ოს­კარ უაილ­დის პი­რა­დი დრა­მა - კა­ტორ­ღა, შეც­ვ­ლი­ლი ორი­ენ­ტა­ცია და დან­გ­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა - გზაპრესი

ოს­კარ უაილ­დის პი­რა­დი დრა­მა - კა­ტორ­ღა, შეც­ვ­ლი­ლი ორი­ენ­ტა­ცია და დან­გ­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა

ოსკარ ფინგალ ო"ფლაერტ უილს უაილდს უყვარდა სილამაზე, ის მისი კერპი იყო. მაგრამ სად უნდა პოვო სილამაზე ამ საშინელ, ობივატელურ, მეშჩანურ ყოფაში? მატერია - მშვენიერი ხელოვნების ნიმუშთა შესაქმნელად?

მას აზრებით თამაში მოსწონდა, მათი მოულოდნელი მიმართულებით წარმართვა და საყოველთაოდ მიღებულის ეჭვისთვის დაქვემდებარება. ამით თითქოს საზოგადოების დაჭაობებული ყოველდღიურობის აზვირთებას ცდილობდა.

აღიარებულ ფასეულობათა დაცინვა დეკადანსის ერთ-ერთი თვისებაა. მერედა, რარიგ ბრწყინვალეა და შეუდარებელი, ბრჭყვიალა, ნათელი ფერებით. საიდან აქვს ეს ბრწყინვალება? დაცემით ხომ არა? - დიახ, ერთი მხრივ, ეს ცივილიზაციის გვიანი შემოდგომის ხმელი ყვავილია, რომელიც დაღუპვისკენაა მიდრეკილი.

"არ არსებობს არც უზნეო და არც ზნეობრივი წიგნები. არსებობს მხოლოდ კარგად ან ცუდად დაწერილი ნაწარმოებები", - წერდა უაილდი "დორიან გრეის პორტრეტის" შესავალ ნაწილში.

მრავალი რამ, რაც ინგლისური ლიტერატურის ამ დიდოსტატის მიერ იყო ნათქვამი, ატარებდა სურვილს - მოულოდნელობით განეგმირა, შოკისებური ზეგავლენა მოეხდინა საუკუნეთა მიჯნაზე მყოფ საზოგადოებაზე; ზოგჯერ გაებრაზებინა კიდეც ის. საბოლოოდ კი, მისი სამიზნე გახდა.

ოსკარ უაილდი 1854 წლის 16 ოქტომბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა. მამამისი - სერ უილიამ უაილდი, ცნობილი ექიმი - ამ დროს 39 წლის იყო. დედა - ჯეინ ფრანჩესკა ელჯი - პოეტი, აქტიური საზოგადო მოღვაწე, ელიტური პოეტური სალონებისა და კლუბების მუდმივი წევრი - 30 წლის. უაილდების ოჯახის კარი ხელოვანთათვის მუდამ ღია იყო. მშობლებმა ვაჟის ინტელექტუალურ განვითარებასა და ხელოვნებისადმი მისწრაფებას ხელი შეუწყვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ოსკარი მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო. დედამისს ისე უნდოდა ქალიშვილის ყოლა, რომ ბიჭუნას გოგოს ტანისამოსს აცმევდა, კულულებს უზრდიდა და შედეგებზე სულაც არ ფიქრობდა. ის მაღალი, მოხდენილი და ელეგანტური ყმაწვილი გაიზარდა.

20 წლის ოსკარი სამოგზაუროდ იტალიაში წავიდა და პროტესტანტობიდან კათოლიკურ რწმენაზე მოექცა. დროდადრო სონეტებსა და ლექსებს თხზავდა. 1878 წელს, ბაკალავრის ხარისხი მიანიჭეს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, უაილდი ლონდონის საზოგადოებაში ძალზე პოპულარული გახდა. ის ნებისმიერ კლუბსა თუ წვეულებაზე სასურველ სტუმრად ითვლებოდა. ახალგაზრდა შემოქმედი საკუთარ შემოსავალს ხელოვნების ნიმუშებზე რეცენზიების წერითა და ლექციების კითხვით გამოიმუშავებდა. ასევე, კომედიური ნაწარმოებების წერასაც მიჰყო ხელი, რითაც დიდ წარმატებას მიაღწია.

ოსკარი ექსტრავაგანტურად, ხელგაშლილად, სკანდალურად და რაც მთავარია, ბედნიერად, განცხრომით ცხოვრობდა.

1882 წელს, ამერიკაში ლექციების წასაკითხად ჩასულ უაილდს აღტაცებით შეხვდნენ. მისმა არაორდინარულმა აზრებმა ყურადღება მიიქცია. გარდა ამისა, ყურადღებას ჩაცმულობითაც იქცევდა - წელში გამოყვანილი ხავერდის კამზოლი, გოფრირებული საყელო, მუხლებამდე შარვალი, ნაცრისფერი აბრეშუმის წინდები და ა.შ.

ამერიკაში გამომუშავებული ფულით პარიზში სამი თვე დაჰყო. სწორედ იქ გაიცნო ვერლენი, ჰიუგო, მალარმე, ზოლა, დეგა, დოდე და სხვანი.

ახალგაზრდობისას ის ერთმნიშვნელოვნად ჰეტეროსექსუალი გახლდათ. ოსკარის პირველი სიყვარული ფლორი ბელკუმი იყო, რომელიც 21 წლისამ გაიცნო. ახალგაზრდა მწერალს გული გაუტყდა, როცა ქალმა გადაწყვიტა, ცოლად გაჰყოლოდა ბრემ სტოკერს ("დრაკულას" ავტორს). ამის შემდეგ, უაილდი ერთხანს მსახიობმა ლილი ლანგტრიმ გაიტაცა, რომელიც მაშინ გათხოვილი იყო. ამას კიდევ რამდენიმე ხანმოკლე რომანი მოჰყვა. არც მეძავთა მომსახურებაზე ამბობდა უარს. 1881 წელს კი, ოსკარ უაილდმა კონსტანცია ლოიდი გაიცნო - ლამაზი და ალერსიანი გოგონა, რომელსაც ვნებიან, პოეტურ წერილებს სწერდა. ისინი ერთმანეთზე უზომოდ იყვნენ შეყვარებულნი და 1884 წელს იქორწინეს კიდეც. თაფლობის თვე პარიზში გაატარეს. შემდგომი რამდენიმე წელიც წყვილისთვის ბედნიერი იყო. მათ ორი ვაჟი შეეძინათ - სირილი და ვივიანი.

ქორწინებიდან პირველ წლებში მწერალმა თავისი გამორჩეული ნაწარმოებები შექმნა: "ქანთერვილის მოჩვენება" (1887), "ლორდ ართურ სევილის დანაშაული" (1891) და რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" (1891).

მიუხედავად იმისა, რომ ოსკარს ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა, ოჯახურ ყოფას მაინც ვერაფრით მოერგო. მისი ბიოგრაფები დღემდე ცდილობენ, ამოხსნან - რამ უბიძგა მწერალს, შეეცვალა სექსუალური ორიენტაცია?

1891 წელს, უაილდმა 22 წლის არისტოკრატი, ლორდი ალფრედ ბრიუს დუგლასი გაიცნო (მარკიზ ქუინსბერის მესამე ვაჟი), რომელმაც მის ცხოვრებისეულ დრამაში ბოროტი გენიის როლი შეასრულა. ის მწერალზე 16 წლით უმცროსი იყო. მეორე შეხვედრისთანავე ოსკარმა მას "დორიან გრეის პორტრეტი" აჩუქა. დუგლასი ცნობილი ოჯახის შვილი, ძალიან ლამაზი, ვნებიანი, იმპულსური და ამაყი ახალგაზრდა გახლდათ. დროთა განმავლობაში, უაილდისა და დუგლასის შესახებ ჭორებმა იმატა, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა, ჩუმადაც დასრულებულიყო, რომ ამ საქმეში ახალგაზრდა ლორდის მამა არ ჩარეულიყო. ქუინსბერის მარკიზს, ჯონათან დუგლასს შვილის სექსუალური მიდრეკილებების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. მისი მრისხანების გამოვლენის კულმინაცია ღია ბარათი იყო, რომელიც მან უაილდს კლუბ "ალბემარში" გაუგზავნა. ბარათზე შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა. ოსკარმა ცხელ გულზე დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა და მარკიზს სასამართლოში უჩივლა. ალფრედის მამა სასამართლოსთვის კარგად მომზადებული აღმოჩნდა. მას დეტექტივთა და ფასიან ინფორმატორთა მთელი ჯგუფი ჰყავდა დაქირავებული. სასამართლოში მიიყვანეს ყმაწვილები, რომლებმაც უაილდთან სექსუალური კავშირები დაადასტურეს. პროკურორი იძულებული გახდა, ქუინსბერის მარკიზის მიმართ აღძრული საქმე შეეწყვიტა. ჯონათან დუგლასი გამართლდა.

მეგობრები ოსკარს სთხოვდნენ, სასწრაფოდ დაეტოვებინა ლონდონი, მაგრამ მწერალმა ამაზე უარი თქვა. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ უაილდი დააპატიმრეს. ახლა უკვე ალფრედის მამა უჩიოდა მას სასამართლოში, გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების გამო. ამ სასამართლო პროცესზე მწერალს ზოგიერთი საკუთარი ნაწარმოების დაცვაც კი მოუხდა - მაგალითად, "დორიან გრეის პორტრეტის". უაილდს მახვილგონიერება არც აქ ღალატობდა. ის შთამბეჭდავი სიტყვებით უპირისპირდებოდა უხამს ბრალდებებს. მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საქმე მესამე პროცესისთვის გადაიდო. თავისუფლებაში მყოფმა ოსკარმა ქვეყნიდან გამგზავრება კვლავ არ ისურვა.

მესამე პროცესი მისთვის ტრაგიკულად დამთავრდა: უაილდს ორი წლის კატორღული შრომა მიუსაჯეს, რაც იმხანად ბრიტანული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.

ინგლისის სატუსაღოს მძიმე პირობებმა პოეტური სულის მქონე უაილდზე მძიმე კვალი დააჩნია: მას ღრმა დეპრესია დაეწყო, მძიმე სენმა დარია ხელი; დაყრუვდა და მხედველობაც დააკლდა; გარდაეცვალა დედა; ცოლ-შვილს დაშორდა. ერთი სიტყვით, ვიქტორიანული ინგლისის საზოგადოების მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ცნობილი პოემა - "რედინგის ციხის ბალადა" და პროზაული წერილი - Dე Pროფუნდის ("სიღრმიდან").

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მორალურად და ფიზიკურად გატეხილი მწერალი ინგლისში აღარ დარჩენილა. სებასტიან მელმოტის სახელით, ჯერ საფრანგეთში, შემდეგ, იტალიაში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მეგობართან, ალფრედ დუგლასთან ურთიერთობაც ისევ გაგრძელდა. მისი წყალობით უაილდის პიესები ისევ იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენებზე. მაგალითად, 1896 წელს, პარიზის "ხელოვნების" სცენაზე დაიდგა პიესა - "სალომე". ეს პიესა უაილდის მიერ ფრანგულად იყო დაწერილი. მან ის, თავის დროზე, დიდი ფრანგი მსახიობის - სარა ბერნარისთვის დაწერა და ამით ასახა არა იმდენად ბიბლიური გმირის, არამედ - ტრაგიკული მსახიობის სახე.

1898 წელს, "რედინგის ციხის ბალადა" ავტორის სახელის გარეშე გამოვიდა.

1899 წლის შემოდგომაზე მწერალი ახალგაზრდა მეგობართან ერთად ნეაპოლში გაემგზავრა, მაგრამ დეკემბერში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

1900 წლის 30 ნოემბერს, 46 წლის ასაკში სახელგანთქმული მწერალი - ოსკარ უაილდი საფრანგეთში, ერთ უსახურ სასტუმროში გარდაიცვალა. ის ნაჩქარევად "ბანიოს" სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა, დაახლოებით ათი წლის შემდეგ, "ლა-შეზის" სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ჯეიქობ ეფსთაინის ფრთოსანი სფინქსის ქანდაკება დაუდგეს.

1905 წელს, გამოვიდა მისი აღსარების Dე Pროფუნდის პირველი გამოცემა.

ოსკარ ფინგალ ო" ფლაერტ უილს უაილდი თანამედროვე ინგლისური ენის უდიდეს რეფორმატორადაა მიჩნეული. მისი ზღაპრები, პიესები, რომანი, ლექსები, პოემები, მოთხრობები, ესეები, წერილები, კრიტიკა, პუბლიცისტიკა გამუდმებით ითარგმნება და გამოიცემა მსოფლიოს ოთხმოცზე მეტ ენაზე.

"დორიან გრეის პორტრეტი"

რომანის შესავალ ნაწილში ავტორი წერს: "თუ ხელოვნების ნაწარმოები კამათს იწვევს, - მაშასადამე, მასში არის რაღაც ახალი, რთული და მნიშვნელოვანი".

უაილდის იდეა იმის შესახებ, რომ სილამაზესა და მორალს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, "დორიან გრეის" საწყის პუნქტად გვევლინება. მორალი თითქოსდა, ბოჭავს ადამიანს და სიამოვნების მიღებაში ხელს უშლის. ამიტომაც, რომანის მთავარი პერსონაჟი და მასთან ერთად უაილდი მორალს უარყოფს. სილამაზე და სიამოვნების მიღება დორიანის დევიზად იქცევა. საით მიჰყავს ყოველივე ამას?.. - ის ანგრევს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას. სულიერი სიღატაკე მას ჩიხში აქცევს, რომელშიც სიამოვნების მიღების უნარს და სილამაზის განცდასაც კარგავს.

თუკი დორიან გრეის ბედს რაიმენაირი ობიექტური აზრი მაინც გააჩნია, ის მხოლოდ ერთში მდგომარეობს: მორალური მუხრუჭის დაკარგვას ადამიანი დაღუპვისკენ მიჰყავს. ამ აზრს მხატვრული სახის ლოგიკიდანაც ვიგებთ. გამოდის, რომ ავტორი თავის რომანს იწყებს მორალური ფასეულობების უარყოფით, ხოლო ასრულებს სრულიად საწინააღმდეგო დასკვნით - მთავარი გმირის ამორალურობის ბრალდებით. ნაწარმოების რთულ სიმბოლიკაში ეს ნიშნავს, რომ რეალურ ადამიანში ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობ, ის მხოლოდ ხელოვნებით შეიძლება ასახო. აქვე ხდება უაილდის პრინციპის ილუსტრაციაც, რომ "ხელოვნება ცხოვრებასთან შედარებით, უფრო მეტად რეალურია. ცხოვრება ხელოვნებას ჰბაძავს და არა პირიქით". მწერალმა ეს საიდუმლო იცოდა და მისით სარგებლობაც შეეძლო. მან მოიგონა ეს თამაში - რეალობისა სიმბოლურთან; გაგვიტაცა ამ თამაშით, შემდეგ კი, მოგვცა საშუალება - გვეფიქრა, რაც გვსურდა...

ირინა ჯანდიერი