გრეგორი პეკისა და ქართველი ბალერინის კინოდებიუტი - გზაპრესი

გრეგორი პეკისა და ქართველი ბალერინის კინოდებიუტი

1944 წელს ეკრანზე "დიდების დღეები" გამოვიდა. მხატვრული ფილმის პლაკატებზე ლამაზი წყვილი იყო აღბეჭდილი: მგზნებარე შეყვარებულები ზოგან მჭიდროდ იკრავენ ერთმანეთს გულში, ზოგ ფოტოზე კი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს, წყვილი წამი-წამზე, მხურვალე კოცნას აჩუქებდა ერთმანეთს...

რეჟისორ ჟაკ ტერნერის რომანტიკული მელოდრამა - "დიდების დღეები" გრეგორი პეკის კინოდებიუტი გახლდათ. ასევე, პირველი როლი იყო მისი პარტნიორისთვის - თამარა თუმანოვასთვის, რომელიც ფილმში რუსი ბალერინის როლს ასრულებდა. ქალს ეკრანზე გამოჩენამდე შთამბეჭდავი სასცენო გზა ჰქონდა გავლილი. მისი დებიუტი სცენაზე 9 წლის ასაკში, პარიზის ოპერაში შედგა. საოცრად მსუბუქი მანერებისა და დახვეწილი იერის მქონე ბალერინამ, მაშინვე მიიქცია ბალეტის კრიტიკოსთა ყურადღება. XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ბალერინა და მსახიობი, ამერიკაში მცხოვრებ იმ ქართველთა შორის იყო, რომელმაც თავისი ცხოვრების 77 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა სცენასა და გადასაღებ მოედანზე...

თამარს საქართველო არასოდეს უნახავს, მაგრამ ის გორის რაიონის სოფელ ხელთუბნელი თავადი თუმანიშვილის შთამომავალი გახლდათ. დედამისი, ევგენია თუმანიშვილი რუს სამხედროს, კონსტანტინე ზახაროვს გაჰყვა ცოლად. ოქტომბრის რევოლუცია რომ ახლოვდებოდა, ცოლ-ქმარმა რუსეთიდან გაქცევა დაგეგმა და ერთი წყაროს მიხედვით, კაცი გზაში, მატარებელში დაიღუპა, სადღაც ციმბირსა და შანხაის შორის. ამგვარად, 1919 წლის 2 მარტს გაჩენილი თამარი მამით დაობლდა; ხოლო მეორე ვერსიით, კონსტანტინე გადარჩა და ცოლ-შვილთან ერთად, რამდენიმე თვე შანხაისა და კაიროს დევნილთა ბანაკებში გაატარა. თუმცა, პირველი ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს, რადგან იქვე, მატარებელში, ევგენიამ პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი, ვლადიმერ ხასიდოვიჩი გაიცნო, რომელმაც ახალნამშობიარევ ქალსა და დღენაკლულ ბავშვს უპატრონა და მოგვიანებით, თამარის მამინაცვალი გახდა.

ეგვიპტე და საფრანგეთი - ის ქვეყნებია, სადაც თამარმა პირველი ნაბიჯები გადადგა და ლაპარაკი დაიწყო. ამ დროისთვის ის უკვე დედის გვარს ატარებდა. ევგენიამ გადაწყვიტა, რომ ქალიშვილი ცნობილი რუსი ბალერინას, ოლგა პრეობრაჟენსკაიას მოწაფე გამხდარიყო და პარიზში, საბალეტო სკოლაში მიიყვანა.

13 წლის თამარ თუმანიშვილს უკვე კარგად იცნობდნენ ქორეოგრაფიულ წრეებში და მას მერე, რაც გიორგი ბალანჩივაძემ, იმავე ჯორჯ ბალანჩინმა კონტრაქტი გაუფორმა, პატარა ბალერინას შემოქმედებითი გზა კიდევ უფრო გააქტიურდა. ქორეოგრაფმა ბალანჩინმა მცირეწლოვანი ბალერინებისთვის სპეციალური ნომერიც დადგა, სადაც თამარა ორ რუს ემიგრანტ გოგონასთან ერთად ცეკვავდა და იმ დროისთვის "ბეიბი ბალერინები" ძალიან პოპულარულები იყვნენ.

1932 წელს, ჯორჯ ბალანჩინმა თამარისთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში - "ჩოტტილონ", რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა.

ბალანჩინისავე რჩევით, თუმანიშვილმა გვარ-სახელი შეიმოკლა და მას შემდეგ, აფიშებსა თუ სხვა დოკუმენტებში, თამარა თუმანოვას გვარ-სახელით იწერებოდა. მისივე რეკომენდაციით, 20 წლის ბალერინა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც მალე შეამჩნიეს ჰოლივუდის პროდიუსერებმა და რეჟისორებმა. იმავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო ბროდვეის მიუზიკლში - "shtars in your eyes" და დაიწყო ტურნე მსოფლიოს გარშემო. მსოფლიო ტურნეში და მანამდეც, თამარას მუდამ თან ახლდა დედა. მშობლიური მზრუნველობის გარდა, ის ქალიშვილის მენეჯერის ფუნქციებსაც ითავსებდა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში წასვლამდე, თამარას საფრანგეთში დიდი პროფესიული აღმავლობა ჰქონდა და იმ დროისთვის ცნობილ საბალეტო დასებთან ერთად ცეკვავდა ისეთ სცენებზე, როგორიცაა: პარიზის "გრანდ ოპერა", მილანის "ლა სკალა", ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერა" და ა.შ. მის რეპერტუარში კლასიკურის გარდა, თანამედროვე ბალეტებიც შედიოდა.

ქართული წარმომავლობის მოცეკვავეს სხვადასხვა მეტსახელს ეძახდნენ, მაგრამ ვინაიდან იმ დროისთვის საქართველო რუსეთთან განუყოფლად მოიაზრებოდა, თამარას "რუსული ბალეტის შავი მარგალიტი" შეარქვეს.

მასზე წერდა მსოფლიო პრესა. რამდენჯერმე ისეთი გავლენიანი ჟურნალების გვერდებზე მოხვდა, როგორიცაა: "ვოგი" და "ლაიფი".

იმ წელს, როცა "დიდების დღეების" პრემიერა გაიმართა, თამარა თუმანოვა ამერიკის მოქალაქე გახდა.

იმავდროულად, დადიოდა ჭორები გრეგორი პეკისა და თამარას რომანზე, მაგრამ ისინი მხოლოდ ეკრანული პარტნიორები იყვნენ და მეგობრობდნენ. ხალხმა ჭორაობა მაშინ შეწყვიტა, როცა თუმანოვა 1944 წელსვე, კინოპროდიუსერსა და სცენარისტ ქეისი რობინსონზე გათხოვდა. თუმცა, მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ათი წლის შემდეგ განქორწინდნენ (შვილი არ ჰყოლით). ცნობილია ისიც, რომ თამარას მიმართ სიმპათია ჯორჯ ბალანჩინსაც ჰქონდა და ცოლობაც სთხოვა, მაგრამ დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო თუ სხვა მიზეზით, ეს კავშირი არ შედგა.

თამარა ამერიკაში ცხოვრების პერიოდში წამყვან საბალეტო დასებთან თანამშრომლობდა. 1950 წელს "გრანდ ოპერის" დასთან ერთად, სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა. ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ კი პარიზის თეატრის პრიმა-ბალერინა გახდა და პარიზელ მაყურებელს კვლავ მოევლინა, როგორც ოდეტა-ოდილიას, ფედრას და ჟიზელის დაუვიწყარი შემსრულებელი.

პირველი მხატვრული ფილმის შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; მათ შორის, ბალერინა ანა პავლოვას სახე შექმნა ფილმში - "ამ საღამოს ვიმღერებთ" და აღმოჩნდა ისეთი ცნობილი რეჟისორის ფილმში ("დახეული ფარდა"), როგორიც ალფრედ ჰიჩკოკია. ასევე ითანამშრომლა რეჟისორ ბილი უაილდერთან ფილმზე - "შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება".

თამარ თუმანიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები საკუთარ სახლში, ბევერლი ჰილზში გაატარა. გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარებოდა და ერთ-ერთი საბალეტო სკოლისთვის გადაეცათ. 1996 წელს ის დედის, ევგენია თუმანიშვილის გვერდით, ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ანა კალანდაძე