აღსაზრდელი მშობლები - როდის უნდა მივცეთ შვილს შენიშვნა - გზაპრესი

აღსაზრდელი მშობლები - როდის უნდა მივცეთ შვილს შენიშვნა

ბანალური ფრაზა: დედობა ცალკე პროფესიააო, - ბევრისგან მსმენია. ვფიქრობ, სიმართლეს შეესაბამება. ამას წინათ, სამარშრუტო ტაქსიში 4-5 წლის ბიჭუნა და მისი ახალგაზრდა დედიკო დამემგზავრნენ. დედა საღეჭ რეზინს დიდი მონდომებით ღეჭავდა, ატკაცუნებდა და ტელეფონით საუბრობდა; შვილი კი საწერკალმით სავარძელზე ხატავდა. რამდენიმე მგზავრმა დედას შენიშვნა მისცა, - ასე მოქცევა არ შეიძლებაო, მაგრამ ქალბატონმა მათ ყურადღება არ მიაქცია და ტელეფონზე ჭორაობა გააგრძელა. შენიშვნა კიდევ რომ მიიღო, უხეშად თქვა: ჩემი შვილი რას გააკეთებს, თქვენი საქმე არ არისო. ერთმა ქალმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა: ამან რა შვილი უნდა გაზარდოს, თვითონ არის გასაზრდელიო! სწორედ ამ ფრაზის გაგონების შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ეს თემა მომემზადებინა და როგორც აღმოჩნდა, აღსაზრდელი მშობლების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია.

ნატალია ჩირგაძე, ოთხი შვილის დედა:

- საერთოდ, ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთულია. შვილის გაჩენამდე ქალი დედობისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს. სულაც არ არის სირცხვილი, რომ ამისთვის ლიტერატურა და სხვადასხვა ინტერნეტსაიტი გამოიყენო. პირადად მე, ოთხი შვილი მყავს. ყოველი ორსულობისას ბავშვის გაზრდის, მოვლისა და აღზრდის შესახებ ლიტერატურას ვეცნობოდი და ახლაც ვიყენებ ამა თუ იმ ინტერნეტსაიტს. თუმცა, სამაგალითო დედა მაინც ვერ ვარ. მაგალითად, ხშირად ნერვებს ვერ ვთოკავ და ბავშვებს ვუყვირი, თან - საკმაოდ ხმამაღლა; ზოგჯერ, როცა ძალიან მაბრაზებენ, წამოვარტყამ კიდეც. ვიცი, ამით ბავშვს კარგს ვერაფერს ვასწავლი და ამის შესახებ არაერთ ფსიქოლოგსაც ვესაუბრე, ჩემს მოძღვარსაც, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. გაბრაზებულს მოძღვრის შეგონებებიც მავიწყდება და ფსიქოლოგის რჩევებიც. თუმცაღა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემი შვილები თავხედები და უზრდელები არ არიან. იმედი მაქვს, არასდროს გააკეთებენ იმას, რაც ვთქვათ, ჩემი მეზობლის შვილმა გააკეთა: ეზოში ვიყავით. პატარები თამაშობდნენ, მშობლები კი საუბრით ვიქცევდით თავს. ერთი ბავშვი მოვიდა და ბებიამისს რაღაცის ყიდვა სთხოვა. ბებიამ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, თან ხელში აიყვანა და მიეფერა. ბავშვმა კი ქალს თავში ცემა დაუწყო, - ახლავე დამსვი. ცუდი ქალი ხარ, ფული რატომ არ გაქვსო? ბებომ მისი დამშვიდება სცადა: ავიდეთ სახლში და ფული ჩამოვიტანოთ, ოღონდ შენ არ იტიროო. ბოლოს, ბებია და შვილიშვილი შინისკენ წავიდნენ, მე კი ამ ამბის შემსწრე ბიჭუნას დედას ვუთხარი: დათი ბებოს ასე რომ ურტყამს, შვილს შენიშვნას რატომ არ აძლევ-მეთქი? გამაოგნებელი პასუხი გამცა: შენიშვნა რატომ უნდა მივცე? ბავშვი ასეთი უნდა იყოს, თავისი ყველგან და ყველასთან უნდა გაიტანოს. სხვანაირად ცხოვრებაში დაიჩაგრებაო.

ნინო მეტრეველი, ორი შვილის დედა:

- ძალიან საინტერესო თემას ამზადებთ. ბავშვის აღზრდისას მშობლის განათლებას, თვისებებსა და ხასიათს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, სხვის თვალში არც მე ვიყო გადასარევი დედა, მაგრამ ვფიქრობ, მშობელი, რომელსაც უზრდელი და თავხედი შვილი ჰყავს, პირველ რიგში, თავად არის აღსაზრდელი, რადგან ცხადია, იგი ბავშვს რაღაცით ატუტუცებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: შვილებთან ერთად, რაჭაში ვისვენებდი. ოთახი დაქირავებული გვქონდა. იმავე სახლში მდგმურად კიდევ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა. ჩემ გვერდით მდებარე ოთახში ახალგაზრდა გოგონა, ორ შვილთან ერთად დაბინავდა. საერთო სამზარეულო და აივანი გვქონდა და შესაბამისად, ჩვენი შვილები სულ ერთად თამაშობდნენ, ჩვენც ხშირად ვურთიერთობდით. ერთი შეხედვით, ცუდი გოგო ნამდვილად არ იყო, მაგრამ შვილები ჰყავდა უზრდელები. ორივე ბიჭი აბსოლუტურად ყველა ბავშვთან ჩხუბობდა და თუ რამე არ მოეწონებოდათ, თანატოლებს აგინებდნენ, დედას კი მათთვის შენიშვნა არასოდეს მიუცია. ერთ დღეს იმ გოგომ `რუმიანა~ მთხოვა. უკან რომ მიბრუნებდა, ვუთხარი: ახალიც მაქვს და ეგ შენი იყოს-მეთქი. მოკლედ, ის ცდილობდა, დაებრუნებინა, მე არ ვართმევდი. არ ვიცი, მისმა უფროსმა შვილმა რა იფიქრა, მაგრამ დამიყვირა: ახლავე მიეცი დედაჩემს, რასაც გთხოვსო. ჯერ გავოცდი, მერე კი ვუპასუხე: ვინ მოგცა უფლება, რომ უფროსების საუბარში ერევი-მეთქი? - შენ ვინ მოგცა უფლება, რომ დედაჩემს რაღაცას არ აძლევ? მიეცი, დებილო ქალო, თორემ თუ დაგარტყი, იქით გაგისვრიო. დედამისს ვუთხარი: ჩემს შვილებს არ ვაბედვინებ ამდენს და ძალიან გთხოვ, ესენი გააჩუმე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ-მეთქი. ამ გოგომ პასუხიც კი არ გამცა, ზურგი შემაქცია და ოთახში შევიდა ისე, რომ შვილისთვის შენიშვნა არ მიუცია. რაც მთავარია, ის ბავშვი არ გაჩუმდა, უწმაწური სიტყვებით მაგინა. თავი ძლივს შევიკავე, რომ სხვისი შვილისკენ საცემრად არ გავწეულიყავი... ახლა მითხარით, ამ ბავშვის დედა არ არის თავიდან აღსაზრდელი? 16 წლის გათხოვილა და მაშინ უკვე 24-ის იყო, მაგრამ როგორც ჩანს, არც 16 წლამდე არაფერი ასწავლეს და ვერც გათხოვების შემდეგ ისწავლა რაიმე. მისგან შვილმა რა მაგალითი უნდა აიღოს?

ნინო მაჩიტიძე, ორი შვილის დედა:

- შვილის აღზრდა მეტისმეტად საპასუხისმგებლო რამ არის. არ ვიცი, თავად რამდენად კარგი დედა ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემი შვილები დამოუკიდებელი პიროვნებები იყვნენ, მაგრამ არა - უზრდელები და თავხედები. უნდა შევეცადოთ, შვილს ცუდი მაგალითი არ ვუჩვენოთ. ამას წინათ, ისეთ შემთხვევას შევესწარი, რომელიც ალბათ, არასოდეს დამავიწყდება. ბავშვს სკოლაში მივაკითხე და იქ ისეთი ამბავი დამხვდა, თმა ყალყზე დამიდგა. მეორეკლასელი ბავშვების მშობლები ჩხუბობდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას ვინ ჩივის, ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. იქ მყოფმა მშობლებმა ვერ გააშველეს, ვერც მანდატურები გახდნენ რამეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. უნდა გენახათ, მათი შეშინებული და ატირებული შვილები რა დღეში იყვნენ. ჰოდა, ამ დედებმა რა მაგალითი მისცეს შვილებს? ნამდვილად არ ვიცი, რა მიზეზით გამართეს ცემა-ტყეპა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა დედა ძალადობს სხვებზე, მომავალში კი შვილიც მასავით მოიქცევა. ასე ხომ შვილებს ფსიქიკას უმახინჯებენ!

სოფო ტორონჯაძე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი:

- აღსაზრდელი მშობლების პრობლემა ყველაზე მეტად, ალბათ, მე და ჩემს კოლეგებს გვეხება, რადგან მათთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. რასაკვირველია, ძალიან კარგი მშობლებიც არსებობენ, მაგრამ უზრდელი დედებიც ხშირად შემხვედრიან. კონკრეტული მაგალითების მოყოლისგან თავს შევიკავებ. არ მინდა, ვინმემ საკუთარი თავი ამოიცნოს, მაგრამ გეტყვით რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ მშობლებთან მიხდება ურთიერთობა. დავიწყებ იმით, რომ შვილების წასაყვანად არაერთხელ მოსულან ნასვამი დედები. გასაგებია, რომ ხანდახან მანდილოსანსაც უწევს ალკოჰოლის მიღება, მაგრამ სასწავლო პროცესი რომ 9 საათზე იწყება და პირველის ნახევარზე მთავრდება, ასეთ დროს კი მშობელი უკვე მთვრალია (თანაც, კვირაში რამდენჯერმე), აქ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, თუ ბავშვი საშინაო დავალებას ვერ ამზადებს, მშობელი მსაყვედურობს, თანაც - საჯაროდ, ბავშვებს ასეთ ამოცანებს ნუ აძლევთო. ვცდილობ, მათ ავუხსნა, რომ სკოლის პროგრამა ჩემი შედგენილი არ არის, მაგრამ არავინ მისმენს. იმის ნაცვლად, რომ შვილს დავალების შესრულებაში დაეხმარონ და შინ დამატებით ამეცადინონ, პრეტენზიებს გამოთქვამენ. და რაც ყველაზე მთავარია: მშობელი შვილებთან ნორმალური ლექსიკით უნდა საუბრობდეს. უწმაწური და არაეთიკური სიტყვები ბავშვებს არ უნდა მოასმენინონ! ხშირია შემთხვევა, როცა დილით ბავშვები გაკვეთილებზე აგვიანებენ. რასაკვირველია, ამ დროს პედაგოგებს ხელი გვეშლება. ერთ დღეს, როცა მოსწავლემ დაიგვიანა, არაფერი ვუთხარი; მეორე დღეს უკვე მთელი ნახევარი საათით დააგვიანა. ვუსაყვედურე: გუშინ ხომ გთხოვე, რომ არ დაგეგვიანა და ეს მამაშენსაც ვუთხარი-მეთქი. მიპასუხა: ეგ მამაჩემს მეც შევახსენე, მაგრამ ასე მითხრა, - აქ შენი დედა... და იქ - შენი მასწავლებლისო... წელს პირველი კლასი ავიყვანე. გასაგებია, რომ ბავშვმა ვერ გააცნობიერა მშობლის საქციელი და სიტყვასიტყვით მომიტანა მამის ნათქვამი, მაგრამ იმ კაცის მხრიდან ეს ნორმალური საქციელია? ამით რას ასწავლის საკუთარ შვილს?

ლიკა თუშიშვილი, ექიმი ფსიქოთერაპევტი, პედიატრი, გეშტალთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრი:

- ვფიქრობ, მშობლები ვალდებულები ვართ, ბავშვები დამოუკიდებელ, საკუთარ თავში დარწმუნებულ, თავისუფალ და პასუხისმგებლიან ადამიანებად გავზარდოთ. მთავარია, მათ სწორი ფასეულობათა სისტემა ჰქონდეთ. იმისთვის, რომ ბავშვს მკაფიოდ გამიჯნული ჰქონდეს, თუ რა არის ცუდი ქცევა და რა არის კარგი, ამის შესახებ, აღზრდის პროცესში, მშობლები ბევრს უნდა ესაუბრებოდნენ. მაგალითად, ყოველი უარყოფითი საქციელის დროს, უფროსმა უნდა აუხსნას, რომ ეს ცუდია. ამ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მშობელმა მხოლოდ ქცევა უნდა შეაფასოს და არა - თავად ბავშვი. ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ ბავშვი კარგია, მაგრამ კონკრეტული საქციელია ცუდი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ის ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეს და სწორი ფასეულობები ჰქონდეს. განვიხილოთ თქვენ მიერ ნაამბობი ერთ-ერთი ამბავი. ბავშვი ურტყამს ბებოს და დედა მის საქციელს ამართლებს. რასაკვირველია, დედის ასეთი საქციელი მისაღები არ არის. მას პირველ რიგში, შვილი ცალკე უნდა გაეყვანა და მისთვის მშვიდი ტონით აეხსნა, რომ ბებოსთვის ჩარტყმა ძალიან ცუდი საქციელია: შენნაირ ზრდილობიან, კეთილ ბიჭს არ უხდება, რომ ბებოს ჩაარტყას! ეს ქცევის შეფასების სწორი მიდგომაა, რომელიც კარგი თვისებების მქონე ადამიანის აღზრდას განაპირობებს. შედეგად, მას არასრულფასოვნების კომპლექსები არ ექნება. ვეჭვობ, იმ დედას, რომელიც შვილის ცუდ საქციელს ამართლებს, სწორედაც რომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს... ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს შეცდომებზე მშვიდად მივუთითოთ. როცა უფროსი გაღიზიანებული ტონით საუბრობს, ამ დროს ბავშვი წარმოთქმულის მნიშვნელობას სწორად არ აღიქვამს, რადგან ის ასეთ დროს დაძაბულია, ეშინია. ასე რომ, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი პიროვნების აღზრდა მხოლოდ ფსიქოლოგიურად ჯანსაღ მშობელს შეუძლია! დედობას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მშობელი უნდა იყოს სტაბილური ხასიათის: ის, რომ ერთ დღეს ერთს ამბობდეს და მეორე დღეს - მეორეს, დაუშვებელია. მთავარია, მშობელი იყოს გაწონასწორებული, არ ყვიროდეს, არ აშინებდეს ბავშვს, რადგან ასეთი მიდგომით, პატარა აგრესიული გახდება ან თავის თავში ჩაკეტილი, და თანატოლებთან წარმატებული ურთიერთობის დამყარება აუცილებლად გაუჭირდება. გარდა ამისა, შესაძლოა, ბავშვის აგრესიულ პირობებში გაზრდამ შიშები და სხვა ფსიქოსომატური დარღვევები გამოიწვიოს. აი, თუ მშობელი ცუდი საქციელის გამო შენიშვნას არ მისცემს, ბავშვი ჩათვლის, რომ მსგავსი რამ ნორმალურია და ყოველთვის ასე მოიქცევა. ასეთ ბავშვს კი რასაკვირველია, სოციალურ წრეში ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება გაუჭირდება. ვინც შვილს ცუდი საქციელის გამო შენიშვნას არ აძლევს, ის უსუსურია, არც საკუთარი ფუნქცია აქვს გაცნობიერებული და არც მშობლის პასუხისმგებლობა...

რაც შეეხება თქვენს მოყოლილ კიდევ ერთ მაგალითს, როცა მშობლებმა ერთმანეთი თმით ითრიეს: თავის დროზე თვითონ ეს ადამიანები ვერ აღზარდეს სწორად. ისინი სოციალურ ნორმებს არ იცნობენ და საკუთარ ემოციებს ვერ მართავენ, ამიტომ სპეციალისტთან საკუთარი აგრესიის მართვისა და პიროვნული ზრდის კურსი უნდა გაიარონ. ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენთან პრობლემატური ბავშვი მოჰყავთ, ჯერ მშობელს ვესაუბრებით და მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. ბავშვი მშობლის გარეშე სწორად ვერ აღიზრდება.

ნათია ჟივიძე