ქართული ფული საერთაშორისო მიმოქცევაში- დავით III კურაპალატის მონეტები
font-large font-small
ქართული ფული საერთაშორისო მიმოქცევაში- დავით III კურაპალატის მონეტები
ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი.
ოქრო. ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.
AV. ადამიანის სქემატური პროფილი.
RV. ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება და წერტილები წარწერების ნაცვლად.


X საუკუნეში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლით დაუძლურებული ქართული სამთავროებიდან განსაკუთრებით გაძლიერდა ტაო-კლარჯეთი, იგივე "ქართველთა სამეფო", რომლის სამხრეთი საზღვარი მდინარე არაქსის ზემო წელამდე აღწევდა. სამეფოს მმართველები ბიზანტიის კეისრებისგან საპატიო საკარისკაცო ტიტულებს- კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კესაროსი- იღებდნენ, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ.

ტაო-კლარჯეთი განსაკუთრებით მოღონიერდა დავით III (978-1001) კურაპალატის მმართველობისას. სწორედ დავითმა ჩაუყარა საფუძველი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს. მან იშვილა გურგენ მეფეთა მეფის (994-1002) მემკვიდრე ბაგრატი (დედით აფხაზთა მეფეების შთამომავალი) და 975 წელს ჯერ ქართლში, ხოლო 978 წელს აფხაზეთში გაამეფა. ქვეყნის ეროვნული აღორძინება საქართველოს სამონეტო საქმეშიც აისახა. დავით III კურაპალატმა მოჭრა არაბული ტიპის მონეტებისგან სრულიად განსხვავებული ვერცხლის ფული. მისმა მონეტებმა ჩვენამდე ოთხ ცალად მოაღწია. ოთხივე მათგანი აღმოჩენილია საქართველოს საზღვრებს გარეთ: გერმანიაში, სანქტ-პეტერბურგის ოლქში, ესტონეთსა და შვედეთში. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ დავითის მონეტები, ბიზანტიურ მონეტებთან ერთად, ჩართული იყო საერთაშორისო ფულად მიმოქცევაში.
იბერიაში ანუ ქართლის სამეფოში, კოლხეთისგან განსხვავებით, სამონეტო მიმოქცევა ძვ.წ. II საუკუნემდე შედარებით სუსტად იყო განვითარებული. იბერიის სამეფოში იქ საკუთარი მონეტა არ მოჭრილა, ძვ.წ. I - ახ.წ. III საუკუნეებში კი იქ ფულადი მიმოქცევის საფუძველი რომაული და პართული ფული იყო. სამონეტო მიმოქცევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბერძნულ-რომაული მონეტების მინაბაძები.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ლისიმაქესა და ალექსანდრეს სტატერების, ასევე რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ. 27- ახ.წ. 14 წწ.) დენარის ადგილობრივი მინაბაძები, როგორც ტექნიკური, ისე მხატვრული თვალსაზრისით, დიდად განსხვავდება ორიგინალებისგან. გამოსახულებები მინაბაძებზე დამახინჯებულია, წარწერების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, წერტილები და გაურკვეველი ხაზებია გამოსახული.
ოქროს მინაბაძების უმეტესობა მოჭრილია ძვ.წ. I ს-სა და ახ.წ. I ს-ის დასაწყისში. რომაული დენარების ადგილობრივი მინაბაძები, სავარაუდოდ, ბრუნვაში იყო ახ.წ. I ს-ის მიწურულიდან ვიდრე III ს-ის ბოლომდე. იბერიაში ასევე ფართოდ მიმოიქცეოდა რომაული ოქროს ფული- აურეუსები, რომლებიც მსხვილი სავაჭრო გარიგებების დროს ანგარიშსწორების ძირითადი საშუალება გახლდათ. ბრუნვაში ჩართული იყო ასევე რომაული აურეუსების ადგილობრივი იმიტაციები.

ბეჭდვა