ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა - გზაპრესი

ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა

რომის ოლიმპიურ თამაშებში ქართველ სპორტსმენთაგან 16 ათლეტი მონაწილეობდა. მათგან 10 ოლიმპიური მედლით დაბრუნდა, ჩემპიონის ტიტულები კი ავთანდილ ქორიძემ და რობერტ შავლაყაძემ მოიპოვეს. ჩვენი სპორტსმენებიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პირველი, კლასიკური სტილით მოჭიდავე ავთანდილ ქორიძე ავიდა. მოჭიდავეთა ოლიმპიური ტურნირები ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა. ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, გოლიათი ფალავნების ორთაბრძოლები რომაელების ყველაზე საყვარელი და მთავარი სასეირო სანახაობა იყო. შესაძლოა, ამიტომაც, ჭიდაობის ყადრი თანამედროვე იტალიელებმაც კარგად იციან. ავთო ქორიძემ რომაული ოლიმპიადის პირველ წრეში მასპინძელთა ფალავანი, მარიო დე სილვა დაამარცხა, მაგრამ იმდენად ლამაზად, რომ გულშემატკივრები ტურნირის ბოლომდე ქართველს ქომაგობდნენ.

ჩოხატაურის რაიონში მთის სოფელია - ჩომეთი. ავთო ქორიძემ ბავშვობა იქ გაატარა. ამის გამო მეგობრები "ჩომეთას" ეძახდნენ. მეორე მსოფლიო ომი კავკასიას რომ მოადგა, მამა ფრონტზე გაიწვიეს და ავთო, სამ დასთან ერთად, ბაბუამ სოფელში წაიყვანა. იმ წლებში სოფელმა ბევრი ქალაქელი შეიფარა. ჩომეთში კვირაობით, ჭიდაობა იმართებოდა. ჩვეულებრივ, ავთოს ბაბუა იყო მოთავე. შვილიშვილიც მან შეაგულიანა. რაღაც ილეთები კი ისწავლა, მაგრამ დიდი ვერაფერი მოჭიდავე იყო, უფრო სწავლას მისდევდა, დაბალ ნიშნებს თაკილობდა.

ომის დამთავრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა, 15 წლისა კი თანატოლებმა "პეტრეს ცირკში", ცნობილ მწვრთნელ პეტრე იორდანიშვილთან მიიყვანეს. ამ ასაკისთვის ჭიდაობის დაწყება იქნებ გვიანიც იყო, მაგრამ მწვრთნელს ჯანიანი ბიჭი მოეწონა და დაიტოვა კიდეც.

რამდენიმე თვეში დედაქალაქის მოსწავლეთა პირველობაში იმარჯვა. მოგვიანებით, რესპუბლიკის პირველობაც მოიგო. საკავშირო სარბიელზე რომ გაიყვანეს, ჯერ მეორე ადგილი დაიკავა თანატოლებში, ხოლო შემდეგ, ზაპოროჟიეში ჭაბუკთა ტურნირზე უკვე ყველას აჯობა. მწვრთნელი კმაყოფილი იყო ბეჯითი შეგირდით.

როსტომ აბაშიძე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი: "მე და ავთო თანატოლები ვიყავით. ჭიდაობაც პრაქტიკულად, ერთდროულად დავიწყეთ. კუს ტბაზე კროსებს რომ დავრბოდით, ჯერ ასულიც არ ვიყავი, ის უკვე ქვევით ეშვებოდა. ეცინებოდა ხოლმე ჩემს სიზარმაცეზე. ჩემგან განსხვავებით, ქორიძე დაუზარელი, ენერგიული მოჭიდავე იყო და მეტოქეებიც ასე იოლად ვერ დაღლიდნენ. მას გამარჯვების სხვანაირი ჟინი ჰქონდა. მახსოვს, სტუდენტთა საკავშირო სპარტაკიადაზე ერთი შეხვედრა წააგო. მწვრთნელებმა მაშინვე ჩურჩული დაიწყეს, ამისგან არაფერი გამოვაო. ავთომ კი, რომ დაჰყვა მეტოქეებს, ყველას ბდღვირი ადინა, ბოლო შეხვედრა კი თხუთმეტქულიანი სხვაობით მოიგო. ერთი ილეთია, მოჭიდავეები "ვერტუშკას" ვეძახით. ყველა იყენებს ამ ფანდს, მაგრამ ავთო იდეალურად ასრულებდა. კისერზე ხელი რომ დაგედო, უკვე ჰაერში იყავი. ჩოქბჯენშიც ძალიან ძლიერი იყო, პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა".

რომის ოლიმპიური თამაშების მეორე წრეში ავთანდილ ქორიძემ იტალიელი მარიო დე სილვას მსგავსად, ამერიკელი ბენ ნორტრუპიც ანგარიშით - 3:1 დაამარცხა. მესამე შეხვედრა კი უკვე ერთობ გამოცდილ და ძალზე ძლიერ, ფინელ კიუესტი ლეჰტონენთან ჰქონდა. ქულებით მარცხიც კი ორივეს ცუდ დღეში ჩააგდებდა, ხუთი საჯარიმო ქულით პრაქტიკულად კარგავდნენ ფინალში გასვლის შანსს... თხუთმეტწუთიანი ჭიდაობა ფრედ დასრულდა.

...1957 წელს, მოსკოვში მესამე საერთაშორისო სპორტული თამაშები ჩატარდა. ქორიძემ ექვსივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და დაუმარცხებლად მოიპოვა პირველობა. სწორედ მაშინ მიაქცია ყურადღება საბჭოთა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, არკადი ლენცმა, რომ ქორიძე საერთაშორისო შეხვედრებს არ აგებდა. მომდევნო წელს თბილისში, საქართველოსა და შვეციის ფალავნების სამატჩო შეხვედრა გაიმართა. აქ ქორიძემ მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, "რკინის ფრეად" წოდებული, გუსტავ ფრეი დაამარცხა. იუგოსლავიაშიც, "ადრიატიკის თასი" დაუმარცხებლად მოიგო, თანაც, მსოფლიოს ჩემპიონებს - უნგრელ იმრე პოიაკსა და თურქ რეზა დოგანს სძლია.

კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ტურნირი აგვისტოს ბოლოს ტარდებოდა. რომის თაკარა მზისგულზე დღისით ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა. კიდევ უფრო ცხელოდა "მასენციოს" ბაზილიკის თაღებქვეშ. გაოფლიანებულ ტანზე მეტოქეებს ხელი უსხლტებოდათ, მაგრამ ისევ წინ მიიწევდნენ. მეოთხე წრეში ქორიძის პირისპირ ბერძენი ანასტას მოისიდისი დადგა. უკვე მესამე წუთზე თავის საფირმო ილეთზე დაიჭირა და ბერძენი ხიდურზე გადაიყვანა. კიდევ ორი წუთი და, ქორიძემ სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით ფინალში მოხვდა. მაშინდელი წესებით, ფინალში სამი ფალავანი გადიოდა და მათ შორის ვლინდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი. დიდი სიფრთხილე მართებდა, ოლიმპიადებზე ყველაფერი ხდება და მოხდა კიდეც. პირველ ფინალურ შეხვედრაში ქორიძის მეტოქე სტოიანოვი იყო. სწორედ ეს ორთაბრძოლა აღმოჩნდა ქართველი ფალავნისთვის ყველაზე დრამატული და კინაღამ შეიწირა კიდეც. მსაჯებმა ქართველისა და ბულგარელის ჭიდაობა რატომღაც, ფარსად ჩათვალეს და ორივე მოხსნეს ტურნირიდან.

როსტომ აბაშიძე: "სტოიანოვმა ყველა მეტოქე დაამარცხა და ავთოსთანაც გამარჯვების იმედით გამოვიდა. რომში მე სათადარიგო ვიყავი და თავისუფალ დროს ქორიძეს ვეხმარებოდი, თუმცა, ეს არც სჭირდებოდა, ერთთავად უტევდა. დასაწყისშივე რამდენჯერმე ილეთზე დაიჭირა ბულგარელი, მაგრამ მსაჯებმა არ შეუფასეს. ავთო ისევ უტევდა, მეტოქე კი კვლავ გარბოდა. არბიტრს წესით, უნდა გაეფრთხილებინა. ერთ მომენტში ბულგარელი ბეჭებითაც შეეხო ხალიჩას და სწორედ აქ ჩათვალეს მსაჯებმა, რომ სტოიანოვი განგებ "დაუწვა" ქართველს და ორივე მოხსნეს. აბსურდული გადაწყვეტილებაა. სტოიანოვი თავად იბრძოდა ოქროს მედლისთვის და ქორიძისთვის რატომ უნდა დაეთმო?.. მსაჯებს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, როჟე კულონიც დაეთანხმა. ტრიბუნები ახმაურდა. იტალიელები ქორიძეს გულშემატკივრობდნენ და სამართლიანობას მოითხოვდნენ. ბედად ამ შეხვედრას, საპატიო სტუმართა ლოჟიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ევერი ბრენდეჯი უყურებდა. საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელებმაც მას მიმართეს. რანგით მაღალმა რანგით დაბალს მიუთითა და მსაჯებმაც თათბირი განაახლეს. ავთო ამ დროს ხალიჩის კუთხეში იდგა და სიმწრის ცრემლს ძლივს იკავებდა. საბოლოოდ, მსაჯთა კომისიამ ქორიძეს ქულებით გამარჯვება მიაკუთვნა, სტოიანოვი კი მაინც მოხსნეს. ამით გუსტავ ფრეიმაც იხეირა - შვედს ბრინჯაოს მედალი ერგო. გასარკვევი ახლა ერთი, თანაც, ყველაზე მთავარი საკითხი რჩებოდა: ვინ მოიპოვებდა ჩემპიონის ტიტულს, ქართველი ავთანდილ ქორიძე თუ იუგოსლავიელი ბრანკო მარტინოვიჩი. 1960 წლის 31 აგვისტოს რომში ისევ ცხელოდა, თუმცა, საღამოს ცოტა აგრილდა, ტემპერატურა 30 გრადუსამდე ჩამოვიდა".

რომან რურუა, მსოფლიოს ოთხგზისა და ოლიმპიური ჩემპიონი: "პეტრე იორდანიშვილის დარბაზში ქორიძესთან ერთად რამდენიმე წელი ვვარჯიშობდი და კარგად ვიცი, რა დონის მოჭიდავე იყო, სპარინგიც ხშირად გვქონდა. ფიზიკურად ძლიერი ათლეტი იყო, მიჭირდა მასთან პაექრობა. უნიკალური გდება ჰქონდა, მსგავსი არსად მინახავს. მკერდზე მიიკრავდა მეტოქეს, უკან გადაიზნიქებოდა და როდესაც მტკაველიღა რჩებოდა ხალიჩამდე და თითქოს თავად უნდა შეხებოდა მას ბეჭებით, რაღაც საოცარი მოძრაობით ამოტრიალდებოდა და მეტოქეს ზევიდან მოექცეოდა. ავთოს გარდა, ასეთ გდებას ვერავინ აკეთებდა, ვერც მე. ასევე უნაკლოდ გამოსდიოდა სუფლექსი, ნახევარსუფლექსი და "ვერტუშკა". ის ყველასგან განსხვავებული ფალავანი იყო. ტიპური ქართველი, თავიდანვე უტევდა მეტოქეს, ბოლომდე აწვებოდა და ვიდრე სუნთქვა ჰყოფნიდა, არ მოეშვებოდა. თითქოს თავისთვის ბუზღუნებსო, უცნაურ ხმებს გამოსცემდა, რის გამოც მეგობრებმა "ჯუჯღუნა" შეარქვეს. მის ჭიდაობას რომ უყურებდი, ჭიდაობის შედევრით ტკბებოდი".

ავთო ქორიძის ბოლო მეტოქე ბრანკო მარტინოვიჩი გახლდათ. იტალიელებს ფინალში არავინ ჰყავდათ, ამიტომ მათი ჯილა ქართველი გახდა. ორივემ ფრთხილად დაიწყო, ერთმანეთს მკლავის ძალა მოუსინჯეს, მერე კი ქორიძემ შეუტია. მარტინოვიჩი თავისი უდრეკი ხიდურით იყო ცნობილი. ღირსეულად იბრძოდა, ერთხელ ქულაც აიღო, მაგრამ ქორიძის შეჩერება იმ დღეს შეუძლებელი იყო. ზედიზედ სამი ქულა აუღო იუგოსლავიელს და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. სასტვენის შემდეგ მსაჯმა ქართველის ხელი აღმართა: ავთანდილ ქორიძე - ოლიმპიური ჩემპიონია!

მოგვიანებით მარტინოვიჩი იხსენებდა: "შეხვედრის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ ქორიძის დამარცხება შეუძლებელი იყო. მივხვდი და უნებურად, ბედს შევურიგდი. ისეთი თავგანწირვითა და აზარტით მიტევდა, მის ტემპს ვერ გავუძლებდი, ადრე თუ გვიან, დანებება მომიწევდა".

საზეიმო დაჯილდოების ცერემონიის დროს, კვარცხლბეკზე ოქროს მედალს რომ გადასცემდნენ, სახეზე ემოციას ვერ შეატყობდი, თითქოს ჩვეულებრივი შეჯიბრება მოიგოო. დაღლა მერე, მოგვიანებით იგრძნო, ოლიმპიურ სოფელში რომ დაბრუნდა. სკამზე ჩამოჯდა და ტელევიზორს მიუჯდა. რობერტ შავლაყაძე შემოვიდა. ისიც დაღლილი იყო: სიმაღლეზე მხტომელთა საკვალიფიკაციო შეჯიბრებები გვიანობამდე გაგრძელდა და იმ დღის ამბები არ იცოდა.

- რა ქენიო? - იკითხა.

- ვიჭიდავე, - მოკლედ უპასუხა ქორიძემ.

შავლაყაძემ მოიწყინა, იფიქრა, ალბათ ვერ მოიგოო, მაგრამ იქვე მყოფ საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი სიხარულიძეს ისე გაეღიმა, ეჭვით გადახედა ორივეს.

- იჭიდავა, მაგრამ როგორ იჭიდავა! ჩემპიონი გახდა! - უთხრა სიხარულიძემ.

შავლაყაძემ მაგრად ჩამოართვა ხელი ჩემპიონს და გამარჯვება მიულოცა. მეორე დღეს იგივე გამეორდა, როდესაც ოქროს მედალი უკვე შავლაყაძემ მოიპოვა. რომში ჩემპიონის ტიტული ქართველთაგან სწორედ ამ ორმა ათლეტმა მოიპოვა.

...იმ ღამეს ქუთაისში წვრილად ცრიდა, მოლიპულ გზაზე მანქანით მგზავრობა სახიფათო იყო. მეგობრებმა დარჩენა ურჩიეს, გამოიძინეთ და დილით წადითო. საჭეს მიუჯდა. უკანა სავარძელზე რომან ძნელაძეს ეძინა. ქუთაისიდან გამოვიდნენ თუ არა, მდინარე ჭიშურასთან სველ ასფალტზე მანქანა მოცურდა, ამოტრიალდა და პატარა ხრამში ჩაემხო. რესტორნის სახურავიდან პროჟექტორის სხივები სწორედ იმ მოსახვევში ბრჭყვიალებდა.

გოგი ფრანგიშვილი