მეათეკლა­სე­ლი გო­გო­ნე­ბის მი­ერ წა­მოწყე­ბუ­ლი სუ­ნა­მოს მცი­რე ბიზ­ნე­სი - გზაპრესი

მეათეკლა­სე­ლი გო­გო­ნე­ბის მი­ერ წა­მოწყე­ბუ­ლი სუ­ნა­მოს მცი­რე ბიზ­ნე­სი

51-ე სკოლის ოთხმა მეათეკლასელმა მოსწავლემ, ნინო ლომიძემ, მარიამ გიორგაძემ, გვანცა ამაღლობელმა და ნინი აფციაურმა, მცირე ბიზნესი 550 ლარით წამოიწყეს. მეგობრებმა თავად შექმნეს, შეაზავეს, დიზაინი შეურჩიეს და ჩამოასხეს სამი სახის სუნამო, რომელთა გატანასაც უახლოეს მომავალში ევროპაშიც აპირებენ. საკუთარი წარმოებისა და ბიზნესგეგმების შესახებ მეგობრები "გზას" ესაუბრნენ.

მარიამ გიორგაძე, ფინანსების დირექტორი:

- მას შემდეგ, რაც სკოლაში სასწავლო საგნად მეწარმეობა დაგვიმატეს, ჩვენი ინტერესი ამ საქმიანობამ მიიპყრო. ოთხმა მეგობარმა მინიკომპანია შევქმენით და გადავწყვიტეთ, ელექსირები შეგვექმნა, მოგვიანებით კი სუნამოს წარმოებაზე დავფიქრდით. ნედლეული, ეთერზეთები საფრანგეთიდან, ბოთლები კი ჩინეთიდან გამოვიწერეთ. პროდუქციის ჩამოსვლისთანავე სუნამოს დამზადებას შევუდექით. ნატურალური ფერები ადგილობრივ ბაზარზე შევიძინეთ და სამი სახის სუნამო შევქმენით. არაჩვეულებრივი დიზაინიც შევურჩიეთ.

გვანცა ამაღლობელი, წარმოების დირექტორი:

- შეფუთვაში 3 სხვადასხვა სახის ელექსირი შედის, რომელთა სახელები "სიყვარულის ელექსირი", "წარმატების ელექსირი" და "მატერიალური კეთილდღეობის ელექსირი" გახლავთ.

- დამზადების სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია როგორ მოიძიეთ?

- ინტერნეტის საშუალებით. ერთ თვეში 300 ბოთლი და 100 შეფუთვა დავამზადეთ. საქმის დაწყებამდე სკოლაში გამოკითხვა ჩავატარეთ, ვის როგორი სურნელი მოსწონდა. საბოლოოდ, სამი ძირითადი სურნელი შევარჩიეთ - ვარდის, ხილისა და ყვავილების.

ნინი აფციაური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი:

- პარასკევს, შაბათსა და კვირას დიდ სუპერმარკეტებში დავდივართ და ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია ხალხს ამ ფორმით გავაცნოთ. მართალია, დირექციასთან მოლაპარაკება და შეთანხმება გაყიდვის უფლების მოპოვების შესახებ საკმაოდ რთულია, მაგრამ ხშირად ნებას გვრთავენ. ჩვენი მცირე წამოწყებისთვის კი, ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. პროდუქციის დიდი ნაწილი უკვე გავყიდეთ.

- რამდენად მდგრადია ელექსირების სურნელი?

- ხუთი საათის მანძილზე გარანტირებულად მდგრადია. თუმცა, უფრო ხანგრძლივადაც ინარჩუნებს სურნელს.

ნინო ლომიძე, გენერალური და მარკეტინგის დირექტორი:

- ნინო, წარმოების გაფართოებას გეგმავთ?

- ეს მოგებაზეა დამოკიდებული, რასაც ჯერჯერობით, კარგი პირი უჩანს. გარდა ამისა, გვინდა, ჩვენი სუნამო ევროპაში გავიტანოთ. ერთ-ერთ მოლში ჩვენი სუნამო უცხოელებმა შეიძინეს. დაინტერესდნენ, დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს, სუნამო სარეალიზაციოდ საზღვარგარეთ გავუგზავნოთ. მომავალში ასევე, მამაკაცის სუნამოს წარმოებასაც ვაპირებთ, თუმცა, სამიდან ერთ-ერთი ელექსირი მამაკაცებს ძალიან მოსწონთ და ხშირად იძენენ.

- აპირებთ, მომავალში მეწარმეობას პროფესიულად დაუკავშირდეთ?

- ეს საქმე ძალიან მოგვწონს. პირადად მე ძალიან მაინტერესებს ბიზნესსფერო. სკოლას რომ დავამთავრებ, მინდა, საკუთარი ბიზნესი წამოვიწყო, რომელიც უკვე დაწყებულ საქმესაც დაუკავშირდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს.

- გარშემო მყოფები როგორ აღიქვამენ თქვენს წამოწყებას?

- ძალიან პოზიტიურად. გარდა ოჯახის წევრებისა, ვგრძნობთ მთელი სკოლის, როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების მხარდაჭერას. სხვათა შორის, ბევრი მოსწავლისთვის ჩვენი წამოწყება წახალისებად იქცა და მეწარმეობაზე ფიქრი დაიწყეს.

შორენა ლაბაძე