ბანქოს სახლი (ნაწილიVIII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიVIII)

როჯერ ო"ნეილი უხერხულად იყო ჩამომჯდარი უაიტის კლუბის შორეული ოთახის ბილიარდის მაგიდების გარშემო განლაგებულ მრავალთაგან ერთ-ერთი დიდი ტყავის სავარძლის კიდეზე, რომლებსაც კლუბის ღრმად პატივცემული წევრები ძირითადად თავიანთ სტუმრებთან კონფიდენციალური საუბრებისთვის იყენებდნენ. ის ამ კლუბში სავახშმოდ ფრენსის ურჰარტმა მიიწვია, რის გამოც, სიხარულთან ერთად, შფოთვამაც თავიდანვე შეიპყრო, რადგანაც კარგად უწყოდა, პარტიის მთავარ შოლტს გულზე დიდად რომ არ ეხატებოდა. მეტიც, მასთან შეხვედრისას ზოგჯერ ისიც კი ეჩვენებოდა, რომ ურჰარტი იმ დიდი და დამშეული მტაცებელი ფრინველივით უცქერდა, მონადირებულ მსხვერპლს რომ ყოველთვის დაუნდობლად გლეჯს და სულმოუთქმელად სანსალავს. და, უცბად, ამ "მტაცებელმა", არც მეტი, არც ნაკლები, პრესტიჟულ კლუბში და, თანაც, "რეკლამებისა და პროპაგანდის სამსახურის მიერ ბოლო საარჩევნო კამპანიაში გაწეული შესანიშნავი სამუშაოს აღსანიშნავად" უხმო.

"მაინც რა აქვს ჩაფიქრებული?" - ვინ იცის, მერამდენედ ეკითხებოდა როჯერი საკუთარ თავს და, თან, ურჰარტს, რომელიც მას მოწყალე ღიმილით უახლოვდებოდა, თვალს წამითაც აღარ აშორებდა. მთავარ შოლტს ვერცხლის ლანგრით ერთი ბოთლი "შატო ტაბლო-78" მოჰქონდა, რომლის ბოლომდე შესმის შემდეგაც უნდობლობის ყინულმა თითქოს, ლღობა დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ალკოჰოლით ოდნავ გამხნევებული ო"ნეილი სავარძელში ცოტა უფრო მოხერხებულად მოეწყო. ხოლო როდესაც მთავარმა შოლტმა ღვინოს ორი სირჩა საუკეთესო კონიაკიც მოაყოლა, უკვე ისიც კი მოეჩვენა, რომ ბოლოს და ბოლოს, პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფი ტრადიციონალისტების მიერ ო"ნეილისა და მის მსგავსთათვის აღმართული თითქოს სრულიად დაუძლეველი ბარიერიც კი გაარღვია. "მგონი, ჩემი დროც დგება", - გაიფიქრა სავარძლის საზურგეზე ნებიერად მისვენებულმა როჯერმა და სიგარეტი გემრიელად გააბოლა.

- მითხარი ერთი, როჯერ, - მიმართა მას უცბად ურჰარტმა, - ახლა, როცა არჩევნები უკან მოხერხებულად მოიტოვე, რის გაკეთებას აპირებ?

- მზად ვარ, პარტიაში მანამდე დავრჩე, სანამ ეს პრემიერ-მინისტრს დასჭირდება - გაიბადრა ო"ნეილი.

- მზად რომ ხარ, კარგია, მაგრამ დარჩენას თუ შეძლებ?

- ვითომ რატომ ვერ უნდა შევძლო? - ღიმილი მაშინვე სახეზე შეაშრა ო"ნეილს.

- შემიძლია, შენთან სრულიად გულახდილი ვიყო?

- რა თქმა უნდა.

- Mალბათ, უჩემოდაც კარგად იცი, რა ცოტას უხდის პარტია თავის მუშაკებს საერთოდ და, განსაკუთრებით - არჩევნების შემდეგ, როცა ფული ისედაც აღარ რჩება.

- რა თქმა უნდა, ვიცი.

- მაშინ ისიც გეცოდინება, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მხრივ განსაკუთრებით გაჭირდება. თანაც, - იმდენად, რომ შესაძლოა, შენი ხელფასის გაყინვა და თქვენი სამსახურის ბიუჯეტის ჩამოჭრაც კი გახდეს საჭირო.

ამ სიტყვების პასუხად ო"ნეილი უკვე მხოლოდ დამნაშავესავითღა შეიშმუშნა, რადგან სიტუაციის ასე მკვეთრად უარყოფითად შემობრუნებას ნამდვილად აღარ ელოდა.

- დავიჯერო, შენთვის ჩვენს პარტიაში გროშებზე მუშაობაზე უფრო მიმზიდველი წინადადება არავის შემოუთავაზებია?

- როგორ არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ საქმე მარტო ფული ხომ არ არის.

- მართლა? - თვალი თვალში გამომცდელად გაუყარა მოსაუბრეს მთავარმა შოლტმა.

- სხვისი არ ვიცი და მე პოლიტიკით პირველ რიგში იმიტომ ვარ დაკავებული, რომ ძალიან მიზიდავს და მასში გარკვეული როლის თამაშიც მომწონს. თუმცაღა, ბიუჯეტის ჩამოჭრა ჩემთვისაც ძალიან ტრაგიკული ამბავი იქნებოდა.

- და მერე როგორი ტრაგიკული...

- თანაც, მომდევნო არჩევნებისთვის ხომ სამი წლის შემდეგ კი არა, აქედანვე უნდა ვემზადოთ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პოზიტიური პროპაგანდისტული მუშაობის ორგანიზებაა, რასაც, რაღა თქმა უნდა, შესაბამისი ასიგნებები დასჭირდება.

- პარტიის თავმჯდომარე თუ ემხრობა შენთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას?

- თავმჯდომარე ასეთ რამეებს როდის ემხრობოდა, რომ ახლა მიემხროს.

- ცუდია, რომ არ ემხრობა... - თავი მოჩვენებითი თანაგრძნობით გადააქნია ურჰარტმა. - არადა, მე ძალიან მინდა შენი დახმარება.

- მართლა? - წყალწაღებულივით მაშინვე ხავს ჩაეჭიდა ო"ნეილი.

- რა თქმა უნდა. თუ გინდა, ამ საკითხზე თავმჯდომარეს პირადად დაველაპარაკები და მის გადარწმუნებასაც ყველანაირად შევეცდები.

- ძალიან დამავალებ.

- ოღონდ მანამდე ერთი არცთუ უმნიშვნელო საკითხი უნდა გავარკვიოთ. - თვალი თვალში ისევ გამომცდელად გაუყარა ო"ნეილს მთავარმა შოლტმა.

- რა საკითხი? - შეცბა როჯერი.

- ახლახან ჩემთან ერთი ჩემი ყოფილი კოლეგა იყო მოსული, რომელსაც ჯერ კიდევ სიტიში დირექტორობიდან ვიცნობ და ვისზეც ჩვენი პარტიის სარეკლამო-პროპაგანდისტული საქმიანობის დაფინანსებაც დიდადაა დამოკიდებული. - შორიდან მოუარა ურჰარტმა და ისიც დააფიქსირა, თუ პარტიის დაფინანსების ხსენებისთანავე ო"ნეილს ფერი როგორ ეცვალა. - ძალიან შეშფოთებული ჩანდა, თუმცაღა ყველანაირად ცდილობდა ეს არ გამოემჟღავნებინა. მითხრა, რომ შენი პირადი ხარჯებისთვის ნაღდი ფული უკვე არაერთხელ გამოართვი.

- რა? - ნერწყვი ძლივსღა გადაყლაპა გაფითრებულმა ო"ნეილმა.

- დამიჯერე, როჯერ, ხაფანგში შეტყუებას სულაც არ გიპირებ. მეტსაც გეტყვი: ყველაფერი, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, მხოლოდ ჩვენ შორის დარჩება. მაგრამ თუ გინდა, რომ მართლა დაგეხმარო, ზუსტად უნდა ვიცოდე, რა ხდება.

- არაფერიც არ ხდება. - ნერვიულად ჩაეცინა ო"ნეილს. - უფრო სწორად ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა, ვიდრე შენ გგონია.

- არაფერიც არა მგონია, როჯერ! - ხმა გაიმკაცრა მთავარმა შოლტმა. - როგორც უკვე გითხარი, მხოლოდ სიმართლის გაგება მსურს.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... - ინსტინქტურად ისევ სავარძლის კიდისკენ წამოიწია საქციელწამხდარმა ო"ნეილმა. - საქმე ისაა, რომ ზოგჯერ არის ხარჯები, რომელთაც ყოველთვის პარტიის საფინანსო მანქანის გავლით ვერ დააფიქსირებ.

- მაგალითად?

- მაგალითად, მე პირადად ზოგჯერ რომელიმე ჟურნალისტის სასმლით გამასპინძლება ანდა რომელიმე სპონსორის სადილზე დაპატიჟება მიწევს...

- მსგავსი რამის გაკეთება თითქმის ყველას გვიწევს.

- ვიცოდი, რომ გამიგებდი, - ისევ "ხავსს" ჩაეჭიდა ო"ნეილი. -ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ მაშინაც კი, თუ ამ ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან დავფარავ, მათი კომპენსაციისთვის პარტიისთვის მიმართვა მერე მაინც მომიწევს. ჩვენს ბუღალტერიას კი, მოგეხსენება, რამდენი სამუშო აქვს და ყოველი ასეთი ანაგარიშის გასანაღდებლად ორი თვე მაინც სჭირდება. სააგენტოს მეშვეობით კი საჭირო თანხას დაუყოვნებლივ ვიღებ, რის შემდეგაც ყველა ასეთ ხარჯს ის თავის ბუღალტერიაში ატარებს და პარტიის შტაბბინაში შესაბამის ანგარიშსაც გზავნის.Aამას კიდევ დაახლოებით ერთი თვე ანდა ოდნავ მეტი სჭირდება, რაც, პრინციპში, თავად პარტიისთვისაც სასარგებლოა, რადგან თანხას მაშინვე კი არა, საკმაოდ ხანგრძლივი დროის გავლის შემდეგ იხდის. თანაც, თავად ეს თანხაც ხომ საკმაოდ უმნიშვნელოა. - მამაოჩვენოსავით ჩაარაკრაკა ო"ნეილმა და ისევ სასმელს წაეტანა.

- ბოლო ათი თვის განმავლობაში დახარჯულ 22.300 გირვანქა სტერლინგს ეძახი შენ უმნიშვნელო თანხას? - კბილებში ავად გამოცრა უცბად მთავარმა შოლტმა.

დამფრთხალ ო"ნეილს სასმელი კინაღამ სასულეში გადასცდა და ბოკალი მაშინვე თავის ადგილზე დააბრუნა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში