ბანქოს სახლი (ნაწილიIV) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიIV)

- ერთ-ერთი მდივანი ქალია, რომელიც პრემიერ-მინისტრთან დაუყოვნებლივ დაგაკავშირებთ. - უთხრა ო"ნეილს დარაჯმა და მისთვის ყურმილის გადაცემის შემდეგ ისე შვებით ამოისუნთქა, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთი მოეხსნას.

- ალო! - ჩასძახა ყურმილში ო"ნეილმა. - დიახ, როჯერ ო"ნეილი ვარ... როგორ ბრძანდებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო? დიახ, დიახ... რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. მეც გულითადად გილოცავთ. ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში შედეგი სრულიად ნორმალურია... რა თქმა უნდა, მეც ასე ვფიქრობ. თანაც, გამარჯვება ხომ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებაა. დიახ, დიახ, ამის მოსმენა მართლაც ძალიან სასიამოვნოა. ახლა? ახლა სარეკლამო სააგენტოში ვარ.

დარბაზში უკვე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

- დიახ, დიახ, - განაგრძო ო"ნეილმა, - მეც გეთანხმებით, რომ ყველამ შესანიშნავად იმუშავა და რაღა თქმა უნდა, მეც ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს. ნება მომეცით, თქვენი სამადლობელი სიტყვები მათაც გადავცე.

ამ სიტყვების შემდეგ ო"ნეილმა ტელეფონის ყურმილის მიკროფონს ხელისგული დააფარა და აღფრთოვანებული აუდიტორიისკენ ისე შებრუნდა:

- პრემიერ-მინისტრი შესანიშნავი პროპაგანდისტული საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის გულითად მადლობას გიხდით და მიაჩნია, რომ არჩევნების შედეგებს პირველ რიგში სწორედ ამ კამპანიას უნდა უმადლოდეს. - საზეიმოდ წარმოთქვა მან, შემდეგ ყურმილი ისევ ყურზე მიიდო და რამდენიმეწამიანი მიყურადების შემდეგ დასძინა: - ბატონი პრემიერ-მინისტრი იმასაც ხაზს უსვამს, რომ ფულის ესოდენ მიზანმიმართულად დახარჯვის გამო, მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის იოტისოდენა საბაბიც კი არა აქვს.

ამ სიტყვების გაგონებისთანავე დარბაზი აღფრთოვანებულმა შეძახილებმა და აპლოდისმენტებმა შეაზანზარა. ზედმიწევნით კმაყოფილმა ო"ნეილმა კი ყურზე მიბჯენილი ტელეფონის ყურმილი ოდნავ განზე გასწია და ისე დაიჭირა, რომ ეს სასიხარულო ყიჟინა სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოშიც გაეგონათ. - დიახ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან გახარებული ვარ და დიდ პატივად ვთვლი, რომ პირველი, ვისაც კი არჩევნების დასრულებისთანავე დაურეკეთ, სწორედ მე ვიყავი... მეც მოუთმენლად ველოდები ჩვენთან შეხვედრას... კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ. ნახვამდის!

ამის შემდეგ როჯერ ო"ნეილმა ყურმილი ფრთხილად დადო, დარბაზისკენ დინჯად შებრუნდა და ფართოდ გაიღიმა. შეკრებილებმა კი ისევ ტაში დასცხეს და ხელის ჩამოსართმევად და მადლობის პირადად სათქმელად მაშინვე ყველამ მისკენ იხუვლა.

ო"ნეილი ჯერაც სამადლობელ სიტყვებს ისმენდა, მეზობელ ქუჩაზე გაჩერებულ მანქანაში მჯდარმა მისმა პირადმა მდივანმა პენიმ ავტომობილის ტელეფონის ყურმილი ფრთხილად რომ დადო და მანქანის მინის ამოწევისა და სარკის გასწორების შემდეგ, ტუჩების გულმოდგინედ შეღებვა დაიწყო.

პარასკევი, 11 ივნისი

სმიტ-სკვერზე თავმოყრილი ადამიანები, რომელთა რაოდენობაც განუწყვეტლივ იზრდებოდა, პრემიერ-მინისტრის გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ. საათმა თორმეტჯერ უკვე კარგა ხნის წინ ჩამოჰკრა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ამჯერად დრო შესაძლოა, უსაზღვროდ და უსაშველოდაც კი გაწელილიყო. იმის მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, რაც ტელეოპერატორების მონიტორებში ჩანდა, პრემიერ-მინისტრის ამალა, პოლიციის ესკორტის და ტელე და რადიოკორესპონდენტების მანქანების თანხლებით, უკვე მარმარილოს თაღს უახლოვდებოდა. შესაბამისად, მოედანზე მათ გამოჩენამდე წუთებიღა რჩებოდა და სამი ახალგაზრდა ორგანიზატორიც შეკრებილთ პატრიოტული ჰიმნების წამოწყების, დროშებისა და პლაკატების აფრიალებისა და ლოზუნგების აქტიური სკანდირებისკენ მოუწოდებდა. თუმცაღა, მათ მოწოდებას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. მართალია, რამდენიმე ადამიანი ბრიტანეთის დროშებს აქეთ-იქით მართლაც საკმაოდ გულმოდგინედ იქნევდა, მაგრამ ხის გრძელ ჯოხებზე დამაგრებული ჰენრი კოლინრიჯის პორტრეტებით იმავეს კეთების სურვილი ნამდვილად არავის გასჩენია. წინასთან შედარებით ამ არჩევნებზე მუშაობა ორგანიზატორებს საერთოდაც საკმაოდ გაუჭირდათ. ყველა სხვა სირთულესთან ერთად, კონკურენტებიც გამუდმებით კვალში ედგნენ და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. აი, ახლაც, მათი მონდომების შედეგად, შეკრებილთ ოპოზიციის რამდენიმე მომხრეც შერეოდა, რომლებიც საკუთარ დროშებსაც უფრო ენერგიულად იქნევდნენ და ლოზუნგებსაც ლამის ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ. ამის გამო ერთხანს საშიში ჩოჩქოლიც კი ატყდა, თუმცაღა პოლიციელებიც მაშინვე ადგილზე გაჩნდნენ და სიტუაცია სწრაფად განმუხტეს. ამასობაში გავრცელდა ხმა, თითქოსდა, კომპიუტერების პროგნოზით, მთავრობას უკვე მხოლოდ 28-ადგილიანი უპირატესობაღა ჰქონდა, რამაც შეკრებილთ ზეიმის ხალისი ლამის საბოლოოდ დაუკარგა.

არანაკლებ ხალისდაკარგული და რაც მთავარია, უკვე გვარიანად გამობრუჟული პრემიერ-მინისტრის ძმა, ჩარლზი კი პრემიერ-მინისტრის სახლში მყოფთ უკვე ყველასთვის ცნობილ და ზოგიერთის მიერ საერთოდაც გაზეპირებულ მათი ოჯახის ისტორიას ვინ იცის, მერამდენედ უყვებოდა და ენაც სულ უფრო და უფრო შესამჩნევად ებმოდა.

- კარგი ადამიანია ჩემი ძმა ჰენრი, - ლუღლუღებდა ჩარლზ კოლინრიჯი, - დიდებული პრემიერ-მინისტრი... მართალია, პირადად მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ სჯობდა, ჩვენი საოჯახო ბიზნესისთვის მიეხედა, რადგან მისი ერთ-ერთ დიად კომპანიად გადაქცევა შეეძლო, მაგრამ თავად მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარბიელი იზიდავდა. ისე, კაცმა რომ თქვას, სააბაზანო მოწყობილობების წარმოება დიდად არც მე მხიბლავდა, მაგრამ აი, მამაჩვენი კი თავისი ბიზნესით მართლა ძალიან ამაყობდა. დარწმუნებული ვარ, ჰენრისაც რომ მასავით ეფიქრა და ეამაყა, სააბაზანო მოწყობილობების წარმოებას მართლა რაღაც ძალიან დიდ და საჭირო ბიზნესად აქცევდა... მის გარეშე კი საქმე უკვე ისე ჩავარდა, რომ დღეს ეს მოწყობილობები პოლონეთიდან თუ სულაც რუმინეთიდან შემოაქვთ...

ჩარლზმა მონოლოგი წამით შეწყვიტა, ჭიქაში ჩარჩენილი ვისკი კი მას შემდეგ, რაც ჭიქა პირთან ვეღარაფრით მიიტანა, უკვე ისედაც გვარიანად დასვრილ შარვალზე გადაისხა. შექმნილი უხერხული პაუზით უმალ ისარგებლა მოქმედი პარტიის თავმჯდომარემ, ლორდმა ჰარისმა და იქაურობას შეუმჩნევლად გაეცალა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არასდროს იმჩნევდა, უკვე საკმაოდ ასაკოვან და პოლიტიკურ ბრძოლებში გვარიანად გამობრძმედილ ჰარისს პრემიერ-მინისტრის ძმასთან ურთიერთობა სასტიკად არ სიამოვნებდა. მისი აზრით, ჩარლზი სიფხიზლეში ურიგო ყმაწვილი როდი იყო, მაგრამ ნასვამი სრულიად აუტანელი ხდებოდა. ჰარისს კი სხვისი მიზეზით (თუნდაც ის სხვა პრემიერ-მინისტრის ძმა ყოფილიყო) ჩაფეთხუმებული გემის მართვა არ უყვარდა. თუმცაღა, როგორც გამოცდილი ნავიგატორი, იმასაც ხვდებოდა, რომ ადმირალის ძმის გემიდან ერთი ხელის დაკვრით მოსროლას აზრი მაინც არ ჰქონდა. პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ეს პრობლემა ჰარისმა რამდენჯერმე მაქსიმალურად დელიკატურად წამოსწია და პრესაში მისი ძმის სახელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბინძურ ინსინუაციებზეც საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.

- ჩემი დროის ნახევრის ისედაც ვიღაცის სისხლის დაღვრაზე დახარჯვა მიწევს და საკუთარი ძმის სისხლს მაინც ნუღარ მომთხოვ. - სთხოვა პრემიერ-მინისტრმა ჰარისს და ამით მიანიშნა, რომ ჩარლზთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბარი ამოწურულად უნდა ჩაეთვალა.

რაღა თქმა უნდა, ჰენრი კოლინრიჯი პარტიის თავმჯდომარეს იმასაც შეჰპირდა, რომ ძმას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ გამოცდილმა ჰარისმა კარგად იცოდა, რომ ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად თუ დარჩებოდა და ასეც მოხდა. ამიტომაც, ახლა კიდევ ერთხელ რომ დააფიქსირა, ოთახიდან ბანცალ-ბანცალით გასულ ჩარლზს დიდმა და პატარამ თვალი როგორი ამრეზით გააყოლა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე აუცილებლად ხელახლა დალაპარაკებოდა.

ამასობაში პარტიის თავმჯდომარეს ეკოლოგიის პრობლემებში სახელმწიფო მდივანი, კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ტელეგენური წევრი, მაიკლ სამუელი მიუახლოვდა. ის ჰარისს ლამის შვილიშვილად ეკუთვნოდა და მოხუცი სახელმწიფო მოღვაწეც მას ყველანაირად მფარველობდა. მინისტრობისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი სამუელმა მას შემდეგ გადადგა, რაც, უილიამსის რეკომენდაციით, საპარლამენტო პირად მდივნად, ერთგვარ ხელის ბიჭად დანიშნეს და ერთ-ერთი წამყვანი მინისტრის საზოგადოებრივ საწყისებზე მომსახურება დაავალეს. მაშინდელ მაიკლ სამუელს გამუდმებით რაღაცის შოვნა, წაღებ-წამოღება, ატან-ჩამოტანა, ამ ყველაფრის სრულიად უდრტვინველად გაძლება და ენაზე კბილის დაჭერა ევალებოდა, რადგან ვინმეს დაწინაურებისას პრემიერ-მინისტრები ყოველთვის ყველაზე მეტად სწორედ ამ თვისებებს აფასებდნენ. საკუთარი გამძლეობისა და უილიამსის მხარდაჭერის წყალობით, სამუელმა კარიერა სწრაფად გაიკეთა და მას შემდეგ ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ერთგულ მეგობრად დარჩა.

- რამე პრობლემაა, მაიკლ? - ჰკითხა სამუელს თავმჯდომარემ.

- კი, - ამოიოხრა სამუელმა, - ჩარლზი. რა კარგი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრს, მეგობრების ანდა კაბინეტის წევრების შერჩევის მსგავსად, ნათესავების არჩევაც რომ შეეძლოს.

- მართლა ძალიან კარგი იქნებოდა. - დაეთანხმა მას თავმჯდომარე. - მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩვენს ნებაზე კოლეგების არჩევაც კი არ შეგვიძლია. - სწორედ იმ წუთში ოთახში მეუღლესთან ერთად შემოსულ ფრენსის ურჰარტზე ანიშნა შემდეგ თავის ახალგაზრდა მეგობარს ჰარისმა.

სამუელმა ურჰარტს ცივად გახედა. ის მთავარ შოლტს დასანახავად ვერ იტანდა, რადგან მინისტრთა კაბინეტის წევრად დანიშვნისას მხარი არ დაუჭირა და მისი მისამართით საერთოდაც მუდმივად მწარესიტყვაობდა. მაგრამ ახალგაზრდა ბრწყინვალე იურისტს მფარველად ისევ პარტიის თავმჯდომარე მოევლინა და რამდენიმე კეთილი რჩევაც მისცა:

"ყველანაირად ეცადე მთლად ასეთი ინტელექტუალი არ გამოჩნდე, არასდროს შეიმჩნიო, რომ საქმეები ზედმიწევნით კარგად მიგიდის, სოციალური საკითხების გადაწყვეტისას მეტისმეტად არ ილიბერალო. და კიდევ: ღვთის გულისათვის, არასდროს გამოგრჩეს, რა ხდება შენს ზურგს უკან! ნუ გავიწყდება, რომ Pპოლიტიკური მოღვაწეების უმეტესობა მტრებთან ბრძოლაზე მეტად, კოლეგების ღალატმა დაღუპა".