ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბა და მმარ­თ­ვე­ლობის ფორ­მე­ბი - გზაპრესი

ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბა და მმარ­თ­ვე­ლობის ფორ­მე­ბი

ყალიბდებოდნენ ერები, სახელმწიფოები და არსებობდა სხვადასხვა მმართველობის ფორმები. ამჯერად ამ საკითხებს შევეხებით...

- რა პერიოდიდან იწყება ადამიანთა სხვადასხვა ფენად ჩამოყალიბება, როდის ჩნდება პირველი სახელმწიფო წარმონაქმნები და მმართველობის ფორმები?

მამა მაკარი:

- ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები და კატეგორიებად იყოფიან ასევე შინაგანი ბუნების, ხასიათის მიხედვით. ზოგი უფრო სასტიკია, ზოგი - კეთილისმყოფელი. ამის მიხედვით ყალიბდება საზოგადოება. კაცობრიობის არსებობის დროიდან, თავიანთი გონებრივი, ფიზიკური თუ სხვა სახის შესაძლებლობების მიხედვით, ადამიანთა გარკვეული ნაწილი აგროვებდა სიმდიდრეს. ზოგმა ძალაუფლებაც ჩაიგდო ხელში და დროთა განმავლობაში, ვინც სიმდიდრე შეიძინა და ძალაუფლება მოიპოვა, სხვებზე იძალადა. თავისთავად, უკვე მოხდა ადამიანთა ფენებად დაყოფა. ნაწილი, რომელიც ძალადობდა და ნაწილი - მასზე დამოკიდებული. დროთა განმავლობაში ამან წარმოშვა სახელმწიფოები. ცნობილი არ არის, არსებობდა თუ არა წარღვნამდელ პერიოდში სახელმწიფოები. კაცობრიობა ერთიანი იყო, ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ შესაძლოა, ცალკე სახელმწიფოები, უფრო - ქალაქი-სახელმწიფოების სახით, ამ პერიოდშიც არსებობდა. ცნობილია ისიც, რომ წარღვნამდელ პერიოდში, მართალ კაცობრიობას, სეითის შთამომავლობას, რომლებიც ღვთის მადიდებლობით ცხოვრობდნენ, მამამთავრები განაგებდნენ. უშუალოდ წარღვნის პერიოდისთვის მხოლოდ რამდენიმე მართალი ადამიანი იყო დარჩენილი - ნოე და მისი ოჯახი, ასევე რამდენიმე მართალი მამამთავარი, რომლებიც წარღვნამდე გარდაიცვალნენ. ფაქტობრივად, წარღვნამდელ პერიოდშიც არსებობდა საზოგადოების, ადამიანების ორი ჯგუფი. ეს იყო მამამთავრული მმართველობა. მამამთავარი განაგებდა საზოგადოებას, დანარჩენი ნაწილი საზოგადოებისა, შედგებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ძალაუფლება ეპყრათ ხელთ ან მათზე იყვნენ დამოკიდებულნი.

- რაც შეეხება წარღვნის შემდგომ პერიოდს?

- წარღვნის შემდგომი პერიოდიდან აშკარად ჩანს, რომ უკვე ყალიბდება სახელმწიფოები. ბაბილონის გოდოლის მშენებლობის პერიოდამდე, ნოესა და მისი სამი ვაჟისგან ხელახლა გამრავლებული კაცობრიობა ერთ ერად არსებობდა, მათაც ჰყავდათ მამამთავრები, მაგრამ მთელ იმდროინდელ კაცობრიობაზე ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ნებროთმა. ნებროთი იყო ქამის შვილიშვილი - აღნაგობითა და ძალით გამორჩეული. მან მოიპოვა ძალაუფლება და იმდროინდელი მსოფლიოს მეფე გახდა ანუ ნებროთმა შექმნა მსოფლიო იმპერია. იმ პერიოდში კაცობრიობა მთელ დედამიწაზე არ იყო განსახლებული - მხოლოდ თანამედროვე შუამდინარეთისა და მცირე აზიის ტერიტორიაზე სახლობდნენ ადამიანები და მათ განაგებდა ნებროთი. ნებროთს რამდენიმე ქალაქი ჰქონდა. დედაქალაქი იყო ბაბილონი, სადაც კაცობრიობამ გოდოლის მშენებლობა წამოიწყო. ე.ი. კოშკი ნებროთის სამეფოს ცენტრში შენდებოდა და ყველაფერს ნებროთი განაგებდა. გოდოლის მშენებლობის წამოწყება წარღვნიდან 500 წლის შემდეგ დაიწყო. როდესაც ადამიანები საკმაოდ გამრავლდნენ, გადაწყვიტეს, ერთმანეთს დაშორებოდნენ და სხვადასხვა მხარეს წასულიყვნენ - ოჯახების, ტომების მიხედვით, რადგან ის ტერიტორია ვეღარ იტევდა გამრავლებულ კაცობრიობას. ერთმანეთთან რომ კავშირი არ გაეწყვიტათ, გადაწყვიტეს, აღემართათ ისეთი გოდოლი - კოშკი, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა და მათი აზრით, ღმერთამდე მიიყვანდა. თუ ბაბილონის გოდოლში ერთმანეთის სანახავად და ღვთის სადიდებლად შეიკრიბებოდნენ, ეს ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ კოშკის მშენებლობის წამოწყებით ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი. ამით კაცობრიობა უკვე დაშორდა უფალს. თავიანთი წარმოდგენის ღმერთი აღიარეს. მათი წარმოდგენით ღმერთი აქვე, ცაში ცხოვრობდა და ბაბილონის გოდოლის მეშვეობით მიწიერად მოისურვეს ღმერთთან მისვლა. თანაც, რადგან ამ დროს საკმაოდ იყო კაცობრიობა გამრავლებული, უფალმა ინება, რომ მათ პირი არ შეეკრათ ღმერთის წინააღმდეგ. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, კოშკის მშენებლებს უფალმა ენები აურია, მათ ერთმანეთის არა ესმოდათ და იძულებულები გახდნენ, მშენებლობა შეეწყვიტათ. ამის შემდეგ დედამიწის სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ და ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ამ დრომდეც ჰქონდათ ჩაფიქრებული. სწორედ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის, ენათა აღრევისა და დედამიწის სხვადასხვა მხარეს განახლების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი პირველადი ერების ჩამოყალიბებასაც... ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახელმწიფო. პირველი იყო ეგვიპტე, სხვაგან ძირითადად არსებობდა ქალაქი-სახელმწიფოები. შემდეგ უკვე ხდებოდა ამ ქალაქი-სახელმწიფოების გაერთიანება არა მათი სურვილით, არამედ - იძულებით. როდესაც ერთი ქალაქი-სახელმწიფო უფრო გაძლიერდებოდა, ის თავის გარშემო ტერიტორიებს იპყრობდა. ასე შეიქმნა უძველესი - მიდიას, ირანის, ბაბილონის ცივილიზაციები... რაც შეეხება ბერძნულ ცივილიზაციებს, თითქმის ბოლომდე შემორჩა ქალაქ-სახელმწიფოები, ვიდრე ალექსანდრე მაკედონელმა არ დაიპყრო და გააერთიანა არა მარტო ბერძნული ქალაქი-სახელმწიფოები, არამედ იმდროინდელი მსოფლიოს განვითარებული ნაწილი. იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რამდენიმე ქალაქი-სახელმწიფოს შეერთებით წარმოიქმნენ, ხდებოდა მონარქიული მმართველობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება ბერძნულ ქალაქი-სახელმწიფოებს, აქ ვერ ჩამოყალიბდა მონარქიული მმართველობა, რადგან ქალაქი-სახელმწიფოებს თანაბარი სტატუსები ჰქონდათ ერთმანეთთან მიმართებაში. მათაც ჰყავდათ მმართველები, მაგრამ მათ შორის რაღაც კუთხით უფრო დემოკრატიული მმართველობა არსებობდა. ვიცით, რომ ქრისტეშობამდე VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა რომის იმპერია, რომელსაც თავიდან რამდენიმე მეფე ჰყავდა. შემდეგ მეფეები დაამხვეს და ჩამოყალიბდა დემოკრატიული ანუ ხალხის მმართველობა, რომელმაც საუკუნეები გასტანა. მთელი ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია ისრაელის სახელმწიფო. როდესაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, მათ სახელმწიფო მმართველობა არ შეუქმნიათ. აღთქმული ქვეყნის დამკვიდრების შემდეგ, ადამიანთა შორის ურთიერთობებს სჯული განაგებდა, რომელსაც სამღვდელოება ახორციელებდა, ხოლო თუ ისრაელის ქვეყანას დაიპყრობდა ესა თუ ის სახელმწიფო, უფალი გამოაჩენდა ხოლმე პიროვნებას, მსაჯულის სახით, რომელიც ისრაელს მტრების წინააღმდეგ გააერთიანებდა და ბრძოლას გაუმართავდნენ დამპყრობლებს. მსაჯულობა შთამომავლობით არ გადადიოდა. მსაჯულებს არ ჰქონდათ ზედმეტად გამორჩეული უფლებები. ისინი უბრალოდ იყვნენ ერის გამაერთიანებლები მტრების წინააღმდეგ. ისრაელში მსაჯულთა ხანამ 400 წლის მანძილზე გასტანა ანუ როდესაც ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელის ერი, უფალმა თეოკრატიული მმართველობა დაუწესა მათ - მიწიერი მმართველები არ ჰყოლიათ, მათი მმართველი იყო ღმერთი. ისრაელის ერი ცდილობდა, აღესრულებინა საღვთო სჯული და თუ ვინმე სჯულს დაარღვევდა, ადამიანთა შორის ურთიერთობას სჯულის დამცველნი, სამღვდელოება აგვარებდა. სახელმწიფო მმართველი ანუ მეფე 400 წლის განმავლობაში არ ჰყოლიათ. აქედან გამომდინარე, ასევე ბიბლიის რამდენიმე ადგილიდან ჩანს, რომ სამეფო ხელისუფლება არ არის ღვთისგან დაწესებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც იმპერატორებმა მიიღეს ქრისტიანობა, გაჩნდა აზრი, რომ მონარქიული მმართველობა ღვთისგან არის დაწესებული. შემდგომში, როდესაც ისრაელის ერმა მონარქიის დადგინება მოსთხოვა სამოელ წინასწარმეტყველს, სამოელი განრისხდა და შეეწინააღმდეგა მათ. უფალმა სამოელს უთხრა: - მათ მეფის დადგინება რომ გთხოვეს, შენ კი არ აღგიდგნენ წინ, მე წინ აღმიდგნენ წინო. ანუ მეფის მოთხოვნით ისრაელმა ცოდვა ჩაიდინა, თავად ისრაელიანებიც ეუბნებიან შემდგომში სამოელს: - შესთხოვე უფალს გვაპატიოს, ჩვენს ცოდვებს ისიც დავუმატეთ, რომ მეფე ვითხოვეთო. რჩეული ერი მეფის მოთხოვნას ყველაზე დიდ ცოდვად თვლიდა. ყველა ერისთვის, ყველაზე ღვთივკურთხეული ის სახელმწიფოებრივი წყობა, ის საერო ხელსუფლებაა, რომელსაც უფალი უშვებს იმ დროს, როდესაც ვცხოვრობთ.

შორენა მერკვილაძე