ბანქოს სახლი (ნაწილი III) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილი III)

ერემის ო"ნეილთან პირველად როდი ჰქონდა საქმე და, ამიტომაც, უკვე მარტო მის სხაპასხუპით წარმოთქმულ მონოლოგებს კი არა, მისგანვე მიღებულ არაორდინარულ ინსტრუქციებსა თუ ხმების დაანგარიშების უცნაურ მეთოდიკებსაც მიჩვეული და შეგუებულიც იყო. ან კი სხვაგვარად როგორ იქნებოდა, თუკი მოქმედმა პარტიამ ყველა სხვას სწორედ მის ახალგაზრდა ფირმასთან მუშაობა ამჯობინა და ორწლიანი თანამშრომლობით სახელიც სერიოზულად გაუთქვა. თუმცა, სახელი სახელად და ერემის ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ საკმარისი იყო, მთავრობას ეს არჩევნები წაეგო, განტევების ვაცადაც პირველ რიგში სწორედ მას და მის ფირმას აქცევდნენ. მერე კი მისი სიმწრით ნაშენები ბიზნესიც იმ ყვავილებივით სწრაფად დაჭკნებოდა, რომლებზეც ო"ნეილმა ამდენი იბაქიბუქა. ამიტომაც იყო, რომ სარეკლამო სააგენტოს მმართველი დირექტორი მოქმედი პარტიის რეკლამებისა და პროპაგანდის სამსახურის დირექტორს ძირითადად ტუჩების ნერვიული კვნეტით უსმენდა და უზარმაზარ ეკრანზე სერ ალესტერის კიდევ ერთხელ გამოჩენას გულის კანკალით ელოდებოდა. და როგორც კი ეს მომენტი დადგა, ერემიმ წამით სუნთქვაც შეწყვიტა. უხუცესმა ტელეწამყვანმა კი ყურსასმენს ხელისგული გამეტებით მიაჭირა და დაძაბულ პოზაში გაშეშდა, რითიც მაყურებელს მიანიშნა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ისმენდა.

- ახლა კი, - არცთუ მთლად ხანმოკლე პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო სერ ალესტერმა, - რამდენადაც ვხვდები, უკვე ხმის მიცემის შედეგების შესახებ პირველი მონაცემების გაგება შეგვიძლია და მათ, ალბათ, უწინდელივით ტორბეიში გამოაცხადებენ. ისე, ამ მხრივ მგონი, ყველა რეკორდიც მოიხსნა, რადგან საარჩევნო უბნების დახურვიდან სულ რაღაც 43 წუთია გასული და კანდიდატები უკვე არჩევნების რწმუნებულის ზურგს უკან იყრიან თავს. ასე რომ, დროა, ჩვენც იქ განლაგებულ კამერებზე გადავერთოთ...

არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგის გამოცხადების ცერემონიისთვის შერჩეულ სუმბულის ქოთნებით, როზეტებითა და მერის რეგალიებით მორთულ ტორბეის საქალაქო საბჭოს შენობის დარბაზში გამართული სანახაობა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სერიოზულ ღონისძიებაზე მეტად სოფლის კარნავალს მოგაგონებდათ. მთელი ცერემონია ტელევიზიის საერთო-ეროვნული არხით გადაიცემოდა და ამით მოსარგებლე ექსცენტრიკული კანდიდატები ტელეოპერატორების ყურადღების მიქცევას საჰაერო ბუშტებისა და კაშკაშა ფერებად შეღებილი ქუდების ენერგიული ქნევით ცდილობდნენ; ხასხასა ყვითელ ტრიკოში გამოწყობილი მზის პარტიის კანდიდატი კი, რომელსაც ხელში უზარმაზარი პლასტმასის მზესუმზირა ეჭირა, სადად ჩაცმული კონსერვატორების წინ სრულიად უცერემონიოდ გამოჯგიმვასაც აღარ მოერიდა. სხვების საჰაერო ბუშტებსა და მზესუმზირებში ჩაკარგულმა ტორების პარტიის წარმომადგენელმა გვერდზე ფრთხილად გაწევა სცადა, მაგრამ ამის ნაცვლად ნაციონალური ფრონტის ბრგე კანდიდატს მიეხალა, რომელიც მაღლა აღმართული მომუშტული ტატუირებული ხელით შეკრებილთ ამბოხისკენ აქეზებდა. შემცბარმა და საბოლოოდ დაბნეულმა ტორების წარმომადგენელმა ამის შემდეგ უკვე საერთოდ ვეღარ გაიხსენა, მსგავს შემთხვევებში საკუთარი სადეპუტატო განაწესი როგორი მოქმედების უფლებას აძლევდა და, ბედს დანებებული, ისევ მზის პარტიის დეპუტატის ზურგს ამოეფარა.

- მაშ ასე, - გაისმა სერ ალასტერის ხმა. - ვიწყებთ ტრანსლაციას მშვენიერი ტორბეიდან. მთავრობამ უწინდებურად პირველი ადგილი, ოღონდ ამჯერად ხმათა ნაკლები უპირატესობით გაინაღდა. კომპიუტერის მონაცემებით, ის 8 პროცენტითაა შემცირებული. მაინც რაზე მიგვანიშნებს ეს, პიტერ? - მიუბრუნდა ის შემდეგ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სამეცნიერო მიმომხილველს, რომლის ოქსფორდულ გაქუცულპიჯაკიანი უსიცოცხლო ფიგურა მაშინვე მთელ ეკრანზე აღიმართა.

- ეს იმას მოასწავებს, ალასტერ, რომ ფაქტობრივი მონაცემები ბოლო გამოკითხვის შედეგებისგან ფაქტობრივად არ განსხვავდება. - უზარმაზარი სათვალე უხალისოდ გაისწორა მიმომხილველმა...

- მართლაც რომ შესანიშნავია, ხომ, როჯერ? - აღფრთოვანებას ვეღარ მალავდა `გრანტ ენდ გროუნსის~ ერთ-ერთი საკლიენტო ორგანიზაციის თავმჯდომარე. - როგორც ჩანს, ადგილების უმეტესობას ისევ ჩვენ მივიღებთ. თითქოს, გულიდან ლოდი მომეხსნა. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ როგორი ბედნიერი ვარ. ყოჩაღ, მართლა ძალიან კარგად იმუშავეთ!

- თქვენ კი ძალიან თავაზიანი ბრძანდებით, ჰაროლდ. - გაიბადრა ო"ნეილი. - ოცდაათი ან ორმოცხმიანი უპირატესობა მართლაც სავსებით საკმარისია და ამაში, გარკვეულწილად, თქვენი დამსახურებაცაა.

- ჩემიც? - ქალივით დაიმორცხვა თავმჯდომარემ.

- აბა, რა! - თვალები ეშმაკურად მოწკურა როჯერმა. - გგონიათ დამავიწყდა, მარტში, სამრეწველო საზოგადოების მიერ გამართულ სადილზე, რაოდენ ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვით? ორატორულ ხელოვნებაში ნამდვილად პროფესიული მომზადება უნდა გქონდეთ გავლილი, ხომ ასეა?

ჰაროლდმა პასუხის გასაცემად პირის დაღებაც კი ვერ მოასწრო, ო"ნეილმა სათქმელი ისე სწრაფად განაგრძო:

- მაშინ განსაკუთრებით თქვენ მიერ გამოთქმულმა ერთმა მოსაზრებამ მომხიბლა...

- მაინც რომელმა? - ამჯერად სიტყვის ჩაგდება მაინც მოახერხა თავმჯდომარემ.

- რომელმა და ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობის განვითარებას უფრო ეფექტური ხელისუფლება შეუწყობდა ხელსო, რომ ბრძანეთ. უნდა გითხრათ, რომ სავსებით გეთანხმებით და იმასაც გთხოვთ, მეც და პრემიერ-მინისტრსაც დიდსულოვნად მოგვიტევოთ. ნამდვილად გვმართებს იმაზე დაფიქრება, რომ თუ თქვენნაირ მრეწველობის კაპიტნებს თავიანთი შეხედულების განსავითარებლად უფრო ფართო აუდიტორია როგორ დავუთმოთ...

- დათმობით კი უნდა დაგვითმოთ, თუმცა არა მგონია, ამის აუცილებლობა ასე მწვავედ იდგეს. - შამპანურის აქტიური მოქმედების გამო უცბად თითქოს, სრულიად უკვალოდ გაქრა მრეწველობის კაპიტნის თანდაყოლილი თავმდაბლობა და სასმლით გახურებულ თავში უკვე ლორდების პალატაზე, მოსამართლის ანდა პერის მანტიაზე ფიქრიც კი აუფუთფუთდა. - მართლა ძალიან კეთილი ბრძანდებით, როჯერ! იქნებ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, სადმე წყნარ ადგილზე ერთად გვესადილა. გამოგიტყდებით, სხვა იდეებიც მრავლად მაქვს და მათზეც ძალიან მინდა თქვენი ზედმიწევნით კომპეტენტური აზრის მოსმენა.

ო"ნეილმა ჯერ რამდენჯერმე გამაყრუებლად დააცემინა და პასუხი მხოლოდ ამის შემდეგღა ამოილუღლუღა:

- ბოდიშს გიხდით, Hჰაროლდ... როგორც ჩანს, ისევ სეზონურმა ციებ-ცხელებამ შემომიტია...

- რა საწყენია... - მაშინვე ხასიათი გაუფუჭდა ჰაროლდს, რომელიც მიხვდა, რომ ამით საუბარი დასრულებულად უნდა ჩაეთვალა.

- ნამდვილად საწყენია... თანაც, სულ მეჩვენება, რომ ძალიან ადრე მეწყება ხოლმე. - ნათქვამის ხაზგასასმელად ჯერ ცრემლები მოიწმინდა, შემდეგ კი ცხვირიც გულმოდგინედ მოიხოცა ო"ნეილმა.

ამასობაში ტელევიზორში მთავრობის მიერ კიდევ ერთი ადგილის დაკარგვის თაობაზე გამოაცხადეს. ის ტრანსპორტის მუშაობაზე პასუხისმგებელ მინისტრის საპარლამენტო მოადგილეს ეკავა, რომელმაც Bბოლო ოთხი წლის განამავლობაში ქვეყნის სულ სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ავტოკატასტროფის ადგილები პირადად მოინახულა და თავი იმაშიც საბოლოოდ დაირწმუნა, რომ ადამიანებს ძალადობრივი თავგანწირვისადმი დაუძლეველი სწრაფვა აქვთ. თუმცა, როცა თავგანწირვამ, უფრო ზუსტად კი თანამდებობის გაწირვამ პირადადაც მოუწია, თავი ხელში დიდი გაჭირვებითღა თუ აიყვანა.

- ადგილებიდან კვლავაც მთავრობისთვის უსიამოვნო ამბები მოდის, - გამოაცხადა ტელეწამყვანმა. - რამდენიმე წუთში კი ჩვენი კორესპონდენტის კამერას იმ საარჩევნო ოლქიდანაც ჩავრთავთ, სადაც პრემიერ-მინისტრი იყრის კენჭს და მისი აზრის გაგებას უშუალოდ შევძლებთ. მანამდე კი ვნახოთ, ჩვენი კომპიუტერი რას გვიწინასწარმეტყველებს. - ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ მის ზურგს უკან მდებარე დიდი ეკრანისკენ შებრუნდა სერ ალასტერი: - კომპიუტერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობა დაახლოებით 30-ადგილიან უპირატესობას ინარჩუნებს.

ამის შემდეგ დარბაზში უკვე იმაზე დაიწყო დისკუსია, თუ 30-ადგილიანი უპირატესობა რამდენად იძლეოდა იმის გარანტიას, რომ მთავრობას ვადაზე ადრე გადადგომა არ მოუწევდა. ო"ნეილმა კი ბოდიში მოუხადა ბიზნესმენებს, რომლებსაც მანამდე რაღაცას მისთვის ჩვეული ენერგიულობით უხსნიდა და, პენის მაღმერთებელთა მჭიდრო რკალის დიდი გაჭირვებით გარღვევის შემდეგ, პირადი მდივანი გვერდზე გაიხმო და ყურში რაღაც უჩურჩულა. იმავე წამს ეკრანზე საგრძნობლად აჭარხლებული სერ ალასტერიც გამოჩნდა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ წუთი-წუთზე უკვე უშუალოდ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისთვის ხმის მიცემის შედეგები გახდებოდა ცნობილი.

დარბაზში თუ მთლად სრული არა, საკმარისად პატივსაცემი სიჩუმე მაინც ნამდვილად ჩამოწვა და როგორც კი ყველამ თვალები ეკრანს მიაბჯინა, პენიმ თავის მოდურ ხელჩანთას ხელი წამოავლო და ქუჩაში შეუმჩნევლად გასხლტა.

ტელეკრანიდან მთავრობის კიდევ ერთი მოკრძალებული გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს, რომელსაც დარბაზში შეკრებილები უწინდელზე უფრო მხიარული შეძახილებით შეხვდნენ. ასეთი რეაქცია გასაკვირი სულაც არ იყო, რადგან იმ დროისთვის ბევრს უკვე იმის დავიწყებაც მოესწრო, თუ კონკრეტულად რა პოლიტიკური მრწამსის მიმდევარი იყო და მხიარულების ნებისმიერ, სულ მცირე საბაბსაც კი მიესალმებოდა: ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მხოლოდ არჩევნები იყო და სხვა არაფერი! ასე რომ, როცა, ბოლოს და ბოლოს, ეკრანზე პრემიერ-მინისტრიც გამოჩნდა, დარბაზში უკვე ისეთი ღრიალი ატყდა, რომ არჩევნების ორგანიზატორების მისამართით საკმაოდ უხალისოდ წარმოთქმული მისი სამადლობელი სიტყვები საერთოდ აღარავის გაუგონია. ცოტა ხანში კი მხატვრული გაფორმების განყოფილების დირექტორმა დარბაზის გასახალისებლად მოტანილი ორი მოზრდილი ფიკუსის `უდროოდ აღსრულების~ შესახებაც სრულიად ოფიციალურად გამოაცხადა.

- ბატონო ო"ნეილ! Bბატონო ო"ნეილ! - მოისმა უცბად დარბაზის ბოლოდან დარაჯის ყვირილი, რომელიც თავს ზემოთ აწეულ ტელეფონის ყურმილს იქნევდა, - გირეკავენ!

- ვინ არის? - გასძახა მას ო"ნეილმა.

- რა? - ვერ გაიგონა ანერვიულებულმა დარაჯმა.

- ვინ მირეკავს-მეთქი? - კითხვა გაუმეორა დარაჯს ო"ნეილმა.

- თქვენი ხმა საერთოდ არ მესმის! - დარბაზის ხმაურის გადაფარვა ყვირილთან ერთად უკვე ენერგიული ჟესტიკულირებითაც სცადა დარაჯმა.

- ვინ მირეკავს-მეთქი! - ჟესტიკულირებაზე გადავიდა ო"ნეილიც.

- პრემიერ-მინისტრის მისაღებიდან გირეკავენ! - მთელი ხმით იღრიალა გაღიზიანებულმა დარაჯმა.

პრემიერ-მინისტრის ხსენებამ უსწრაფესი ეფექტი გამოიღო და დარბაზში ხმაურიც თითქმის მაშინვე შეწყდა, ხოლო ვინც გაჩუმება ვერ მოასწრო, დაძაბულ ჩურჩულზე გადავიდა. შეკრებილებმა ო"ნეილს გზა მისცეს და ისიც მაშინვე დარაჯისკენ გაემართა, თან, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს, პრემიერ-მინისტრის ზარი მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.