ბანქოს სახლი (ნაწილიVII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიVII)

- მგონი, სადღაც თქვენი პირადი წინასაარჩევნო ფურცელიც კი უნდა მქონდეს, - ჩანთაში დაიწყო ქექვა ჟურნალისტმა და უამრავი ორადგაკეცილი ფურცლიდან ერთ-ერთი ამოაძვრინა.

ფრენსის ურჰარტი გოგონას უკვე დაძაბული აკვირდებოდა.

- ჰოდა, აი, აქ, - ფურცელი ხმაურით გაშალა მატიმ, - სხვასთან ერთად, იმ "ამაღელვებელ წლებზეც" ლაპარაკობდით, რომლებიც წინ გველოდა. ის კი, რაც ახლა მითხარით, ისევე ამაღელვებელია, როგორც ერთი კვირის წინანდელი გაზეთები.

- მეტისმეტად დაუნდობლად მსჯელობთ, - უხალისოდ გაიბრძოლა ურჰარტმა, რომელიც მშვენივრად ხვდებოდა, რომ ჟურნალისტის დასანახად პროტესტი ბევრად უფრო ენერგიულად უნდა გამოეხატა. თუმცაღა, ამის გაკეთების არანაირი სურვილი აღარ ჰქონდა და მხოლოდ იმასღა ცდილობდა, ეს განწყობილება სახეზე მაინც არ დასტყობოდა.

- მისტერ ურჰარტ, ნება მომეცით, პირდაპირ გკითხოთ.

- მკითხეთ.

- ოღონდ, თავადაც პირდაპირ უნდა მიპასუხოთ.

- ვეცდები.

- თქვენ რა, მართლა ფიქრობთ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო?

ურჰარტმა ჭიქა პირთან ისე მიიტანა, რომ მატისთვის თვალი წამითაც აღარ მოუშორებია. "ორივე მშვენივრად ვხვდებით, რომ ჩვენ-ჩვენს როლს ვთამაშობთ, - გაიფიქრა მან და, თან, ვისკის მოზრდილი ყლუპი სიამოვნებით მოსვა. - ოღონდ ჯერ ზუსტად არც ერთმა ვიცით, თუ ეს სახელდახელო სპექტაკლი საბოლოოდ რით დასრულდება".

- მისტერ ურჰარტ! - პაუზით სარგებლობა და პოზიციის გამყარება დააპირა მატიმ.

- ეშმაკმა დალახვროს, მატი! - გააწყვეტინა ჟურნალისტს მთავარმა შოლტმა. - ასეთ კითხვაზე ჩემგან რაღა პასუხს ელით, როცა ისედაც მშვენივრად იცით, რომ როგორც მთავარი შოლტი, სრულიად ვუჭერ მხარს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობაში განხორციელებულ უფრო ზუსტად კი განუხორციელებელ ნებისმიერ გადაადგილებას! - ხმაში აშკარა სარკაზმი გამოურია მან ბოლოს.

- გეთანხმებით, - მაშინვე უკან დაიხია მატიმ. - მართლაც მშვენივრად ვიცი... მაგრამ მაშინ იმ ფრენსის ურჰარტს რაღა ვუყოთ, რომელსაც თავის პარტიაზე გული ძალიან შესტკივა და მისი წინსვლისთვისაც თავგანწირულად იბრძვის? დავიჯერო, ისიც უჭერს მხარს ამ სრულ უმოქმედობას?

- თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს სრული უმოქმედობაა...

- მაშინ ისღა დამრჩენია, რომ ჩემს ხვალინდელ სტატიაში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებისადმი თქვენი ოფიციალური მხარდაჭერა და ამის სრული გამართლებაც პატიოსნად დავაფიქსირო.

- სწორადაც მოიქცევით.

- მაგრამ, მისტერ ურჰარტ, რა ვქნა თუკი იმასაც ცხადად ვგრძნობ, მომხდარით რაოდენ უკმაყოფილო ხართ, - დანაღმულ ველზე კიდევ ერთხელ შეაბიჯა მატიმ. - მაგრამ თავს იკავებთ, რადგან ამის თაობაზე პრესაში ოდნავი მინიშნების დაფიქსირებასაც კი არ ისურვებდით.

მატიმ შეგნებული პაუზა გააკეთა, მაგრამ ურჰარტს ამით სარგებლობა არც უფიქრია.

- შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბარი ლობის პირობებში მიმდინარეობს და, შესაბამისად, იმის პირობასაც გაძლევთ, რომ თქვენი მოსაზრება ხვალ არც ჩემი კოლეგებისთვის გახდება ცნობილი და არც ვესტმისტერში იქცევა თუნდაც ჩურჩულით გარჩევის საგნად. - მოულოდნელად ყველა კოზირის ერთიანად გახარჯვა და პირდაპირ გარიგების შეთავაზება გადაწყვიტა ჟურნალისტმა. - მე ამის ცოდნა მხოლოდ შემდგომ თვეებში მოსალოდნელ მოვლენებში სწორი ორიენტირებისთვის მჭირდება. სხვათა შორის, თქვენთან ჩემი დღევანდელი სტუმრობის შესახებ საერთოდაც არავისთვისაა ცნობილი.

- დაუპატიჟებელი სტუმრობის... - გაუსწორა გოგონას ურჰარტმა.

- დიახ, დაუპატიჟებლის...

- კარგი, მატი, - მოულოდნელად დანებდა ჟურნალისტს მთავარი შოლტი, - მოგიყვებით, სინამდვილეში რაც ხდება.

- სულგანაბული გისმენთ.

- პრინციპში, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. პრემიერ-მინისტრს, ზოგიერთი თავისი კოლეგის ამბიციების შესაკავებლად, მთავრობის "ორთქლის ქვაბის" ისედაც ყოველთვის მყარად თავდახურულად შენახვა უწევდა. - ამ სიტყვების შემდეგ მცირეოდენი პაუზის გაკეთება და ჟურნალისტის რეაქციის შემოწმება გადაწყვიტა ურჰარტმა.

"წარმომიდგენია, შიგნით რა ბუყბუყიც იქნებოდა". - გაიფიქრა მატიმ, მაგრამ გარეგნულად არაფერი შეიმჩნია.

- ჩვენთვის არცთუ მთლად სახარბიელო შედეგებით დამთავრებული არჩევნების შემდეგ კი ეს ამბიციები უკვე იმდენადაც გაიზარდა, რომ "ქვაბში" წნევის კიდევ სულ ოდნავ მომატება და მთელი მთავრობის ჰაერში აწევა ერთი იქნებოდა. - დაასრულა აზრი მთავარმა შოლტმა.

- თუ ასეა, კაბინეტის წევრებს შორის ძალიან სერიოზული უთანხმოება და არაჯანსაღი მეტოქეობა ყოფილა...

- ნება მომეცით, ეს ყველაფერი ცოტა უფრო სხვაგვარად ავხსნა. - წამით გაჩუმდა და მხოლოდ ფიქრში სიტყვების გულმოდგინედ შერჩევის შემდეგღა განაგრძო ურჰარტმა: - პარტიის წევრების გარკვეული ნაწილი ღრმადაა შეშფოთებული. ბევრი იმასაც კი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი არჩევნების ჩაგდებასთან ძალიან ახლოს იყო. ისინი ასევე თვლიან, რომ მომავალ არჩევნებამდე ანუ ოთხი-ხუთი წლით სკამის შესანარჩუნებლად მას აღარც ენერგია ეყოფა და არც ავტორიტეტი. ამიტომაც, უკვე იმაზე ფიქრობენ, რომ თუ ლიდერობისთვის ბრძოლა უფრო ადრე, წელიწად-ნახევრის ან ორი წლის შემდეგ დაიწყო, თავად რა პოზიცია უნდა დაიკავოს. ერთი სიტყვით, გასული ხუთშაბათიდან თამაშის პირობები მნიშვნელოვნად შეიცვალა და ჰენრი კოლინრიჯი თავის გუნდის სრული მხარდაჭერით უკვე ვეღარ ისარგებლებს.

- თუ ასეა, ახლავე რატომ არ მოიშორებს იმათ, ვისაც აღარ ენდობა?

- ასეთ რისკზე ვერაფრით წავა.

- და, ამიტომაც, ყველა თავის ადგილზე უნდა დატოვოს? - აღშფოთდა მატი.

- ასე გამოდის.

- და ამას თქვენ გონივრულ სტრატეგიას ეძახით?

ურჰარტმა ჯერ ვისკის კიდევ ერთი მოზრდილი ყლუპი მოსვა და მატის მხოლოდ ამის შემდეგღა უპასუხა:

- მე რომ "ტიტანიკის" კაპიტანი ვყოფილიყავი, უზარმაზარი აისბერგის დანახვისას გზის უწინდელი კურსით გაგრძელების კი არა, კურსის სასწრაფოდ შეცვლის ბრძანებას გავცემდი.

- მერედა, ეს, დღევანდელი შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრს რატომღა არ უთხარით?

- მატი, - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მთავარმა შოლტმა. - ჩემგან მეტისმეტად ბევრს ხომ არ ითხოვთ?.. მართალია, თქვენს პროფესიულ სინდისიერებას ვენდობი და სიამოვნებით გესაუბრებით, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ პრემიერ-მინისტრთან ჩემი საუბრის დეტალების თქვენთვის განდობა მაინც სარისკო იქნებოდა?

პასუხად მატის ხმა არ ამოუღია, მაგრამ არც ადგილიდან დაძრულა, რადგან მიხვდა, რომ რაღაც უფრო მეტის გაგების შანსი მიეცა და მისი უცილობლად გამოყენებაც მაშინვე გადაწყვიტა.

- თუ ასეა, - ბოლოს მაინც ამოთქვა მან, - მაშინ ლორდ უილიამსთან დაკავშირებით მექნება ერთი შეკითხვა.

- ოღონდ, - მხოლოდ ერთი, - გააფრთხილა გოგონა ურჰარტმა.

- თუ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ არაფერი შეეცვალათ, მაშინ მან დღეს პრემიერ-მინისტრთან მეტისმეტად დიდხანს ხომ არ დაჰყო?

- და ვითომ რატომ არ უნდა დაეყო? - კითხვაზე კითხვით უპასუხა სასურველ მიზანთან აგრერიგად მიახლოებით კმაყოფილმა მთავარმა შოლტმა.

- არ მითხრათ ახლა, პარტიის ლიდერობის იმედი აქვსო?

- არა, მაგრამ უილიამსს ხომ აქტიური პოლიტიკური როლის სათამაშოდ მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა და, როგორც ნებისმიერ ხანდაზმულ სახელმწიფო მოღვაწეს, მასაც პარტიის სასურველ ხელში დატოვება სურს.

- მაინც ვის ხელში?

- თავად კი ვერ ხვდებით?

- მაიკლ სამუელი გყავთ, ხომ მხედველობაში?

- ვფიქრობ, საკმარისზე მეტი ვილაპარაკე. - სახეზე ზედმიწევნით კმაყოფილი ღიმილი დაეფინა მთავარ შოლტს. - ასე რომ, მოდი, ამით დავასრულოთ.

მატიმ ურჰარტს თავი უხალისოდ დაუქნია და მისგან მიღებული ინფორმაციის ფრაგმენტებისგან ფიქრში უკვე ახალი პოლიტიკური თავსატეხის აწყობა დაიწყო. შემდეგ ურჰარტმა გოგონა კარამდე მიაცილა და როგორც კი ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მატი ისევ ალაპარაკდა:

- დახმარებისთვის ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ურჰარტ, მაგრამ იქნებ, კიდევ ერთ კითხვაზე მიპასუხოთ...

- ღამე მშვიდობისა, მატი, - გააწყვეტინა გოგონას მასპინძელმა.

- პარტიის ლიდერის გადარჩევის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას თუ წამოაყენებთ? - თავისი მაინც არ დაიშალა მატიმ.

- ღამე მშვიდობისა-მეთქი! - აბეზარ ჟურნალისტს კარი ცხვირწინ მიუხურა მთავარმა შოლტმა.

"დეილი ტელეგრაფი", ორშაბათი, 14 ივნისი:

"გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში არანაირი ცვლილება არ მოხდებოდა და პარტიის თავმჯდომარე ლორდ უილიამსთან და, აგრეთვე, მთავარ შოლტ ფრენსის ურჰარტთან მრავალსაათიანი თათბირის შემდეგ, პარტიას უცვლელი კურსით სვლისკენ მოუწოდა. ამ განცხადებამ მარტო მიმომხილველების უმეტესობა კი არა, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირიც მეტისმეტად გააოგნა. ვესტმისტერის ზოგიერთ წრეებში ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის მნიშვნელოვანი შემცირების და უფერული წინასაარჩევნო კამპანიის ლოგიკურ შედეგად მიიჩნიეს, რომელშიც ბრალი, პირველ რიგში, თავად პრემიერ-მინისტრს და პარტიის თავმჯდომარეს მიუძღვით. ითქვა ისიც, რომ რადგანაც მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრის თავიანთ ადგილებზე დატოვების გუშინდელ გადაწყვეტილებას მთელი ომის შემდგომი ინგლისის ისტორიაში პრეცედენტი არ მოეპოვება და ადრე შემდგარი ყველა არჩევნები მინისტრთა კაბინეტში სერიოზული გადაადგილებებით სრულდებოდა, გასაკვირი სულ არ არის, ზოგიერთი ავტორიტეტული მინისტრი უკვე არცთუ შორეულ მომავალში მოსალოდნელი პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის გადარჩევის მომენტისთვის საკუთარი პოზიციების წინასწარ განმტკიცებასაც რომ შეუდგა. გუშინ საღამოსვე გამოითქვა აზრი, რომ პრემიერ-მინისტრი ჰენრი კოლინრიჯი შემდეგ არჩევნებში უკვე ვეღარ იაქტიურებს. მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთმა მინისტრმა კი პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელი მდგომარეობა აისბერგთან შეჯახებისას "ტიტანიკის" კაპიტნის მდგომარეობასაც შეადარა"...

გაგრძელება შემდეგ ნომერში