ბექა ბურჯანაძის წარმატებული სპორტული კარიერა - გზაპრესი

ბექა ბურჯანაძის წარმატებული სპორტული კარიერა

4-5 წლისა იქნებოდა, ტელევიზიის პირველი არხის დერეფნებში რომ ვხვდებოდი და "პატარა გოლიათს" ვეძახდი - აშკარად "უსწრებდა" ასაკს, მაგრამ არავის გვიკვირდა: დალი ბურჯანაძის ვაჟი ერთი ციდა ან თუნდაც "საშუალო" ვერაფრით იქნებოდა. წლები რომ გავიდა, მხოლოდ შორიდან ვიგებდი მათი გასაოცარი დედაშვილობის ამბავს. ახლა ბექა 21 წლისაა. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრსა და ესპანეთის "კორუნიის" ფორვარდს რამდენიმე დღის წინ, "სკაიპით" ვესაუბრე - კარგა ხანია, ასეთ ნათელ, კეთილგანწყობილ, მშვიდ და ზრდილ ახალგაზრდას არსად გადავყრივარ...

ბექა ბურჯანაძე მეორე წელიწადია, ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში თამაშობს და არა მარტო "კორუნიის", არამედ მთელი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად მიიჩნევა. მისი გუნდი "ლებ ოქროდან" ანუ "ოქროს ლიგიდან" "ეი-სი-ბიში" ანუ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოდა, წარმატებული სათამაშო სერიით "პლეი ოფში" გავიდა და სწორედ ამ დღეებში, ძალიან დაძაბული შეხვედრების შემდეგ, ნახევარფინალის ბოლო თამაშში 6 ქულით დამარცხდა, რითაც სამწუხაროდ, ფინალს დაემშვიდობა. სხვათა შორის, ესპანური პრესა წერდა, რომ ამ მარათონში ესპანეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, "მელილასთან" 2:1-ით დაწინაურება სწორედ ბექას გამორჩეული თამაშის შედეგი იყო.

ბექა:

- თავდაპირველად დედამ კარატეზე შემიყვანა. მართალია, ასაკთან შედარებით, ტანად საკმაოდ დიდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ პუტკუნა და კეთილი არც ხელს ვურტყამდი ვინმეს და არც - ფეხს. ერთხელაც, შინ რომ ვბრუნდებოდით, დედას გამოვუცხადე: აღარ ვივლი კარატეზე. იქ მჩაგრავენ, მირტყამენ, მე კიდევ, ხელს ვერავის შევუბრუნებ-მეთქი. გამომიყვანეს, მაგრამ სპორტის გარეშე მაინც არ დამტოვეს. დედა ზურაბ სამხარაძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩემი 10 წლით უფროსი ბიძაშვილის, ზაზა ფაჩულიას და სხვა არაერთი წარმატებული ქართველი კალათბურთელის პირველი მწვრთნელია. მას შეუთანხმდა და პირველ სექტემბერს, სკოლის შემდეგ დიდუბის საკალათბურთო სკოლაში მიმიყვანა. 6 წლის ვიყავი და კალათბურთის არაფერი გამეგებოდა, ამიტომ პირველი ორი კვირის განმავლობაში, დედა სირცხვილით იწვოდა, რადგან ერთი გასივებული, პატარა დიდი ბიჭი, მართლა გოლიათი ვიყავი, რომელსაც მოედანზე არაფრის გაკეთება არ შეეძლო (იცინის). თუმცა, მალევე შემიყვარდა კალათბურთი და მახსოვს, დედამ ბურთი რომ მიყიდა, ლოგინშიც მასთან ერთად ვიძინებდი. სერიოზულად მოვეკიდე ვარჯიშს, ნელ-ნელა წონაშიც დავიკელი და ამბიცია გამიჩნდა, რაც შეიძლება კარგად მეთამაშა. მერე ცუდი რამ შემემთხვა: წონის პრობლემა სრულად არ მომხსნია და 8-9 წლისას, ერთ-ერთი ვარჯიშისას ქუსლის ძვალი გამებზარა. საშინელი ტკივილი მქონდა და დედამ ექიმს რენტგენი რომ გადააღებინა, ძვალი დაშლილი აღმომაჩნდა. ზურა მასწავლებელი ერთი ექიმიდან მეორესთან დამატარებდა, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა: ილოცეთ, რომ მიწას ფეხი დაადგას, თამაში კი საერთოდ დაივიწყეთო. საქართველოში ცუდი პერიოდი იყო, ძალიან ჭირდა ცხოვრება და დედამ ყველაფერი გაყიდა, გერმანიაში საოპერაციოდ რომ წავეყვანე. თუმცა, ვერც იმ ოპერაციით მოგვცეს გარანტია, რომ გავივლიდი.

- პატარა კი იყავი, მაგრამ ფიზიკური ტკივილი, საყვარელ კალათბურთთან განშორება, დედის თავგანწირვა ძლიერი ემოციების გარეშე არ ჩაივლიდა...

- ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ პატარა ვიყავი, სასწაულებისაც უფრო მჯეროდა და დიდი იმედიც მქონდა; თუნდაც იმიტომ, რომ შესანიშნავად ვხედავდი, დედა ჩემთვის რასაც აკეთებდა, როგორც აკეთებდა და იმედის დაკარგვის უფლება არ მქონდა - მას ვერაფრით დავაღალატებდი. ის იბრძოდა, მოღიმარი მაიმედებდა და მეც, უნდა მებრძოლა! მაშინაც ვიცოდი, რომ ძლიერები არასდროს ნებდებიან. დედამ წარმოუდგენელი რამეები გააკეთა ჩემთვის (აქ კი ვიგრძენი, ხმა გაებზარა. - ავტ.)...

- კალათბურთის მოთამაშე საკუთარი თავი არ გესიზმრებოდა?

- ერთხანს ალბათ, სწორედ მაგ დღეში ვიყავი, რადგან დილაობით დედა მეუბნებოდა ხოლმე, გაბოდებს: ბურთი, ბურთი მომეციო! სხვათა შორის, ასეთი სიზმრები ახლაც მაქვს... მოკლედ, გერმანიაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც, ტკივილმა არა და არ გამიარა. არც პრობლემები დასრულდა: სახლი აღარ გვქონდა და ქირით ხან დიდ დიღომში ვცხოვრობდით, ხან თემქაზე, გლდანში, სანზონაში, დიდუბეში, წერეთელზე... მოკლედ, მთელი თბილისი მოვიარეთ და ფეხი არაფრით მირჩებოდა. ერთხელაც საშველი გამოჩნდა: დედას თანამშრომელმა წნორში, შოთა პაპასთან წასვლა ურჩია. შოთა პაპა კი აღმოჩნდა უსაყვარლესი და უკეთილშობილესი კახელი კაცი, რომელმაც ოჯახი, ფაქტობრივად, გაგვაცოცხლა. მასთან რომ მივსულიყავით, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსულებს, ერთი კილომეტრი ფეხით უნდა გაგვევლო. დედამ ზურგზე შემომისვა და ასე მიმიყვანა მის სახლთან...

- ძალიან გაგიმართლა, ასეთი ძლიერი და მამაცი დედა რომ გყავს! ძალიან მძიმე კი იქნებოდი, არა?

- საკმაოდ მძიმე ვიყავი, მაგრამ დედაც საკმაოდ ძლიერი იყო, რადგან ამქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარდი! პროცედურებისთვის მას შემდეგ ბევრჯერ მოგვიწია იმავე გზის გავლამ, იმავე მეთოდით. მალამო კი, რომელსაც მისვამდნენ, მაპატიეთ და ძალიან ყარდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კეთილსურნელოვანი და საყვარელი აღმოჩნდა, რადგან ამან გადამარჩინა - მალე გავიარე... მართალია, მერე მეორე ქუსლის ძვალიც დამეშალა, მაგრამ უკვე შოთა პაპა გვყავდა, ამასაც ვუშველეთ და არათუ გავიარე, საკალათბურთო მოედანსაც დავუბრუნდი... ამიტომაც უნდა გჯეროდეს უფლის სასწაულის! შოთა პაპა კი დღესაც ძალიან, ძალიან მიყვარს და მენატრება. სამწუხაროდ, დიდი ხანია, არ მინახავს. უკვე მოხუცდა და ვაპირებ, რომ ჩამოვალ, აუცილებლად ვეწვიო.

- მოდი, შენი ამბავი განვაგრძოთ. რამდენი წლის იყავი, მამა რომ გარდაგეცვალა?

- თოთხმეტის... კვლავ ქირით ვცხოვრობდით, ბინიდან ბინაში გადავდიოდით და სწორედ ამ დროს, მამა ავარიაში მოყვა. მძიმედ იყო, ბევრი სისხლის გადასხმა დასჭირდა და სწორედ მაშინ დაინფიცირდა ჩ ჰეპატიტით. მერე მდგომარეობა გაურთულდა, 4 წელიწადში ციროზი განუვითარდა და ვეღარ გადავარჩინეთ. საშინელი დღეები გამოვიარეთ... ამჯერად უკვე კალათბურთი მომევლინა მხსნელად - ცხოვრება მასთან ერთად გაგრძელდა და ყველა სტრესი მომიხსნა, რადგან მოედანზე მხოლოდ ბურთსა და თამაშზე ვფიქრობდი. ბევრს ვშრომობდი, ერთი წლის განმავლობაში ინდივიდუალურადაც ვვარჯიშობდი ზურა მასწავლებელთან და ტყუილად კი არ ვუწოდებ მას ჩემს "სპორტულ მამას" - სწორედ მას ვემადლიერები, დღეს რომ აქ ვარ და წარმატებებს ვაღწევ... ვარჯიშს უკვალოდ არ ჩაუვლია. 16-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს და 2009 წელს გუნდთან ერთად, პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატზე წავედი. იქ თავი გამოვიჩინე და შინ დაბრუნებულს, მოწვევაც მომივიდა სევილიიდან. თავდაპირველად მომსინჯეს, მერე კი კონტრაქტიც გამიფორმეს და 16 წლის გავხდი თუ არა, სევილიის "კახასოლში" გავემგზავრე. 2 წლის განმავლობაში იქ, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. მესამე წელს მფლობელი შეიცვალა და მასთან ერთად - ბევრი რამ. ასე რომ, გუნდში ჩემი სათამაშო ადგილი აღარ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ჩემი ტიპის მოთამაშეს ეძებდა ლა კორუნიის "კორუნია" და ჩემი აგენტის მეშვეობით, მიპოვეს კიდეც. ასე შემოვრჩი ესპანეთს, სადაც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ კალათბურთს და მეც იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.

- პარალელურად, თამაშობ საქართველოს ნაკრებში. რა ურთიერთობა გაქვს შენზე 10 წლით უფროს ლეგიონერ ბიძაშვილ ზაზა ფაჩულიასთან, რომლის აღზრდაშიც, კარგად მახსოვს, დიდი წვლილი სწორედ დედაშენს ანუ მის მამიდას - დალი ბურჯანაძეს მიუძღვის?

- პირველად კალათბურთზე იმიტომ შემიყვანეს, რომ ზაზაც კალათბურთელი იყო და დედას სპორტის ეს სახეობა ძალიან მოსწონდა. ხშირად, სწორედ დედას დაჰყავდა პატარა ზაზა დიდუბის "მანეჟზე" სავარჯიშოდ. ზაზასაც 14 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა. დათო ბიძიას მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ. ბავშვობიდან ვოცნებობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე და რაკი ამისრულდა, ვფიქრობ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. მოტივაცია კი უფრო მეტი მაქვს, რადგან მაღალი კლასის მოთამაშის გვერდით ვარ და თანაც, ის ჩემი ალალი ბიძაშვილია. ასეთ დროს უფრო მეტი ამბიცია მიჩნდება იმისა, რომ ყველას დავუმტკიცო, ამ ნაკრების ღირსეული წევრი ვარ.

- გიფიქრია, რომ იმავე ზაზასთვისაც დაგემტკიცებინა?

- მახსოვს, პატარა ვიყავი, ზაზა ვერის ბაღში, ჩემს თამაშზე რომ მოვიდა. მაშინ ნამდვილად მინდოდა, მისთვის დამემტკიცებინა, კარგად ვთამაშობ-მეთქი. ისიც მახსოვს, რომ შემაქო, - კარგი ბიჭი ხარო და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს კი მისგან შექება ნამდვილად არ მინდა. უფრო მეტად გამიხარდება, შენიშვნას თუ მომცემს და ამიხსნის, მირჩევს, რა არ გავაკეთე სწორად და როგორ გამოვასწორო, გავაუმჯობესო. ნაკრებთან ვარჯიშისას მაძლევს კიდეც შენიშვნებს, რჩევა-დარიგებას. ჰოდა, მეც მადლობის მეტი, რა მეთქმის?!

- ესპანეთის პრესაში დაიბეჭდა და ჩვენთანაც გავრცელდა ფოტოები და სტატია სათაურით: "ბექა ბურჯანაძეს ესპანეთში გამარჯვება დედამ მოედანზე მიულოცა". საგანგებოდ, თამაშზე დასასწრებად გეწვია?

- დედა საშობაოდ მეწვია ესპანეთში და თამაშებსაც დაესწრო. მოედანთან ახლოს მდგარ სკამზე იჯდა. ჩვენ, ტრადიციულად, ჯერ გულშემატკივრებს დავუკარით ტაში და მერე მივედი დედასთან; მასთანაც, ტრადიციულად, თამაშის გასარჩევად. დედას შესანიშნავად ესმის საკალათბურთო ნიუანსები და საქართველოშიც, ყოველი ვარჯიშის შემდეგ განიხილავდა ჩემს თითოეულ მოძრაობას, ახლაც "სკაიპით" გრძელდება თამაშის შემდგომი მიმოხილვები და იმ დღესაც, სწორედ კონკრეტულ თამაშსა და ჩემს შეცდომებს ვარჩევდით.

- "სკაიპის" პროფილად ლამაზ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გიდევს. შენი საცოლეა?

- ის ლამაზი გოგონა ჩემი შეყვარებული, მაკა გიგაურია. ერთმანეთი 15 წლის ასაკიდან გვიყვარს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაჩემთან მეგობრობს, ყოველ შაბათ-კვირას მიდის მის მოსანახულებლად. აი, დაქორწინებას კი არ ვჩქარობთ.

ირმა ხარშილაძე