ­ლე­სი­ის და­არ­სე­ბა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა - გზაპრესი

ახა­ლი აღ­თ­ქ­მის ეკ­ლე­სი­ის და­არ­სე­ბა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა

მამა მაკარი:

- ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება მოხდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომიდან 50-ე დღეს, როდესაც მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმიდა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის დღე არის ახალი აღთქმის, ქრისტიანული ეკლესიის დაბადების დღე. ამ დროიდან სულიწმიდის მადლი განეშორა უკვე ძველი აღთქმის ეკლესიას და დაევანა ახალი აღთქმის - ქრისტიანულ ეკლესიაზე, რომელიც შეიქმნა მაცხოვნებელი. ძველაღთქმისეული ეკლესია ადამიანებს ამზადებდა მაცხოვრის მოსვლისთვის, მაგრამ მას არ შეეძლო ადამიანების ცხონება, ახალაღთქმისეულ ეკლესიას კი შეუძლია ადამიანების ცხონება, რადგან ძველი აღთქმის პერიოდში არ იყო გამოხსნილი ადამიანი. უფალმა ჯვარცმითა და აღდგომით გაგვიხსნა გზა სასუფევლისაკენ, სადაც მიმყვანებელი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო - მართლმადიდებელი ეკლესიაა. ეს არის უფლისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. სხვა ვერც ერთი გზით ვერ მოხვდება უფალთან ადამიანი. როგორც ვთქვით, ძველი აღთქმის ეკლესიას, რომელიც მოსეს სჯულით ხელმძღვანელობდა, კაცობრიობა უნდა მიეყვანა ახალ აღთქმამდე, მოემზადებინა მხსნელის მისაღებად. ახალი აღთქმის - ქრისტიანული ეკლესიის დანიშნულება კი ადამიანის ზეციურ სასუფევლამდე მიყვანაა. ქრისტიანული ეკლესია არის ზეციური სასუფევლის კარიბჭე და ამ კარიბჭის გარეშე ადამიანი უფალთან ვერ მოხვდება. უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრებაო ანუ გზა არის ქრისტე და ვინც ამ გზით არ მიდის, ვერ შევა სასუფეველში. ამ გზის დასაწყისი კი არის ეკლესია, ეკლესიის წევრად გახდომა, რადგან ცხონებისთვის საჭირო და აუცილებელი საიდუმლოებები მხოლოდ ეკლესიაში აღესრულება. რაც შეეხება თავად სიტყვა `ეკლესიას~, ის თავის თავში მოიაზრებს ღვთის მადიდებელ ადამიანთა კრებულს. ძველი აღთქმის ეკლესია არსებობდა ძველი აღთქმის მართალთა, მღვდელმსახურთა, მამამთავართა და წინასწარმეტყველთა სახით. ახალი აღთქმის ეკლესიას კი შეადგენს მართლმადიდებელ ქრისტიანთა კრებული - სწორედ ქრისტიანთა კრებული, ერთობაში აღიქმება ეკლესიად.

ვიცით, რომ იმ პერიოდში, როდესაც ახალი აღთქმის ეკლესია, ქრისტიანული ეკლესია დაარსდა, მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს რომის იმპერია განაგებდა. რომის იმპერიის ტერიტორიაზე იყო იერუსალიმიც, ანტიოქიაც და ალექსანდრიაც, სადაც პირველი მძლავრი ქრისტიანული კერები გაჩნდა, რომლებიც შემდგომ ადგილობრივი ეკლესიების სახით ჩამოყალიბდა... პირველად საფუძველი ჩაეყარა იერუსალიმის ეკლესიას, რამდენიმე წლის შემდეგ კი ალექსანდრიის, ანტიოქიისა და რომის ადგილობრივი ეკლესიებიც ჩამოყალიბდა...

- სულიწმიდის გარდამოსვლის შემდგომ, პირველი რამდენიმე წელიც კი, მოციქულები და პირველი ქრისტიანები ქადაგებდნენ იერუსალიმში, შემდეგ - იუდეაში, სამარეაში, გალილეაში...

- ვიდრე მოციქულები სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში დაიწყებდნენ ქადაგებას, ღვთის სიტყვა უკვე გავრცელდა რომის იმპერიის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რადგან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ადგილში მოგზაურობდნენ, მოუთხრობდნენ ადამიანებს ქრისტიანობის შესახებ და თავისთავად ხდებოდნენ ღვთის სიტყვის გამავრცელებლები. ცნობილია, რომ როდესაც სულიწმიდის გარდამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მოციქულები იერუსალიმიდან სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ ღვთის სიტყვის საქადაგებლად, ადამიანებმა უკვე იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ. მაგალითად, როდესაც პეტრე და პავლე მოციქულები რომში ჩავიდნენ, მათ იქ უკვე დახვდნენ ქრისტეს სიტყვის მიმდევრები. რაც შეეხება პირველ ადგილობრივ ეკლესიის დაარსებას, ეს იყო იერუსალიმის ეკლესია. მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომიდან 50-ე დღეს, როდესაც მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმიდა და მოციქულ პეტრეს ქადაგებით სამი ათასი კაცი მოინათლა და მოექცა ქრისტეს სჯულზე. იერუსალიმის ეკლესიის პირველ კრებულს - წევრებს, უფლის მოწაფეები - მოციქულები და პეტრე მოციქულის ქადაგებით მოქცეული იუდეველები შეადგენდნენ. შემდგომში აქედან გავრცელდა ქრისტიანული სარწმუნოება მთელ მსოფლიოში. იმის გამო, რომ განკაცებულმა უფალმა სწორედ იერუსალიმის ტერიტორიაზე გაატარა მიწიერი ცხოვრების წლები, იქვე აღესრულა, იქიდან გამოვიდნენ ქრისტეს პირველი მოციქულები და იქვე დაარსდა პირველი ეკლესია, იერუსალიმის ეკლესია იწოდება დედა ყოველთა ეკლესიათა. ადგილობრივი ეკლესიები, სწორედ იერუსალიმის ეკლესიაზე ასწორებდნენ თავიან ტიპიკონებს, რადგან ის უძველესი ეკლესიაა და ყოველთვის მიდრიკავდა ადამიანებს, რომ მიებაძათ იერუსალიმის ეკლესიისთვის. პირველი დიდი ქალაქი, სადაც მოციქულებმა იერუსალიმის შემდეგ იქადაგეს, იყო ანტიოქია. რომელ მხარესაც უნდა წასულიყვნენ უფლის მოციქულები ქრისტიანობის საქადაგებლად, გზად აუცილებლად ანტიოქია უნდა გაევლოთ, ამის გამო იქ თითქმის უფლის ყველა მოციქულმა იქადაგა. ამასთანავე, ანტიოქია ძველი ფილოსოფიის ცენტრი გახლდათ. ადამიანები განათლების მიღებისკენ იყვნენ მიდრეკილნი და ახალი სწავლების მიმართაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ამის საფუძველზე ანტიოქიაში ჩამოყალიბდა მრავალრიცხოვანი ქრისტიანული კრებული. ანტიოქია საკმაოდ დიდი ქალაქი იყო, მესამე საუკუნის მონაცემებით, ანტიოქიაში, თვითონ ქალაქში, უკვე ასი ათასი ქრისტიანი ცხოვრობდა. ანტიოქიის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერაა დაარსებული. ქრისტეს მიმდევრებსაც, პირველად სწორედ ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. ანტიოქიის ეკლესიის დაარსებას, მალევე მოჰყვა ალექსანდრიის ეკლესიის დაარსება. ალექსანდრია იყო რომის იმპერიის აფრიკული პროვინციების დედაქალაქი და უდიდესი გავლენა ჰქონდა. ვიცით, რომ ეგვიპტის ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციის კერები არსებობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ალექსანდრია დააარსა, ის წიგნიერ ქალაქად იქცა. გავიხსენოთ ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკა. ალექსანდრიაში არსებობდა მრავალრიცხოვანი ებრაული თემი და შესაბამისად იქ ქრისტეს მოძღვრების მისაღებად საკმაოდ მტკიცე საფუძველი არსებობდა... ალექსანდრიის ეკლესია დაარსებულია მარკოზ მახარებლის მიერ. მან იმდენად მტიცე საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრიაში ქრისტიანობის გავრცელებას, რომ იგი ქრისტიანობის წამყვან კერად იქცა. ალექსანდრიაში ჩამოყალიბდა კატეხიზაციის სკოლებიც, სადაც ადამიანებს ნათლისღებისთვის ამზადებდნენ. შემდეგ კი ეს სკოლები უდიდეს საღვთისმეტყველო აკადემიებად გადაკეთდა და ამ სასწავლებლიდან უდიდესი მამები გამოვიდნენ. მალევე ხდება რომის ეკლესიის დაარსებაც, თავად რომის იმპერიის დედაქალაქში. შემდგომ, ამას მოჰყვა რომის იმპერიის ფარგლებს გარეთ ქრიტეს სჯულის ქადაგება და ქრისტიანული ეკლესიების დაარსება სხვადასხვა ქვეყანაში. მოციქულებმა ფაქობრივად მთელი მსოფლიო მოიარეს ქადაგებით, დედამიწაზე არ დარჩენილა ადგილი, მოციქულებს რომ არ ექადაგათ.

- ქრისტიანობის პირველი საუკუნეები ქრისტეს სჯულის სწრაფი და მასობრივი გავრცელებით გამოირჩევა, თუმცა ეს პერიოდი ცნობილია ქრისტიანთა მასობრივი და სასტიკი დევნითაც... ათი დევნაა ცნობილი, რატომ დევნიდნენ და ავიწროებდნენ ასე ქრისტეს მიმდევრებს?

- ქრისტიანთა პირველი დევნა წამოიწყეს იუდეველებმა. თავდაპირველად ეს ხდებოდა იერუსალიმის ტერიტორიაზე. რომის იმპერიის სხვა ტერიტორიებზეც კი, ისინი იყვნენ ინიციატორები, სწორედ იუდეველები აქეზებდნენ წარმართ მმართველებს, რომ ქრისტიანები ედევნათ. იმ პერიოდში ქრისტიანთა დევნა დამოკიდებული იყო იმპერატორებზე. საერთოდ წარმართობა არ იყო შემწყნარებელი ისეთი სარწმუნოების მიმართ, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებდა, მით უმეტეს ქრისტიანობის მიმართ, რომელიც აქტიურ პროზელიტიზმს ეწეოდა, ანუ ქადაგებდა და წარმართებს მოაქცევდა ქრისტიანობაზე. თავისთავად, ეს ქმედება წარმართებს იმისკენ უბიძგებდათ, რომ ქრისტიანობა ედევნათ. ისინი ქრისტიანებს უღმერთოებს უწოდებდნენ, იმის გამო, რომ მათ სწამდათ ერთი ღმერთი და ჯვარცმულ ადამიანს სცემდნენ თაყვანს. სხვაც უამრავი მიზეზი ჰქონდათ, რის გამოც წარმართები ქრისტიანებს ვერ იტანდნენ და საკმარისი იყო ხელისუფლების მხრიდან ოდნავი ბიძგი, მასობრივად იწყებოდა ქრისტიანობის დევნა. საერთოდ, ქრისტიანთა დევნის წამოწყება ყოველთვის ხდებოდა რაიმე საბაბით - მათ ბრალს სდებდნენ ამა თუ იმ დანაშაულში და ამის საფუძველზე იწყებოდა დევნა, მაგრამ მიზეზი, რა თქმა უნდა, ქრისტიანთა მიმართ სიძულვილი გახლდათ. ზოგიერთი ხელისუფალი იყო უფრო შემწყნარებელი, არ ერეოდა სარწმუნოებრივ საკითხებში, ასეთ პერიოდში ქრისტიანები გაცილებით მშვიდობიანად და უშფოთველად ცხოვრობდნენ.

როდესაც ვამბობთ, ცნობილია ქრისტიანთა ათი დევნაო, ეს იყო მასობრივი დევნა, რომელიც სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, თორემ ქრისტიანების დევნა, წამება და მოკვდინება, პირველ საუკუნებში მეტ-ნაკლებად ყოველთვის ხდებოდა.

შორენა მერკვილაძე