პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი მო­შურ­ნე­ო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ - გზაპრესი

პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი მო­შურ­ნე­ო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ

განვაგრძობთ საუბარს ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსებისა და ქრისტიანობის გავრცელების პირველი საუკუნეების შესახებ...

- საინტერესოა, რატომ არის ცნობილი ქრისტიანთა დევნის მხოლოდ რომის იმპერიაში მომხდარი ამბები? ისინი მხოლოდ რომის იმპერიის ტერიტორიაზე იდევნებოდნენ?

მამა მაკარი:

- ქრისტეს მიმდევრები სხვა ქვეყნებშიც იდევნებოდნენ, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელება მასობრივად მოხდა რომის იმპერიის ტერიტორიაზე და დევნაც გაცილებით დიდი და მასშტაბური იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, რომის იმპერიაში, პირველ საუკუნეში, უკვე მოსახლეობის 10% იყო ქრისტიანი, რასაც ვერ ვიტყვით სპარსეთზე, ინდოეთზე... ცხადია, იქ, სადაც ყოველი მეათე ადამიანი იყო ქრისტიანი, გაცილებით მეტად დევნიდნენ მათ. თანაც, რომის იმპერიას იმდროინდელი მსოფლიოს ელიტური ნაწილი ეკავა. ამ პერიოდში არსებობდა სპარსეთის, ინდოეთის, ჩინეთის სახელმწიფოები, სადაც პირველ საუკუნეებშივე იქადაგეს მოციქულებმა და გაჩნდა ქრისტიანული კრებულებიც, მაგრამ შემდგომში, სწორედ ქრისტიანთა სასტიკი დევნის გამო, ქრისტიანული თემები განადგურდა. გვსმენია სპარსი და ინდოელი მოწამეების შესახებ, მაგრამ გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს რომის იმპერიაზე, რადგან მართლმადიდებლური ეკლესიების ძირითადი ნაწილი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, რომის იმპერიის ტერიტორიაზე შემორჩა და სწორედ ამ ეკლესიებმა დაწერეს თავიანთი ისტორია, რამაც ჩვენამდე წერილობითი სახით მოაღწია. იმ ქრისტიანული კრებულების შესახებ კი, რომლებიც სპარსეთისა და ინდოეთის ტერიტორიაზე იყო და დღეს არ არსებობს, მხოლოდ მწირი ცნობებია შემორჩენილი, რადგან ტაძრის კედლების გაქრობასთან ერთად, მათი ისტორიაც გაქრა.

- ქრისტეს მიმდევართა დევნა-შევიწროებით განსაკუთრებით ქრისტიანობის პირველი საუკუნეები გამოირჩეოდა. ალბათ საჭირო იყო, რომ ქრისტიანობას ასეთი პერიოდიც გაევლო...

- ვერ ვიტყვით, რომ ქრისტიანობის დევნა ღვთის ნება იყო, ეს იყო ადამიანების ნება, ადამიანები აღასრულებდნენ, მაგრამ ეს, ერთი მხრივ, მათთვის იყო სარგებლის მომტანი იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი აღესრულა მოწამებრივად და უფალთან დაიმკვიდრა სამარადისო დიდება; მეორე მხრივ, მარტვილობის გზით გაძლიერდა ქრისტეს ეკლესია, უამრავი ადამიანი შეუერთდა მის წიაღს - როდესაც ადამიანები უყურებდნენ ქრისტიანების უსაზღვრო ვაჟკაცობასა და თავდადებას სარწმუნოებისთვის, უამრავი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე და გახდა ქრისტიანული ეკლესიის წევრი. შემდეგ საუკუნეებში, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, უკვე ბერმონაზვნობა გახდა ქრისტიანული ღვაწლის ის სახე, რომლის მეშვეობითაც ადამიანები რწმენაში უნდა გაძლიერებულიყვნენ. თანამედროვე მსოფლიოსთვის მიუღებელია სარწმუნოების გამო დევნა. დღეისათვის სარწმუნოებრივი სწავლება უფრო საჭიროა, ვიდრე მარტვილობა, რათა ადამიანებმა შეიმეცნონ, ჩასწვდნენ ქრისტიანობის ნამდვილ არსს, ამიტომაც უფალი ნაკლებად გვაძლევს მარტვილობის ღვაწლს, მისთვის ამ გზით თავგანწირვას.

- პირველი ქრისტიანები მოშურნეობით - უფლისადმი მკაცრი მოღვაწეობითაც და ცხოვრების წესითაც გამოირჩეოდნენ...

- თავად ქრისტიანებს ჰქონდათ მოთხოვნილება, რომ ღვთის სადიდებლად მკაცრად ეღვაწათ - როდესაც ადამიანები შეიტყობდნენ, თუ რა აღასრულა უფალმა კაცობრიობისთვის, ცდილობდნენ, მაქსიმალურად ედიდებინათ მაცხოვარი, ზედმიწევნით აღესრულებინათ ღვთის მცნებები. დევნილობის ჟამს ისწრაფოდნენ მარტვილებრივი აღსასრულისკენ. როდესაც დევნილობა შეწყდებოდა, მკაცრი მოღვაწეობით ადიდებდნენ უფალს - გაძლიერებული ლოცვით, მარხვითა და სათნოებებით. სამწუხაროდ, დღეს თითქმის ვეღარ შევხვდებით პირველ ქრისტიანთა მსგავს მოშურნეობას. ადამიანები ქრისტეს მიმდევრები კი არიან, მაგრამ უმეტესწილად მიწიერ ცხოვრებას არიან აყოლილები, ქრისტიანობა ახსენდებათ მხოლოდ შაბათსა და კვირას, როდესაც ეკლესიაში, წირვა-ლოცვაზე დასასწრებად უნდა მივიდნენ. ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, თორემ უმეტესობას ესეც არ ახსოვს. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც ადამიანი ხდებოდა ქრისტიანი, მთელ თავის ცხოვრებას უფალს უძღვნიდა. როგორც უფალს უყვარს თითოეული ადამიანი, ჩვენც ასევე უნდა გვიყვარდეს უფალი. პირველ ქრისტიანებს თავიანთი მდევნელები, ის ადამიანებიც კი უსაზღვროდ უყვარდათ, რომლებიც აწამებდნენ. ეს არის სწორედ ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ცხოველი, ცოცხალი სარწმუნოება, თორემ თუ ადამიანებს განვიკითხავთ და შეურაცხვყოფთ, რომ არ აღასრულებს ღვთის მცნებებს, ეს სარწმუნოებისადმი ფარისევლური დამოკიდებულებაა.

- რატომ ვერ ეგუებოდა წარმართული სარწმუნოება ქრისტიანობას? ვიცით, რომ ამ პერიოდში მსოფლიოში სულ სამი რელიგიური მიმდინარება არსებობდა - წარმართობა, იუდეველობა (იუდაიზმი) და ქრისტიანობა...

- არ შეიძლება, წარმართული სარწმუნოება ერთიანობაში განვიხილოთ, რადგან ადამიანები უამრავ `ღმერთებს~, სარწმუნოებას მისდევდნენ, მათ ერთი საერთო ჰქონდათ, ყველა სახის წარმართობა ყოველთვის იღებდა ყველა ღმერთს, ანუ ყველას მიიჩნევდა ღმერთად. ვიცით, რომ პირველ საუკუნეში რომში, წარმართულ პანთეონში, ქრისტეს ქანდაკებაც კი დადგეს, მაგრამ ქრისტიანობა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია და ის ყოველთვის ამხელდა წარმართობას, რადგან აბსოლუტური სიცრუე იყო და არ შეიძლებოდა, ქრისტიანობა შეჰგუებოდა მას. ამის გამო, უკვე ქრისტეს აღარ იღებდნენ წარმართები. ქრისტიანები რომ არ შესწინააღმდეგებოდნენ წარმართებს, ისინი ქრისტესაც მიიღებდნენ, მაგრამ ეს არავითარი სარგებლის მომტანი არ იქნებოდა წარმართებისთვის. წარმართები, თუ განსწავლულნი არ იყვნენ, ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ, რადგან პირველი ქრისტიანები იუდეველობიდან მოქცეული ებრაელები იყვნენ. წარმართობა ფაქტობრივად, რომის იმპერიის იდეოლოგია გახლდათ. რომაელები ქრისტიანებს უღმერთოებს უწოდებდნენ, რადგან ქრისტიანები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. ზოგჯერ იუდეველებიც იდევნებოდნენ, რადგან ისინიც ერთ ღმერთს აღიარებდნენ. მართალია, მათ არ მიიღეს მხსნელი, მაგრამ მათი იდეოლოგია იყო ერთი ღმერთის აღიარება. ეს ხდებოდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა შეიმეცნა, რომ იუდაიზმი და ქრისტიანობა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან; რომ იუდაიზმი ებრძოდა ქრისტიანობას.

- ვიცით, რომ ქრისტიანთა დევნა IV საუკუნემდე გაგრძელდა და შემდეგ სახელმწიფო რელიგია გახდა. რატომ იყო ეს დრო საჭირო, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო და რა მდგომარეობაა ქრისტიანულ სამყაროში ამ პერიოდამდე?

- პირველივე საუკუნიდან, ქრისტიანობამ ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დევნა გადაიტანა. ბოლო, მასობრივი და სისასტიკით ცნობილი დევნა იყო დიოკლეტიანისეული დევნა, რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში უფრო დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ამ დევნას მოჰყვა შემდეგ ის პროცესი, რომ თავად რომის ხელისუფალნი გახდნენ ქრისტიანები, იმპერატორ კონსტანტინესა და ელენე დედოფლის სახით. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მათი პირველი გადაწყვეტილება იყო ქრისტიანთა დევნის შეწყვეტა. ქრისტიანული რელიგია გაათანაბრეს წარმართობასთან. იმპერატორმა კონსტანტინემ გამოსცა ვერდიქტი, რომლის თანახმადაც, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. VI საუკუნეში წარმართობა საერთოდ აიკრძალა, თავად წარმართობა იყო უკვე დევნილი ამ პერიოდისთვის. უპირველესად, ხელისუფლების წარმომადგენლებს თავად უნდა ერწმუნათ ქრისტე. მეორე მხრივ, ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ბევრი ქრისტიანი. როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, ამ დროისთვის რომის მოსახლეობის 10 პროცენტი იყო ქრისტიანი. თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორი ერთგულები იყვნენ ქრისტიანები თავიანთი სარწმუნოებისა, ეს იყო ძალიან დიდი რიცხვი. ასევე, ამ პერიოდისთვის, მოსახლეობის დიდ ნაწილს ქრისტიანული სულისკვეთება უბიძგებდა იმისაკენ, რომ ქრისტიანები გამხდარიყვნენ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც თვითონ ხელისუფალნი გახდნენ ქრისტიანები, უფრო მეტი და მეტი ადამიანი იღებდა ქრისტეს სჯულს, თუმცა ამას მოჰყვა უკუპროცესებიც. ადამიანები ზოგჯერ არა რწმენის, არამედ საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო იღებდნენ ქრისტიანობას, რადგან ეს გახდა ელიტური სარწმუნოება. უამრავი ადამიანი გარეგნულად ხდებოდა ქრისტიანი, რასაც ნელ-ნელა ქრისტიანობის სახელით ცნობილი სხვადასხვა მიმდინარეობის - სექტების წარმოშობა მოჰყვა.

შორენა მერკვილაძე