გო­ნი­ე­რი ბარ­ლი და "ნამ­დ­ვი­ლი ქა­ლი" - გა­ბი - გზაპრესი

გო­ნი­ე­რი ბარ­ლი და "ნამ­დ­ვი­ლი ქა­ლი" - გა­ბი

მსახიობ გოგა გველესიანსა და ოქროსფერი რეტრივერის ჯიშის 4-წლინახევრის ბარლის, იგივე ბარლიტოს, საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. სიყვარულის გარდა, გონიერმა ბარლიმ გოგასგან პატივისცემაც დაიმსახურა და მსახიობმა ოთხფეხა მეგობარს "საცოლე" მოჰგვარა... სიმართლე გითხრათ, ძაღლებთან გოგას ურთიერთობის ამსახველი ყველა ამბის ერთ ინტერვიუში მოქცევა რთულია - ეს ის შემთხვევაა, როცა ჟურნალისტს გინდა, რესპონდენტს უსასრულოდ უსმინო, როგორი სიყვარულით საუბრობს ცხოველებზე...

- ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ძაღლი მყავდა. დედაჩემმა მითხრა, - მეტი ძაღლის სიკვდილს ვერ გადავიტან. როცა ცოცხალი აღარ ვიქნები, მერე თუ გინდა, იყოლიეო. დედის გარდაცვალებიდან 3-4 წლის შემდეგ გადავწყვიტე, ოქროსფერი რეტრივერის ჯიშის ძაღლი მყოლოდა, რომელიც მაშინ საქართველოში არ იყო. ნუცა ბუზალაძის ოჯახის დახმარებით, ლეკვი სლოვაკეთიდან ჩამომიყვანეს. სხვათა შორის, მეგონა, მის საყიდლად, მიუზიკლ "ქეთო და კოტედან" მოგროვებული გარკვეული თანხა - 500 დოლარი მეყოფოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოქროსფერი რეტრივერის ჯიშის ლეკვი ძალიან ძვირი ღირს. ბანკიდან ვალის აღება დამჭირდა. მოკლედ, ბარლი ძალიან ძვირად ჩამოვიყვანე, მაგრამ ოცნება ავიხდინე.

- რითი მოგხიბლათ ძაღლის ამ ჯიშმა?

- ფილმში - "ფლუკი" ოქროსფერი რეტრივერის ჯიშის ძაღლი თამაშობს. წინათ, ამ ჯიშის არსებობის შესახებ არ ვიცოდი და ვამბობდი, - გრძელბეწვიანი ლაბრადორია-მეთქი. სხვადასხვა ჯიშის ძაღლი მყავდა. ბოლო მეტისი იყო, რომელიც ძალიან ჭკვიანი გახლდათ, მაგრამ ბარლიმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: როცა ჩამომივიდა, 3 თვის ხდებოდა. სახლში არ ისაქმებდა. ძალიან დამჯერი და გონიერია. მისთვის თქმაც არ მჭირდება - ყველაფერს ხვდება. ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ საყვედური არ დაიმსახუროს. ამის გამო, უკვე გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ. დილით არ მაღვიძებს. მანამდე ითმენს, ვიდრე მძინავს. ჩემი "დილის პროცედურა" - დაბანა, კბილების გახეხვა, საუზმე - იცის. კონტაქტში ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ შემოდის. დაახლოებით, 12-1 საათზე სასეირნოდ გავდივართ. სეირნობა 45 წუთს მოიცავს. ბარლის თავისი მეგობრები ჰყავს - საღამოობით, ალექსანდრეს ბაღში ვიკრიბებით, 10-ის ნახევრიდან 11 საათამდე იქ ვართ. ასეთი რეჟიმის გამო, მეგობრები მსაყვედურობენ, - შენ ძაღლი არჩიე და დაგვკარგეო. ბარლი ამ ყველაფერს იმსახურებს. მეგობრების დაბადების დღეებზე გვიან ან ადრე მისვლა და მალევე წამოსვლა მიხდება. როდესაც სპექტაკლები მაქვს, ბარლის ის დღე "ჩავარდნილი" აქვს, სხვა გამოსავალი არ მაქვს. სახლთან ახლოს, ეზოში გამყავს ხოლმე... მივხვდი, რომ ამ ჯიშის ძაღლს ხალხმრავალი ოჯახი განსაკუთრებულად უყვარს. ამაში შევცდი - ვერ გავითვალისწინე, რომ მარტო ვიყავი. გადავწყვიტე და მოსკოვიდან ძუ ლეკვი ჩამოვიყვანე (ამისთვისაც ვალი ავიღე). ახლა ბარლი მარტო აღარ არის - მეგობარი ჰყავს, რომელსაც, როცა ლეკვი გაიზრდება, ცოლად შეირთავს და ოჯახი ექნებათ. ასე დაიმსახურა ბარლიმ "ცოლი". ამ "გოგოს" გაბი ჰქვია. ძალიან ლამაზია. ნამდვილი "ქალია": ორივენი - მეც და ბარლიც კუთხეში მიგვაყენა. თავისი წესები აქვს, მაგრამ ვცდილობთ, ნელ-ნელა ჩვენს წესებზე გადმოვიყვანოთ.

- ბარლის სხვა "ცოლი" ხომ ჰყავს?

- პირველი - თურქეთიდან ჩამოყვანილი ულამაზესი "ცოლი" შარშან "მოიყვანა", რომელთანაც 7 შვილი ეყოლა. მათგან ერთი ნიუ-იორკში წავიდა, 2 - ბაქოში, დანარჩენი - თბილისში. პირველ მაისს, სხვა ცოლისგან 10 შვილი ეყოლა.

- ანუ თქვენი მეგობარი "ორცოლიანია"?

- "ორცოლიანია", მაგრამ ალბათ, მესამეც "გვეყოლება" და ამასობაში, გაბიც წამოიზრდება - მეოთხე "ცოლი" იქნება. თან, რაც მთავარია, ბარლი საქართველოს ორგზის ჩემპიონი ანუ გრან-ჩემპიონია - ჩემპიონთა კლასი უკვე დავხურეთ. შესაბამისად, ბარლის "ცოლობა" და შვილობა უკვე დიდი პრესტიჟია.

- ბარლი პირველ და მეორე "ცოლებთან" ურთიერთობს?

- კონტაქტი მხოლოდ შეჯვარების დროს ჰქონდათ, რადგან მოშორებით ცხოვრობენ. შემდეგ, ლეკვები რომ დაიბადნენ და სანახავად მივედით, ბარლიმ ყველა ლეკვი სათითაოდ გალოკა. თან, წკმუტუნებდა - ტიროდა, ბედნიერი იყო... მიხვდა, რომ თავისი შვილები იყვნენ. მოლის (ბარლის "ცოლის") პატრონები ლამის გაგიჟდნენ!.. ბარლის ლეკვებს დღემდე ვნახულობთ და ურთიერთობის გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებთ.

- ძაღლებთან თქვენი მეგობრობა როგორ დაიწყო?

- მეექვსე-მეშვიდე კლასში ვიყავი. კლასელმა თქვა, - ჩემმა მეზობელმა ძაღლი გააგდო და რა ვქნაო? - მომიყვანე-მეთქი, - ვუთხარი. ტიბეტური ტერიერი სახლში მოვიყვანე. დედაჩემი უნივერსიტეტში მუშაობდა. სანამ ლექციებიდან დაბრუნდებოდა, ჭუჭყიანი ძაღლი დავბანე, გავასუფთავე და დავახვედრე. თავდაპირველად, დედამ პირობა ჩამომართვა, რომ ძაღლი ჩვენთან მხოლოდ 5 დღით დარჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ, დარჩა და დარჩა...

- სავარაუდოდ, იმ 5 დღეში ძაღლმა დედას თავი შეაყვარა და მანაც გასაშვებად ვეღარ გაიმეტა?

- არა, დედას ცხოველები ისედაც უყვარდა. უბრალოდ, ეტყობა, იმაზეც იფიქრა, რომ ძაღლს მოვლა-პატრონობა უნდოდა... შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი ძაღლი - რინგო ფრანგულ "ბალონკასთან" შეჯვარდა. ვიდრე ლეკვები დაიბადებოდნენ, ერთხელ ახლობელს სახლთან ველოდებოდი - ჩემი ბინა არ იცოდა. უცბად ჩემი ძაღლი დიდმა ავტომობილმა გაიტანა - თავზე გადაუარა. ძაღლი ჩემთან მოვიდა, თათი ფეხზე ჩამომისვა. ხელში ავიყვანე და სული დალია... დედამ ეს ამბავი ძალიან განიცადა, ინერვიულა... შემდეგ ისე მოხდა, რომ სასწრაფოდ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს, ნარკოზი არ გავიკეთე - მეშინოდა. ოპერაციის მერე, დედამ მკითხა, - როგორ ხარო? - კარგად ვიქნები, თუ რინგოს შვილს დავიტოვებთ-მეთქი. "ბალონკის" და რინგოს შვილი დავიტოვეთ. პისი დავარქვით. 13 წელი გვყავდა. ბოლოს ეტყობოდა, უკვე ვეღარ ხედავდა. ზაფხული იყო. წყნეთში ავდიოდი, თბილისში მყოფ დედას შევუარე. ვუთხარი, - დედა, პისიმ ისე შემომხედა, თითქოს საბოლოოდ დამემშვიდობა. რაღაც არ მომეწონა, ყურადღება მიაქციე-მეთქი... წყნეთში ასულს დედამ დამირეკა: - გოგა, პისი გაქრა. როგორც კი მანქანაში ჩაჯექი, მივიხედე და აღარ იყოო... ანუ დედას პისი დაემალა, სახლიდან გაეპარა. რა თქმა უნდა, თბილისში ჩამოვედი, 2 კვირა ვეძებეთ... საერთოდ, კარგ ძაღლს ასე სცოდნია გაპარვა: ამბობენ, სახლში არ კვდებაო. ეს შემთხვევა ჩვენთვის ძალზე მძიმე გადასატანი იყო. შემდეგ დავდიოდი და ასე ვთქვათ - პისის სახელზე, უპატრონო ძაღლებს საკვებს (რაც პისის ყოველდღიურ რაციონს შეადგენდა) ვაძლევდი. მახსოვს, დედაჩემმა მითხრა, - სამსახურში ვთქვი, რომ ნათესავი გარდამეცვალა და სკოლაში შენც ასე თქვი, რადგან სხვები ვერ გაიგებენ, რომ შეიძლება, ძაღლის გამო, ადამიანმა ასე იტიროს, მისი დაკარგვა ასე განიცადოსო... შემდეგ, მოულოდნელად ეზოში ძალიან ლამაზი, მოზრდილი ლეკვი გამოჩნდა - ალბათ, ავჩარკის, ლაბრადორის და კავკასიური ნაგაზის მეტისი იყო. დიდი გაიზარდა. ბომბორა დავარქვით. საჭმელს მეც ვაჭმევდი და სხვებიც, მაგრამ "ჩემი ძაღლი" ერქვა. დედას ავტობუსის გაჩერებამდე ყოველდღე აცილებდა, მერე უკან ბრუნდებოდა, საღამოს 5 საათისთვის ისევ დედას ხვდებოდა და სახლამდე მოაცილებდა ხოლმე. ლეკვები ბევრჯერ დაყარა. პატარებს იპარავდნენ, რადგან საოცარი ლეკვები იყვნენ! შემდეგ, ბომბორა შეუძლოდ გახდა. ჩემი მეგობარი - ბაკო შევარდნაძე დამეხმარა და ძაღლი ვეტერინარ ნათია ბერიძესთან წავიყვანეთ. ბომბორა გაკვეთეს - სამწუხაროდ, ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა... შინ წამოვიყვანე. აივანზე ცხოვრობდა. თვეში ორჯერ გადახვევებს ვუკეთებდი. ნათია ბერიძის თანაშემწე მოდიოდა ხოლმე. ბომბორას დრენაჟი ჰქონდა ჩადგმული. ვეტერინარის თანაშემწემ ძაღლი რომ ნახა, გაოგნდა - ადამიანებს არ უვლიან ასე, როგორი მოვლილიც ძაღლი გყავთო! ცრემლები წამოუვიდა... ერთ მშვენიერ დღესაც, სამსახურიდან დაბრუნებულს ბომბორა ეზოში დამხვდა. ნაკერები ჯერ ახალი ახსნილი ჰქონდა და გარეთ არ ვუშვებდით. მეგონა, დედამ გამოუშვა. ამის გამო, მისთვის საყვედურის თქმას ვაპირებდი. მეორე სართულის ბინის კარიდან მეზობელი გამოვიდა და მითხრა: - გოგა, ჩემმა თვალებმა ეს რა ნახა? მესამე სართულიდან ბომბორა "მოფრინავდაო". თურმე, ძაღლს მოშარდვა მოუნდა. აივანზე არ მოშარდა და ეზოში გადახტა (არაფერი დაუშავდა). აი, ძაღლები ასეთი ერთგულები არიან... მერე უკვე ის ბინა გავყიდეთ. სადაც საცხოვრებლად გადავედით, იქ ბომბორა ვერ იცხოვრებდა. ძველმა მეზობლებმა დამამშვიდეს - ძაღლზე არ ინერვიულოო. ბომბორას სანახავად მივდიოდი ხოლმე. მერე მეზობლებმა მითხრეს, - მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა, ჯობია, არ მოხვიდეო... ოპერაციის შემდეგ, ბომბორამ 3-4 წელი იცოცხლა. მას მერე, ბარლიმდე ძაღლი აღარ მყოლია...

- თქვენი და ბარლის დანახვისას, ხალხს როგორი რეაქცია აქვს?

- სხვათა შორის, უკვე ბევრი ადამიანი ქუჩაში დადებითი განწყობილებით გვხვდება, მაგრამ რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევაც ყოფილა: უთქვამთ, - გასწიე ეგ ბინძური ძაღლი აქედანო! ვუთხარი: პატივცემულო, ეს ძაღლი ჩემზე სუფთაა, ყოველდღე თათებს იბანს, თვეში ერთხელ კი მთლიანად ვბანთ, აცრებს ვუტარებთ-მეთქი... ერთხელ კიდევ, გოგომ იკივლა - ახლავე აქედან მოაშორეთო! თანმხლებ ბიჭს მიეკრო, ოღონდ - საზიზღრად: ბიჭს თავისი "სისუსტე" აჩვენა. ოქროსფერი რეტრივერები შშმ პირებთან (განსაკუთრებით - ბავშვებთან) ურთიერთობით გამოირჩევიან. მაგალითად, აუტისტ ბავშვებს ერთგვარ თერაპიას უტარებენ. საერთოდ, ცხოველები ბავშვებს არ ერჩიან, მაგრამ არიან გარკვეული ჯიშის ძაღლები, რომლებსაც ალიკაპი უნდა გაუკეთო. ბარლის ალიკაპს რომ ვუკეთებ, წვება და დეპრესიაში ვარდება.

- ბარლისთან დაკავშირებული რაიმე ამბავი მოგვიყევით...

- ზღვაზე ყოფნისას, რატომღაც, ბარლი ფიქრობდა, რომ ვიხრჩობოდი, მოდიოდა და ზღვიდან გამოვყავდი, თვითონ კი შედიოდა - შენ ნაპირზე იყავი, მე ვიცურავებო (იცინის). სანაპიროზე ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდნენ. ბარლი ცოლ-ქმართან მიდიოდა და ეჩხუბებოდა - აგრძნობინებდა, ბავშვი ზღვიდან გამოიყვანეთო! ბავშვის მშობლები გაოცებულები იყვნენ - რა ჭკვიანი ძაღლიაო.

ბარლის ცხოველები ძალიან უყვარს: კატასთან მეგობრობს, ღორით აღტაცებული იყო, სოფელში ერთ გოჭს დასდევდა და ეთამაშებოდა - ძალიან მოსწონდა. წელს სოფელში, ვერანდაზე ვიყავი. ბარლი ტირილით მოვიდა, გაიქცა, მოვიდა... მივხვდი, რაღაც ნახა. მივედი და თხილის ბუჩქების ქვეშ ჩამოვარდნილი შაშვის ბარტყი დავინახე. ბარლის მისვლისას ბარტყის მშობლები - დედა და მამა შაშვი ძაღლს თავს ესხმოდნენ - ეგონათ, ბარლი ბარტყს რამეს დაუშავებდა. ბარტყი ავიყვანე და შაშვებს ბუდეში ჩავუსვი. ისინიც დაწყნარდნენ და ბარლიც კმაყოფილი იყო, რომ ბარტყი გადავარჩინე. ასეთი ჰუმანური ძაღლია...

ეთო ყორღანაშვილი