X-XI საუკუნეების ქართული მონეტა - გზაპრესი

X-XI საუკუნეების ქართული მონეტა

Av. მეფის ბიუსტი მარჯვნივ, თავზე სამეფო გვირგვინით. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ ქართული ასომთავრული ასოებით შესრულებული ზედწერილია `სტეფანოსი~. გამოსახულების გარშემო ორმაგი შერწყმულ-წერტილოვანი რკალია. რკალების გარეთ, მარცხნივ, მარჯვნივ და ქვემოთ სიმეტრიულად განლაგებული ასტრალური სიმბოლოებია _ ნახევარმთვარე ვარსკვლავებით.

Rv. ცენტრში: ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა _ ცეცხლის საკურთხეველი, რომლის შევიწროებულ ადგილზე შებმულია ბაფთა ზემოთ აწეული ბოლოებით. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ, სახით პირდაპირ, ორი მცველია. საკურთხევლის ზემოთ მოთავსებულია ჯვარი. მონეტა გარშემოვლებულია სამმაგი რკალით, რომელთა გარეთ მოთავსებულია ოთხი ასტრალური სიმბოლო.

კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ. კოლხური მონეტების ადრეული ცალები სტილითა და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ძვ.წ. VI საუკუნის ბერძნულ, კერძოდ, მილეტურ მონეტებთან.

კოლხური თეთრის ტიპები

კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრაქმიანი მონეტა). შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი.

ქართულმა მონეტამ განსაკუთრებით მკაფიო ეროვნული ხასიათი X-XI საუკუნეებში შეიძინა. ამ დროს ქვეყანამ თავი დააღწია არაბთა ბატონობას. X საუკუნის ბოლოს საქართველოს სამონეტო საქმის ისტორიაში შემოდის ვერცხლის ფულის ახალი, ბიზანტიური ტიპი. მონეტაზე ზედწერილები ქართული ასომთავრულითაა შესრულებული და საქართველოს მეფეები ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით მოიხსენიებიან. ახალი სამონეტო ტიპის გაჩენა, ქვეყანაში მომხდარ სერიოზულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართულ სამეფო-სამთავროებს ბიზანტია უჭერდა მხარს. მის ნომინალურ ვასალებად დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფოს) მმართველები ითვლებოდნენ.

ამგვარი ურთიერთობების გამოხატულება იყო ქართველ მეფე-მთავართათვის ბიზანტიური საპატიო საკარისკაცო ტიტულების (კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კესაროსი) მინიჭება. ამ ტიპის მონეტების მოჭრას ტაო-კლარჯეთის მმართველმა, დავით III კურაპალატმა ჩაუყარა საფუძველი. ბიზანტიურტიტულიანი მონეტების მოჭრა გააგრძელა ბაგრატ IV-მ (1027-1072). 1050-1060 წლებში მოჭრილ მონეტებზე ის ნოველისიმოსის, ხოლო 1060-1072 წლებში _ სევასტოსის ტიტულით მოიხსენიება.

პირველი ქართული მონეტები ასომთავრული წარწერებით

ბიზანტიასა და ირანს შორის მიმდინარეობდა დაუსრულებელი ბრძოლა საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებისთვის. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველო მოექცა ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ, აღმოსავლეთ საქართველო კი სასანიდების ირანს დარჩა. სასანიდები ცდილობდნენ ქართველთა სრულ დამორჩილებას. მათ 523 წელს ქართლში მეფობა გააუქმეს. VI საუკუნის მეორე ნახევარში, ბიზანტიასთან წარმოებული ომებისა და შინაარეულობის შედეგად, ირანის ბატონობა ქართლში შესუსტდა. ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით ქართლში დაარსდა ერისმთავრობა. ქართლის ერისმთავრებმა ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობა საკუთარი ფულის _ `ქართულ-სასანური~ ვერცხლის მონეტების მოჭრით დააგვირგვინეს.

VI საუკუნის 80-იან წლებში მოჭრილ ქართულ მონეტებზე მეფის გამოსახულების გვერდით გაჩნდა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო _ ჯვარი და პირველად ქართული ფულის ისტორიაში, მონეტებზე აისახა ქართული ასომთავრულით შესრულებული ქართლის ერისმთავრების სახელები (მონოგრამები). `ქართულ-სასანური~ ფულის შემდეგ ემისიებზე საკურთხევლის მოგიზგიზე ცეცხლი შეცვალა ჯვარმა. სტეფანოს ერისმთავარმა `ქართულ-სასანურ~ დრაქმებზე თავისი სახელი ჯერ ცენტრში, დაქარაგმებული სახით, შემდეგ კი სრულად მოათავსა.

VI საუკუნის ქართლის ერისმთავრების მოჭრილი ფული პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ეროვნული სულის აღორძინებისა და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულების საუკეთესო მაგალითია.