რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა C ჰე­პა­ტი­ტის ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ - გზაპრესი

რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა C ჰე­პა­ტი­ტის ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ

უკვე მეხუთე თვეა, რაც ელიმინაციის პროგრამაში ჩართული, C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები ახალი მედიკამენტით - ჰარვონით მკურნალობენ და საკმაოდ შედეგიანადაც. წამლის ანოტაციაშივე აღნიშნულია, რომ აბები, რომელსაც დღეში ერთხელ იღებენ პაციენტები, ვირუსის ყველაზე რთულ - პირველ გენოტიპს ებრძვის და თითქმის არა აქვს უკუჩვენება. ახალი მედიკამენტებით მკურნალობამ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოავლინა - პაციენტებს, რომლებიც კვებითი რეჟიმითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით ხელს უწყობენ მკურნალობას, ფიბროზის ანუ ღვიძლის დაზიანების ხარისხიც შეუმცირდათ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ერთ-ერთ კლინიკის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ბუწაშვილი მკურნალობის შედეგებზე გვესაუბრება:

- როგორც იცით, ჰარვონამდე შემოვიტანეთ სოფოსბუვირი, იგივე სოვალდი და ამ ახალი პრეპარატებით ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. უკვე წელიწადზე მეტია, კლინიკებში პირველადი რეგისტრაცია 25 ათასზე მეტმა პაციენტმა გაიარა, მკურნალობის პირველი ეტაპის კრიტერიუმები, რაც ღვიძლის მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანებას ითვალისწინებდა, დააკმაყოფილა და ჩაერთო 8 ათასზე მეტი. მათგან ბევრმა უკვე წარმატებით დაასრულა კიდეც კურსი. დროთა განმავლობაში პაციენტთა ნაკადი ბევრად გაიზარდა.

- ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი ადამიანების თვითშეგნების გაზრდაა, აუცილებლად შემოწმდნენ, აქვთ თუ არა ვირუსი და დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს? არადა, როგორც ვაკვირდები, ადამიანებს კვლავ აბრკოლებთ სტიგმა, - მივიდნენ ექიმთან, შემოწმდნენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში იმკურნალონ კიდეც. მათ ჯერ კიდევ ესირცხვილებათ (თუმცა გაურკვეველია, რატომ?) გამჟღავნება, რომ აქვთ ჩ ჰეპატიტი...

- სტიგმა ერთ-ერთი ბარიერი იყო ვირუსის დასაძლევად, მაგრამ გარდა ამისა, მკურნალობას აბრკოლებდა გავრცელებული, სრულიად არასერიოზული ინფორმაცია, თითქოს ეს იყო ექსპერიმენტული პროექტი.

- ამ ინფორმაციას ბოროტებასა და მავნებლობას ვუწოდებდი, რადგან ადამიანების ჯანმრთელობისა და გადარჩენის იმედის ჩაკვლა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ რომ დიდი ბოროტებაა. ეს პრეპარატები, ხომ, გაცილებით ადრე შეიტანეს ევროპაში, იქამდე კი ამერიკაში გამოიყენეს და საუკეთესო შედეგიც ჰქონდათ. არ მეთანხმებით?

- ნამდვილად ასეა და ამიტომაც ვერაფერს გახდნენ. მარტო თვითშეგნების იმედად ვერ იქნებოდით, ამიტომ სახელმწიფომაც გააძლიერა სკრინინგი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მობილური ლაბორატორიებით მთელი ქვეყანა შემოიარა და, შესაბამისად, გამოვლენის შანსიც დიდად გაიზარდა. საყოველთაო სკრინინგი სხვადასხვა რგოლშიც დაიწყო. მაგალითად, აქამდე მსგავსი რამ არ უტარდებოდათ ორსულებს და ა.შ. მოკლედ, ყველა ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტად გამოვავლინოთ დაავადება, რომ მკურნალობაც დროულად დავიწყოთ. ელიმინაციის მიზანიც ესაა, რომ გარდა უკვე გამოვლენილი ვირუსის მატარებელი ადამიანების მკურნალობა-გამოჯანმრთელებისა, სხვა შემთხვევებიც გამოვავლინოთ და მკურნალობის მეშვეობით ვირუსის წყაროც ძალიან შევამციროთ. ეს არის კომპლექსური პროგრამა და ჩვენი ამბიციური მიზანი 2020 წლისთვის სწორედ ამის მიღწევა გახლავთ. რაც შეეხება მკურნალობის შედეგებს, მაგალითად, ჩვენს კლინიკაში 2500-ზე მეტი პაციენტი დარეგისტრირდა და მათგან მკურნალობა გაიარა ან ახლა მკურნალობს 900-ზე მეტი. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა პაციენტი, თუ მკურნალობის დასრულებიდან 12 კვირის შემდეგ გაკეთებულ ანალიზშიც ვირუსის რაოდენობა ნულია. ღვიძლის მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანების პაციენტებიდან საქართველოს კლინიკებში განიკურნა საშუალოდ 84 პროცენტი - მათ ვირუსის რაოდენობა გაუნულდათ. ხოლო ვისაც 12 კვირის შემდეგ ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ, ძირითადად, პირველი გენოტიპის მატარებელი პაციენტები იყვნენ. ეს გენოტიპი ისე კარგად არ ემორჩილება სოფოსბუვირს. ასევე, ძნელად ემორჩილება მკურნალობას საქართველოსა და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავრცელებული ე. წ. რეკომბინატური ანუ შეჯვარებული ტიპი, რაც ნიშნავს, რომ მეორე გენოტიპის ნაწილს პირველი გენოტიპის თვისებები აქვს. ეს ჩვეულებრივ კვლევაში არც ჩანს. გენოტიპის დამდგენი ტრადიციული გამოკვლევა ამ შემთხვევაში მხოლოდ მეორე გენოტიპს უჩვენებს, არადა, ამ ვირუსს პირველის გენებიც აქვს. მხოლოდ სპეციფიკური კვლევა - სიქვენირება უჩვენებს ზუსტ პასუხს, არადა, ეს მეტისმეტად ძვირად ღირებულია. სამაგიეროდ, სწორედ პირველი გენოტიპის დასამარცხებლად შეიქმნა ჰარვონი, რომლის შემოტანაც რამდენიმე თვის წინ შევძელით. ვფიქრობთ, რომ ჰარვონს გაცილებით კარგად დაემორჩილება პირველისა და მეორის რეკომბინატური ტიპიც. თუმცა ჰარვონით მკურნალობის საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს. შემოდგომაზე კი ველოდებით კიდევ უფრო ახალი თაობის მედიკამენტს - ვაპატასვირს, რომელსაც პანგენოტიპური ჰქვია ანუ მისით მკურნალობისას გენოტიპს არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე თანაბრად მოქმედებს. ცხადია, ძალიან კარგია, პირველივე მკურნალობისას რომ იკურნება პაციენტი, მაგრამ ისეთ ერაში შევედით, ანტიბიოტიკებიც კი ვერ იძლევა აბსოლუტურად კარგ შედეგს და იმიტომაც ვცვლით ხოლმე. მთავარია, არჩევანი გვაქვს - ჩ ჰეპატიტის დასამარცხებლადაც.

- ელოდით, რომ ახალი მედიკამენტებით მკურნალობა ღვიძლის ფიბროზის ხარისხსაც შეამცირებდა?

- გარკვეულწილად ველოდით, რადგან ღვიძლია უნიკალური. მას რეგენერაციის, თვითაღდგენის საუკეთესო უნარი აქვს, თუმცა ამ კუთხით კონკრეტული პაციენტის მკურნალობის შედეგს წინასწარ ვერაფრით განსაზღვრავ. ამ შემთხვევაში მთლიანად პაციენტზე ვართ დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვირუსისგან განკურნებას ვულოცავთ, რა თქმა უნდა, ღვიძლის რეაბილიტაციაც იწყება, მაგრამ ღვიძლი მაინც მის ხელშია - ცხოვრების რა წესსაც აირჩევს და რა რეჟიმითაც იცხოვრებს, საბოლოოდ სწორედ შესაბამის შედეგს მიიღებს. თუ ვირუსისგან თავისუფალ ღვიძლს მავნე გარე ფაქტორებით, უპირველესად - ალკოჰოლით, ხელს არ შეუშლის, ყველაფერი კარგად წარიმართება, თუ არადა... სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პაციენტი "განკურნებას" ალკოჰოლით აღნიშნავს ხოლმე, ამით კი იმ მკურნალობასაც აზრი ეკარგება. წესით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ C ჰეპატიტის გარეშეც არსებობს ალკოჰოლური ჰეპატიტი, რაც ღვიძლს ძალიან აზიანებს, ციროზს იწვევს და ბევრჯერ ტრაგიკულადაც სრულდება. შესაბამისად, ვინც ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ თავს უვლის და ჯანსაღად ცხოვრობს, მისი ღვიძლის უჯრედების რეგენერაციაც უკეთ მიმდინარეობს და ფიბროზის ხარისხიც იკლებს.

- ჰეპატიტისგან განკურნებული ბევრი ვნახე, მართლაც რომ არ იკლებს ალკოჰოლს. არადა, ფიბროზის მძიმე მდგომარეობის გამო სწორედ მათ მიენიჭათ უპირატესობა და სხვაზე ადრე იმკურნალეს. რამდენი ელოდება თავის რიგს, ნერვიულობს, ასეთ "განკურნებულებს" კი დაავიწყდათ, თავად რა სტრესი გაიარეს, ახლობლებმა რა განიცადეს, არ აინტერესებთ, მათი უპირატესობის გამო რიგში მდგომი სხვა პაციენტებიც იმავეს რომ განიცდიან; იქნებ კიდევ ერთხელ ავუხსნათ ურჩ პაციენტებს, დაზიანებული ღვიძლისთვის კატეგორიულად რატომ არ შეიძლება ალკოჰოლი არც მკურნალობამდე, არც მკურნალობისას და არც მკურნალობის შემდეგ?

- მარტივად, პრიმიტიულად ავხსნი: ალკოჰოლის გაფილტვრა ხდება ღვიძლში. როდესაც ღვიძლში ვირუსით გამოწვეული ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ხოლო მას დამატებით ალკოჰოლის გაფილტვრაც უწევს, მის უჯრედებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ - ნადგურდებიან. ღვიძლის მკვდარი უჯრედების ადგილს იკავებს ე.წ. ფიბროზული ქსოვილი. ვიზუალურად დაახლოებით ისევეა, როგორც ჭრილობის ადგილას ნაწიბურიანი კანი. რაც უფრო მეტად გავრცელდება ღვიძლში ნაწიბურიანი ქსოვილი, და აუცილებლად გავრცელდება ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ორგანიზმს - დიდ მასშტაბს მოიცავს და დაიწყება ციროზი. ამიტომ მხოლოდ ვირუსი ისეთ ბოროტმოქმედებას ვერ ჩადის, როგორც ეს ხდება ალკოჰოლთან ერთად. მაგალითად, სტატისტიკით ბევრ ქალს აქვს C ჰეპატიტი, მაგრამ ნაკლებად - ციროზი. ეს ცხოვრების წესის ბრალია, რადგან საქართველოში მამაკაცები მეტად ეტანებიან ალკოჰოლს, ვიდრე - ქალები. პაციენტებთან ჩვენი კონსულტაციების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეხება, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ჰეპატიტს არ აღიქვამენ ისე ტრაგიკულად, როგორც ალკოჰოლზე უარის თქმის აუცილებლობას. კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ: ჰგონიათ, რომ საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოს თუ დალევენ, არაფერი მოუვათ, არადა, სრული აბსურდია. აქ ჩვენ სასმელში სპირტის შემცველობასა და მისგან გამომდინარე ზიანზე ვლაპარაკობთ და არა - სასმლის შემოქმედებზე. ამიტომ პრობლემა სპირტია - სულერთია, რა სახითა და პროცენტით მივიღებთ, ნებისმიერ შემთხვევაში იგი დაზიანებულ ღვიძლსა და მის პატრონს უდიდეს პრობლემას შეუქმნის.

მთავარი რეკომენდაციაა, ყველა შემოწმდეთ, ხომ არ გაქვთ ვირუსი და თუ გაქვთ, სასწრაფოდ მიაკითხოს ექიმ-ჰეპატოლოგს ერთ-ერთ იმ კლინიკაში, რომელიც ჩართულია ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. დიდი ხანი არაა, გამოცხადდა, რომ ამ პროგრამით მკურნალობა უკვე არა მარტო მძიმე, არამედ - ყველა ვირუსიან პაციენტს შეუძლია. ასე რომ, გამოჯანმრთელებას გისურვებთ და ისეთ ჯანსაღ ცხოვრებას, რაც ამის მისაღწევად ზედმიწევნით აუცილებელია!

ირმა ხარშილაძე