ბანქოს სახლი (ნაწილიVI) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიVI)

თავისი შეხედულების პირდაპირ დაფიქსირების შემდეგ კოლინრიჯმა ურჰარტს ის ფურცელიც უცერემონიოდ გაუწოდა, რომელშიც მარტო მინისტრთა კაბინეტის წევრების ოცდაორივე პოსტი კი არ იყო ჩამოთვლილი, თითოეულის გასწვრივ უკვე უწინდელი გვარიც გარკვევით მიეწერათ.

- როგორც ხედავთ, ფრენსის, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას უცვლელად ვტოვებ და იმის დიდი იმედიც მაქვს, რომ მტკიცე ნებისყოფისა და ძალის ნიშნად სწორედ ასეთი გადაწყვეტილება ჩაითვლება.

ურჰარტმა ფურცელი მაშინვე მაგიდაზე დადო, რადგან შეეშინდა, ხელის კანკალს მისი ჭეშმარიტი განცდები არ გაეცა.

- თუ ეს არის თქვენი საბოლოო სურვილი, პრემიერ-მინისტრო, - ოფიციალური ტონით წარმოთქვა მან შემდეგ, - მაშინ უნდა გითხრათ, რომ ამაზე ჩვენი თანაპარტიელების რეაქციის განჭვრეტა ცოტა გამიჭირდება.

- მართლა?.. მაინც რატომ?

- თუნდაც იმიტომ, რომ პარტიაში არჩევნების შემდგომი განწყობილების შესწავლის დრო და საშუალება ჯერ არ მომეცა.

- ა?.. მაშინ უნდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად ღელავთ.

- არ ვღელავ, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ.

- თქვენი არ ვიცი, ფრენსის და მე პირადად ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ყველა მოიწონებს. თანაც, თქვენც ხომ აქტიურად დამიჭერთ მხარს? - ხმაში აშკარა ირონია გამოურია კოლინრიჯმა.

- რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრო! - მაინც არაფერი შეიმჩნია ურჰარტმა, რადგან მიხვდა, რომ ულტიმატუმი წაუყენეს და ან საერთო გადაწყვეტილებას უნდა დასთანხმებოდა ან, არადა, საკუთარ თვითმკვლელობაზე მოეწერა ხელი და დაუყოვნებლივ გადამდგარიყო. - მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ... უფრო სწორად იმასაც ვფიქრობ, თავადაც ხომ არ შემეცვალა-მეთქი სამსახური...

- ფრენსის, - ხმაში ახლა უკვე მამობრივი მზრუნველობა გამოურია პრემიერ-მინისტრმა, - თქვენი შეცლის შემთხვევაში ხომ სხვისი შეცვლაც მომიწევს და მაშინ ყველაფერი ერთმანეთს წაეწყობა. თანაც, მე თქვენ ყველაზე მეტად სწორედ თქვენს ადგილზე მჭირდებით, რადგან შესანიშნავი მთავარი შოლტი ხართ, რაც ამჟამინდელ არცთუ მთლად საიმედო უმრავლესობის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი რთული დღის გადატანა მოგვიწევს, რომელსაც თქვენნაირი მთავარი შოლტის გარეშე ვერაფრით გავუმკლავდებით. მე სწორედ თქვენ მჭირდებით, ფრენსის! თქვენ ხომ ასე შესანიშნავად გამოგდით კულისებში მუშაობა!

- კულისებში? - ნერწყვი ძლივსღა გადაყლაპა ურჰარტმა.

- რა თქმა უნდა! სცენაზე კი... - მცირეოდენი პაუზა გააკეთა და, თან, თვალები ეშმაკურად მოწკურა კოლინრიჯმა, - დე, სცენაზე სხვებმა იბრძოლონ.

- ანუ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ, ხომ?

- დიახ, - კმაყოფილი სახით დაუდასტურა ურჰარტს პრემიერ-მინისტრმა. - და ძალიან მიხარია, რომ თქვენი გაგებისა და მხარდაჭერის იმედის ქონაც შემიძლია.

ფრენსის ურჰარტმა თითქმის ფიზიკურად იგრძნო, მის ზურგს უკან ციხის საკნის კარი როგორ მძიმედ და ყრუდ მიიხურა. ამიტომ სიტყვაც აღარ უთქვამს, პრემიერ-მინისტრს მადლობა ისე გადაუხადა, პარტიის თავმჯდომარეს კი, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დასცდენია, მხოლოდ პირქუში მზერა ესროლა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

მთავრობის დაკომპლექტების შესახებ დაუნინგ-სტრიტიდან მოსულმა ოფიციალურმა შეტყობინებამ "დეილი ტელეგრაფის" რედაქციაში ცხარე და სრულიად პორალიზებული დისკუსია გამოიწვია. ერთნი თვლიდნენ, რომ მთავრობის შემადგენლობის უცვლელად დატოვება პრემიერ-მინისტრის დიდი გაბედულებისა და ჭკუის დასტური იყო, მეორენი კი ყველაფერს მისი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის სრულ უუნარობასა და ნერვულ ჩავარდნას უკავშირებდნენ. მატი სტორინი, რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ ჭეშმარიტება სადღაც შუაში იყო საძებნელი, მაგრამ იმათთან უშუალოდ დალაპარაკების გარეშე, ვისი რჩევით თუ უბრალოდ საქმის კურსში ჩაყენებითაც პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფონს მაინც ვერაფრით გავიდოდა. არადა, ტრადიციულად მჭევრმეტყველი, მაგრამ საკმაოდ კონსერვატიული შეხედულებების მქონე ტედი უილიამსი ამჯერად რატომღაც მხოლოდ ოფიციალურ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაციის სრული და უპირობო მხარდაჭერით შემოიფარგლა, ახალ მთავრობაში სერიოზული ცვლილებების მომხრე და დიდი მოსურნე ფრენსის ურჰარტი კი სატელეფონო ზარებს ჯიუტად არ პასუხობდა. ასე რომ, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, სამსახურის შემდეგ თემთა პალატიდან ათიოდე წუთის სავალზე მდებარე მთავარი შოლტის ლონდონური სახლის გვერდით მანქანით ჩავლა გადაწყვიტა და, თავისდა გასახარად, ისიც აღმოაჩინა, რომ სახლში სინათლე ენთო. "თუ შინაა, სატელეფონო ზარებს რატომღა არ პასუხობს?" - გაუკვირდა მატის და მთავარი შოლტის ტელეფონის ნომერი კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ აკრიფა.

მატი სტორინს კარგად მოეხსენებოდა, რომ პოლიტიკურ კორესპონდენტებს, თავიანთი პუბლიკაციებისთვის მასალების მოძიებისას, სახელმწიფო მოღვაწეები სახლში არაფრით უნდა შეეწუხებინათ, რომ ასეთ საქციელს მარტო პოლიტიკოსები კი არა, თავად კორესპონდენტებიც არ მიესალმებოდნენ. ვესტმისტერის სამყარო ხომ ერთგვარ დახურულ კლუბს წარმოადგენდა, რომლის დაუწერელი კანონების დაცვასაც პოლიტიკოსებთან ერთად პრესაც და, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებული კორესპონდენტების ვესტმისტერული ლობი თვალს საკმაოდ მკაცრად ადევნებდა და ვესტმისტერში ჟურნალისტების საქმიანობასაც ყოველთვის ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე არეგულირებდა. ინტერვიუებისა თუ ბრიფინგების დროსაც სწორედ ეს ლობი ადგენდა ქცევის ისეთ გაუხმაურებელ წესებს, რომლებიც ერთი მხრივ, მათი ვინაობის ბოლომდე გაუთქმელობაში დარწმუნებულ პოლიტიკოსებს გულახდილობისა და, კონფიდენციალური ინფორმაციის გარდა, მთელი რიგი საიდუმლოებების გამჟღავნებისკენაც უბიძგება, მეორე მხრივ კი საკუთარი ინფორმაციის წყაროს მტკიცედ დამცველ ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის აქტის დებულებებისა და მინისტრების კოლექტიური პასუხისმგებლობის ფიცის გვერდის ავლის საშუალებას აძლევდა. ასე რომ,D თუ კორესპონდენტი ამ ლობიში აკრედიტებას ვერ გაივლიდა, მისთვის ყველა ოფიციალური კარი და ბაგე ბოლომდე და სრულიად დახშული რჩებოდა.

"ლობის წესები ლობის წესებად, მაგრამ მათი დარღვევის გარეშე ის როგორღა გავიგო, მთავარი შოლტი ამჯერად რომელ ხრიკს მიმართავს და ვის და როგორ მიაყენებს დარტყმას?" - უცბად ტუჩზე გამეტებით იკბინა მძიმე ფიქრებით განერვიულებულმა მატიმ და ყურში მაშინვე თავისი იორკშირელი რედაქტორის სიტყვებიც გარკვევით ჩაესმა: "წესებიო?.. წესები, ჩემო გოგონა, ისეთი უცნაური რამეა, ბრძენს რომ ხანგრძლივად ჩააფიქრებს, სულელს კი ხელებს უცბად ჩამოაშვებინებს. შენ კი არც ერთი ხარ და არც მეორე, ამიტომ იმის თქმა არაფრით გამიბედო, ვიღაცის მონაჩმახი წესების გამო მასალის მოპოვება ვერ შევძელიო!"

- ო"კეი, ბებერო ცუღლუტო! - ხმამაღლა შესძახა პასუხად მატიმ, რომელიც მანქანიდან კი არ გადავიდა, ლამის გადაფრინდა და რამდენიმე წამში უკვე მთავარი შოლტის კართან იდგა.

ფრენსის ურჰარტი სახლში სრულიად მარტო იყო და არც სტუმრებს ელოდა, მაგრამ კარი მაინც სწრაფად გააღო და ზღურბლთან მდგარი კაფანდარა გოგონა, რომელშიც "დეილი ტელეგრაფის" ჟურნალისტი ნამდვილად ვერ ამოიცნო, გაკვირვებულმა შეათვალიერა. მატიმ კი წამიც აღარ დაახანა და ტყვიამფრქვევივით მიაყარა:

- ბატონო ურჰარტ, მთელი დღევანდელი დღის მეორე ნახევრის განმავლობაში თქვენთან დაკავშირებას სრულიად უშედეგოდ ვცდილობდი. ვიცი, რომ უხერხულ მდგომარეობაში გაყენებთ, მაგრამ თქვენი დახმარება უსაშველოდ მჭირდება. დაუნინგ-სტრიტზე გამოაცხადეს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება და ძალიან მადლობელი ვიქნებოდი, თუ იმის გაგებაში დამეხმარებით, ამ გადაწყვეტილების უკან რა იმალება ან რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.

"მაინც როგორ ახერხებენ ეს ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებულები იმის გაგებას თუ როდის სად იმყოფები?" - გაიფიქრა გაოცებულმა მთავარმა შოლტმა, რომელიც მიხვდა, რომ მის წინ ერთ-ერთი აბეზარი ჟურნალისტთაგანი იდგა, თუმცაღა კონკრეტულად ვინ, მაინც ვერ გაიხსენა.

- ვწუხვარ, მაგრამ თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. - უთხრა მან შემდეგ დაუპატიჟებელ სტუმარს და კარის მიხურვა დააპირა, მაგრამ სასოწარკვეთილმა მატიმ კარისკენ მაშინვე ნაბიჯი წადგა.

"ნეტავ, ეს ტუტუცი კარში ფეხის დაყოლებასაც ხომ არ აპირებს? - გაოცება უკვე გაოგნებით შეეცვალა ურჰარტს, თუმცაღა, მატის მსგავსიც არაგერი გაუკეთებია. უბრალოდ, ამჯერად ბევრად უფრო ხმადაბლა და მშვიდად, თითქოს Aთავისთვის ჩაილაპარაკა:

- კარგად გავიგე, რაც მითხარით, სერ, მაგრამ მომკალით და არ მჯერა, რომ სათქმელი მართლა არაფერი გაქვთ.

"მაინც რას გულისხმობს?" - გაკვირვებით შეხედა ურჰარტმა გოგონას.

მატიმ კი მისი ორჭოფობით მაშინვე ისარგებლა და ანკესის უფრო შორს გადაგდება სცადა:

- იმაზე რაღას იტყოდით თუ ხვალ გაზეთში დაახლოებით ასეთ რამეს წაიკითხავდით: "გუშინ საღამოს მთავრობაში გადაადგილებების საკითხთან დაკავშირებით, კაბინეტის წევრებს შორის განხეთქილების ნიშნები გამოჩნდა. მთავარმა შოლტმა, რომელიც, როგორც ბევრი ვარაუდობს, უკვე დიდი ხანია, უფრო მაღალი პოსტის დაკავებისკენ ისწრაფვის, კომენტარის ანდა პრემიერ-მინისტრის დასაცავი განცხადების გაკეთებაზე უარი განაცხადა".

ურჰარტი მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგღა მიხვდა, რომ მის წინ "დეილი ტელეგრაფის" კორესპონდენტი მატი სტორინი იდგა, რომელსაც პირადად არ იცნობდა, რადგანაც ვესტმისტერის წრეებში სულ ახალი გამოჩენილი იყო. თუმცაღა, მუშაობისას ხშირად ჰყავდა ნანახი და კარგად ხვდებოდა, რომ უტვინო ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. "დავიჯერო, "დეილი ტელეგრაფმა" ჟურნალისტი დასაშანტაჟებლად გამომიგზავნა? - გაკვირვება კიდევ ერთხელ ვეღარ დამალა მთავარმა შოლტმა, თუმცაღა ხმამაღლა სულ სხვა რამ და სრულიად მშვიდადაც წარმოთქვა:

- არა მგონია, ამას სერიოზულად ამბობდეთ.

- რა თქმა უნდა, არა, სერ. - ღიმილი ვეღარ შეიკავა მატიმ. - Mმიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობთ და არც ჩემთან დალაპარაკების სურვილი გაქვთ, ჩემს სტატიაში ასე შორსაც კი ვერ გავუტევ. თუმცაღა, ეს ყველაფერი ზოგიერთ საინტერესო კითხვას ნამდვილად მიჩენს. სიმართლე გითხრათ, მე პირადად ალალბედზე რაღაცის დაბრეხვებას სიმართლის თქმას ვამჯობინებდი, მაგრამ რა ვქნა, თუკი სწორედ ამ სიმართლის გარეშე მტოვებთ.

ჟურნალისტის გულახდილობამ ურჰარტი უცბად განაიარაღა და იმასაც მიხვდა, რომ მან დაუნგ-სტრიტის ფორმალური განცხადების უკან რაღაც უფრო სერიოზული რამ უკვე ისედაც განჭვრიტა და ახლა მის კართან ასე ფეხმოუცვლელადაც სწორედ ამიტომ იდგა. "კაცმა რომ თქვას, რაღას ვკარგავ?" - გაიფიქრა მთავარმა შოლტმა და იმის ნაცვლად, რომ ტელეფონისთვის წამოევლო ხელი და სიმშვიდის ესოდენ აღმაშფოთებელი დარღვევისთვის "დეილი ტელეგრაფის" რედაქტორისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა, მისი წარმომადგენლის შინ შეშვება გადაწყვიტა. M

- იქნებ, შემოსულიყავით, მის სტორინ... - შემრიგებლური ტონით უთხრა მან გოგონას. - თუ, რა თქმა უნდა, თქვენი გვარი სწორად მახსოვს.

- ნამდვილად სწორად გახსოვთ, - მაშინვე აჰყვა მას მატიც, - მაგრამ ძალიან გთხოვთ, უბრალოდ მატი დამიძახოთ.

ურჰარტმა ჟურნალისტი კლასიკურ ინგლისურ სტილში მოწყობილ სასტუმრო ოთახში შეიყვანა. ძველებური და ძალიან მოხერხებული ავეჯით გაწყობილი ოთახის კედლებს ჟანრობრივსცენებიანი და ცხენების გამოსახულებიანი პეიზაჟური სტილის ფერწერული ნამუშევრები ამშვენებდა. მასპინძელმა თავისთვის ვისკის სოლიდური ულუფა დაისხა, დაუპატიჟებელ სტუმარს კი მასთან შეუთანხმებლად თეთრი ღვინით სანახევროდ ავსებული ბოკალი მიაწოდა და თავად მასიურ სავარძელში მოხერხებულად მოეწყო. მატი კი მის პირდაპირ მდგარი დივნის კიდეზე მორიდებით ჩამოჯდა და ჩანთიდან მაშინვე მომცრო ბლოკნოტი ამოიღო. თუმცაღა, მთავარი შოლტის მიერ ხელის ერთი უკმაყოფილოდ აქნევა და ბლოკნოტის ისევ ჩანთაში ჩაბრუნება ერთი აღმოჩნდა.

- ძალიან დაღლილი ვარ, მის სტორინ... - დაიწყო შემდეგ ურჰარტმა.

- მატი. - მორიდებით შეუსწორა მას გოგონამ.

- ჰო, მატი... - ჟურნალისტი კიდევ ერთხელ გამომცდელად შეათვალიერა მთავარმა შოლტმა. - იმას გეუბნებოდით, რომ ძალიან დაღლილი ვარ-მეთქი და არც იმაში ვარ ბოლომდე დარწმუნებული, საკუთარი აზრების ზუსტად ჩამოყალიბებას თუ შევძლებ. Aასე რომ, ძალიან გთხოვთ, არც ჩანაწერები გააკეთოთ და არც შემდეგ მოახდინოთ ჩემი სიტყვების ციტირება.

- დიახ... რა თქმა უნდა, მისტერ ურჰარტ... ყველაფერს ზუსტად ისე გავაკეთებ, როგორც ჩვენთან, ლობიშია მიღებული. მუშაობისას მხოლოდ იმას გამოვიყენებ, რასაც მეტყვით და, რაღა თქმა უნდა, თქვენი მოხსენიება ანდა თქვენი სიტყვების რამენაირი ციტირებაც ბოლომდე იქნება გამორიცხული.

- ზუსტადაც რომ... - ვერცხლისფერი კოლოფიდან ამოღებული სიგარეტისთვის ცეცხლის მოკიდებისთანავე ღრმა ნაფაზიც დაარტყა ჟურნალისტის მიხვედრილობით კმაყოფილმა ურჰარტმა, შემდეგ სავარძლის საზურგეზე ნებიერად მიესვენა და შეკითხვისთვის საერთოდ აღარ დაუცდია, ლაპარაკი ისე დაიწყო:

- რომ გითხრათ, პრემიერ-მინისტრის ღრმა რწმენით, მუშაობის გაგრძელება ყველაზე უკეთესი სწორედ ასეა, რომ მინისტრების ცვლისა და იმის ლოდინის ნაცვლად, თუ როდის შეეჩვევიან ისინი ახალ ადგილებს და ახალ პერსონალთან ახლებურად მუშაობას, ყველაფრის ძველებურად დატოვება და ასე შემართულად წინსვლა გვიჯობს-მეთქი, თავად რაღას იტყოდით?

- იმას, მისტერ ურჰარტ, რომ მაშინ ჩანაწერების გაუკეთებლობაზე ჩვენს შეთანხმებას და, საერთოდაც, ვესტმისტერის ლობის პრინციპებით საუბარს აზრი საერთოდ აღარ აქვს-მეთქი. - უცბად ჩაარაკრაკა მატიმ.

"ამასთან ცოტა უფრო ფრთხილად უნდა ვიყო", - გაიფიქრა მთავარმა შოლტმა, თუმცაღა, ჟურნალისტის პირდაპირობით ამჯერადაც საკმაოდ მოიხიბლა.