ბანქოს სახლი (ნაწილიV) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიV)

კვირა, 13 ივნისი

როგორც კი არჩევნების შემდგომი კვირადღის 15 საათისთვის ფრენსის ურჰარტის სამსახურებრივმა მანქანამ უაიტჰოლიდან დაუნინგ-სტრიტზე გადაუხვია, იქვე მდგარი პოლიციელი მაშინვე მხედრულად გაეჭიმა, სეირის მაყურებლებმა კი ფოტოაპარატები ააჩხაკუნეს. პრესის წარმომადგენლები ქუჩის მეორე მხარეს, მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული კარის პირდაპირ შეჯგუფულიყვნენ, რომელიც მთავარი შოლტის მანქანის სახლთან მისვლისთანავე ფართოდ გაიღო. `შავი ხვრელივით არ დააღო პირი, - გაიფიქრა უეცრად ურჰარტმა. - უფრო სწორად კი, პოლიტიკური შავი ხვრელივით, სადაც ახალარჩეული პრემიერ-მინისტრები ეულად ქრებიან, მერე კი უკვე დაცვით, სახელმწიფო და სამოქალაქო სამსახურების ჩინოვნიკების ურდოების თანხლებით ჩნდებიან. თანაც, თუ კარი მხოლოდ დროებით ყლაპავს, თვით შენობა ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეს სიცოცხლესა და ენერგიასაც ბოლომდე სწოვს და აცლის~.

მთავარი შოლტი მანქანის სავარძლის მარცხენა მხარეს სპეციალურად ისე მოეწყო, რომ ტელეოპერატორებსა და ფოტოკორესპონდენტებს უთუოდ, სახლი #10-ის ფონზე გადაეღოთ. როგორც კი ურჰარტი მანქანიდან გადავიდა და წელში ბოლომდე გასწორდა, გზის იქითა მხრიდან მაშინვე კითხვები დააყარეს, რითაც თავადაც ისარგებლა და მიკროფონებისა და ბლოკნოტების ჯუნგლებს რამდენიმე სიტყვის სათქმელად მიუახლოვდა. ფრენსისმა მაშინვე შენიშნა მარადიულ გაქუცულ ფეტრისქუდიანი ლეგენდარული ჟურნალისტი ჩარლზ გუდმანიც, რომელიც აი-ტი-ენისა და ბი-ბი-სის გადამღებ ჯგუფებს შორის სოლივით ჩაჭედილიყო.

- გამარჯობა, ჩარლზ! - მიესალმა მას მთავარი შოლტი. - ნაძლევის დადებითა და შედეგების გამოცნობით თუ იშოვე ამჯერად რამე?

- ბატონო ურჰარტ, თქვენ აქ პრემიერ-მინისტრისთვის მთავრობაში კადრების გადაადგილებაში დასახმარებლად მოხვედით თუ სხვა სამუშაოს მისაღებად? - კითხვა იქით შეუბრუნა გუდმანმა.

- მე აქ ბევრ საკითხზე სამსჯელოდ ვარ მოსული, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი მათგანი კადრების გადაადგილებაც იყოს, - თავი მოიკატუნა მთავარმა შოლტმა.

- დადის ხმები, რომ ახალი და მეტისმეტად მნიშვნელოვანი პოსტის მიღებას ელით.

- ხმების კომენტირებას ვერ შევუდგები, ჩარლზ, რადგან თავადაც კარგად იცი, რომ ასეთი საკითხები საბოლოოდ მაინც პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მე კი მისთვის მხოლოდ მორალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად ვარ მოსული.

- და ამ მხარდაჭერას ლორდ უილიამსთან ერთად გამოუცხადებთ? - საკითხს კიდევ ერთხელ ჩაუკირკიტა ჟურნალისტმა.

- რა, ლორდი უილიამსი უკვე აქ არის? - ყველანაირად ეცადა, არაფერი შეემჩნია ამ ინფორმაციით გაოგნებულ მთავარ შოლტს.

- აბა, რა! დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოვიდა. ჩვენ კი მას შემდეგ უკვე იმაზე ვმარჩიელობდით, კიდევ ვინმე შემოუერთდებოდა თუ არა...

ჟურნალისტის სიტყვებმა ურჰარტს ლამის გონება დაუბნელა, მაგრამ გარეგნულად ისევ არაფერი შეიმჩნია:

- მაშინ, უნდა დაგტოვოთ, - თვალი ნაძალადევი ღიმილით მოავლო ცნობისმოყვარეობამოძალებულ დანარჩენ ჟურნალისტებს, - თორემ, პრემიერ-მინისტრს და პარტიის თავმჯდომარეს ხომ ვერ ვალოდინებ...

პრემიერ-მინისტრის მდივანი პოლიტიკურ საკითხებში, ფრენსის ურჰარტს შენობის სიღრმისკენ მიმავალი დერეფნის ბოლოს შეეგება და ისიც აუწყა, რომ პრემიერ-მინისტრი მოუთმენლად ელოდა.

- ბატონი კოლინრიჯი ზემოთაა, თავის კაბინეტში, - ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა პოლიტიკურ მდივანს. - და თქვენი მოსვლის შესახებაც ახლავე მოვახსენებ, - კიბეს სწრაფად აუყვა, თუმცა უკან დაბრუნებას რატომღაც მთელი ნახევარი საათი მოანდომა.

ამ ხნის განმავლობაში ურჰარტმა სახელგანთქმული კიბის მორთულობად ქცეული, სხვადასხვა დროში მოღვაწე პრემიერ-მინისტრების პორტრეტები ბარე ასჯერ მაინც აათვალიერ-ჩაათვალიერა. თან, ყოველ ჯერზე იმასაც გაკვირვებით აფიქსირებდა, თუ დღევანდელი გადასახედიდან, ბევრი მათგანი ამ როლისთვის რაოდენ უმნიშვნელო და ზოგჯერ სრულიად გამოუსადეგარიც კი გამხდარიყო. აშკარად უარესობისკენ შეცვლილ დროს თვით ლოიდ ჯორჯისა და უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაშიც კი არ დაეშვა გამონაკლისი და ერთისთვის, პირველ რიგში, უთავბოლოს, მეორისთვის კი უხეშისა და უზომოდ მსმელის სახელი დაეგდო.

მთავარი შოლტის აზრით, თავიანთი ეპოქის ამ ორ ჭეშმარიტ ლიდერს ალბათ, სენსაციას დახარბებული საინფორმაციო საშუალებებიც არაფრით დაინდობდნენ. ომის შემდგომმა მასმედიამ ხომ ამ პოსტზე ჭეშმარიტი შთაგონებით მომუშავე ბევრ პოლიტიკოსს ინდივიდუალიზმი უკვე ისედაც ბოლომდე ჩამოაცილა და უფერული ჩვეულებრიობის საფარქვეშ მოაქცია. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ძველ, კეთილ დროში პოლიტიკური მოღვაწეები წესებს თვითონ ქმნიდნენ, ამჟამინდელები კი - მაგალითად, ისეთები, როგორიც კოლინრიჯია, - საინფორმაციო საშუალებების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში ჩაკვეხებას ცდილობენ და ზოგჯერ ამასაც ვერ ახერხებენ.

- მაპატიეთ, რომ გალოდინეთ, - მძიმე ფიქრიდან გამოიყვანა ურჰარტი პოლიტიკური მდივნის ხმამ. - პრემიერ-მინისტრი თქვენს მისაღებად მზად არის.

პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შესულ მთავარ შოლტს ის, სამუშაო მაგიდაზე ჩანაწერებით აჭრელებული ქაღალდის ფურცლებით, პარტიული არქივიდან მოტანილი, პარლამენტარების ანკეტებითა და ბიოგრაფიებით სავსე საქაღალდეებით, მოშორებით მდგარ ნაგვის ურნაში `კლარეტის~ ცარიელი ბოთლით, ფანჯრის რაფაზე კი ერთმანეთზე სასწრაფოდ მიწყობილი საჭმლისნარჩენებიანი თეფშებით დახვდა. თუმცა სტუმარმა უწინდებურად არაფერი შეიმჩნია, სავარძელი მაგიდისკენ უსიტყვოდ მისწია, გვერდიგვერდ მსხდარი პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის წინ საგულდაგულოდ მოეწყო, შემდეგ კი თავისი საქაღალდეც გახსნა და სმენად იქცა.

კოლინრიჯიც, ზედმეტი ცერემონიების გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

- ფრენსის, ხელმძღვანელი კადრების შესაძლო გაწესება-გადაადგილების თაობაზე თქვენი მოსაზრებების გულდასმით გაცნობამ ფრიად დამაფიქრა. მეტიც: არ დაგიმალავთ და, საერთოდ ვერ მივხვდი, მაინც რით არის გამოწვეული ესოდენ რადიკალური ცვლილებების სურვილი და ამით ან თავად რის მიღწევას ცდილობთ, ან ჩვენ რას გვთავაზობთ?

საკითხის ასე დასმა მთავარი შოლტისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ერთხანს მეტყველების უნარიც კი წაერთვა. მის მიერ შეთავაზებული ყველა ცვლილება და მით უმეტეს, ყველა ახალი კანდიდატურა კოლინრიჯისთვის რომ უპირობოდ მისაღები არ იქნებოდა, ამისთვის თავიდანვე მზად იყო, მაგრამ იმას კი ნამდვილად არ ელოდა, რომ პრემიერ-მინისტრის აზრების სწორად ამოცნობის უნარის სრულ არქონაში დაადანაშაულებდნენ.

- ეს... ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ წინადადებებია, - როგორც იქნა, ბოლოს ამოილუღლუღა. - მეტიც: იმის ერთგვარი მიახლოებითი ვარაუდია, რისი გაკეთებაც ურიგო არ იქნებოდა... რადგან მიმაჩნია - რაც მეტ გადაადგილებას მოახდენთ, მით მეტად მიახვედრებთ ყველას, რომ მთავრობა მტკიცე ხელშია და რომ ახალი მინისტრებისგან ახლებურ აზროვნებასა და ახალ იდეებს ელოდებით. თანაც, ეს ჩვენი ხანდაზმული კოლეგების სამსახურიდან დამსახურებულად გაცილების კარგი შესაძლებლობაცაა... რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ დროს თავისი მოაქვს და ახალ მთავრობასაც ახალი სისხლი, უფრო სწორად კი - ახალგაზრდული ძალა და შემართება სჭირდება.

`ჯანადაბა! - სათქმელი ბოლომდე დასრულებულიც კი არ ჰქონდა, ისე გაიფიქრა ურჰარტმა. - ბებერი მელას, უილიამსის თანდასწრებით მოხუცებისა და ახალგაზრდების თაობაზე ასეთი სისულელის დაბრეხვება იქნებოდა?! თუ ჩამიშლის, ეს ჩამიშლის ყველაფერს, თორემ კოლინრიჯი მტკიცე ხასიათით როდი გამოირჩეოდა, რომ მაინცდამაინც ახლა გაიგიჟოს თავი!~

ისე, კაცმა რომ თქვას, პრაქტიკულად ყველა, ვისი სტატუსის ამაღლებასაც მთავარი შოლტი პრემიერ-მინისტრს სთავაზობდა, უცილობლად ნიჭიერი და თავისი საქმის კარგი მცოდნე იყო, რასაც მათი დაუძინებელი მტრებიც კი ვერაფრით უარყოფდნენ. ასე რომ, ურჰარტს ყველასი თუ არა, მის მიერ შეთავაზებული წინადადებების უმეტესობის დადებითად განხილვის იმედი ბოლომდე ჯერ მაინც არ ჰქონდა დაკარგული და ამიტომაც, გულში უკვე ძალიან წუხდა, რომ მეტი წინდახედულობა ვერ გამოიჩინა და უილიამსისთვის კბილის ასე დაუფარავად გაკვრას არ მოერიდა. სწორედ უილიამსი იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც შეიძლებოდა, იმასაც მიმხვდარიყო, რომ მისი ანუ მთავარი შოლტის მიერ შეთავაზებული კანდიდატურების უმეტესობა, ყველა სიკეთესთან ერთად, ის ადამიანებიც იყვნენ, ვინც მის წინაშე რაღაცით იყვნენ დავალებულნი, ვისი სისუსტეების შესახებაც ზედმიწევნით კარგად მოეხსენებოდა და ხშირად ამ სისუსტეებით გამოწვეული ისეთი სკანდალების მიჩქმალვაშიც დახმარებია, რომელთა შესახებაც არათუ ამომრჩევლებს, არამედ, უმჯობესი იქნებოდა, მათ თანამეცხედრეებსაც კი არასდროს არაფერი შეეტყოთ.

ურჰარტი გრძნობდა, რომ ცოტაც და, ესოდენ მძიმე ფიქრებისგან თავი გაუსკდებოდა, ლორდი უილიამსი კი მას უწინდებურად ეშმაკურად აკვირდებოდა და პირზე ცბიერ ღიმილსაც აღარ იშორებდა. `ვითომ მიხვდა? ვითომ მართლა ბოლომდე გამოიცნო ჩემი ჩანაფიქრი?~ - უკვე გულიც ამოვარდნაზე ჰქონდა მთავარ შოლტს. მისი ბედის საბოლოოდ გადამწყვეტი აშკარად შეფიქრიანებული პრემიერ-მინისტრი კი ჯიუტად დუმდა.

- ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ფრენსის, და ძირითადად გეთანხმებით კიდეც, - როგორც იქნა, ამოთქვა მან ბოლოს. - ის კი არა და, თქვენს მოსვლამდე მე და ტედიც სწორედ ამ პრობლემაზე ვმსჯელობდით...

- და რა დასკვნამდე მიხვედით? - კიდევ ერთი დასანანი სულსწრაფობა გამოიჩინა მთავარმა შოლტმა.

- გეთანხმებით, რომ ახალი თაობის ნიჭიერი წარმომადგენლები უთუოდ უნდა მოვიზიდოთ და ასეთი ადამიანების ახალ პოსტებზე წამოწევით მთავრობის მუშაობას ახალი იმპულსები შევძინოთ. ასე რომ, ბევრი თქვენი წინადადება სამინისტროებში დაბალ დონეებზე ცვლილებების თაობაზე მე პირადად, საკმაოდ დამაჯერებლად მეჩვენება.

- დაბალ დონეებზე? - პირკატა ეცა მთავარ შოლტს. - მაგრამ ეს ხომ მნიშვნელოვანი პოსტები არ არის?

- ისევ გეთანხმებით, - მშვიდად განაგრძო კოლინრიჯმა. - მაგრამ საქმეც ისაა, რომ მაღალ დონეებზე მეტისმეტად დიდი ცვლილებები შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. კაბინეტის მინისტრების უმეტესობას ახალ დეპარტამენტში საქმის კურსში შესასვლელად და ფეხზე მყარად დასადგომად ხომ ლამის მთელი წელი სჭირდებათ. ერთი წელი კი ძალიან დიდი ვადაა.

- რისთვის?

- ხელშესახები პროგრესის თვალნათლივ ჩვენების გარეშე ხელისუფლებაში ყოფნისთვის, - ამჯერად თითოეულ სიტყვას საგანგებოდ გაუსვა ხაზი კოლინრიჯმა. - თანაც, ტედი ფიქრობს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შესატანად თქვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ჩვენი ახალი პროგრამისთვის, ხელშეწყობის ნაცვლად, მის მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევს.

`რომელი `ახალი პროგრამისთვის~? - ყურებს არ დაუჯერა ურჰარტმა. - ჩვენ ხომ ასეთი სრულიად არაფრისმთქმელი მანიფესტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რომ კამათი და აზრთა შეუთანხმებლობა არ გამოეწვია!~ თუმცა, ამჯერად, სანამ კოლინრიჯს რამეს უპასუხებდა, ოდნავ დამშვიდება და თავის ხელში აყვანა მოახერხა:

- იმაზე კი აღარ ფიქრობთ, რომ ხმების შემცირებით ამომრჩევლებმა პირდაპირ მიგვანიშნეს, თქვენგან გარკვეულ ცვლილებებს ველითო?

- საინტერესო აზრია, - მოწყალედ გაეღიმა კოლინრიჯს. - მაგრამ, ფრენსის, თქვენც ხომ მეთანხმებით, რომ ჩვენ გარდა, ამდენ ხანს ხელისუფლებაში ჯერ არავინ დარჩენილა?

- გეთანხმებით, მაგრამ...

- ძალიანაც არ მინდა, თქვენს თვალში თვითკმაყოფილი გამოვჩნდე, მაგრამ ამომრჩეველს რომ ჩვენი არ სჯეროდეს, განა ამდენ ხანს ისტორიის ჩვენებურად კეთების საშუალებას მოგვცემდა?..

- ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი...

- ფრენსის... - კიდევ ერთხელ გააწყვეტინა პრემიერმა მთავარ შოლტს. - მგონი, არჩევნებმა აჩვენა, რომ ის ჩვენი საქმიანობით კმაყოფილია და ვერც იმის ხელშესახებ ნიშნებს ვხედავ, რომ ჩვენგან სერიოზულ რყევებს მოითხოვდეს. ის კი არა, შესაძლოა, პარტიამ და ქვეყანამ სწორედაც რომ ეს რყევები გაიგონ არასწორად და ისინი იმ ცვლილებების მოთხოვნის საფუძველიც კი გახდეს, რომლებიც პირადად თქვენ აგრერიგად გაღელვებთ. განა, თავის დროზე მაკმილანმა, პანიკური მოქმედებითა და მინისტრების მესამედის პოსტებიდან მოხსნით საკუთარი კაბინეტი დაცემამდე არ მიიყვანა? ალბათ გახსოვთ, მაშინ ამას `გრძელი დანების ღამე~ რომ უწოდეს, მომდევნო წელს კი მაკმილანი პრემიერ-მინისტრი აღარ იყო. ასე რომ, ალბათ არ უნდა გიკვირდეთ, მისი შეცდომის გამეორების სურვილით რომ არ ვიწვი და ნებისმიერი საკითხისადმი ბევრად უფრო მშვიდი და გაწონასწორებული მიდგომის მომხრე ვარ.