რო­დი­დან და­იწყო ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ში სექ­ტან­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის წარ­მო­შო­ბა - გზაპრესი

რო­დი­დან და­იწყო ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ში სექ­ტან­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის წარ­მო­შო­ბა

- მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებმა მთელ მსოფლიოში იქადაგეს, ქრისტიანობა ყველა ქვეყანაში ვერ გავრცელდა და ვერ გახდა სახელმწიფო რელიგია. სახელმწიფო მმართველები, შესაბამისად - მოსახლეობაც არ იღებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. ვიცით, რომ ქრისტიანობა უმეტესწილად კაცობრიობის იმ ნაწილმა მიიღო, რომლებიც რომის იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ამიტომაც, ყველაზე დიდი მასშტაბით იქ გავრცელდა...

მამა მაკარი:

- ეს იმის გამო, რომ სწორედ რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ისრაელის ტერიტორია, სადაც მაცხოვარი მოვიდა ხორციელად. ფაქტობრივად, რომის იმპერიაში არ იყო ქალაქი, სადაც იუდეველები არ ცხოვრობდნენ და ამ ტერიტორიებზე ქრისტიანობის გავრცელებას ამანაც შეუწყო ხელი. პირველ საუკუნეებში, ქრისტიანობამ სხვა ქვეყნებშიც დაიწყო გავრცელება, მაგრამ შემდგომ, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარეს, ჯერ კიდევ წარმართულ ქვეყნებში, ამას მოჰყვა უკუპროცესები. მათთვის ქრისტიანები არა მხოლოდ სარწმუნოების მტრებად ითვლებოდნენ, არამედ - სახელმწიფოებრივ მტრებადაც, რადგან ქრისტიანები თანაუგრძნობდნენ ქრისტიანული ქვეყნების ხელისუფალთ. მაგალითად, სპარსი ქრისტიანები, თანაუგრძნობდნენ რომაელ ხელისუფალთ, რადგან ისინი ქრისტიანები იყვნენ, ამიტომ წარმართულ ქვეყნებში ქრისტიანთა დასჯა დაიწყეს უკვე არა სარწმუნოებრივი, არამედ ეროვნული თვალსაზრისით. ქრისტიანებს ქვეყნის მოღალატეებად აცხადებდნენ. ცხადია, ამას წარმართულ ქვეყნებში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების შეფერხება მოჰყვა.

- იყო თუ არა ამის მიზეზი, რომ კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც რომის იმპერიის ტერიტორიის გარეთ ცხოვრობდა, ნაკლებად იყო განსწავლული, თუნდაც მიწიერი თვალსაზრისით და სწორედ ამის გამო იყო, რომ ქრისტიანობამ მათ შორის ვერ პოვა გავრცელება, როგორც რომის იმპერიის ტერიტორიაზე, რომელიც იმ პერიოდში მსოფლიოს ცივილიზაციის ცენტრს წარმოადგენდა, სადაც უდიდესი სწავლულები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, მიწიერი განათლების დონეც გაცილებით მაღალი იყო...

- მიწიერი განსწავლულობა ან მიწიერი განათლების ნაკლებობა არ არის პირობა, რომ ადამიანი ქრისტიანი გახდეს. ეს თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. შესაძლოა, იყოს ადგილები, სადაც ადამიანთა უფრო მეტმა ნაწილმა მიიღოს ჭეშმარიტი სარწმუნოება ან პირიქით მოხდეს. ფსალმუნში არის ასეთი სიტყვები: `ერთსახენი ერთად დაამკვიდრე უფალო~. ხშირად ხდება, რომ ერთნაირი აზროვნების, მსგავსი შეხედულებების ადამიანები ერთად იყრიან თავს. თუნდაც მცირე ჯგუფი ავიღოთ, - სამეგობროდაც კი. უმეტესწილად, ადამიანები ტრადიციულად ყალიბდებიან. ვიცით, რომ თითოეული ჩვენგანი ვიბადებით იმ გარემოში, სადაც ყველაზე დიდი შანსი გვაქვს ცხონებისა. ადამიანს ნებისმიერ გარემოში შეუძლია შეიცნოს უფალი და მიიღოს ჭემარიტება.

- კაცობრიობის გამოხსნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ქრისტიანობის გავრცელება. ვიცით, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა, თუმცა მალევე სექტანტური მიმდინარეობებიც წარმოიშვა...

- იმ პერიოდში, როდესაც ეკლესიის დევნა მიმდინარეობდა, არსებობდა წვრილ-წვრილი სექტანტური დაჯგუფებები, მაგრამ შემდგომ, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, მასობრივად დაიწყო წარმოშობა სექტებმა. ამის უმთავრესი მიზეზი ურწმუნოება და პატივმოყვარეობაა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ადამიანთა ნაწილი გარეგნულად ხდებოდა ქრისტიანი. სწორედ ამან განაპირობა მწვალებლური სწავლებების ჩამოყალიბებაც. სექტანტობა არის აზროვნებაზე დაფუძნებული სწავლება, როდესაც ადამიანები ცდილობენ, ადამიანური აზროვნებით განმარტონ ესა თუ ის ადგილები წმინდა წერილიდან. სწორედ ასე წარმოიშვა პირველი დიდი მწვალებლური სწავლება - არიანელობა, რომელიც არიოზის სწავლა-მოძღვრებაზე იყო დაფუძნებული. ყველა მსოფლიო საეკლესიო კრება, სექტანტური სწავლა-მოძღვრების, მათი სწავლების წინააღმდეგ გაიმართა. საბოლოოდ, სექტები ორი მიმართულებით განვითარდა: ერთნი, რომლებიც არ აღიარებდნენ ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას და მეორენი, რომლებიც არ აღიარებდნენ ქრისტეს ადამიანურ ბუნებას და მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. პირველნი (მონოფიზიტები) ღვთაებას აკნინებდნენ ქრისტეში და მეორენი (მონოთელიტები) - ადამიანურ ბუნებას. არც ერთი და არც მეორე არ იყო ჭეშმარიტება. ქრისტე არის სრულყოფილი კაცი და სრულყოფილი ღმერთი, მას აქვს სრულყოფილი, უცოდველი ადამიანური ბუნება. ეს არის ჭეშმარიტება.

- განსაკუთრებით გვიან შუასაუკუნეებიდან უამრავი ქრისტიანული მიმდინარეობა წარმოიშვა. ვიცით, რომ დღეისათვის მსოფლიოში სამასამდე ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს. ასევე გაჩნდა არაქრისტიანული მიმდინარეობებიც ანუ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი კვლავ დაშორდა ჭეშმარიტებას...

- არსებობს მწვალებლობა და არსებობს უსჯულოება. მწვალებლობა არის ყველა ის მიმდინარეობა, რომელთა სწავლა-მოძღვრებებსაც საფუძვლად უდევს ბიბლია და რომელიც არ ასწავლის ისე, როგორც მოციქულებმა გადმოგვცეს. ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც მოციქულთა სწავლებაზეა დაფუძნებული, არის მართლმადიდებლობა. დანარჩენი, ყველა ქრისტიანობის სახელით არსებული სწავლება, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, მაგრამ არა - უფლის მიერ მოცემულ, მოციქულთა მიერ გადმოცემულ სწავლებას, არამედ ადამიანურ აზროვნებას იყენებს საფუძვლად, არის მწვალებლობა, რომლებსაც სექტებსაც ვუწოდებთ. სექტა ნიშნავს განხეთქილებაში მყოფს ანუ მწვალებლობები არის ის სწავლებები, რომელიც ჭეშმარიტებას მოსცილდა და თავიანთ თავს ქრისტიანებს უწოდებენ. დანარჩენი, ყველა არაქრისტიანული მიმდინარეობა, რომელიც არ არის ბიბლიური წარმოშობის, არის უსჯულოება. უსჯულოების ერთ-ერთი ნაწილი იყო წარმართობა. დღეს არსებულ რელიგიათა შორის ასევე არის აღმოსავლური რელიგიები - ბუდიზმი, ინდუიზმი, ასევე მუსლიმანობა. სხვათა შორის, წარმართობა დღემდეა შემორჩენილი ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით - აფრიკულ ქვეყნებში. სისხლიან მსხვერპლშეწირვას, რა თქმა უნდა, ნაკლებად აღასრულებენ დღეს, მაგრამ რიტუალურად, მცირე რაოდენობით კერპთმსახურებას განვითარებულ ქვეყნებშიც მიმართავენ, მაგრამ ძირითადად წარმართობამ თავისი არსებობა საუკუნეებია, დაასრულა. პირველი მწვალებლობები ჭეშმარიტ ქრისტიანულ ეკლესიას გამოეყო, გვიან შუასაუკუნეებიდან კი, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ეკლესიას ჩამოსცილდა დასავლეთის ეკლესია და კათოლიციზმის სახით ჩამოყალიბდა, კათოლიციზმიდან უამრავი ქრისტიანული მიმდინარეობა გაჩნდა ჯერ პროტესტანტობის სახელით, ხოლო შემდეგ თავად პროტესტანტიზმი ჩამოყალიბდა მრავალ მიმდინარეობად. ფაქტობრივად, ქრისტიანობის სახელით მოქმედი ყველა თანამედროვე რელიგიური მიმდინარეობა წარმოშობილია უკვე პროტესტანტიზმისგან, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ლუთერი.

- უდიდესი ნაწილი კაცობრიობისა სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევარია. რატომ არიან ადამიანები უფრო მეტად მიდრეკილნი სიცრუისკენ?

- იმიტომ, რომ ადამიანები მინდობილნი არიან თავიანთ აზროვნებას. როდესაც ადამიანი თავისი აზრების მორჩილია, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებასთან ვერ მიდის. სახარების თანახმად,U უფალი გვეუბნება: მცირედნი არიან რჩეულნიო, - მცირედია ღვთის ჭეშმარიტი სამწყსო იმის გამო, რომ უფალმა უწყის, რომ ადამიანები თავისუფალ ნებას არ ვიყენებთ ღვთის სადიდებლად. ამიტომაც, ადამიანთა ძალიან დიდი უმრავლესობა მოცილებულია ჭეშმარიტებას.

- თუ დავუკვირდებით, არამართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევრები გაცილებით ზედმიწევნით აღასრულებენ თავიანთ სჯულის კანონებს. მათაც ხომ აქვთ თავიანთი სარწმუნოებრივი განცდა?

- ეს არის არა სარწმუნოება, არამედ ფანატიზმი. სარწმუნოება არის ის, როდესაც ადამიანს სწამს ჭემშარიტება, - მართლმადიდებელია. თუ ადამიანს ჭეშმარიტება არ სწამს და სხვა არაჭეშმარიტი მიმდინარეობის მიმდევარია, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას სარწმუნოება არა აქვს. ფანატიზმის საფუძველი არის ადამიანური აზროვნება, ადამიანური შეხედულებები, ხოლო არამართლმადიდებლურ მიმდინარეობებში, უკვე თავად რელიგიებშია ჩადებული ფანატიზმი. მართლმადიდებლობის საფუძველია ჭეშმარიტება და ღვთის სიყვარული. სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია, შეუძლებელია, იქ იყოს ფანატიზმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობაში არ არსებობს ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც ფანატიზმში არ არიან, მაგრამ ეს ხდება ამ ადამიანების არასწორი შეხედულებების მიზეზით.

შორენა მერკვილაძე