რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას? - გზაპრესი

რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას?

- რა მდგომარეობა იყო ცივილიზაციის თვალსაზრისით, მსოფლიოში, პირველ საუკუნეებში?

მამა მაკარი:

- ამ პერიოდში, ცივილიზაციის თვალსაზრისით, რომის იმპერია ზენიტში იყო, სპარსეთი - დასუსტებული, ევროპაში ბარბაროსული ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც რომის იმპერიას ვერაფერს აკლებდნენ. ფაქტობრივად, ეს იყო პერიოდი, როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა ძალა, რომელიც დაუპირისპირდებოდა რომის იმპერიას. სწორედ ამ დროს მოდიოდა უფალი, ამ დროს იწყებდნენ უფლის მოციქულები ქადაგებას და ნელ-ნელა რომის იმპერია მთლიანად შეიცვალა. შეიცვალა რომის იმპერიის სარწმუნოება, ცხოვრების წესი... მალე რომის იმპერია უკვე ბიზანტიის იმპერიადაც გარდაიქმნა. ვიცით, რომ ბიზანტიელები თავიანთ თავს რომაელებს უწოდებდნენ, მაგრამ ის უკვე აბსოლუტურად სხვა იდეებსა და ტრადიციებზე აგებული სახელმწიფო იყო.

- ცივილიზაციის განვითარების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად შესამჩნევია ტექნოლოგიების განვითარება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია XXI საუკუნე. დაახლოებით რომელი პერიოდიდან იწყება ტექნოლოგიების შექმნა და ამ მიმართულებით ცივილიზაციის განვითარება?

- გვიან შუა საუკუნეებიდან, უკვე ნელ-ნელა ვითარდებოდა ქალაქები, ადამიანებმაც მეტი პიროვნული თავისუფლება მოიპოვეს და დაიწყეს იმაზე ფიქრი, ნაკლები დანახარჯებით როგორ მიეღწიათ მეტი წარმატებისა და წინსვლისთვის. განსაკუთრებით XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა ტექნოლოგიების რევოლუციური განვითარება, რამაც XX საუკუნეში კიდევ უფრო დიდ წინსვლას მიაღწია. მაგალითად, XX საუკუნის 20-40-იან წლებში ძალიან კარგად განვითარდა კოსმოლოგიური ტექნოლოგია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ის მეცნიერები, რომლებიც კოსმოსურ ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ, უკვე გადაერთვნენ თანამედროვე იარაღის შექმნაზე. მეორე მსოფლიო ომს მოჰყვა ცივი ომი და მთელი რიგი განვითარებული ქვეყნები, უფრო სწორად სოციალისტური ქვეყნების ჯგუფი და დასავლეთის ქვეყნები ჩართული იყვნენ ძირითადად იარაღის შექმნაში. ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი რაოდენობისა და საუკეთესო იარაღები შეექმნა, უპირატესობა რომ მოეპოვებინა. ამან გამოიწვია სხვა სახის ტექნოლოგიების განვითარების შეჩერება. თანამედროვე პერიოდშიც, ტექნოლოგიების განვითარება მოთხოვნილების მიხედვით ხდება. ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგიები, ტელეფონები, რადგან სწორედ ამ პროდუქციაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნილება და ყველაზე მეტად, ბიზნესიც სწორედ მათ განვითარებას უწყობს ხელს. ასევე სწრაფად ხდება, ვთქვათ, მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობის, საფრენი აპარატების განვითარება, რადგან მათზეც დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ კოსმოსური ტექნოლოგიები ნაკლებად მოთხოვნადია, მას მხოლოდ სახელმწიფოები აფინანსებენ და ამ მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარებაც ნელი ტემპით ხდება... რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებითაც ვითარდება ტექნოლოგიები, მაგრამ სწრაფ განვითარებასა და წინსვლას ადგენს მოთხოვნილება.

- ტექნოლოგიების განვითარება თუ სხვა მიმართულებით ცივილიზაციების წარმოშობაც ხომ ღვთის დაშვებით ხდება?

- რა თქმა უნდა. უფალმა ადამიანს მისცა აზროვნება, მისცა თავისუფალი ნება და მისცა სამყარო. სწორედ ღვთისგან ბოძებული გონებითა და იმ თავისუფალი ნებით ხდება ამ სამყაროს საიდუმლოებებისა და კანონების აღმოჩენა, რომელსაც შემდეგ ადამიანები იყენებენ განვითარებისთვის. როგორ განვითარდებიან ადამიანები, რამდენად მეტს ისწავლიან, რაც მეტად შეიცნობენ სამყაროს, ეს იწვევს უკვე ცივილიზაციების განვითარებას.

- რატომ სჭირდებათ ადამიანებს ცივილიზაციების განვითარება...

- ადამიანი რაც მეტს იგებს, მეტს სწავლობს, ცოდნას იყენებს თავისი მიწიერი კეთილდღეობისთვის. სულიერ კეთილდღეობას არ სჭირდება მიწიერი ტექნოლოგიების განვითარება, მაგრამ რადგან ადამიანი მიდრეკილია მიწიერი კეთილდღეობისკენ, დიდი უმრავლესობა იღვწის იმისათვის, რომ მიწიერი პირობები გაიუმჯობესოს. ამ დროს ადამიანის გონება მიდრეკილია სიახლის შექმნისკენ, რაც მისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც მიწიერი თვალსაზრისითაც სასარგებლო იქნება. ანუ ცივილიზაცია იქმნება იმ დროს, როდესაც ადამიანი მიწიერ კანონებს სწვდება, იმ კანონებს, რომელიც ღმერთმა შექმნა. რა თქმა უნდა, ღვთის ნების გარეშე ადამიანს არაფრის შექმნა არ შეუძლია. უფალს რომ სურდეს, რომ ცივილიზაციები არ განვითარდეს, არ განვითარდება. თუ ვითარდება, ეს ღვთის ნებასა და განგებულებაშია. უფალს სურს, ადამიანებს მისცეს არა მხოლოდ სულიერი სიკეთეები, არამედ - მიწიერი სიკეთეებიც, მიწაც ადამიანებისთვისაა შექმნილი. თუ მიწიერებას სულის საზიანოდ გამოვიყენებთ, ეს სულს დააზარალებს, თორემ თუ მიწაზე ვიცხოვრებთ, ასე ვთქვათ, კომფორტულად და ამით არ ვავნებთ ჩვენს სულს, ეს დასაშვებია.

- რატომ ხდება თანამედროვე პერიოდში ტექნოლოგიების ასეთი სწრაფი ტემპით განვითარება?

- ადამიანს აქვს ასეთი თვისება - განუწყვეტლივ ისწრაფვის, მეტს მიაღწიოს, ეს იქნება მატერიალური მოთხოვნილებების კუთხით თუ ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. თუ წარმოვიდგენთ, ორასი წლის წინ რითი კმაყოფილდებოდნენ ადამიანები, თუნდაც მოწინავე ქვეყნების მკვიდრნი, რაც იმ დროს ყველაზე მდიდარ ადამიანებს აკმაყოფილებდათ, დღეს შეიძლება ღარიბი ადამიანიც არ იყოს მსგავსი ტექნოლოგიებითა თუ ცხოვრების პირობებით კმაყოფილი. თუ ადრე ავტომობილი, კომპიუტერი, ტელეფონი ითვლებოდა ფუფუნების საგნებად, დღეს ეს ყველაფერი აუცილებლობად მიიჩნევა. რაც უფრო გადის დრო და მეტ ცოდნას იძენს ადამიანი ამ სამყაროდან, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილება უჩნდება. ტექნოლოგიებისა და ცივილიზაციების განვითარებას არ ექნება ზღვარი, რადგან თავად ადამიანების მოთხოვნილებას არ აქვს ზღვარი. დაუცხრომელი სწრაფვა, რაც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული, სულიერებისკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ რადგან დავკარგეთ სულიერება, ეს სწრაფვა მივმართეთ მიწიერებისკენ და მეტად და მეტად ვაღწევთ მიწიერ განვითარებას, რადგან გაცილებით მეტად გვაქვს ამის მოთხოვნილება. სანაცვლოდ ვკარგავთ სულიერებას და ვივიწყებთ ღმერთს.

- ცხადია, ტექნიკურ პროგრესს თავისი დადებითი შედეგიც აქვს და უარყოფითიც...

- რა თქმა უნდა. უარყოფითი ისაა, რომ ადამიანები რაც მეტად ერთვებიან მიწიერი განვითარების ტემპში, მეტად ივიწყებენ ღმერთს, თუმცა უფალი ყველაფერს კეთილ მხარესაც გამოუჩენს, ტექნიკურ პროგრესს ბევრი დადებითიც მოჰყვება. მაგალითად, თუ ადამიანები საუკუნეების წინ, რამდენიმე ათწლეულის წინაც კი, ხშირად უბრალო დაავადებებითაც კვდებოდნენ, თანამედროვე პერიოდში უკვე იმდენად სწრაფად განვითარდა მედიცინა, რომ ეს საშიშროება აღარ ემუქრებათ. როგორც ვთქვით, თუ ხორციელისთვის ზრუნვა სულიერად გვაბრკოლებს, ხელს გვიშლის ღმერთთან მიახლოებაში, ესაა საზიანო, თორემ ადამიანი შედგება სულისა და ხორცისგან, ამიტომ უფალი სულისთვისაც გვაძლევს სარგებელს და ხორცისთვისაც. უფალი უშვებს, რომ წინა საუკუნეებთან შედარებით ფუფუნებაში ვიცხოვროთ, იმისათვის, რომ უფლისკენ მივბრუნდეთ და გამოთავისუფლებული სამუშაო ძალები სულისთვის ზრუნვას მოვახმაროთ. როგორც ხორცისთვის ვზრუნავთ, ისევე უნდა ვიზრუნოთ სულისთვის. თუმცა სამწუხაროდ, ხშირად ასე არ ხდება. რაც მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, ადამიანები მეტად ივიწყებენ სულიერებას, თუმცა მრავალმოწყალე უფალი არასოდეს ტოვებს ადამიანებს წყალობის გარეშე, ვისაც სულიერი წყალობისთვის დაკეტილი აქვს გული, ღმერთი ხორციელ წყალობას აძლევს. რაც მეტად დაშორდა ღმერთს კაცობრიობა, მეტი მიწიერი წყალობა აქვთ ადამიანებს და ეს არა იმის გამო, რომ უფლისთვის არაფერს ნიშნავს ჩვენი სულიერება, ვიქნებით თუ არა ღვთის მცნებების აღმსრულებლები, არამედ იმის გამო, რომ რადგან არ ვზრუნავთ სულიერებისთვის, ვიკეტავთ ცხონების გზას, უფალი არ მიგვატოვებს და მიწიერებაში მაინც შეგვეწევა. სახარებას გადავხედოთ, ურწმუნოც, 38 წლის დავრდომილიც კი განკურნა უფალმა, რომელმაც შემდეგ სილა გააწნა მაცხოვარს სამსჯავროზე, მღვდელმთავრებთან ერთად. უფალს ყველა ადამიანი უყვარს და ყველას აძლევს წყალობას, თუმცა შემდეგ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინ როგორ გამოიყენებს მას.

შორენა მერკვილაძე