ბანქოს სახლი (ნაწილი II) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილი II)

პარტიის შტაბბინაში საოცარი სიჩუმე იდგა. რამდენიმეკვირიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, შტაბის წევრებისა და აქტივისტების უმეტესობა არჩევნების დღეს საკუთარი პარტიისთვის თუნდაც კიდევ რამდენიმე ხმის შესამატებლად, შორეულ საარჩევნო ოლქებში გაემგზავრა. დანარჩენები ახლომდებარე ბარში ვახშმობდნენ და მართალია, გარეგნულად არხეინები და თავდაჯერებულები ჩანდნენ, მაგრამ საკმარისი იყო, ამომრჩეველთა ხმებისა თუ განწყობილების თაობაზე რაიმე ლაპარაკისთვის მოეკრათ ყური, რომ მოჩვენებითი ხორხოციდან მაშინვე ნერვიულ ჩურჩულზე გადადიოდნენ. ასე რომ, ვახშამი ცოტა ვინმეს თუ შეერგო და მალე ისევ უკან, ბოლო თვეების განმავლობაში მეორე სახლად ქცეული ოფისისკენ დაიძრნენ, სადაც უკვე ყველაზე მტანჯველ მომენტს - ტელევიზიით არჩევნების პირველი შედეგების გამოცხადებას უნდა დალოდებოდნენ. ტანჯვა - ტანჯვად, მაგრამ ათი საათის შესრულებისთანავე რატომღაც ყველამ შვებითაც ამოისუნთქა, ზოგიერთებმა კი ერთმანეთს ხელიც ენერგიულად ჩამოართვეს, რადგან საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ ამის შემდეგ რაც უნდა მომხდარიყო, მათი შრომის შედეგს უკვე აღარც არაფერი მოაკლდებოდა და არც შეემატებოდა.

ბოლო დღეებში თითქოს, ისედაც რელიგიურ რიტუალს დამსგავსებულ სატელევიზიო გადაცემაში არჩევნების დასრულებისთანავე გამოჩენილი ზედმიწევნით დამამშვიდებელი ხმის ტემბრის მქონე სერ ალესტერ ბურნეტი (ნამდვილი სახელი ჯეიმს ვილიამ ალექსანდრ ბურნეტი, ბრიტანეთის ტელეარხ ITV-ის გადაცემის, "ახალი ამბები ათზე" ყველაზე ცნობილი წამყვანი 1967-1991 წ.წ.) უკვე მთლად მთავარანგელოზ გაბრიელსაც კი მოგაგონებდათ, რაშიც ხელს ზურგიდან საგანგებო განათების წყალობით შარავანდედდადგმულივით მბრწყინავი შევერცხლილი თმაც დიდად უწყობდა.

- საღამო მშვიდობისა! - დაიწყო გადაცემა ბურნეტმა. - მაშ ასე, საარჩევნო კამპანია დასრულდა. სულ რამდენიმე წამის წინ მთელ ქვეყანაში ათასობით საარჩევნო უბანი დაიხურა, და, შესაძლოა, ორმოცდახუთი წუთის შემდეგ პირველი შედეგებიც შევიტყოთ. ოდნავ მოგვიანებით პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრ ჰენრი კოლინრიჯისა და ოპოზიციის ლიდერის ინტერვიუებსაც შემოგთავაზებთ. მანამდე კი დღევანდელი ხმის მიცემისას ჰარისის საერთაშორისო კვლევითი ფონდის მიერ 153 საარჩევნო უბანში ჩატარებული ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგებზე მოგახსენებთ. ამომრჩევლების გამოკითხვა საარჩევნო უბნებიდან მათი გამოსვლისას ხდებოდა და მიღებული მონაცემები შემდეგი პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს...

- დიდი ბრიტანეთის უხუცესმა კომენტატორმა მაგიდიდან მოზრდილი პაკეტი აიღო და ისეთი შიშნარევი სიფრთხილით გახსნა, თითქოს A4 ტიპის სტანდარტულ კონვერტში არჩევნების პირველადი შედეგები კი არა, მისი გარდაცვალების დამადასტურებელი ცნობა დებულიყო. კონვერტში სქელი ქაღალდის ერთადერთი ფურცელი აღმოჩნდა, რომელიც ბურნეტმა ისევ ფრთხილად ამოიღო, აუჩქარებლად დახედა და შემდეგ მავედრებელი მზერა სადღაც ზემოთ, თითქოს ზეცისკენ აღაპყრო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, კამერისთვის ხელახლა თვალის გასწორებამდე დარჩენილი რამდენიმე წამის განმავლობაში, ღრმად პატივცემულ უხუცეს კომენტატორს უკლებლივ ყველა, ანუ 30 მილიონი ინგლისელი ტელემაყურებლის მზერის დაჭერის გარდა, მათი სულებიც ხელში მოეგდო და გაშვებას აღარ ჩქარობდა. ისე, კაცმა რომ თქვას, მას ამ ნეტარი წამების ერთპიროვნული განკარგვის სრული უფლება ჰქონდა, რადგან როგორც უკვე თავადვე ჰქონდა გამოცხადებული, ტელეკომენტატორად 28-წლიანი მუშაობისა და 9 საპარლამენტო არჩევნების მედგრად გამოვლის შემდეგ, ეს თანამდებობიდან გადადგომამდე ტელეეკრანებზე მისი ბოლო გამოჩენა იყო.

- ჰარისის ფონდის მიერ ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩატარებული გამოთვლის მიხედვით, მთავარი პროგნოზი გვიჩვენებს, რომ...

- როგორც იქნა, ობიექტივსაც მიაპყრო მზერა კომენტატორმა, თუმცა მაშინვე ისევ ფურცელს დაუბრუნდა და პროფესიონალის ნავარჯიშები თვალით ისე გადაურბინა, რომ სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ შერხევია. - ხაზს ვუსვამ, რომ ეს პროგნოზია და არა არჩევნების შედეგები...

პარტიის შტაბბინაში ჩამოწოლილი დაძაბული სიჩუმე უცბად ნაადრევად გახსნილი შამპანურის ბოთლის ხმაურმა დაარღვია, რასაც მაგიდაზე დაღვრილი ქაფის შიშინიც მოჰყვა...

- მთავარი პროგნოზი გვიჩვენებს, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ, 34-ადგილიანი უპირატესობით არის არჩეული! - ბოლოს და ბოლოს, სათქმელი დაასრულა ალესტერ ბურნეტმა.

შეკრებილთა სიხარულის ყიჟინამ თითქოს, პარტიის შტაბბინის კედლებიც კი შეაზანზარა. ყველამ უცბად გაიაზრა, რომ ეს გამარჯვება იყო და იმ წუთებში მათთვის მხოლოდ ამას ჰქონდა მნიშვნელობა. იმაზე კი, თუ რა ანგარიშით გაიმარჯვეს და შემდგომში რამდენად მისცემდა ეს გამარჯვება მშვიდად მუშაობის საშუალებას, ჯერ არავინ ფიქრობდა. მეტიც, მათ თითქოს ისიც კი დაავიწყდათ, რომ სერ ალესტერმა ბრიტანელ ტელემაყურებელს მხოლოდ პროგნოზი შეატყობინა და არა - არჩევნების შედეგები.

ამასობაში ტელეეკრანზე მცირე ხნით პარტიული ლიდერების მდუმარე ფიგურები გამოჩნდა. ძლივსშესამჩნევად მოღიმარ ჰენრი კოლინრიჯს სახეზე ეწერა, პროგნოზით დიდად აღფრთოვანებული რომ არ იყო, მისი ოპონენტის იქედნური ღიმილი კი ალბათ, უფრო ოპოზიციის მხრიდან მარცხის აუღიარებლობას მოასწავებდა. "ყველაფერს დრო გვიჩვენებს, - ხაზგასმულად განაცხადა მან შემდეგ, - დაველოდოთ და ვნახოთ". თუმცა, ოპოზიციის ლიდერისგან განსხვავებით, ოპერატორს წამითაც აღარაფრისთვის დაუცდია, კამერა ბურნეტზე ისე გადართო და კომენტატორმაც მაშინვე სხვა ახალი ამბების კითხვა განაგრძო.

- ეს რა ქნეს ამ პირუტყვებმა? - თვალებზე ჩამოფხატული გაოფლილი თმის გადაწევაც კი აღარ უცდია, ცხელ გულზე გამოტანილი რამდენიმე დასკვნის - "სამთავრობო უმრავლესობა მკვეთრადაა შეკვეცილი", "გამარჯვებულის დასასახელებლად სხვაობა მეტისმეტად მცირეა", "კოლინრიჯი დამარცხებას ძლივს გადაურჩა". - ბლოკნოტში მომავალ საგაზეთო სათაურებად სწრაფად ჩანიშვნა ისე დაიწყო გაცოფებულმა გრევილ პრესტონმა. თუმცა, შემდეგ ნაწერი ასევე სწრაფად გადახაზა, ბლოკნოტიდან ფურცელი ხმაურით ამოხია, ნერვიულად დაჭმუჭნა, ნაგავში გადაუძახა და ირგვლივ სასოწარკვეთილმა მიიხედ-მოიხედა. არჩევნების წინასწარი შედეგებით დაზაფრული "დეილი ტელეგრაფის" მთავარი რედაქტორი გრძნობდა, რომ შთაგონებამ საბოლოოდ უღალატა.

- მოდი, მოვიცადოთ, - ხმაში აშკარა თანაგრძნობა დაეტყო გამწარებული შეფის შემხედვარე მატი სტორინს. - პირველი შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე ხომ მხოლოდ ნახევარი საათი დარჩა.

- მოცდით კი მოვიცდი, მაგრამ ჩემთვის განა რამე შეიცვლება? - აკანკალებული ხელები თავზე გამეტებით მოიჭირა პრესტონმა.

პარტიის სარეკლამო განყოფილებაში გამარჯვების ზეიმისთვის სამზადისს ისე შეუდგნენ, რომ არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებასაც კი აღარ დალოდებიან. შპს "მერილ გრანტ ენდ ჯოუნს კომპანის" პერსონალმა დარბაზი თითქმის სამი საათით ადრე შეავსო, რათა იქ დამონტაჟებული სამი უზარმაზარი სატელევიზიო ეკრანის მეშვეობით ისტორიის შექმნისთვის თვალი უშუალოდ ედევნებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის დაწყებამდე ჯერ კიდევ 17 წუთი იყო დარჩენილი, შამპანური უკვე მდინარესავით მოედინებოდა და დარბაზში შეკრებილნიც მმართველი პარტიის მომხრეების ადგილების სავარაუდო შემცირების დარდის ჩაკვლას სწორედ ამ კეთილშობილი სითხით ცდილობდნენ.

მოქმედი პარტიის რეკლამებისა და პროპაგანდის სამსახურის დირექტორმა როჯერ ო"ნეილმა, დუბლინელი ავანტიურისტი ემიგრანტების უმეტესობის მსგავსად, სახელი ცინცხალი გონებით, უკიდურესობებისკენ ჯიუტი მიდრეკილებითა და ყველაფერში ჩარევისთვის მუდმივი მზადყოფნით გაითქვა. ალბათ, პირველ რიგში სწორედ ამ თვისებების გამო უკვე იმდენ შარსაც იყო გადაყრილ-თავდაღწეული და მათზე საუბრისას ყველაფერს ისე ოსტატურადაც აბიაბრუებდა, რომ დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, პარტიაში შესვლამდე კონკრეტულად რით იყო დაკავებული.

ახალგაზრდობაში ო"ნეილი მორაგბეების ადგილობრივ გუნდში თამაშობდა და თავიდან, თითქოს, მასზე დიდ იმედსაც ამყარებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერს მიაღწია, რადგან გამოკვეთილი ინდივიდუალიზმის გამო თამაშის გუნდურ ხასიათს ვერ შეეწყო. როცა ის მოედანზეა, ერთდროულად ორ გუნდთან მაქვს საქმე: ერთთან - მისი და მეორესთან - მთელი დანარჩენი გუნდის სახითო, ხშირად ჩიოდა როჯერის მწვრთნელი.

პარტიაში ბევრს მიაჩნდა, რომ ო"ნეილისნაირ მარჯვე და მოქნილ ადამიანს უთუოდ სატელევიზიო ან საზოგადოებრივი ურთიერთობების ასპარეზზე უნდა ეღვაწა, თუმცა უმცირესობაში არც ისინი იყვნენ, ვისაც ფისკალურ ორგანოებთან მისი სერიოზული პრობლემების შესახებ მთლად ყურმოკვრით როდი სმენოდა. ასე იყო თუ ისე, როდესაც პარტიის რეკლამებისა და პროპაგანდის განყოფილების დირექტორის ადგილი გათავისუფლდა, ხელში რატომღაც ვინმე სხვა, თუნდაც უბრალოდ წესიერი და მოწესრიგებული ადამიანი კი არა, სწორედ თავზე ხელაღებული როჯერ ო"ნეილი შერჩათ და ისიც საქმეს მაშინვე ჩვეული ენერგიულობით ეკვეთა.

ახლა კი, უკვე ორმოცს გადაბიჯებულ ო"ნეილს ოდესღაც ხშირი და ურჩი ქოჩორი საგრძნობლად შესთხელებოდა და შევერცხლოდა, თავის დროზე გულმოდგინედ ნავარჯიშები კუნთებიც ნელ-ნელა უდუნდებოდა, თუმცა, მოახლოებული სიბერის ნიშნების დამალვას მაინც ყველანაირად, მათ შორის საგანგებოდ შერჩეული კოსტიუმებითაც ცდილობდა. თანაც, ხშირად მდიდრულ პიჯაკს მხრებზე ისე დაუდევრადაც მოიგდებდა ხოლმე, რომ უთუოდ ცნობილი დიზაინერის ეტიკეტი გამოსჩენოდა. ო"ნეილის ამ და ახალგაზრდობიდან გამოყოლილ მრავალ სხვა ასეთსავე იაფფასიან გამოხდომასა და ჯერაც შესამჩნევ ირლანდიურ აქცენტს პარტიის ყველა გრანდი როდი ეგუებოდა. ერთ-ერთი მათგანი კი ერთხელ იმდენადაც გაცოფდა, რომ საკუთარი პარტიის რეკლამებისა და პროპაგანდის სამსახურის დირექტორს "პრიალა ქაღალდში გახვეული ნეხვის გროვაც" კი უწოდა. პარტიული საზომებით ამ სრულიად არაორდინარული ადამიანის შესაშური ენერგია მაინც ბევრს აღაფრთოვანებდა.

ო"ნეილს პირად მდივნადაც საოცარი ქალი ჰყავდა შერჩეული. მას პენელოპა ერქვა და ისედაც მოხდენილ ტანს ყოველთვის საგანგებოდ შერჩეული სამოსიც უმშვენებდა. "გამარჯობა, მე პენი ვარ", - მეგობრულად ესალმებოდა ხოლმე ის ყველას და ასევე ყველას, ხავერდოვანი ხმის გარდა, აბსოლუტურად გლუვი და შოკოლადივით პრიალა კანითაც ხიბლავდა. დიახ, დიახ, ო"ნეილის პირადი მდივანი უბრალოდ მუქკანიანი კი არა, გაჯერებულად შავკანიანი გახლდათ და ბრიალა თვალები და თვალისმომჭრელი ღიმილიც ჰქონდა. უნივერსიტეტდამთავრებულ პენის საბეჭდ მანქანაზე წუთში ასი სიტყვის დაბეჭდვა შეეძლო და გონიერთან ერთად, ძალიან პრაქტიკული მუშაკიც იყო. საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, პირად ცხოვრებას კი საერთოდაც არ ეხებოდა. "მე განსხვავებული პირადი ცხოვრება მაქვს, - ერთხელ როგორღაც წამოსცდა მას. - და ამასთან შეგუება ყველას მოუწევს".

ო"ნეილი სააგენტოს მმართველი დირექტორის დამოძღვრით იყო გართული:

- ერემი, მინდა, რომ შედეგების ანალიზი დააჩქაროთ და აჩვენოთ, რაოდენ ეფექტიანი იყო ჩვენი წინასაარჩევნო სარეკლამო-სააგიტაციო საქმიანობა. როგორც ყოველთვის, ახლაც თითოეული ასაკობრივი და სოციალური ჯგუფის მიხედვით ცალკე მონაცემები მოიყვანეთ, რათა კარგად გამოჩნდეს, ამომრჩევლებთან როგორ გათვლილად და მიზანმიმართულად ვიმუშავეთ. თუ არჩევნებს მოვიგებთ, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, ამ გამარჯვებას პირადად ჩვენ რაოდენ უნდა გვიმადლოდენ, ხოლო თუ წავაგეთ, ალბათ, მარტო ღმერთი თუ გვიშველის.

ამ სიტყვების შემდეგ ო"ნეილმა ხმაურით დააცემინა და ისევ განაგრძო:

- ასეთი მასალა აუცილებლად მჭირდება. მისი დახმარებით პრესისთვის იმის დამტკიცებას შევძლებ, რომ ამომრჩეველზე გავლენისთვის ბრძოლაში მიღწეული შედეგების მიხედვით ჩვენ ყველაზე წინ ვართ და თუ არჩევნებმა სათანადოდ მაინც ვერ ჩაიარა, ამაში მხოლოდ პოლიტიკოსები არიან დამნაშავენი. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ შედეგებით კიდევ რამდენიმე წელი მოგვიწევს ცხოვრება. ასე რომ, მაქსიმალურად უნდა გავისარჯოთ. თუ გვინდა, რომ ამ მასალამ კვირის გაზეთებში საკმარისად გამოსაჩენი ადგილი დაიკავოს, მონაცემები შაბათ დილისთვის აუცილებლად მზად უნდა იყოს.

ამის შემდეგ ო"ნეილმა ხმას დაუწია:

- თუ საჭირო მონაცემები არ აღმოგაჩნდებათ, ეს ოხერი ციფრები საჭიროებისამებრ შეასწორეთ. ხვალ დილისთვის მათი ყურადღებით გარჩევისთვის ყველა მეტისმეტად ქანცგაცლილი იქნება, ჩვენთვის კი მთავარი გაზეთების ფურცლებზე სხვებზე ადრე და რაც შეიძლება ხმაურით გამოჩენაა. თუ ასე მოხდება, მაშინ მართლაც ყველაფერი შესანიშნავად იქნება.

ო"ნეილმა ლაპარაკი კიდევ ერთხელ შეწყვიტა, ცხვირი ხმაურით მოიხოცა და ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტსაც მიადგა:

- და, რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი უპირველესი ამოცანა დილაადრიან პრემიერ-მინისტრის მეუღლისთვის ყვავილების უზარმაზარი თაიგულის მირთმევაა. მას გიგანტური "კ"-ს ფორმა უნდა ჰქონდეს. ყვავილები პრემიერ-მინისტრის მეუღლემ გაღვიძებისთანავე უნდა მიიღოს. იცოდეთ, გადაირევა, თუ ამ დროისთვის თაიგული მის ხელში არ აღმოჩნდება, რადგან ამის შესახებ უკვე მოვახსენე. ყვავილების პრემიერ-მინისტრის სახლში შეტანისას, იქ აუცილებლად უნდა იყოს ტელევიზია და ოპერატორებმა ისიც ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ ვინ მიართვა. თანაც, ეს თაიგული ყველა აქამდე მირთმეულ თაიგულზე ლამაზი და შთამბეჭდავიც უნდა იყოს. კარგი იქნება თუ მას დაუნინგ-სტრიტის 10-ში, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მინიავტობუსით მიიტანთ.